ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდმა ბევრი საინტერესო და მივიწყებული ფიგურა ამოატივტივა და თავიც გაგვახსენა. მათ შორის არის აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანის და ირაკლი კოდუას მეგობრის ძმა, როგორც ყოჩაღი ბიზნესმენი და როგორც აჭარის მედიაზე გავლენის მქონე ფიგურა.
ბიზნესში სულხან გოგიბერიძე ცნობილია როგორც კომპანია “კრეატივ იმპრეშენს კავკაზუსის” 100%-იანი მფლობელი. ეს კომპანია კი ცნობილია “ალი და ნინოს”, იგივე “კაცი და ქალის” ქანდაკებით. 2009 წელს სააკაშვილის გადაწყვეტილებით ბათუმის მერიამ გადაწყვიტა “ქალი და კაცის” ქანდაკების დადგმა ბათუმის სანაპიროზე. ეს საქმე ჩაბარდა გოგიბერიძის ზემოთხსენებულ კომპანიას, რომელსაც მერიამ საერთო ჯამში 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ მედიაში ბევრი დაიწერა ქანდაკების გაბერილ ხარჯებსა და ხარჯების დეტალების გასაიდუმლოებულობაზე, თავისუფალმა მედიამ ვერაფერს მიაღწია, ეს თემა დღემდე იდუმალებითაა მოცული. ფაქტია, რომ გამოძიება “ალი და ნინოს” ქანდაკების ხარჯებზე დღემდე არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ამის პერსპექტივაც სათუოა თუ გავითვალისწინებთ რომ საეჭვო პროექტში ჩართული კომპანიის მფლობელი დღეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელია ისევე როგორც ხელმძღვანელი იყო სააკაშვილის პერიოდშიც, მანამდე კი ხელმძღვანელობდა შპს “დინამო ბათუმს” რომლის დირექტორიბიდან 2013 წლის ივლისში გაათავისუფლეს. 2012ში გოგიბერიძე მოლაპარაკებებს მართავდა უკრაინელ მილიარდერ პიოტრ დიმინცკითან “დინამო ბათუმის” გაყიდვაზე თუმცა უშედეგოდ. მისი გადადგომის მიზეზი იყო კლუბის გულშემატკივართა საპროტესტო აქციები. ფაქტია რომ დღეს, საპროტესტო აქციებით გადამდგარ გოგიბერიძეს აჭარის ფეხბურთის განვითარება აბარია.
და ბოლოს, გოგიბერიძის პოპულარობის მესამე მხარე - შპს “ერა”.
2011 წლის 26 მაისს, როცა სააკაშვილის სოდი და კუდი რუსთაველზე სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, აჭარის “25ე არხმა” გაბედა ამ დარბევის პირდაპირი ტრანსლირება, თუმცა ტრანსლაცია მალევე გაწყდა იმ მარტივი მიზეზით, რომ გოგიბერიძის შპს “ერამ” გათიშა არხი მაუწყებლობიდან. “25ე არხის” ხელმძღვანელობამ გათიშვის უკან გოგიბერიძის სოდელი ძმის ინიციატივა დაინახა და დიპლომატიურ კორპუსთანაც იჩივლა.
ა.წ. აგვისტოს ბოლოს სულხან გოგიბერიძემ დატოვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი თანამდებობა, რათა მიეღო დელეგატის სტატუსი და ისე დაეჭირა მხარი მისი ფავორიტის - რეზი არველაძისთვის.