მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიული პრობლემა (წერილი მეოთხე)

მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიული პრობლემა (წერილი მეოთხე)

რუსული პოლიტიკური სტრატეგიის ხასიათი და წყაროები

ჩვენს მიერ ნაჩვენები სამი ეტაპიდან, რომელიც რუსულ ანშლუსს ახასიათებს, პირველი და მეორე უკვე განხორციელებულია, მესამე დაწყებულია და კარგა შორს წასულიც, თუმცა დამთავრებული ჯერ არ არის (იგი მაშინ დასრულდება, როცა რუსული ეთნოპოლიტიკური დომინაცია შეუქცევად სახეს მიიღებს). საკითხავია, თუკი რუსეთი წარმატებით გაართმევს თავს მესამე ეტაპს ამით დამთავრდება ანშლუსის პროცესი თუ არა? ამასთან, ინკორპორაციის სამივე ფაზა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თითქმის ერთნაირად და მსგავსი დროითი პარამეტრებით წარიმართა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროცესები მომავალშიც ასე სარკისებურად განვითარდებიან? და რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია - რა პოლიტიკური სტრატეგია უდევს საფუძვლად რუსეთის მოქმედებას კავკასიაში და შესაძლებელია თუ არა მისი წარმატებული განვრცობა ამ რეგიონს ფარგლებს გარეთ?

ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უმჯობესია დავიწყოთ სტრატეგიის ელემენტებზე მსჯელობით, ვინაიდან ასე უფრო გაადვილდება კავკასიაში რუსეთის მომავალი ნაბიჯების გამოცნობა. უკეთ შევაფასებთ მოსალოდნელ პერსპექტივებსაც.

თანამედროვე რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, ასე ვთქვათ, მისი პირმშოა. საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობა და მისი ნოსტალგია დიდი დოზით განსაზღვრავს დღევანდელი რუსეთის მოქმედებებს. ეს უპირველესად პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლების სურვილში გამოიხატა.

საბჭოთა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგები დღესაც რუსეთის ზრახვების სამსახურშია უზარმაზარ ტერიტორიაზე, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ანუ თითქმის ყველგან, სადაც კომუნისტური იმპერიის სახელმწიფო საზღვრები მისწვდა. თუმცა, იმავდროულად, რუსი სტრატეგოსები წარმატებით იყენებენ ცარისტულ მემკვიდრეობასაც.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რუსულ სტრატეგიაში პარადოქსულად თანაარსებობენ ტრადიციული და მოდერნული კომპონენტები. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ რუსეთმა სცადა კავკასიაში ცარისტული მიდგომების რეანიმირება. საკუთარი მიზნების სარეალიზაციოდ მეფის რუსეთი კავკასიაში ესწრაფვოდა გეოპოლიტიკური და ეთნოპოლიტიკური პროცესების ურთიერთგანწონვას, საამისოდ კი არმიასა და პარამილიტარულ სტრუქტურებს იყენებდა. სწორედ ამ ტიპის ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად რუსულ სახელმწიფოში გაჩნდა ძალზე დამახასიათებელი ფენა - კაზაკობა.

