მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიული პრობლემა (წერილი მეხუთე)

მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიული პრობლემა (წერილი მეხუთე)

ანშლუსის პროცესის კონსტანტური ელემენტები და მათი კონფიგურაცია

თუკი შევეცდებით ანშლუსის მთელი პროცესისთვის დამახასიათებელი მდგრადი კომპონენტების გამოყოფას, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის მხრიდან ინკორპორაცია წარიმართება გეოპოლიტიკური მიდგომების უეჭველი დომინაციის პირობებში და ეთნოპოლიტიკური თანაფარდობის მიზანმიმართული ცვლილების ნიშნით. თუმცა, კავკასიის ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული სტრატეგია მხოლოდ ამ ორ, თავისთავად მნიშვნელოვან კომპონენტზე არ დაიყვანება. მას სხვა არსებითი ნიშნებიც გააჩნია.

რუსეთი გამუდმებით ცდილობს მკვეთრად შეამციროს იმ ძალთა გავლენა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას კავკასიაში. თანმიმდევრული პოლიტიკით მან მოახერხა აფხაზეთისა და ცხინვალის ქართული მოსახლეობისა და ქართული სახელმწიფოს გავლენის მინიმიზაცია ამ რეგიონებში და, იმავდროულად, აფხაზური და ოსური ელიტები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩააყენა. ახლა მათზე უკვე საბოლოო გაბატონების წარმატებულ ოპერაციას ატარებს. შეუდარებლად დასუსტდა ამ ტერიტორიებზე დასავლეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენაც, რომლებიც აგრეთვე ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსეთს საკუთარი იმპერიული ზრახვების აღსრულებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში როგორც ქართული, ისე დასავლური გავლენის განუხრელი და დრამატული შემცირება უნდა მივიჩნიოთ ანშლუსის პროცესის მესამე კონსტანტურ მახასიათებლად. პოლიტიკური სტრატეგიის ტრადიციული და ინოვაციური ელემენტების თავისებური შეხამებით რუსეთმა მოახერხა ამ რეგიონში მის წინააღმდეგ მოქმედი ძალების გავლენის მინიმიზაცია. თანაც ეს გააკეთა არა ერთბაშად, ერთი დარტყმით, არამედ გეგმაზომიერი და მოხერხებული პოლიტიკური მანევრებით, მისთვის საკმაოდ რთულ პირობებში. ცხადია, იგი ამას ვერ მოახერხებდა კავკასიაში მოქმედ უკლებლივ ყველა სხვა აქტორს უხეში შეცდომები რომ არ დაეშვა. თუმცა, ვიდრე ამ შეცდომების მიზეზებსა და ხასიათზე ვიტყოდეთ რამეს, კიდევ ერთ ელემენტზე უნდა შევჩერდეთ, რომლის მოქმედებაც ანშლუსის მთელი პროცესის მანძილზე იგრძნობა, თუმცა თავისთავად ცხადი სულაც არ არის.

რუსეთი საკუთარი პოლიტიკური მიღწევების სამართლებრივ ფიქსაციას ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ ეტაპზე ესწრაფვის.

დაგომისის ხელშეკრულება (14.07.1992) კავკასიაში რუსეთის გავლენის პირველ ლეგალიზაციას წარმოადგენდა. ეს იყო პირველი შეთანხმება (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ), რომელიც ოფიციალურად აღიარებდა რუსეთის გარეშე კავკასიის პრობლემების მოგვარების შეუძლებლობას ამ ქვეყნის (ე.ი. რუსეთის) კავკასიური საზღვრებს მიღმაც (ცხინვალის რეგიონში). სწორედ ცხინვალის რეგიონში მიღწეული ეთნოპოლიტიკური შედეგების ლეგალური დაფიქსირების შემდეგ რუსეთმა საკმაოდ ძალმოსილად ჩათვალა თავი იმისთვის, რათა გამოეწვია კონფლიქტი აფხაზეთში (ამ მიზანს მან მიაღწია მაშინდელი ქართული ხელისუფლების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამოყენებით, რომელიც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მოტივით აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებისაკენ წააქეზა). ამ დაპირისპირებით დაიწყო კიდეც აფხაზეთის ანშლუსის პირველი ეტაპი. ცოტა ხნის შემდეგ კი რუსეთი აფხაზეთშიც კონფლიქტის მომრიგებელ მხარედ მოგვევლინა. შედეგები საყოველთაოდ ცნობილია.

