ამ დღეებში ჩვენს მეგობარს, თანამოაზრეს და თანამებრძოლს, შესანიშნავ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, კახა კაციტაძეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვინც კახას პირადად იცნობდა, ჰქონდა წაკითხული მისი ნაშრომები თუ პუბლიცისტიკა, მოსმენილი ჰქონდა მისი ლექციები, ყველა დაგვეთანხმება, რომ კახა კაციტაძის სახით საქართველომ, და არა მხოლოდ საქართველომ, უდიდესი მოაზროვნე დაკარგა. დღეს ვასრულებთ პუბლიკაციას კახა კაციტაძის დღემდე გამოუქვეყნებელი წერილისა „მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო“.
For.ge-ს რედაქცია და მკითხველები მადლობას ვუხდით ბატონ გურამ სანადირაძეს და ბატონ ნიკოლოზ სანებლიძეს, რომლებმაც კახა კაციტაძის არქივში მოიძიეს და მოამზადეს აღნიშნული პუბლიკაცია.
********
პოსტინდუსტრიული საზოგადოების ახალი მახასიათებლები თავისებურად ცვლიან და აფართოებენ ინდივიდის სპეციფიკის გაგებას. გარდა ახალი ტიპის განათლებისა და მეტაკვალიფიკაციისა, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პიროვნებას მოეთხოვება ხატებით, სიმბოლოებით და აბსტრაქციებით ოპერირების უნარი, აგრეთვე ლოგიკური აზროვნებისა და იდეების ნათლად გამოხატვა. ინდუსტრიული საზოგადოება აწინაურებდა იმგვარი თვისებების მქონე ადამიანებს, როგორიცაა სიზუსტე, პედანტურობა, ერთიანი ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების უნარი, კარგი ცოდნა იმისა თუ როგორ ფუნქციონირებს ბიუროკრატიული აპარატი, მექანიკურ და ერთგვაროვან სამუშაოებთან შეგუების უნარი და სხვა. მესამე ტალღის, ანუ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას გააჩნია ინდივიდუალური თვისებების დაფასების ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევა ინდუსტრიული საზოგადოების კრიტერიუმებს. უკვე ითქვა, რომ მესამე ტალღის საზოგადოება ადამიანში აფასებს შემეცნებით უნარებსა და განათლებას. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ფასდებიან აგრეთვე ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ:
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- არიან მოქნილნი და შეუძლიათ ერდროულად წარმატებით იმუშაონ რამდენიმე ხელმძღვანელთან, ხოლო თუ საჭირო გახდა, თავადაც გასწიონ ხელმძღვანელობა;
- არიან ცნობისმოყვარენი, აინტერესებთ რა ხდება და სურთ პროცესებზე გავლენა მოახდინონ;
- აქვთ გაურკვევლობის პირობებში თავდაჭერის უნარი;
- დაფასდებიან ადამიანები, ვისაც შეიძლება არც გააჩნია ერთი სპეციალობისათვის მყარად გამომუშავებული ჩვევა, მაგრამ აქვს რამდენიმე სფეროში მუშაობის გამოცდილება და ერთი სფეროდან მეორეში იდეების შესაბამისი ფორმით გავრცელების უნარი;
- შეუძლიათ შეასრულონ შემრიგებლისა და შუამავლის როლი; აქვთ კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატური მოქმედებების ჩვევა, შეუძლიათ მოუსმინონ სხვადასხვა მხარეს და მათი პოზიცია მისაღები ფორმით ჩამოაყალიბონ;
- აქვთ უნარი დაიწყონ ახალი საქმე და იყონ აღმსრულებელნი;
- არიან “რეალისტურად” მეოცნებენი, გააჩნიათ განვითარებული წარმოსახვა და, რაც მთავარია, მომავალზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, ვიდრე წარსულზე.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება ასევე დააფასებს უცხო ენების ცოდნას, განსხვავებულ კულტურათა გაგების და მათთან ადაპტაციის უნარს. თანაც ამას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა კი არ ექნება, არამედ უფრო – პრაქტიკული. მაგალითად, იაპონელებთან საქმის წარმატებით დაჭერისათვის აუცილებელია მათი კულტურის რიგ თავისებურებებში კარგად გარკვევა.