კავკასიის ათვისებაში კაზაკების ფუნქციის შესახებ მიმზიდველი და ინფორმატიული გამოკვლევა შეიძლება დაიწეროს. 90-იან წლებში კავკასიის კაზაკთა მოძრაობის აღორძინება და მისი როლი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში შემთხვევითი როდი იყო. იგი რუსული პოლიტიკური სტრატეგიის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენდა. ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებენ არმიის, როგორც ინსტიტუტის, პოლიფუნქციურ როლზე რუსეთის ისტორიაში, რაც ქვეყანათა უმრავლესობისათვის პრინციპში დამახასიათებელი არ არის. (შესაძლოა, გერმანიის გამოკლებით, თუმცა, გერმანიის შემთხვევაში პოლიფუნქციურობას ისტორიულად და ტიპოლოგიურად სრულიად განსხვავებული სახე ჰქონდა). თუ რა შედეგი მოსდევს არმიისა და კაზაკობის კომბინირებულ, გეგმაზომიერ, მრავალმიზნობრივ გამოყენებას, კარგად არის ცნობილი ჩერქეზებისათვის, ჩეჩნებისათვის და სხვა კავკასიელი ხალხებისათვის (გავიხსენოთ ცნობილი აფხაზი მწერლის ბაგრატ შინქუბას რომანი „უკანასნელი უბიხი“, ნომინატური ალუზია ფენიმორ კუპერის რომანთან „უკანასკნელი მოჰიკანი“ აშკარაა. იდენტური იყო ამ ხალხების ისტორიული ბედიც (XIX საუკუნის ევროპული პუბლიცისტიკა ჩერქეზების მიმართ ძალადობას ტყუილად როდი ადარებდა ამერიკელი ინდიელების განადგურებას). რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს „სუფთა“ სახით ძველი ექსპერიმენტის დაყენებას, თუმცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ სურათს რომ კიდევ ერთხელ დრამატულად შეცვლის, ეს უეჭველია. ეთნიკური დომინაციის პრინციპის აღორძინება, ტრადიციული იმპერიული პოლიტიკური არსენალიდან აღებული კომპონენტია.

როგორც ჩანს „გეოპოლიტიკური კატასტროფიდან“ (ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან), რუსმა პოლიტიკოსებმა და სტრატეგოსებმა ძალზე თავისებური (მათი პოლიტიკური რაობისა და ფსიქოლოგიისათვის მისაღები), დასკვნა გამოიტანეს. ეს დასკვნა უბრალოა და შემზარავი: იმისათვის, რათა რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა საფუძვლიანად და საიმედოდ გამყარდეს, იმ ტერიტორიებზე სადაც რუსული სასიცოცხლო ინტერესები ვრცელდება, საჭიროა შეუქცევადი ეთნიკური პროცესების გამოწვევა. ეს თითქმის უეჭველი გარანტია იქნება იმისა, რომ ამ სახელმწიფოს დრამატული დასუსტების (მათ ენაზე „გეოპოლიტიკური კატასტროფის“) შემთხვევაში იმპერიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე რეგიონებზე განუყოფელი რუსული გავლენა იქნას შენარჩუნებული. სწორედ ამ გეგმის შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიებზე, ტარდება საქართველოს შემადგენელი ნაწილების გეოპოლიტიკური და ეთნოპოლიტიკური მოკვეთის ოპერაცია, რომელიც დროში გახანგრძლივების მიუხედავად, საკმაო წარმატებით ხორციელდება (იმპერიის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მას დროის თავისებური აღქმა გააჩნია - იგი თითქოს დროს აჩერებს).

ჩვენ ძირითად ხაზებში მიმოვიხილეთ რუსული პოლიტიკური სტრატეგიის ტრადიციული კომპონენტები. რა თქმა უნდა, მხოლოდ მათი გამოყენებით XXI საუკუნეში შორს ვერ წახვალ და სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევ. რუსულ პოლიტიკურ სტრატეგიაში არსებობს ახალი ტიპის მახასიათებლები და მიდგომებიც. სწორედ ტრადიციული და ინოვაციური ელემენტების პარადოქსული თანაარსებობა ქმნის თანამედროვე რუსული პოლიტიკის თავისებურ სახეს.

თუკი ტრადიციული ცარისტული პოლიტიკა (გენერალ ერმოლოვის ანდერძის თანახმად), დაუნდობლად ებრძოდა ამ ტერიტორიებზე პოლიტიკური ავტონომიის ნებისმიერ გამოვლინებას, ამჯერად რუსეთი თავად ქმნის სახელმწიფოებრიობის პრეცედენტს კავკასიაში, საკუთარი საზღვრების უშუალო სიახლოვეს. მათთან ხელშეკრულებას აფორმებს, თანაც ამ წარმონაქმნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტორად და დამცველად მოაქვს თავი. ცხადია, იმავდროულად რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე დაუნდობლად აღკვეთს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ყოველგვარ გამოვლინებას (განსაკუთრებით კავკასიაში). მით უფრო სახიფათოა მისთვის ამგვარი სურვილების წახალისება