დაგომისის ხელშეკრულებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა - ამ ხელშეკრულების ძალით პირველად ლეგალურად შესუსტდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ძალაუფლება იმ ტერიტორიაზე, რომელიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და იმავე წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1992 წელს გაეროს მიერ იქნა ცნობილი. რუსეთი კი ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანაა. სწორედ დაგომისის ხელშეკრულებამ მიაყენა პირველი სერიოზული ლეგალური (სამართლებრივი) დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტს, რაც საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად იქცა. თუმცა მისი დამანგრეველი შედეგები იმთავითვე ცხადი როდი იყო.

2008 წლის ომის შედეგების იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს სააკაშვილი-სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საკუთარი ინტერპრეტაციის სამართლებრივი საფუძვლების გასაძლიერებლად რუსეთი ამ რეგიონების ოფიციალურ აღიარებაზეც კი წავიდა.

ანშლუსის მესამე ეტაპის ლეგალური დასაწყისის მაუწყებელი 2015 წლის ხელშეკრულებებია. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, აფხაზეთის ინკორპორაციის ფინალური ეტაპის დადგომასაც სამართლებრივად აფხაზეთის კონსტიტუციური რეფორმა გვაუწყებს.

პოლიტიკური პროცესების სამართლებრივი გაფორმებისადმი რუსეთის ინტერესი აშკარად ახლებური მიდგომაა, ყოველ შემთხვევაში კავკასიის ტერიტორიაზე მაინც. თუმცა ხელშეკრულებათა მოქმედების სამართლებრივი დიაპაზონი განუწყვეტლივ ვიწროვდება. დაგომისის ხელშეკრულება ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია. სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა მისი რევიზია 2008 წლის კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა მისი ოფიციალური დენონსაცია (პარლამენტისა და პრეზიდენტის აქტით), არ მოუხდენია. სამაგიეროდ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა ფარგლებში, რითაც სეპარატისტებსა და მათ მფარველებს საკუთარი აქტით ფაქტიურად „მიუზომა“ დამატებითი ტერიტორიები. ეს იმ ტიპის ქმედებაა, რომელზედაც ამბობენ, იგი დანაშაულზე უარესია - შეცდომააო.

სააკაშვილი-სარკოზი-მედვედევის შეთანხმება დიდ დავას იწვევს, თუმცა იგი არავის გაუუქმებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, ომი განახლდებოდა. ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ამ შეთანხმების რუსული ინტერპრეტაცია აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თუმცა, ეს თავისთავად მნიშვნელოვანი გარემოება არ გახდა რუსეთისათვის ქმედითი წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი. ეს უკანასკნელი კვლავაც წარმატებით აგრძელებს ინკორპორაციის პროცესს. 2015 წლის ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, თითქმის ყველა სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს, თუმცა საქმეს ესეც ნაკლებად შველის.

ბუნებრივია დაისვას კითხვა: კი მაგრამ რატომ? რატომ მიდიან პროცესები ასეთი უცნაური სცენარით? იმიტომ, რომ რუსეთის პოლიტიკური სტრატეგიის ცალკეული კონსტანტური ელემენტები ერთმანეთისაგან იზოლირებულად კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთზე გავლენას ახდენენ, ეხმარებიან და მთლიან კონსტრუქციას განამტკიცებენ. აღიარება-არაღიარების და სხვა მსგავსი საკითხები რუსეთს სერიოზულ დაბრკოლებებს და იქნებ გადაულახავ პრობლემებსაც შეუქმნიდა იმ შემთხვევაში, რომ არ მოქმედებდეს რუსული სტრატეგიის მესამე კომპონენტი, ანუ რუსეთის მოწინააღმდეგე ძალებს ამ რეგიონზე საკმარისი გავლენა რომ ჰქონდეთ. ვინაიდან ასეთი რამ სახეზე არ გვაქვს, ვითარება არის ისეთი, როგორიც არის - რუსეთი წარმატებით ახორციელებს ანშლუსს, თანაც განუხრელად აფართოებს მისი მოქმედების არეალს და ხვეწს მისი გატარების მეთოდებს (უკრაინა, ყირიმი). ყირიმში მან უკვე კლასიკური ანშლუსი განახორციელა (აქ განვითარებული მოვლენები თითქმის ზუსტად იმეორებენ 1938 წლის მარტს).

