დიტო გელოვანი: გვარამია-გრიშჩენკო, ანუ სიყვარული ვენახებში

დიტო გელოვანი: გვარამია-გრიშჩენკო, ანუ სიყვარული ვენახებში

შენ სულ ასე იცი, ჰეკ ფინ: მაშინვე ბალღურ ხერხს გამონახავ. ნუთუ არც ერთი წიგნი არ წაგიკითხავს? ბრონი ტრენკი, კაზანოვა, ბენვენუტო ჩელინი, ჰენრი მეოთხე, და განა ცოტაა ასეთი გმირები? სად გაგონილა, ტყვეები ასე დედაკაცურად გაათავისუფლო?.. არა, ცნობილი ავტორიტეტები ასე იქცევიან: საწოლის ფეხს ორად გადახერხავენ და ასევე ტოვებენ. მერე ნახერხს გადაყლაპავენ, რომ არავინ შეამჩნიოს. გადახერხილ ადგილს ტალახით დ ქონით ამოლესავენ ისე, რომ თვით ყველაზე გამჭრიახი ზედამხედველიც კი ვერაფერს შეამჩნევს. ღამით, როცა ყველაფერი მზად იქნება, ხელის ერთი გაკვრით საწოლს გადახერხილ ფეხს მოაგდებინებენ, ჯაჭვს მოხსნიან, მორჩა და გათავდა. მერე თოკის კიბეს კედლის ქონგურებს გამოსდებენ, ქვევით ჩასრიალდებიან და თხრილში ფეხს მოიტეხენ, რადგანაც თოკის კიბე მოკლეა, ცხრამეტი ფუტი აკლია ბოლომდე...

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)

რამდენიმე დღის წინ ასეთი ამბავი იყო: „გორის ცენტრში სტადიონთან მდებარე ანძაზე მამაკაცია ასული. როგორც მამაკაცი აცხადებს, იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუ პატრულის თანამშრომელი ლუდსა და არაყს ანძის ქვემოთ დაუდგამს. აღნიშნული შემთხვევის გამო, ქალაქის ცენტრი გადაკეტილია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები. მათივე ინფორმაციით, მამაკაცის აუცილებელი მოთხოვნაა, სასმელი პატრულის თანამშრომელმა მიუტანოს. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მამაკაცი ანალოგიური მოთხოვნით ანძაზე რამდენიმე თვის წინაც ავიდა. როგორც ცნობილია, მაშინ პატრულის თანამშრომელმა მას ანძიდან ჩამოსვლის სანაცვლოდ 19-ლარიანი არაყი უყიდა“.

მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ექსპერტი, არც მედიაექსპერტი, არც პოლიტიკური ექსპერტი, არც ეკონომიკური ექსპერტი. რომელიმე ექსპერტი რომ ვიყო, რამენაირ კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ არ ვარ, და მხოლოდ კითხვები მაქვს: რატომ მანცდამაინც გორში და არა, ვთქვათ, სკრაში, აგარაში ან ქარელში? რატომ ცენტრში და არა გარეუბანში? რატომ პატრულის თანამშრომელი და არა, ვთქვათ, რომელიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე? რატომ ანძაზე და არა ხეზე? რატომ 19-ლარიანი არაყი და არა 5-ლარიანი, ან, თუნდაც 41-ლარიანი? რატომ ლუდი და არაყი და არა... რძე და ყველი?

არ უნდოდა რძე და ყველი...

ისტორია მეორდება ხოლმე. ზუსტად 16 წლის წინ, თბილისში, წერეთელზე, პოლიციის წინ რომ ჭადრებია, ერთ-ერთ ჭადარზე, გვიან ღამით, სომხეთის მოქალაქე ავიდა, შუადღისას იქ უკვე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი - მილიცია-პოლიცია (ერთი და იგივე იყო), კომკავშირი-პროფკავშირი (ახლაც ერთი და იგივეა), მოქალაქეები (რომლებიც ახლაც მოქალაქეები არიან), საქართველოში სომხეთის ელჩი (მგონი, ისევ ის არის), საელჩოს თანამშრომლები (საელჩო ისევ იქ არის - პლეხანოვზე, საბაჩი პერეულოკში)... ამ გორელსა და იმ სომეხს შორის სხვაობა ის იყო, რომ ამ უკანასკნელს უკვე მიეღო ლუდისა და არყის გარკვეული დოზა, თავი ბაქოში ეგონა და ისე ცახცახებდა, როგორც ვერხვის ფოთოლი, თეთრ ლაშქარს რომ ელის და ამ დროს შავი სპეცრაზმი რომ ჩამოივლის.