ამავე რეგიონში. თანაც კავკასია სიმშვიდისა და სტაბილურობის ოაზისი სულაც არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი ჩეჩნეთის დღევანდელი ხელისუფლება და მისი მეთაური უფრო პირადი ერთგულების კავკასიურ წესს მისდევს, თანაც მეტროპოლიიდან უზარმაზარ სახსრებს იღებს და საკუთარი მამულის ბატონ-პატრონად მოაქვს თავი, გასაგები გახდება, თუ რა დიდ საფრთხეს უქმნის ყველაფერი ეს რუსული სახელმწიფოს ახლო მომავალში (ვფიქრობთ, ჩვენი მსჯელობის მართებულობას ჩეჩნეთში უკანასკნელ ხანს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებენ).

რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ვითარება, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების აქტიური მხარდაჭერა - რუსეთის კავკასიური პოლიტიკის პრინციპულად ახალი ელემენტია. ცხადია, მისთვის სახიფათო, თუმცა საკმაოდ მკვიდრი ელემენტი. სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი ამ საფრთხის შეძლებისდაგვარად დროულ განეიტრალებას. თუმცა იგი იმავდროულად ფრთხილად და გულდასმით მოქმედებს. უფრო მეტიც, მას კარგად გააზრებული გეგმაც გააჩნია, რომელსაც მეტ-ნაკლები წარმატებით, განუხრელად ასრულებს. მმართველ წრეებს მოსკოვში კარგად ესმით, რომ ამ რეგიონში მათი პოლიტიკის წარმატებისათვის საჭიროა დიფერენცირებული მიდგომები.

***

სწორედ, რუსეთის კავკასიური სტრატეგიის ამ ახალი, ინოვაციური ელემენტის (კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მხარდაჭერა), გაუთვალისწინებლობა გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული პოლიტიკის არასწორი შეფასების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი (ეს ახასიათებდა შევარდნაძის ხელისუფლებას მთელი მისი არსებობის მანძილზე და სააკაშვილის მმართველობას 2008 წლის ომამდელ ეტაპზე). ამოდიოდნენ რა იმ, ერთი შეხედვით უეჭველი წინაპირობიდან, რომ რუსეთს არ აწყობს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში. ისინი თვლიდნენ, რომ საკმარისია საქართველომ გადალახოს კრიტიკული პერიოდი, „გაძლოს“ და რუსეთი, შემდგომ ეტაპზე მაინც, საქართველოსთან ურთიერთობების ორმხრივად სარგებლიანი დარეგულირების სანაცვლოდ, დაასრულებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პოლიტიკურ „თამაშს“ და დათმობს მათ. ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა წარმოქმნა (ასე ვთქვათ, „სრული სუვერენიტეტების აღლუმი“), მომაკვდინებელ სტრატეგიულ საფრთხეს უქმნის რუსულ სახელმწიფოებრიობას. სწორედ ამ მცდარი პოლიტიკური პოზიციის გამო შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები დაუსრულებლად ამტკიცებდნენ, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით „დრო საქართველოზე მუშაობს“ (დღეს ეს თვალსაზრისი ბოროტ ხუმრობას ჰგავს, მაშინ კი სახელმწიფო პოლიტიკა იყო). მათ უკანასკნელ მომენტამდე ჰქონდათ რუსეთთან modus Vivendi-ს მიღწევის იმედი. მართალია თავად ედუარდ შევარდნაძემ გადადგომიდან სულ მცირე ხნის გავლის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დათმობსო, მაგრამ ეს უფრო საკუთარ ხალხზე გულმოსული ლიდერის უნიათო განმარტებას ჰგავდა, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ განმარტებას. (გაგრძელება შემდეგ გვერდზე).

სწორედ ამგვარ, განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს მოსკოვი ისეთ მიკრო-სივრცეზეც კი, როგორიც არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

***

მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვაობა მხოლოდ ოპერატიულ-ტაქტიკურ ხასიათს ატარებს, საბოლოო მიზანი კი უცვლელია, საჭიროა გავერკვეთ, თუ რაში მდგომარეობს ამ განსხვავებათა არსი და რით არის იგი გამოწვეული. ეს არა მხოლოდ რუსეთის სტრატეგიას გახდის უფრო გასაგებს, არამედ ნათელს მოჰფენს ანშლუსის პროცესის მნიშვნელოვან თავისებურებებსაც.