კი მაგრამ, რატომ ხდება ეს ასე? აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ანშლუსზე დაკვირვება გარკვეულ ორიენტაციას გვაძლევს ამ მიმართულებითაც. საქმე ისაა, რომ რუსეთი უბრალოდ მისთვის მომგებიანი ხელშეკრულების დადებას კი არ ესწრაფვის, არამედ უკვე რეალურად არსებულ და საკმარისად შორს წასულ მისთვის სასარგებლო პროცესებს სამართლებრივ ფორმას აძლევს - ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების სახით. თანაც რუსეთს მათი დაცვის უპირატესი ძალმოსილება გააჩნია. მართლაც, დაგომისის ხელშეკრულებამ იურიდიული სახე მისცა იმ ვითარებას, რომელიც უკვე რეალურად არსებობდა, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეთნოპოლიტიკური თვალსაზრისით. რუსეთის გავლენა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე უკვე გადამწყვეტი იყო. ქართველ ლტოლვილთა პირველი ტალღა ამ ტერიტორიიდან უკვე მოაწყდა დანარჩენ საქართველოს. თანაც რუსეთის გავლენა რეგიონში განუხრელად იზრდებოდა (რაც ცოტა ხანში აფხაზეთის მოვლენებმაც დაადასტურეს).

ასე იყო თითქმის ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაშიც. როგორც ანშლუსის ეტაპების ანალიზის დროს ვნახეთ, ამა თუ იმ ფაზის ლეგალური (სამართლებრივი) დასაწყისი საჭირო პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევდა უკვე კარგა ხნით ადრე დაწყებულ და რუსეთისთვის სასურველ კალაპოტში წარმართულ პოლიტიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ თუ სხვა სახის პროცესებს.

ასე რომ, რუსული პოლიტიკური სტრატეგიის ელემენტები ქაოსურ კონგლომერატს არ წარმოადგენენ და გარკვეული ლოგიკით ჯგუფდებიან, ხოლო რეალური პროცესები და მათი სამართლებრივი აღიარება დროში თანხვედრილი სულაც არ არის. სწორედ ამიტომ ძალზე რთულია ანშლუსის ცალკეული სტადიის რეალური და ლეგალური ამოქმედების დროითი პარამეტრების თანაფარდობის დადგენა. პოლიტიკური პროცესები იშვიათად არიან განპირობებულნი მხოლოდ შინაგანი ლოგიკით. მათზე გარეგანი ფაქტორები მძლავრ ზეგავლენას ახდენენ ხოლმე. ეს კანონზომიერება თვალნათლივ მოქმედებს ჩვენს შემთხვევაშიც. თუმცა, მნიშვნელოვანი ნიშანსვეტების გამოყოფა სრულიად შესაძლებელია და საჭიროც არის. 1992, 1993, 2008 და 2015 წლები ის „მწვერვალებია“, რომელთა გამოჩენაც ახალ ეტაპს მოასწავებდა.

როცა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტები დაიწყო, იგი თანაბრად იყო მიმართული დაპირისპირებაში უშუალოდ ჩართული სამივე (ქართული, აფხაზური და ოსური), მხარის წინააღმდეგ. ომი და სისხლისღვრა, რასაკვირველია, აფხაზებისა და ოსებისათვის უფრო დიდი ექსისტენციალური საფრთხის შემცველი იყო, თუმცა ანშლუსის გეგმის შესაბამისად, პირველი ფაზის ფინალში (შეიარაღებული კონფლიქტის დასასრულს), უმთავრესად ამ რეგიონების ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ გათამაშდა ეთნოპოლიტიკური დრამა. ხოლო, თუკი ჩვენს მიერ აქ წარმოდგენილი მსჯელობები ძირითადად სწორია, ანშლუსის დამამთავრებელ ეტაპებზე (ოსებისათვის უკვე III ეტაპზე, ხოლო აფხაზებისათვის - III და IV სტადიაში), ამ რეგიონების „ომებში გამარჯვებულ“ და „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ მქონე ეთნოსებს მოუწევთ საკუთარ თავზე იწვნიონ ფინალი დრამისა სახელწოდებით „რუსული ანშლუსი“. დრამატურგიის ყველა კანონის შესატყვისად (როგორც ლიტერატურულის, ისე პოლიტიკურისაც), ფინალი შექსპირული გაქანების ტრაგედიით უნდა დასრულდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან კიდევ ერთი დასკვნა გამომდინარეობს, რომელიც, პრინციპში, არც მოულოდნელია და არც ორიგინალური, თუმცა რუსეთის შემთხვევაში იგი უეჭველად თავისებურ, განუმეორებელ ელფერს ატარებს. იმპერიას თავისი ლოგიკა აქვს. მისი ამოცანა არ არის მასში შემავალი კონკრეტულად რომელიმე ხალხის სასარგებლოდ მოქმედება. მისი მსახურები აღიარებენ მხოლოდ იმპერიის მუდმივობის კანონს და ამ უკანასკნელის სახელით არანაირ ქმედებას არ ერიდებიან. მითუმეტეს არად უღირთ მათ ხელქვეით მყოფი მცირერიცხოვანი ხალხების ყოფნა-არყოფნის ეგზისტენციალური პრობლემები. ეს კარგად გამოჩნდა აფხაზეთსა და ცხინვალის ოლქში დატრიალებული მოვლენებიდან, უკრაინაში კი ამ მოქმედებებმა უფრო დიდი, ევროპული მასშტაბი შეიძინეს.

მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის შემდეგ გახდა ნათელი, რომ რუსეთს კავკასიაზე უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს, რომლებიც, შესაძლოა მსოფლიო წესრიგს დაემუქროს. ამრიგად, შტატებისათვის უკრაინის კონფლიქტი აღმოჩნდა ერთგვარი მკაცრი ტესტი არა მხოლოდ რუსეთის პრეტენზიების მასშტაბების ნათელსაყოფად, არამედ პოსტცივიომისეული სისტემისადმი ევროპის მოწინავე ქვეყნების ერთგულების შესამოწმებლად. ამჯერად ვაშინგტონი ევროპისაგან დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთისადმი მკაცრი პოზიციის დემონსტრირებასა და სანქციების რეჟიმის გაგრძელებას. ამგვარი პოლიტიკა არ არის მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ მსოფლიო ლიდერს სურს მკაცრად მოეპყრას წესრიგის სახიფათო დამრღვევს, რომელმაც ყველაფერთან ერთად დიდი უმადურობა გამოამჟღავნა, არად ჩააგდო ამერიკის მხრიდან მის მხარეს გადადგმული კეთილგანწყობილი ნაბიჯები (გადატვირთვის პოლიტიკა). იმავდროულად შტატების მმართველი წრეები ითვალისწინებენ, რომ ევროპელთა მხრიდან, მოსკოვის მიმართ მკაცრი ნაბიჯების უგულებელყოფა, მოქმედი მსოფლიო წესრიგის და მისი ლიდერის მიმართ შეუწყნარებელი სკეპტიციზმის გამოვლინება იქნება. ამის დაშვება კი ამერიკას არაფრით არ შეუძლია.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ (ყირიმის ანშლუსი, აგრეთვე დონეცკსა და ლუგანსკის ოლქში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება), შესამჩნევი გახდა ამერიკელთა ერთგვარი იმედგაცრუება ევროკავშირით. როგორც ჩანს, ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა არასაკმარისი შორსმჭვრეტელობა და აქტიურობა გამოიჩინეს და ვერ უზრუნველჰყვეს მათთვის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანის შესრულება - რუსეთის წარმატებული ჩართვა მოქმედ გლობალურ სისტემაში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ სერიოზული კომპეტენციისა და გავლენის მქონე Stratfor-ის ცენტრის ანალიტიკოსები საშუალო პერსპექტივაში ევროკავშირის შესამჩნევ დასუსტებას მოელიან. მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში მის დაშლასაც კი მიიჩნევენ შესაძლებლად. ანგარიშგასაწევია ამერიკის შეერთებული შტატების უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის - დიდი ბრიტანეთის ახლადგამარჯვებული პოლიტიკური ძალისა და მისი ლიდერის პოზიციაც. მათი წინასაარჩევნო გზავნილი იყო ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო გარკვევის მიზნით.

ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ ერთი ზოგადი ხასიათის წინასწარი დასკვნა. იქნებ არც ისე მნიშვნელოვანია რუსეთს რეგიონულ სახელმწიფოდ განვიხილავთ თუ ძალმოსილ ქვეყნად. გაცილებით უფრო საყურადღებოა თუ როგორ იქცევა იგი იმ სივრცეზე, რომელზედაც სერიოზული გავლენა აქვს. თუ იგი ეთნოპოლიტიკური და გეოპოლიტიკური იმპერიისთვის დამახასიათებელ მიდგომების შეუქცევად აღორძინებას მოახერხებს (თუნდაც მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე, აქ მყოფი ქვეყნების შემადგენელი ნაწილების მიმართ), მოსალოდნელია, რომ ამან საბოლოო ანგარიშში (მაგ. საშუალო პერსპექტივაში, ან უფრო სწრაფადაც), გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს მოქმედ მსოფლიო სისტემას ისეთ მგრძნობიარე რეგიონებში, როგორიც არის კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა ან ახლო აღმოსავლეთი. ცხადია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალა და მოსაზრებები სრულიად არასაკმარისია ამგვარი ფუნდამენტური დასკვნის გამოსატანად. ამიტომ მას მხოლოდ წინმსწრები ხასიათი შეიძლება ჰქონდეს და ფრთხილად უნდა იქნეს გამოთქმული.