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ზემოჩამოთვლილ თვისებათა უმრავლესობა ჩადებულია ქართველთა ეროვნულ ხასიათში. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი თვისება, რომელიც ხელს გვიშლიდა ინდუსტრიული განვითარების ეტაპზე, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში. საყურადღებოა, რომ ქართულის მსგავსი ხასიათის და მენტალიტეტის მქონე იტალიელებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს პოსტინდუსტრიულ ეტაპზე. ამიტომ, საჭიროა იმგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილური სტრუქტურების შექმნა, რომელიც ჩვენი ხასიათის ამ თვისებათა პოზიტიური და მომგებიანი გამოყენების საშუალებას მოგვცემს.
განვითარებულ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ძლიერებას არც მხოლოდ სამხედრო ძალა განსაზღვრავს, და აღარც მარტო ენერგორესურსების ფლობა. უმთავრეს ეროვნულ სიმდიდრედ წარმოჩნდება ზემოთჩამოთვლილი უნარებით დაჯილდოებულ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა. იაპონიის ან შვეიცარიის სიმდიდრის მთავარი წყარო ბუნებრივ რესურსებს კი არ ემყარება, არამედ ამ ქვეყნების მოქალაქეთა მაღალ პროფესიულ ოსტატობას, განათლებასა და სამუშაო დისციპლინას ეფუძნება. ყოველივე ზემოთქმული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება და გლობალიზაცია
პოსტინდუსტრიული საზოგადოება ტრანსნაციონალურ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, პლანეტარულ ხასიათს ატარებს. ამასთან, საქმე ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ექსპანსიურ ბუნებაში კი არ არის, არამედ თავად პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფუნქციონირების წესში. თუ XIX საუკუნის ინგლისში ორთქლმავლების წარმოება თითქმის მთლიანად ერთ ქალაქში – ლიდსში – იყო კონცენტრირებული (ლიდსში წარმოებულ ორთქლმავლებს ევროპის ყველა სარკინიგზო ტრასაზე შეხვდებოდით), „ჯენერალ მოტორსის“ უახლესი მოდელი რვა ქვეყანაში იწყობა კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში დამზადებული ნაწილებისაგან. გლობალური ინფორმაციული სისტემების შექმნის გარდა ეკონომიკის პლანეტარიზაციას ხელს უწყობს ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის გლობალური ინფორმაციული სისტემების გაიაფება. სადღეისოდ სატრანსპორტო ხარჯები პროდუქტის საბოლოო ფასის მხოლოდ რამოდენიმე პროცენტს შეადგენს. ეს განაპირობებს მრეწველობის შრომატევადი დარგების გადატანას უფრო იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში. გარდა ამისა, ინფორმაციის საერთაშორისო სისტემების შექმნა სულ უფრო ფართო მასშტაბის ინტერნაციონალურ თანამშრომლობას მოითხოვს. ამიტომაც, ამგვარი თანამშრომლობა ვინმეს პიროვნული ნებისაგან დამოუკიდებლად, ადრე თუ გვიან, ალბათ, მთელ დედამიწას მოიცავს.
რასაკვირველია, ისტორია სავსეა სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების თანდათანობითი დაახლოების მაგალითებით. ამ თვალსაზრისით, მთელი მსოფლიო ისტორია წარმოგვიდგება როგორც სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების მიერ გლობალური დაახლოების კუთხით გადადგმული ნელი და სწრაფი ნაბიჯების ერთგვარი ნაკრები. არშემდგარი “გლობალიზაციის” მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ ელინიზმის ან ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა. თუმცა ამგვარი დაახლოების რევოლუციურად სწრაფი ტემპი მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა.