ჯერ, რა უნდა ვერხვის ფოთოლს ჭადარზე, მაგრამ სომეხს რაღა უნდოდა ჭადარზე და გორელს ანძაზე? იმ კითხვებს ეს კითხვებიც დაემატა. მე კი იმას დავამატებ, რომ სომეხმა მობილური ტელეფონი მოითხოვა. აუგდეს. გაირკვა, რომ მობილურის გამოყენება არ იცოდა. იჯდა და ჩხაოდა. ელჩმა  დარწმუნება დაუწყო. ამაოდ. საელჩოს მდივნებმა და ატაშეებმა რაღაცეები უმღერეს („ახ, სირუმ, სირუმ“, „გალისა, გალისა“...). ამაოდ. შემდეგ, მოვიდა სპეცრაზმი, ორი სპეცრაზმელი ხეზე აძვრა და სულ დედის გინებით ჩამოათრიეს რუსების მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტის მსხვერპლი საბრალო სომეხი.

იქ გახლდით და გვარიანი რეპორტაჟიც დავწერე „რეზონანსისთვის“. ახლა აქ ვარ და მაქვს ჩემი ვერსია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ანძაზე ამძვრალი, ყურადღების ცენტრში ყოფნისა და მუქთი სასმელ-საჭმელის  მოყვარული მამაკაცი ლატენტური ენჯეოშნიკია.

ლატენტური... ეს დიდებული სიტყვა, კომპილაციაში ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორებიცაა ექსკლუზიური, ინკლუზიური და სენსიტიური, განუმეორებელ ბუკეტს ქმნის და ხასიათდება გამჭვირვალე შავი ფერით. გამოიყენეთ სემინარებზე, კონფერენციებზე,  სიმპოზიუმებზე და ვორქშოპებზე. გადმოგეცემათ სერთიფიკატი, რომელსაც თვალებზე ააფარებთ ყველას, ვინც სამართლიანად შენიშნავს, რომ თქვენ ხართ უვიცი, უქნარა, უტიფარი და უსინდისო.

მაგალითად, „რუსთავი 2“, რომელიც ნამდვილად არ არის უქნარა და რომელსაც უფრო ქნარიანი ეთქმის, რადგან „მიშა მაგარიას“ ქნარზე ამღერებს, სულაც არ არის უვიცი, რადგან იცის, მაგრამ არის უტიფარი და უსინდისო. აი, ვუყურებდი გელა გრიშენკოს და ვფიქრობდი, როგორ  გავს აკაკი გოგიჩაიშვილს-მეთქი. არც შუბლი გავს, არც თვალები, არც ტუჩ-ნიკაპი, მაგრამ მაინც გავს.

ერთხელ, ერთ სუფრაზე, ლადო გოგობერიძემ ჩემი სანთებელა სერგო მაისურაძეს აჩუქა. რომ ვკითხე, რატომ აჩუქე ჩემი სანთებელა-მეთქი, ლადომ მითხრა, გიზოსი მეგონა და იმიტომო.

ლადო გლიჯავს, გელა ჩეხავს. გელა აჩეხილს ჩეხავს, სხვის აჩეხილს, რომელიც, სანამ აიჩეხებოდა, მანამდეც სხვისი იყო. გელა მაგარია. ღვინიაშვილიც მაგარია. ნიკა გვარამიაც მაგარია. გელა მიშას მაგარია, ღვინიაშვილიც მიშას მაგარია, გვარამიაც მიშას მაგარია, მაგრამ ყველაზე მაგარი არის მიშა, და იმ კითხვებს, მერე კიდევ რომ დაემატა სხვა კითხვები, ახლა კიდევ ერთი კითხვა ემატება: ვისი მაგარია მიშა? პუტინის თუ რასპუტინის?

მაგრებოოო!!! თქვენ კი გაუმაგრდით არმაგედონის ზანგს!!!

ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ყველა პროფესიონალს ვცემ პატივს, პროფესიონალი მკვლელების, პროფესიონალი ქურდების, პროფესიონალი გამომძალველების, შანტაჟისტების, აფერისტების და „რუსთავი 2“-ის გარდა. ისინი კლავენ მათ, ვინც ჯერ არ დაბადებულა, ძარცვავენ მათ, ვისაც აღარაფერი გააჩნია, სძალავენ მათ, ვისაც ძალა აღარ შერჩა, ატყუებენ მათ, ვისაც ყველაფრის ჯერა და სიყვარულით არიან დაკავებულები იქ, სადაც თვითონვე დათესეს სიძულვილი.

იყო გადაცემა, სადაც იყო ბევრი ტყუილი და ბევრი სიძულვილი, რადგან იქ იყო ბევრი მუხრან ბურჭულაძე, ბევრი ნინო ლაპიაშვილი, ბევრი ლადო სადღობელაშვილი, ბევრი კობა ხაბაზი, ბევრი მაია ორჯონიკიძე... მოკლედ, სულ ვიგინდარები იყვნენ. გადაცემას ერქვა „რე-აქცია“. ვიგინდარების რეაქცია იყო ერთმანეთის ვიგინდარობებზე, კამათი, თუ ვინ უფრო დიდი ვიგინდარაა და, რაც მთავარია, მაყურებლის დასკვნა - „ვიგინდარების ქვეყანაში ვცხოვრობთ“ და მისივე გადაწყვეტილება - „ამ ქვეყანაში ცხოვრება არ ღირს“.

ჰოდა, ახლა მე თქვენ გეკითხებით: რა ჯობს - ერთი გადაცემის გაქრობა ეთერიდან თუ, ერთი მილიონი ადამიანის გაქრობა ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ან იმქვეყნად?

დარეკა ივანიშვილმა, დარეკა ღარიბაშვილმა, დარეკა ვოლსკიმ, დარეკა იმან, ამან, იმის სახელით,  ამის სახელით... დახურეთ ამიტომ, ამიტომ და ამიტომო. თუ არ დახურავთ და, მიიღებთ ამას, ამას და ამასო. მუქარას ვერ გაუძლესო, ვერ გაუძლეს ზეწოლასო - უამრავი ვერსია წარმოთქვეს უ-რე-აქციოდ დარჩენილმა უ-ერექციოებმა, ვერ იჯერებენ, როგორ შეიძლება საკუთარი ნებით თქვა უარი რეკლამაზე, რომელიც არის ფული, და ფულზე, რომელიც არის ბინა ვაკეში, აგარაკი წყნეთში, ავტომობილი ფარეხში, ისევ და ისევ ფული, ბევრი ფული საფულეში, ბრილიანტი ყურში და გული საგულეში.

თუმცა, ძალიანაც ჯერათ, რომ სანადირაძემ საკუთარი ნებით დათმო ინტერნეტპროვაიდერი, ხალვაშმა - სამაუწყებლო კომპანია, ვიღაცამ წილი, ვიღაცამ ბინა, ვიღაცამ ავტომობილი, ხოლო მე - „პრესა.ჯი“.

იმ თოქ-შოუსთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი ვერსია: ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძა ქალბატონმა ინა გუდავაძემ და გაიფიქრა: „ღმერთო, ამას რას ვჩადივარ! ბადრის ხომ „იმედი“ შვილივით უყვარდა! ვის ვაჯიჯგნინებ ბადრის დანატოვარს? ვსო! მორჩა!“ და ინა გუდავაძემ თბილისში დარეკა.

ეს ვერსია იმ შემთხვევაში დადასტურდება, თუ ერთ, კიდევ უფრო მშვენიერ დილას ქ-ნ გუდავაძეს ასეთი აზრი გაუელვებს: „ბადრის არაყი და ხაში უყვარდა. განსხვავებულ აქცენტს მაშინ ცემდა პატივს, თუ ეს სოსისი და ლუდი იყო. ჯაჯანიძეს ვაჯიჯგნინო?! კაცად უნდა ვარგოდე, თორემ წვერ-ულვაში კონჩიტასაც აქვს“. და ქ-ნი ინა თბილისში დარეკავს: „წამგვარეთ ჯაჯანიძე“.