კიდევ ერთი საფრთხე, რასაც რუსეთის ქმედებები აჩენს, არის შესაძლო პოლიტიკური რეზონანსის ეფექტი კავკასიას, დიდი ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობის სარტყელსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. რა თქმა უნდა, ეს ცალკე თემაა, ვრცელი და ძალზე თავისებური. თუმცა მოულოდნელი პოლიტიკური ეფექტები არაერთი ყოფილა. ხშირად მათ დიდი გავლენა მოუხდენიათ ისტორიულ პროცესებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმდინარეობს ომი, ძალები პარადოქსალურად ჯგუფდებიან, მათი ურთიერთგავლენა ძალზე დიდია, ცეცხლის გავრცელების მიმართულებას ვერავინ გამოიცნობს და, შესაბამისად, ძალთა პარალელოგრამის გამოანგარიშება უკიდურესად რთულ, ხშირად დაუძლეველ ამოცანად იქცევა,

რეგიონალურ აქტორთა შეცდომების მოკლე ჩამონათვალი

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ კავკასიაში მოქმედმა ყველა აქტორმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. სწორედ ამ შეცდომების შედეგებს ვხედავთ, როგორც ჩვენთვის მშობლიურ ტერიტორიებზე, ისე უკრაინაში. შეცდომების ზოგადი მიმოხილვა ჩვენი მიზნებისათვის ძალზე სასარგებლო იქნება. უმჯობესია დავიწყოთ იმ აქტორების შეცდომათა მოკლე ჩამონათვალით, რომლებიც კავკასიაში რუსული ანშლუსის უშუალო ობიექტები არიან.

ქართველებისა და აფხაზების შეცდომები, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ძევს. მათ უიმედოდ დაასუსტეს ერთმანეთი და თუ მოვლენები უკვე ჩვეული რიტმითა და მიმართულებით განვითარდა, მათი გადასაწყვეტი აღარ იქნება თუ რა მოხდება ამ ხალხების მშობლიურ საცხოვრისში - აფხაზეთში.

საქართველოს ხელისუფლებათა დრამატული შეცდომების საერთო საფუძველი მაინც ის არის, რომ რუსეთს ისინი მხოლოდ უხეში ძალით მოქმედ პრიმიტიულ, ბებერ დათვად აღიქვამენ, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. თუ ჩვენი მსჯელობები ძირითადად მართებულია, რუსეთი მხოლოდ უხეში ძალით როდი მოქმედებს, თვისობრივ განახლებასაც ესწრაფვის. ეს იგივეა, რომ რომელიმე მტაცებლის (მგლის ან ვეფხვის) ნადირობისას მხოლოდ გამოდევნებისა და მსხვერპლის მოსპობის სცენები დავინახოთ, წინასწარი მზადების, მოხერხებული ჩასაფრებისა და ხანგრძლივი მოცდის ფაზები კი გამოვტოვოთ. რა თქმა უნდა, ამ სისხლიანი დრამის ფინალური სცენები უფრო შთამბეჭდავი და მიმზიდველია, თუმცა ვისაც საფრთხის (თავდასხმის) თავიდან აცილება სურს, მან ნადირობის პროცესი მთლიანობაში უნდა განიხილოს.

ცხინვალის რეგიონის ოსების შეცდომა უფრო სხვა ტიპისაა. მათ სავსებით რეალურად მიიჩნიეს საბჭოთა კავშირის განახლებულ იმპერიაში (ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით) დამოუკიდებლად შესვლისა და შემდგომში დიდი ალანიის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. არად ჩააგდეს რა ამ წამოწყების უტოპიურობა, მთლიანად მიენდნენ საბჭოთა იმპერიას და შეურიგებელ მტრად მოეკიდნენ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოსა და კავკასიას. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლნი იყვნენ მხოლოდ. არა, ისინი თავდაუზოგავად და დაუნდობლად იბრძოდნენ ამ იმპერიის უსამართლო და უპერსპექტივო საქმისათვის. თან საკუთარი ინტეგრაციული მიზნების განხორციელების რეალურობისა სჯეროდათ (და ახლაც სჯერათ). სწორედ „დიდი ალანიის“ ცდუნებას აჰყვნენ ისინი დღევანდელი იმპერიული ზრახვების მქონე რუსეთშიც და არ ითვალისწინებენ, რომ ძლევამოსილების ნოსტალგიით შეპყრობილ ამ ქვეყანაში, ისიც შუაგულ კავკასიაში და დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებთან, ამგვარი რამ შეუძლებელია.