პირველ შემთხვევაში - XIX და XXს-ების მიჯნაზე მსოფლიო შევიდა აქტიური ურთიერთობების ფაზაში იმის საფუძველზე, რომ ვაჭრობამ და ინვესტიციებმა ორთქმავლის, ტელეფონის და კონვეიერის წყალობით გლობალური მასშტაბით გავრცელება დაიწყო. გლობალიზაციის პირველი ტალღის ისეთმა თეორეტიკოსებმა, როგორებიც იყვნენ რ.როზლენი და ჯ.ბრაიტი, მრავალი ეკონომისტისა და მეწარმისათვის დამაჯერებლად დაასაბუთეს, რომ თავისუფალი ვაჭრობა აუცილებლად გამოიწვევდა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას. ხოლო ურთიერთდამოკიდებულებაზე დამყარებული არნახული კეთილდღეობის წყალობით ხალხები დაივიწყებენ უთანხმოებას. ბრიტანეთი მთელი თავისი საზღვაო, ინდუსტრიული და ფინანსური ძლევამოსილებით გვევლინებოდა გლობალიზაციის ამ პირველი ტალღის გარანტად. სწორედ ეს ქვეყანა ახორციელებდა მთავარ არტერიებზე (ზღვებსა და ოკეანებზე) საქონლის გადაზიდვის კონტროლს. ბრიტანეთი, გირვანქა სტერლინგისა და ინგლისის ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფდა აგრეთვე ტრანსაქციების სტაბილურობას.
კონფლიქტებისაკენ მიდრეკილ მსოფლიოზე გლობალიზაციის კეთილისმყოფელი გავლენის იდეამ ყველაზე დამაჯერებელი გამოხატულება ჰპოვა ნორმან ეინჯელის წიგნში “დიდი ილუზია” (1909). პირველ მსოფლიო ომის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე ამ წიგნში ავტორმა მოიყვანა არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ თითქოს მსოფლიოში გლობალური კონფლიქტების წარმოქმნა შეუძლებელი გახდა საყოველთაო ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულობის ჩამოყალიბების გამო. _ 1914 წლამდე ბრიტანეთი და გერმანია (ძირითადი საგარეო-პოლიტიკური ანტაგონისტები), ერთმანეთისათვის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. ეს იმ დროს, როცა ბრიტანეთის და გერმანიის ურთიერთვაჭრობაზე მოდიოდა შესაბამისად მთლიანი ეროვნული პროდუქტის 52% და 38%. მაგრამ 1914 წლის აგვისტოში ერების გლობალური დაახლოების გარდაუვალობის წინასწარმეტყველებამ მთელი თავისი უსუსურება წარმოაჩინა. პირველმა მსოფლიო ომმა ყველაზე საშინელი ფორმით შეაჩერა ერების ეკონომიკურ-საინფორმაციო-კომუნიკაციური დაახლოების პროცესი. გლობალიზაციის სარგებლობებმა ადგილი დაუთმო გეოპოლიტიკას, სტრატეგიულ გათვლებს, ისტორიულ აღრიცხვას, შელახულ სიამაყეს, დამოკიდებულობის წინაშე შიშს. მაგალითად, რუსეთის მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მიეთითებინა საგარეო ვაჭრობაში რუსეთის მთავარ მონოპოლისტად გერმანიის გადაქცევის დამღუპველობაზე (ამ დროისათვის გერმანიაზე მოდიოდა რუსეთის საგარეო ვაჭრობის 50%).
გლობალიზაციის ხელმეორედ დაბადება (აღორძინება) დაიწყო XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. ეს მოხდა პოსტინდუსტრიული პარადიგმის გამარჯვების პარალელურად, ინფორმატიკაში, ტელეკომუნიკაციებისა და დიგიტალიზაციაში (ინფორმაციის ციფრული სახით შენახვა), გლობალური რადიუსის მქონე საშუალებების არაჩვეულებრივი, რევოლუციური სრულყოფის შედეგად. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე რეაქტიულმა ავიაციამ დააახლოვა ყველა კონტინენტი. კომპიუტერების საერთო სიმძლავრე კი საშუალოდ თვრამეტ თვეში ერთხელ ორმაგდებოდა. 1991 წლიდან მოყოლებული ინფორმაციის მოცულობა დისკის თითოეულ სანტიმეტრზე წელიწადში დაახლოებით 60%-ით იზრდებოდა. მთელ რიგ სრულყოფათა შედეგად ინფორმაციის გადატანის ღირებულება დრამატულად შემცირდა. ამჟამად ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა ტელეფონის, ოპტიკური კაბელის და რადიოსიგნალის საშუალებით შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადავიტანოთ. ყოველივე ზემოთქმული რევოლუციურად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.