აშკარაა, რომ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება და მისი ფუნქციონირება რუსეთს გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს უქმნის, ვიდრე ცხინვალის რეგიონისა. დიფერენცირების მიზეზიც აქ უნდა ვეძიოთ. ოღონდ, სჯობს განხილვა ცხინვალის რეგიონით დავიწყოთ, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი აქ უფრო მარტივი ამოცანების წინაშე დგას.

ცხინვალის რეგიონის ოსური მმართველი ელიტა ჩრდილო ოსეთის რუსულ რეგიონთან გაერთიანებას ითხოვს. ამასთან, საკმაოდ მარტივი პოლიტიკური სვლებით მოხერხდა ამ ელიტის არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის დაუძინებელ მტრად ქცევა, არამედ მათი შეურიგებელი წინააღმდეგობის უზრუნველყოფა კავკასიის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ნებისმიერი სახის იდეის მიმართ. მეორეს მხრივ, ოსთა უმეტესობის მართლმადიდებლობა მათ შეუვალს ხდის ყოველგვარი მუსლიმური ირედენტიზმისადმი. ნიშანდობლივი და გასათვალსწინებელია აგრეთვე ისიც, რომ ცხინვალური სეპარატიზმი სრულიად უსუსური და გროტესკული აღმოჩნდა ნებისმიერი სახის პოლიტიკური ავტონომიის დამოუკიდებლად მშენებლობის თვალსაზრისით. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა აქ თითქმის უნაშთოდ დაიყვანება კლანებს შორის რუსული დოტაციებისათვის დაუნდობელ ბრძოლაზე (უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში მათ დიდი ხელოვნება გამოიჩინეს, ისე რომ მრავლისმნახველი და მრავლისმქმნელი რუსული ბიუროკრატიაც კი ძალიან გააკვირვეს).

***

სააკაშვილის მმართველობა კიდევ უფრო შორს წავიდა და იმდენი მოახერხა, რომ 2008 წლის ომის წინ რუსეთს საერთოდ არ განიხილავდა შესაძლო სამხედრო-პოლიტიკურ მოწინაარმდეგედ კავკასიაში (საინტერესო იქნებოდა მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომათა ოქმების გადათვალიერება). პოლიტიკური სიბრმავის ეს გასაოცარი და იმავდროულად ქრესტომათიული ნიმუში შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ა. ღრმად გჯეროდა პოსტცივიომისეული სისტემის ურყევობისა მთელს მსოფლიოში (მათ შორის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში) და ბ. თუკი რუსეთი კავკასიის ჩრდილოეთში ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უპირობო და შეურიგებელ მტრად მიგაჩნდა. სწორედ ამ წინაპირობებიდან ჯიუტი ამოსვლით შეიძლებოდა არად ჩაგეგდო 2003 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა (თუშეთი, პანკისი) და არ დაგენახა რუსეთის პოლიტიკის სრულიად განსხვავებული და რთული სახე. მისი სტრატეგიული და ტემპორალური მახასიათებლების ფუნდამენტური თავისებურებანი. ამგვარმა მიდგომამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია ანშლუსის ოპერაციის ჩატარების პროცესში. ასე რომ 2008 წლის ომი იმავდროულად რუსული ანშლუსის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი და იქნებ გარდამტეხი ეტაპი იყო.

***

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ცხინვალის რეგიონის აბსორბციას რუსული იმპერიალიზმი ძირითადად მესამე ეტაპის ფინალურ სტადიაზე, ანუ რუსული ეთნოპოლიტიკური დომინაციის მიღწევის შემდეგ ფიქრობს. ამ ოპერაციის

წარმატებისათვის მთელი პასუხისმგებლობა კი ადგილობრივ და შესაბამის ცენტრალურ ბიუროკრატიას დაეკისრება. ისინი ძირითადად ადმინისტრაციული მეთოდებით იმოქმედებენ და თან აქტიურად გამოიყენებენ იმ ხერხებს, ინიციატივებსა და გარემოებებს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