დიდი ჭკუა-გონება არ უნდა იყოს საჭირო იმის გასაგებად, რომ გაერთიანებული ოსეთი, რომელიც ანკლავი კი არ იქნება, არამედ იმპერიის სასაზღვრო რეგიონი, რუსეთისათვის ძალზე სერიოზული საფრთხის შემცველი და, ამდენად, სრულიად მიუღებელია. ამიტომ, ვიდრე იგი სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკას „ლეგალურად“ მიიერთებს, მანამ სახელმწიფოს განაპირა სასაზღვრო ზოლს (ანუ ცხინვალის რეგიონს), გაარუსებს და გააზავებს. ამით რუსეთი არა მხოლოდ დიდი ალანიის შესახებ გაუკუღმართებულ ოცნებებს მოუღებს ბოლოს, არამედ კავკასიის დამოუკიდებლობის იდეასაც გამოუსწორებელ გეოპოლიტიკურ და ეთნოპოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. აი, ეს შედეგი კი მოსკოვისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მაცდუნებელი ჩანს, ვიდრე ცხინვალის რეგიონის ოსური ელიტის ინტეგრაციული სურვილები და ლაქიური საქციელი. შეერთება რუსეთთან რასაკვირველია იქნება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს რუსეთს აწყობს და როცა ანშლუსის III, ცხინვალის რეგიონისათვის ფინალური, სტადია დასასრულისაკენ წავა, ხოლო ასიმილაციური პროცესები შეუქცევად სახეს მიიღებს. უეჭველად გათვალისწინებული იქნება საგარეო-პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხიც. ძლიერი მფარველისათვის თავის მოწონების მცდელობა, ამ შემთხვევაში, სრულიად ამაო და ფუჭია. ეს პოლიტიკაა. იმპერიული პოლიტიკა. პირადი ან ჯგუფური სიმპათია-ანტიპათიები აქ არაფერ შუაშია.

ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს კავკასიასა და საქართველოში მხოლოდ წარმატებები ჰქონდა და რომ მოვლენათა ამ სცენარით განვითარება იმთავითვე განსაზღვრული იყო. პირიქით, კავკასიის ხალხებმა და საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. სწორედ მათი გმირული წინააღმდეგობა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რუსეთის რეაქციული კონტრრევოლუციის შესაჩერებლად მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ათეული წლის მანძილზე მაინც.

ჩვენ განვიხილეთ პროცესების ერთი მხარე. საერთო სისრულისათვის და მათი სწორად შეცნობისათვის აუცილებელია მოვლენათა მეორე (ხშირად განხილულის თანადროული), რიგის განხილვა და აქ მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორების სწორი შეფასება. სხვაგვარად ვერ გავიგებთ ძალთა დღევანდელი განლაგების გენეზისს და მათი შესაძლო განვითარების პერსპექტივებს. არც რუსეთის მოქმედებები იყო ყოველთვის ცალსახად განსაზღვრული და არც აფხაზები ყოფილან იმთავითვე მათ სამსახურში. ვერც იმას ვიტყვით, რომ ანტიიმპერიულ ძალები უიმედო ბრძოლაში არიან ჩართულნი. რასაკვირველია ელცინის რუსეთი შესაძლებლობების მხრივ და იქნებ მიზნების თვალსაზრისითაც არ იყო ისეთი, როგორც პუტინისეული მთელს მსოფლიოზე გაბრაზებული და აგრესიული მოსკოვიტია. ამიტომ პროცესების დასაწყისს განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა მოვეპყროთ. შეცდომებთან ერთად (რომელზედაც უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ და მომავალშიც შევეცდებით არ დავტოვოთ ისინი ყურადღების მიღმა), იყო მრავალი სწორი და იმედისმომცემი ნაბიჯი. მათ ისეთ პროცესებს ჩაუყარეს საფუძველი, რომელთა გათვალისწინება და მართებული წარმართვა უნდა გახდეს მომავალი წარმატებების საწინდარი კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც.