„რევოლუციის“ ახალი ტაქტიკა - რატომ ჩაუდგა „ნაციონალური მოძრაობა“ სათავეში 4 ოქტომბრის აქციას?

„რევოლუციის“ ახალი ტაქტიკა - რატომ ჩაუდგა „ნაციონალური მოძრაობა“ სათავეში 4 ოქტომბრის აქციას?

4 ოქტომბრის მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც თავდაპირველად სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა, ახლა უკვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური ჩართულობის პლატფორმად იქცა. თუ აქამდე, ოპოზიციის ეს ფლაგმანი პარტია თავს იკავებდა და ცდილობდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ აქცია მხოლოდ სამოქალაქო პროტესტი იყო, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პარტიამ ღიად განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს აქციას და მასში პარტიულ რესურსსაც გამოიყენებს. ამას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან, სადაც მხარეებმა კოორდინაციის გეგმები განიხილეს.

პოლიტსაბჭოს ბრიფინგზე, პარტიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა გაიმართა „4 ოქტომბრის მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ინიციატორთან“, პაატა ბურჭულაძესთან. სანიკიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას და მოუწოდა ხალხს, 4 ოქტომბერს გამოვიდნენ ქუჩაში, რათა „ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ“. ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქციის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აქტიურად ჩაერთო.

ამ კონტექსტში, საყურადღებოა პაატა ბურჭულაძის განცხადებაც, რომ მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას.

„4 ოქტომბრის ვისაც ეშინია, არის „ქართული ოცნება“. ქართველი ხალხი ელოდება 4 ოქტომბერს. დავკიდეთ ეს თარიღი და ვაძლევთ მანამდე საშუალებას, რომ როგორმე გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. არავითარ შემთხვევაში არ არის ბაჩო ახალაია ჩართული და არც გვაინტერესებს ჩვენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია, რომელიც თბილისში იმყოფება, მუდმივ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან და გია ლორთქიფანიძესთან. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალაია, ყოფილ ძალოვანებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, გეგმავდა პარლამენტის „აღებას“ და ამისთვის, დეტალური გეგმის შესამუშავებლად, პარლამენტის შენობის მაკეტიც კი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Prime Time-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალაია უკრაინიდან „ასაფეთქებელი ნივთიერების“ მიღებას ელოდებოდა.

ხელისუფლების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, რომ მზადაა ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს. მისი თქმით, ყველა უწყებამ, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

იმავდროულად, ოპოზიციაშიც არ წყდება დისკუსია მოქმედების ეფექტიან ტაქტიკაზე. ოპოზიციონერმა ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ რევოლუციური ტალღის სიმძლავრეს ვერ გრძნობს. მისი აზრით, თუ ხელისუფლება შემოდგომაზე არ შეიცვლება, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს არა ვადამდელი არჩევნები, არამედ სამართლიანი საარჩევნო წესების შეთანხმება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

მიუხედავად შიდა დაპირისპირებისა და გაუგებრობებისა, პაატა ბურჭულაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ეს ბრძოლა, რომელიც 4 ოქტომბერს არის, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს, ახლა უნდა გავიფორმოთ“. იგი მოუწოდებს ხალხს, იდგნენ მედგრად, რადგან მათი საქმე მართალია და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.

4 ოქტომბრის აქცია, როგორც ჩანს, გარდამტეხი მომენტი იქნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კიდევ ერთხელ დაუპირისპირებს ერთმანეთს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ამჯერად, უკვე ღია დაპირისპირების ფორმატში. 

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, სამოქალაქო საზოგადოებასა და პაატა ბურჭულაძეს ამოფარებოდა, თუმცა ბოლოს მაინც ღიად გამოსვლა მოუწია.

„ალბათ, არავისთვის იყო დამალული, რომ ამ აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“. საუბარი იმაზე, თითქოს, პაატა ბურჭულაძეა ამ აქციის თავი და მის უკან ხალხი დგას, ძალიან სასაცილო და აბსურდია. ამ ყველაფერს, დიდი ხანია, ფარდა აეხადა და „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორობის სათავეშია. რა თქმა უნდა, ისინი ახლა ვა-ბანკზე მიდიან, რადგან სხვა გზა არც დარჩენიათ. ამას რამდენიმე მიზეზით აკეთებენ.

პირველ რიგში, დაინახეს, რომ მათი რეიტინგი დაცემულია და ოპოზიციურ ფლანგზე, უკან გადაინაცვლეს. არჩევნებშიც არ იღებენ მონაწილეობას და მათი აქტივის დაკარგვის დიდი საფრთხე გაჩნდა. ამიტომ, 4 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ეცდებიან ამ აქტივის ისევ მობილიზებასა და იმ რადიკალური ამომრჩევლის შენარჩუნებას, რომლებიც ქუჩის აქციების მომხრეები არიან. მეორე მხრივ კი, დასავლეთს აჩვენებენ, რომ ისევ აქტიურები არიან და ფულია საჭირო. მეტ დაფინანსებას მოითხოვენ და აჩვენებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ისევ დომინანტები არიან.

მესამე მიზეზი კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. ისინი კარგად ხედავენ, რომ შესაძლოა, მათი, როგორც პოლიტიკური ძალის არსებობა, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამიტომაც, „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ ლოზუნგით, 4 ოქტომბერს, ბოლომდე თავით ეშვებიან. თუმცა, ხელისუფლების მობილიზებას და მათ პასუხსაც კარგად ვხედავთ“, - ამბობს ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ სათავეში დგება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, გამორიცხულია, ხალხი გავიდეს. ამიტომ, 4 ოქტომბერი იქნება მათი საბოლოო დასასრულის დასაწყისი.

„4 ოქტომბერს, ხელისუფლებას კი არა, საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს. გამორიცხულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოყვანა შეძლოს. პირიქით, ამით ოპოზიციურ ამომრჩეველსაც კი დააფრთხობენ. ამიტომ, ალბათ, სადღაც შეჭრისა და პროვოკაციების პატარ-პატარა მცდელობები იქნება, მაგრამ ხელისუფლება და პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დგას. სისტემურად, ჩვენი მთავრობა ძალიან ძლიერია, მით უმეტეს, ძალოვანი სტრუქტურები და ეს ბოლო დღეებმაც აჩვენა, ამიტომ მათი მუქარებისა და დაქადნებების არავის ეშინია. 5 ოქტომბერი იქნება მათთვის ისტორიული დღე, რადგან ამათ საბოლოო განაჩენს თავად მოსახლეობა გამოუტანს“, - ამბობს ზარდიაშვილი. 

 

მარბიელი იქ, სადაც იქნებიან ღალატის ფორმულა გუბაზი, მისი მისნაირი შვილი, ბარამიძე, ცისკარიშვილი, ბ ახალაია და სხვა "მამულიშვილები," ხელისუფლებაის დამხობა კი არა, რუსთაველზე ვერ გაივლიან ხალხში შემალვისა და პოლიციის დაცვის გარეშე!
1 საათის უკან