აფხაზეთის შემთხვევა უფრო რთულია. აფხაზური ელიტა დამოუკიდებლობის ტალღაზე არის მომართული, ხოლო ამ რეგიონის პოლიტიკური ინსტიტუტები საკმაოდ რიგიანად ფუნქციონირებენ. აქ მოქმედებს ელექტორალური დემოკრატიის ზოგი მნიშვნელოვანი ელემენტიც. ასე რომ, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ამ რეგიონის მოქალაქეთა პოლიტიკური ცნობიერების ერთერთი და საკმაოდ მკვიდრი შემადგენელი ნაწილია. რუსეთი ამ ვითარებას თავისებურ ანგარიშს უწევს. სწორედ ამიტომ, აგრეთვე იმ მიზეზით, რომ რუსეთს ძალიან ეჩქარება, 2014 წლის რუსულ-აფხაზურ შეთანხმებას საფუძვლად დაედო აფხაზური და არა რუსული პროექტი.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის ინკორპორაციისათვის რუსეთს დასჭირდება IV ეტაპიც, რომელიც უშუალოდ მოჰყვება III სტადიას (ეთნიკური დომინაციის უზრუნველყოფას). ქვემოთ შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ აფხაზეთის ანშლუსის ამ IV, ჰიპოთეტური ეტაპის ძირითადი პარამეტრები. ვფიქრობთ, რომ თუ მოვლენები კვლავაც რუსული სცენარით განვითარდა, სწორედ IV ეტაპი დაასრულებს იმ პროცესს, რომელიც აფხაზეთში რუსეთის საბოლოო გაბატონებას უზრუნველჰყოფს.

აფხაზეთის ინკორპორაციის IV (დამამთავრებელი) ეტაპის ზოგადი დახასიათება

როდესაც რუსეთი ვითარებას მომწიფებულად ჩათვლის და ინკორპორაციის III ეტაპის შედეგები ხელშესახებად შეიგრძნობა, შესაფერისი საერთაშორისო კონიუნქტურის არსებობის პირობებში, ლეგალურად დაიწყება აფხაზეთის ინკორპორაციის მეოთხე ფაზა. ამ დროს მოსკოვის მმართველ წრეებს და მათ მომძლავრებულ მომხრეებს აფხაზეთში „გაახსენდებათ“, რომ აფხაზეთის კონსტიტუციაში არსებობს სრულიად არადემოკრატიული პუნქტი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზი ხალხის ეთნოპოლიტიკური დომინაციის de jure-დ დაფიქსირების უეჭველ საბუთს წარმოადგენს.

აფხაზეთის ამჟამინდელი კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტი ეთნიკური აფხაზი უნდა იყოს. სწორედ ამ დებულების წინააღმდეგ იქნება მიმართული აფხაზეთის „დემოკრატიულად“ განწყობილი რუსული ორიენტაციის მქონე მოსახლეობის მთელი ძალისხმევა და რუსეთის სხვა მოქალაქეების რისხვა.

რასაკვირველია, ამ პუნქტის შეცვლის შემდეგ აფხაზური ელიტა სრულად დაკარგავს პოლიტიკურ გავლენას ამ რეგიონში. ვფიქრობთ, სწორედ ამგვარად გატარებული კონსტიტუციური რეფორმა იქნება აფხაზეთის ანშლუსის IV, დამამთავრებელი ეტაპის ლეგალური დასაწყისი.

ჩვენის აზრით, უკვე ნათლად ჩანს ამ პროცესის დაწყების პირველი ნიშნები და, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არის აფხაზეთში გაჩაღებული კამპანია, რომლის მიზანია ამ რეგიონის ქართული მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებების წართმევა. თუკი ეს პროცესი ლოგიკურ ფინალამდე მივა, რუსეთი შედარებით იოლად დაასრულებს ზემოხსენებულ IV ეტაპს, რითაც აფხაზეთის სრულ და საბოლოო ანშლუსს მიაღწევს. სხვათა შორის, გერმანული სიტყვა „der Anschluss“-ის სემანტიკა შეიძლება გავიგოთ, როგორც შეერთების დამამთავრებელი, ფინალური აკორდი (კლასიკური მუსიკალური აკორდი სწორედ სამსაფეხურიანია, თუმცა, გარკვეულ შემთხვევაში, ფუნქციონალური საჭიროებისათვის, მას შეიძლება გაუჩნდეს მეოთხე დამატებითი საფეხურიც, ისე როგორც ჩვენს შემთხვევაში).

ცხადია, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობისათვის რეგიონის ტერიტორიაზე რუსული ეთნოპოლიტიკური დომინაციის დაშვება და, მითუმეტეს, მისი სამართლებრივი გაფორმება ყოვლად დაუშვებელია, თუკი მათ სურთ აფხაზეთის ტერიტორიაზე იცხოვრონ და ქართველებად დარჩნენ. სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში (ანუ მაშინ, როცა ანშლუსის III ეტაპი მიმდინარეობს და ჯერ ეკვატორი გადალახული არ არის), სანამ ჩვენს უშუალო მოწინააღმდეგედ ჯერ კიდევ აფხაზური ნაციონალიზმი გამოდის, რომელიც საკუთარი სახელმწიფოებრივი კვაზი-ინტერესების სახელით მოქმედებს, წინააღმდეგობის გაწევა ჯერ კიდევ შეიძლება. რუსული ეთნოდომინაციის განუყოფელი და ლეგალური რეჟიმის მოქმედების პირობებში (ანუ ანშლუსის IV, ფინალურ ეტაპზე), ამ ამოცანას ამოხსნა არ გააჩნია, არც ქართველებისათვის და არც აფხაზებისათვის. ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი მშობლიური საცხოვრისისა და ეროვნულ-პოლიტიკური რაობის გადასარჩენად ქართული და აფხაზური მხარეები ამ რეგიონში ერთად იმოქმედებენ. ვინაიდან ამ დროისათვის უკვე შეუძლებელი გახდება ისტორიის ჩარხის წაღმა დატრიალება, უმოწყალოდ და უდარდელად გაფანტულ დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. დროს, რომელსაც ისტორიული პროცესების წარმართვაში გადამწყვეტი და შეუქცევადი მნიშვნელობა აქვს.

სხვათა შორის, ეს გარემოება გათვალისწინებული ჰქონდა ალექსანდრე ანქვაბის ხელისუფლებას. ამიტომაც იგი უფრო ლოიალურად იყო განწყობილი აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის პოლიტიკური და კულტურული უფლებების მიმართ (გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის ფუნქციონირების საკითხი, მითუმეტეს, რომ საყოველთაოდ ცნობილია ქართველების უაღრესად მგრძნობიარე დამოკიდებულება საკუთარი ენის მიმართ. მშობლიური ენა ქართული იდენტობის აუცილებელ და მოუცილებელ ელემენტად მიიჩნევა). სწორედ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ მოიტანა ახალი, ხისტი და აფხაზური მხარისათვის სტრატეგიულად წამგებიანი მიდგომები ამ მიმართულებით. ყოველივე ზემოთქმული, რასაკვირველია, განამტკიცებს ჩვენს თვალსაზრისს ამ აფხაზურ ხელისუფლებაზე კონკრეტულად და რუსული ანშლუსის ხასიათზე ზოგადად.

რასაკვირველია აფხაზეთის ქართული მოსახლეობა ყოველთვის შეეცდება აფხაზეთში რუსული გავლენის მინიმიზაციას. ეს მისი ცხოვრების წესია და ყოფიერებითი მაქსიმა. თავის მხრივ რუსული იმპერიული ინტერესები აფხაზეთში მოითხოვს აფხაზთა დატოვებას ქართველების მხარდაჭერის გარეშე (და პირუკუ). ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრა რუსეთმა - ძირითადად - ჯერ კიდევ ანშლუსის პირველ ეტაპზე მოახერხა, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის საბოლოო ინკორპორაციის მიზნით მეოთხე, დამატებითი ფაზის შემოტანა და კავკასიის შედარებით ვიწრო არეალში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ), დიფერენცირებული მიდგომის წარმატებული ამოქმედება თანამედროვე რუსული პოლიტიკური სტრატეგიის აშკარად ინოვაციური ელემენტია.(გაგრძელება იქნება)