აშკარა გახდა გლობალიზაციური პროცესების ახლებური ხასიათი. მაგალითად, ბრიტანული კონცერნი “იუნილევერი”, რომელსაც 75 ქვეყანაში 500 დაქვემდებარებული კომპანია გააჩნია ან აშშ-ში ბაზირებული “ექსონი”, რომლის შემოსავლების 75% აშშ-ზე არ მოდის, მხოლოდ პირობითად თუ ჩაითვლებიან ნაციონალურ კომპანიებად. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეროვნული საზღვრების გადალახვა აქამდე არნახული სიადვილით დაიწყეს. ერთი პოლიტოლოგის თქმით, იქმნება სიტუაცია, როდესაც “ვერც ნაციონალური მთავრობები და ვერც ადგილობრივი ხელისუფლებები ვერ შეძლებენ საკუთარი ძალებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც მზარდმა ურთიერთდამოკიდებულებამ გამოიწვია”.
დგება გლობალიზაციის მეორე, თანამედროვე ეტაპი. XXI ს-ის დასაწყისისათვის შემუშავდა შეთანხმებანი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ, დადებულია მრავალი ხელშეკრულება ტელეკომუნიკაციებისა და ფინანსური მომსახურებების თაობაზე, მიღწეულია შეთანხმებები, რომელთაც საფუძველი დაუდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნას (და მის რიგებში რეგლამენტირებული სასაქონლო გაცვლებისაგან მანამდე განზე გამდგარი ისეთი ქვეყნების მიღებას, როგორიც ჩინეთია). მთავარი მაინც ისაა, რომ ბევრი ქვეყნის სტრატეგია (მაგალითად ისეთი გიგანტის, როგორიც აშშ-ია), ითვალისწინებს იმ ბარიერების მოხსნას, რაც ხელს უშლის კაპიტალის და სავაჭრო ნაკადების გადაადგილებას. ბევრმა ქვეყანამ (“აზიურმა ვეფხვებმა”, როგორიცაა, მაგალითად, სამხრეთ კორეა ან სინგაპური), აჩვენა, რომ შესაძლებელია მაღალი ტექნოლოგიებისა და იაფი მუშახელის ურთიერთქმედების ძალზე მაღალეფექტიანი და ნიჭიერი შეხამება. ამას გაიოლებული ურთიერთგაცვლის პირობებში, სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან მივყავართ. ამგვარი პროცესების შედეგად, აღმოსავლეთი აზია ეკონომიკური განვითარების დონით, ჩრდილოეთ ატლანტიკას დაუდგა გვერდით.