გრიგოლიაზე ქორიძე და გვარამია აღშფოთდნენ, ჯაჯანიძეზე კესარია და სურამელაშვილი შეშფოთდებიან. ზალიკო ბერგერის და ჯიჯი რეჯინის ხმა დიდი ხანია არ ისმის. ეჰ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს, თავის ბუტიკთან მიბმული ყოჩით და...

და, რამე!!!

სხვა რამე: „პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით მიროტაძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და გაერთიანების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ დავაზე განცხადებას ავრცელებს: „პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პ/გ რეფორმატორების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნამდვილად ვარ მე, დავით მიროტაძე!.. ამ განმარტებას ვაკეთებ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარე, ღლონტი, დაკავებულია სიცრუის ტირაჟირებით პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ცდილობს საზოგადოება, ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს“.

უჰ... რომ იტყვიან, დამბურძგლა! პირველად ვნახე, ვინმე რომ ამომრჩეველზე ზრუნავდეს. პირდაპირ, პარტია კი არა, მზრუნველთა საბჭოა, ვიღაცაა. ჩემი ხმა „რეფორმატორებს“! ოღონდ, მანამდე, განმარტონ, ეს  პ/გ რას ნიშნავს. „გ“ გაერთიანებაა, „პ“ ახსნან - პროქართულს ნიშნავს, პროდასავლურს, პრორუსულს თუ რომელიმე სხვა „პრო“-ს, ანაც იქნებ რამე სხვა სიტყვას ნიშნავს, რომელიც „პ“-ზე იწყება. თუ ეს „პინკ ფლოიდია“, მაშინ ვაშა და ვაშა აღნიშნულ „გ“-ს, ხოლო თუ პუტინია, მაშინ პუტინის ფანები რაღა დავით მიროტაძეს მისცემენ ხმას, აგერ სააკაშვილი და იმის ჯანი! თუ - იმის ჯანში?!

ახლა, მეც მოვიტყუე, პირველად ვნახე ამომრჩეველზე ვინმე რომ ზრუნავდეს-მეთქი. იყო ასეთი პ/გ - „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ანუ ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა. ერთ დღეს ადგნენ ეს „პ“-ები და გ-ენ, ანუ გაერთიანდნენ. მეორე დღეს უკვე ჰქონდათ შესაბამისად აღჭურვილი ოფისები, ოფისებში ესხდათ შესაბამისი გარეგნობის (თან ქრისტიანული და თან დემოკრატიული) მდივნები, რეფერენტები და მდივან-რეფერენტები, მესამე დღეს პ/გ-ს პრეზენტაცია გამართეს ო/ბ სახელმწიფო თეატრში, მეოთხე დღეს თქვეს, ფული მეგობრებმა შემოგვწირესო, მეხუთე დღეს კი მოიფიქრეს სლოგანი: „დენი ათ თეთრად, გაზი ხუთ თეთრად, წყალი უფასოდ“.

ოთხი რამ არის ქვეყნად დაუჯერებელი: 1. დენი ათ თეთრად; 2. გაზი ხუთ თეთრად; 3; წყალი უფასოდ; 4. გიორგი თარგამაძეს ვინმე რომ ემეგობრება.

გიორგი თარგამაძეს ვინმე რომ ემეგობრება, ეგ არის  დაუჯერებელი, თორემ მაგდა ანიკაშვილს ემეგობრება ჩიორა თაქთაქიშვილი, ნიკა ლალიაშვილს ემეგობრება ვალერი ხაბურძანია, გიორგი ახვლედიანს ემეგობრება ნინო ბურჯანაძე და ინგა გრიგოლიას ემეგობრება ნიკა გვარამია.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, განა დაეჯერება რამე იმას, ვინც გაზს, დენს და წყალს ლამის მუქთად გთავაზობს? ანიკაშვილი „მაესტროზეა“, ლალიაშვილიც რომელიღაც ეთერში ზის და ეჭვგარეშეა, რომ რომელიმე ეთერში ინგაც მალე მოიწვევს სხდომებს. თუ თოქ-შოუა, თოქ შოუ იყოს. მოიყვანეთ ხაბაზი და სადღობელაშვილი, მიშა სად არის, მაჭავარიანი? ქეთა გაბიანი? აკო ჩამოვიდა კიევიდან? გიგი გამოვიდა ციხიდან?

