დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ საბერძნეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან შემოსულ დევნილთა 28 წევრ ქვეყანაში გადანაწილების ახალ სქემას. კვოტირების წინააღდეგ ხმა მისცეს რუმინეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა. ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 160 000-ზე მეტი დევნილი იმ ქვეყნებშიც გადანაწილდება, რომლებმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს.
„ევროკავშირს ხშირად ადანაშაულებენ გადაწყვეტილებების ნელა მიღებაში, დღეს კი ჩვენ მნიშვნელოვანი იურიდიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის გარეშეც ევროპა უფრო გათიშული იქნებოდა და ნაკლებ ნდობასაც დაიმსახურებდა“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალესანდრ ასელბორნმა.
აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები ძალიან ღელავენ ევროპაში დევნილთა რაოდენობის გაზრდის გამო.
„მიგრანტები არა მარტო აკაკუნებენ კარზე, არამედ კარს ამტვრევენ. ისინი მილიონობით არიან და მზად არიან გადმოლახონ ჩვენი საზღვარი, ბრიუსელი კი ევროპაში კრიზისს აღრმავებს“, - აცხადებენ აღმოსვლეთ ევროპის ოფიციალური წრმომადგენლები.
რატომ ეშინია ასე აღმოსავლეთ ევროპას სირიელი დევნილების მიღების და არის თუ არა რეალური საფრთხის შემცველი მათი შედინება ევროპის ტერიტორიაზე? „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, დღევანდელი ბრიუსელის შეხვედრის შედეგები მიგვნიშნებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ არ ჩამოყლიბებულა ერთიანი ცნობიერება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. მიუხედავად იმისა, რომ 28 ქვეყანა გაწევრიანებულია ევროკავშირში, გამომდინარე წარსულიდან, მათ თანაბარი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ჰუმანიზმი კი არ გახლავთ ის მოვლენა, რომელიც ერთ დღეში შეიძლება ჩამოყალიბდეს.
„ისეთ სახელმწიფოებში, რომლთაც არცთუ დიდხნის წინ გააჩნდთ არადემოკრტიული ხელისუფლებები და ევროკავშირის ახალბედა წევრები არიან, ნაკლებად იქნებიან მზად ისეთი მასშტაბური ჰუმანიზმისთვის, რომელშიც ეჭვი არ შეპარვია გერმანიას. მართალია, გარკვეული საფრთხის შემცვლელია ასეთი სახის ვალდებულებები, გამომდინარე თითოეული ქვეყნის არცთუ შორეული წარსულიდან“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ხელგაშლილობისთვის მზადყოფნა გამოთქვა საქართველომ, არ არის გამორიცხული, რომ ავანსცნაზე კვლავ გამოჩნდნენ თურქი-მესხები.
„თურქი-მესხები გარკვეული ნაღმისშემცველი თემაა საქართველოსთვის და პერიოდულად ამოტივტივდებიან ხოლმე ზედაპირზე, როგორც კი რუსეთს მოუნდება ამ სახის ზეწოლის განხორციელება საქართველოზე. ჩემი აზრით, თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უნდა შესულიყვნენ წინადადებით, ვის რამდენი დევნილების მიღება შეუძლია. ევროკავშირის ერთიანობა არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ რომელიმე ჯგუფი უარს იტყვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესრულებაზე, რისი დიდი ალბათობის წინაშეც დგას ევროკავშირი. თუ ვინმე თვლის, რომ არაფერიც არ შეუძლია და დევნილებს ვერ მიუჩენენ ადგილს, შესაბამისი გადაწყვეტილებები შეიძლება უფრო ღრმად წავიდეს და მეტ საკითხებში იყოს გაუგებრობა, რაც აზიანებს არა მარტო ევროკავშირს, არამედ ცივილიზებულ სამყაროს.
რაც შეეხება იმას, აღმოჩნდებიან თუ არა აღმოსავლეთის ქვეყნები ეკონომიკური კრიზისის წინაშე, ამის საფუძველს ჩვენ მარტივად აღმოვაჩენთ ეკონომიკური თემების წიაღსვლაში. საფრთხე რასაკვირველია არსებობს. მაგრამ ადამიანის უფლებები უფრო ღრმად წინმსწრებია დასავლეთ ევროპისთვის, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისთვის, რადგან სოციალისტურ სისტემასა და ფასეულობებში ადამიანი არასოდეს ყოფილა მთავარი პრიორიტეტი, იმ ფასეულობებში, რომელსაც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები და საბჭოთა კავშირი ეთაყვანებოდა“, - აცხადებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი.
დასავლეთ პრესაში საუბრობენ იმის შესახებაც, რომ რუსეთი თავისი ტერიტორიიდან ევროპისკენ არარეგალურად უშვებს სირიელ დევნილებს, მაშინ როცა თვითონ არ გამოთქვამს სურვილს მათი მიღება -დაბინავებისა, იმის მიუხედავად, რომ კრემლი ბაშარ ასადის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია, მათ შორის შეიარაღებითაც.
სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთს თვითონ სჭირდება ნებართვა საკუთარი თვითმფრინავების დაბინავებისთვის სირიაში, გაუგებარია, რა მარშრუტით უნდა შეიყვანოს და შემდეგ ევროპისკენ გაუშვას დევნილები, ხოლო რაც შეეხება რუსეთის დუმილს სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, ამას სხვადასხვა მიზანი გააჩნია.
„ასეთი პრიმიტიული მარშრუტი ერთის მხრივ იქნება დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ რუსეთი სირიელების მეგობარია და ამავე დროს, რაიმე დიდ მონაგარს ამით რუსეთი ვერ მიღებს. რუსეთი შეიძლება ხმამაღლა არ აცხადებს, მაგრამ უფრთხის ზოგადად მუსულმანებს, ისინი, საუკუნეების განმავლობაში, არცთუ ცოტა არიან რუსეთის ტერიროტირაზე. მათი დამატებითი შემოშვება კი ზედმეტი საფრთხე იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაშინ როცა არ იცი ვინ მომხრეა და ვინ მოწინააღმდეგე ისლამური სახელმწიფოსი. ამის გაკონტრლების საშუალება კი რუსებს აღარ ექნებათ. რუსეთი ამას უფრთხის მას შემდეგ, რაც არაერთი განცხადება გაკეთდა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან, რომ რუსეთი იქნება ერთ-ერთი სამიზნე უახლოეს მომავალში“, - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ როდესაც კრემლი წლების განმავლობაში ეპატიჟება პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებს (რადგან დეფიციტია ცოცხალი ძალის და არა მარტო სამხედროსი), ათეულობით მილიონი ჩინელი უკვე დასახლდა მის აუთვისებელ ტერიტორიებზე.
„საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსი ქალბატონები უპირატესად თხოვდებიან ჩინეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასახლებულ ჩინელებზე და ამ რეგიონის პოპულაცია მკვეთრად იცვლება. ჩინელები სულ უფრო მეტნი ხდებიან რუსების პარალელურად. როდესაც რუსი მანდილოსანი ხვდება საქმიან და ალკოჰოლისკენ არმიდრეკილ ჩინელს, მის წინაშე აღარ დგას საკითხი-რუსზე გათხოვდეს თუ ჩინელზე. როგორ იქნება სამომავლოდ და რა სახის ბუმერანგის წინაშე აღმოჩნდება ამ პოლიტიკის ავტორი - რუსული ხელისუფლება, ალბათ ათეული წლების შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება“,-აღნიშნავს ექსპერტი.