გლობალიზაციის ადრინდელ ნაირსახეობისაგან განსხვავებით, თანამედროვე გლობალიზაცია პოსტინდუსტრიულ პარადიგმას ემყარება. სწორედ ამაშია მისი ძალა. ინდუსტრიული ეპოქის საშუალებები მთელი დედამიწის გლობალურად მოცვისა და ადამიანური რესურსების, ინფორმაციისა თუ საქონლის გაცვლის საჭირო ტემპის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთი რამ მხოლოდ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში გახდა შესაძლებელი.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ გლობალიზაციის პროცესი განპირობებულია უმთავრესად საბაზრო და არა სახელმწიფოებრივი ძალებით. საჭირო კაპიტალის მოსაზიდად, კეთილდღეობის მისაღწევად და საკუთარ ეკონომიკაზე მომავლის ტექნოლოგიების კეთილსმყოფელი გავლენის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ დაბალანსებული ბიუჯეტის, ეკონომიკის პრივატიზაციის, ინვესტიციებისა და საბაზრო ნაკადების ღიაობის, აგრეთვე ვალუტის სტაბილურობის “ოქროს ჩარჩოში”. გლობალიზაცია ნიშნავს ცხოვრების ჰომოგენიზაციას: ფასები, პროდუქტები, ჯანდაცვის დონე და ხარისხი, შემოსავლების დონე, პროცენტიანი საბანკო განაკვეთები მსოფლიო მასშტაბით თანდათან თანაბრდება. გლობალიზაცია სახეს უცვლის არა მარტო მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს, არამედ მის სტრუქტურასაც. მომძლავრებას იწყებს გავლენის არნახული ძალის მქონე პლანეტარული პროცესი. იგი ტრანსკონტინენტული და რეგიონთაშორისი ნაკადების გენერირებას ახდენს, რაც გლობალური მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულებას განაპირობებს. რამდენად კარგია ამგვარი უნიფიკაცია და რამდენად შეესაბამება იგი ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტალურ ტენდენციებს – ეს სულ სხვა საკითხია.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების მომავალი, გლობალიზაციის გამოწვევები და საქართველო
გლობალიზაციის მთავარი ნიშანი არის ღიაობა, რაც მსოფლიო საზოგადოების ახალ მდგომარეობისა და ახალი მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. შიდა ბაზრის ზრდა საგარეო ბაზრის ზრდაზე ხდება დამოკიდებული. Eეს კრედო პრეზიდენტმა კლინტონმა, 1996 წელს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას ჩამოაყალიბა: “ბლოკები, ბარიერები, საზღვრები, რომლებიც განასახიერებდნენ ჩვენი მშობლების და მათი მშობლებისდროინდელ მსოფლიოს, ქრება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით...”
შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემა იყოს გლობალიზაციის შეთავსება ვესტერნიზაციასთან. ვესტერნიზაცია გულისხმობს ეროვნული ცხოვრების გადაყვანას დასავლურ რელსებზე. ეს უაღრესად მტკივნეული პროცესია. ამას თუნდაც ისლამურ სამყაროში მიმდინარე დრამატული მოვლენები მოწმობენ. თუმცა ვფიქრობთ, რომ დღის წესრიგში დგება უფრო ფართო პრობლემა _ გასარკვევია თავად მოდერნიზაციის არსი. ამ პრობლემასთან სამი სახის მიდგომა ჩამოყალიბდა.
პირველი ამოდის იქიდან, რომ გლობალიზაცია არის უფრო ფართო პროცესი, ვიდრე ვესტერნიზაცია და ყველა გაგებით ემთხვევა მოდერნიზაციის პროცესს. ამ თვალსაზრისს ემხრობიან ა.ჰიდენსი, რ.რობერტსი, მ.ოლბოროუ, უ.კონოლი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენეს მოდერნიზაციული შესაძლებლობები იმ საზოგადებაშიც კი, სადაც ვესტერნიზაცია საზოგადოების ძირეულ საფუძვლებსა და ტრადიციებს არ შეხებია. აღმოსავლეთ აზიის მაგალითიც ნათლად აჩვენებს, რომ ბევრ შემთხვევაში ინდუსტრიალიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე არის შესაძლებელი.
მეორე მიდგომის თანახმად გლობალიზაცია დასავლური მოდერნიზმის უბრალო გლობალურ დიფუზიას წარმოადგენს. იგი არის განვრცობილი, გაფართოებული ვესტერნიზაცია, დასავლური კაპიტალისა და დასავლური ინსტიტუტების გავრცელება _ ამგვარია ს.ამინის და ლ.ბენტონის თეორიები. რ.გილპინი მაგალითად, მსოფლიო ინტერნაციონალიზაციას უყურებს, როგორც ამერიკული მსოფლიო წესრიგის გაფართოების პროდუქტს. ა.კალინიკოსი და რიგი სხვა მკვლევარებისა თანამედროვე პროცესებში დასავლური იმპერიალიზმის ახალ ფაზას ხედავენ, როცა ეროვნული მთავრობები მონოპოლისტური კაპიტალის აგენტებად იქცევიან. ამერიკელი თეორეტიკოსის ნ.გლეიზერის აზრით, გლობალიზაცია არის დასავლეთის მიერ რეგულირებადი ინფორმაციისა და გართობის საშუალებების მსოფლიო მასშტაბის იმგვარი “გავცელება, რომლებიც შესაბამის ეფექტს ახდენენ იმ ადგილების ფასეულობებზე, სადაც ეს ინფორმაცია აღწევს...”