გიგი... ეს დიდებული სახელი, კომპილაციაში ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორებიცაა ვანო, ბაჩო, აკო, მიშა, წუკლარა და სხვ. განუმეორებელ (იმედია!) ბუკეტს ქმნის და ხასიათდება ფერთა საინტერესო, ჰორიზონტალური შეხამებით: ზევით - მოშავო თეთრი, შუაში - მოცისფრო ლურჯი და ქვევით - კაგებეშნიკური წითელი. ამ წარმონაქმნის დევიზია „მატროსოვზე ან მატროსოვისაზე“.

თუმცა, მატროსოვზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მატროსოვისაზე არ არიან. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ყოფილი კაგებეშნიკი არ არსებობს, არ არსებობს ყოფილი ენჯეოშნიკი, მარსზე არ არსებობს სიცოცხლე, მაგრამ დადგება დღე, როცა მარსზე აღმოაჩენენ ბაქტერიას და იტყვიან, რომ თურმე მარსზე სიცოცხლე ყოფილა, მაგრამ ერთი ბაქტერია სიცოცხლედ ვერ ჩაითვალება, პაპუაშვილი - სამართლად, დეფი-ბუღაძე - მწერლად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ეთიკურ ჟურნალისტიკად, „რუსთავი 2“ - მედიასაშუალებად, გაბუნია-გვარამია-მელაძე - კაცად და კესარია-ბესარია - ქალად.

ოდეს ყოფილა, ნაციონალებს და წესიერ ადამიანებს ერთად ეჭამოთ პური?

ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო... და ამ ოდესღაც დიდი საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქის მმართველი სტრუქტურაში მუშაობს ერთი პატარა გოგო - ელისო მარგიშვილი. დადის ხელფოტოაპარატიანი, პატარა ელისო ქუჩა-ქუჩა და ნაგავს ეძებს. დაინახავს ნაგავს, ჩასაფრდება. გამოივლის ვინმე და წკაპ, სურათი გადაღებულია - გამვლელი მოქალაქე და ნაგავი. „შენ არ ხარ გამვლელი მოქალაქე - ეუბნება პატარა ელისო, გვარად მარგიშვილი - შენ ხარ სამართალდამრღვევი და უნდა დაგაჯარიმო“. უმტკიცებს საწყალი მოქალაქე, რომ ეს ნაგავი მას არ დაუყრია, რომ იგი არის კანონმორჩილი, იხდის გადასახადებს, საიდანაც ელისოც იღებს ხელფასს. არ დაუყრია მას ეს ნაგავი. ეს ელისომაც იცის, მაგრამ ელისო ჯერ პატარაა, ჯერ ბაქტერიაა, ბაქტერიას ჭკუა არ მოეკითხება, ბაქტერიას მოეკითხება გეგმა, რომელიც მოქალაქეთა, თუნდაც პატიოსან მოქალაქეთა დაჯარიმებით უნდა შეასრულოს.

ელისო მარგიშვილი ბოლო მოდელის აიფონზე ოცნებობს. კიდევ სამი უდანაშაულო მოქალაქეც და, ელისო ტექნიკის მაღაზიას მიაშურებს.

ნაგავი და ნაგავთან გამვლელი, საწყალი, ჩაფიქრებული, კანონმორჩილი და დაუცველი მოქალაქე - ელისოს გზა მაღალი საზოგადოებისკენ.

ჭუკლი, ჭუკლი, პატარა გოგო.

ეს არ იყო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. ეს იყო ის, რაც ხდება.

ა.რ. (აბა რა) ...ჩვენ პატიმარს ვეხმარებით, მას კი სულაც არ ეკითხებიან, სად უშოვნიან რამეს, სულ ერთია, სასაყვედურო მაინც არავის არაფერი ექნებაო. პატიმარს ბოროტებად არ ჩაეთვლება, თუ ისეთი რამ მოიპარა, რაც გაპარვაში უშველის, ეს მისი უფლებაა. ჩვენ პატიმრის წარმომადგენლები ვართ, სრული უფლება გვაქვს, მოვიპაროთ, რასაც კი ვისურვებთ და რაც კი ოდნავ მაინც შეგვიწყობს ხელს პატიმრის აქედან გაპარებაშიო;

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)