მესამე, ევოლუციური მიდგომის მომხრეები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსები _ ჯ.როზენაუ და ა.ჰიდენსი უდგანან სათავეში გლობალიზაციის თანამედროვე ფორმას ისტორიულად უპრეცედენტო მოვლენად აფასებენ და მას უყურებენ, როგორც პირველ მსოფლიო ომამდელ პერიოდთან არაშეჯერებადს. ეს მიმდინარეობა სახელმწიფოებისა და საზოგადოებებისაგან მოითხოვს ურთიერთდამოკიდებულ და ამავე დროს ძალზედ არასტაბილურ თანამედროვე მსოფლიოსთან თანდათანობით ადაპტაციას. ამ სამყაროს ახასიათებს გარდაუვალი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები. თანაც მისი ერთიანობა წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებებისა და მსოფლიო წესრიგის განვითარების ვექტორის არსს. გლობალიზაცია არის მსოფლიოს ტრანსფორმაციის უდიდესი ძალა, რომელიც პასუხს აგებს საზოგადოებებისა და ეკონომიკების ევოლუციაზე, აგრეთვე მართვის ფორმებისა და მსოფლიო წესრიგის ცვლილებებზე. იგი თანდათანობით ანგრევს ადგილობრივისა და უცხოურის გაგებას. აგრეთვე საშინაო და საგარეო პრობლემების შორის განსხვავების ნიველირებას ახდენს. ჯ.როზენაუ მიუთითებს ტრადიციულ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სივრცის არსებობაზე, რომელსაც მაკროდონეზე სახელმწიფოები უნდა შეეწყონ, ადგილობრივ დონეზე კი ლოკალური საზოგადოებები უნდა შეეგუონ.
აღსანიშნავია, რომ ევოლუციური მიდგომის მომხრეები (რადიკალებისაგან განსხვავებით), უარს ამბობენ განსაზღვრონ იმ პროცესის მიმართულება, რომელმაც მოიცვა მსოფლიო და რომლის არსიც მოულოდნელი ცვლილებებია. ამ გლობალური პროცესის მთავარი თვისება კი ახალ წინააღმდეგობათა წარმოქმნაა.
ამ მკვლევართა შეგნებაში გლობალიზაცია ასოცირდება ახალ მსოფლიო სტრატიფიკაციასთან, რომლის დროსაც ზოგიერთი ქვეყანა თანდათან, მაგრამ მყარად შევა “ტაიფუნის თვალში” _ მსოფლიო განვითარების ცენტრში, სხვა ქვეყნები კი, უიმედოდ მარგინალიზდებიან. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს შორის განვითარებაში ასეთი დაშორების, მიუხედავად, არ მოხდება ქვეყნების დაყოფა-კლასიფიკაცია სისტემით: “პირველი” და “მეორე” სამყარო. პოსტინდუსტრიული სამყაროს აღსაწერად გაცილებით უფრო რთული სისტემა გახდება საჭირო.
რადიკალურად შეიცვლება თავად ცნებები “ძალა” და “ძლიერება”. სუვერენული სახელმწიფოები შეინარჩუნებენ საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლს (ხელისუფლებას). თუმცა ნაციონალური სუვერენიტეტის პარალელურად გაფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის ზონაც.
ბუნებრივია, რომ გლობალიზაცია უსერიოზულეს პრობლემებს დასვამს ქართველი ერის წინაშე. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ “პროტოგლობალიზაციები” საქართველოსათვის სიკეთის მომტანი იყო. ელინიზმს იბერიის სამეფოს შექმნა მოჰყვა, ჯვაროსნულ ლაშქრობებს - ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და კულტურის არნახული აყვავება. სწორედ ამიტომ ღრმად მწამს, რომ აზრი, თითქოს გლობალიზაცია ჩვენი თვითმყოფადობის დაკარგვას და კულტურულ გათქვეფას მოიტანს, - არასწორია (იაპონიისა ან სამხრეთ კორეის მაგალითი ხომ გვაქვს თვალწინ). პრობლემა გლობალიზაციაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ჩვენს უუნარობაში შევიმუშავოთ გლობალიზაციის შემხვედრი წარმატებული სტრატეგია. გლობალიზაცია, ცხადია, გამოწვევაა, მაგრამ ისეთი გამოწვევა, რომელიც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სიკეთედ იქცევა (სხვა საქმეა, რომ ამგვარი პოლიტიკა უბრალოდ არ გვაქვს). გლობალიზაცია გამოწვევაა, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი გ.იავლინსკი ამტკიცებს, მის შედეგად 2050 წლისათვის აღარ იარსებებენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები. იარსებებენ მხოლოდ განვითარებული ქვეყნები და ისინი, ვისაც სამარადისო განუვითარებლობა არგუნა ბედმა (უფრო მეტად კი, საკუთარმა ბედოვლათობამ). საქართველოს აქვს შანსი პოსტინდუსტრიული პარადიგმა და გლობალიზაცია გამოიყენოს “ოქროს მილიარდში” ანუ მსოფლიოს განვითარებულ ერებს შორის მოსახვედრად. თუმცა თუ ხელისუფლებაც და ერიც ბედოვლათობას გამოიჩენს, იგივე პროცესი ისტორიის სანაგვეზე მოგვისვრის.
გავრცელებულია აზრი, რომ პოსტინდუსტრიული პარადიგმის რეალიზება საქართველოში “ზემოდან” უნდა დაიწყოს. ის თითქოს ბრძენმა ავტოკრატორმა ხელისუფლებამ უნდა გაატაროს. მან ხომ ბნელი მასისგან განსხვავებით კარგად იცის თუ რა არის პოსტინდუსტრიული საზოგადოება, გლობალიზაცია და მოდერნიზაცია. მაგალითად მოჰყავთ ხოლმე ჩილე, სამხრეთ კორეა ან ტაივანი. არაფერია უფრო აბსურდული ვიდრე ეს მტკიცება. მეტიც, მას პირდაპირ ისტორიის სანაგვისაკენ მივყავართ. საქმე ისაა, რომ პოსტინდუსტრიული პარადიგმა მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია რეალიზებადი.. მისთვის აუცილებელია ინფორმაციის თავისუფალი ფლობა, გავრცელება და გამოყენება. ეს კი მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი. საპირისპიროAმტკიცების ავტორებს ავიწყდებათ, რომ ჩილემაც, სამხრეთ კორეამაც და ტაივანმაც, ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში განახორციელეს არა პოსტინდუსტრიალური, არამედ ინდუსტრიული მოდერნიზაცია. როგორც კი მათი განვითარება ლოგიკურად მივიდა პოსტინდუსტრიულ დონემდე, ყველა ამ ქვეყანაში დემოკრატია დამყარდა.
ასე რომ საქართველოში ან იქნება რეალური დემოკრატია, ხელისუფლების რეალური დანაწევრებით, რეალური თვითმმართველობით, რეალურად თავისუფალი სასამართლოთი, მედიითა და ბიზნესით ან მოვახდენთ ნახტომს ბნელ უფსკრულში. და თუ ეს უკანასკნელი “გმირობა” ჩავიდინეთ, მოდით ეს საკუთარ თავს დავაბრალოთ და არა პოსტინდუსტრიალიზაციას, გლობალიზაციას, რუსეთს, ამერიკას ან საერთოდ უცხოპლანეტელებს.