ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო დაპირისპირება გრძელდება. შესაბამისად, კვლავაც ბუნდოვნად რჩება მისი მომავალი. მორიგი დაპირისპირების მიზეზი არხის დირექტორის ბაია გადაბაძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი განცხადება გახდა, რომლის თანახმად, გადაბაძე ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი გაჩეჩილაძე აცხდებს, რომ კომპანიაში ჩატარდა პარტნიორთა კრება, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყონ. გია გაჩეჩილაძე და აცხადებს, რომ კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება ხდება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მან მხოლოდ დღეს გაიგო სასამართლოში განცხადების შეტანის თაობაზე.
for.ge-სთან საუბრისას „მაესტროს“ დირექტორი, ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მაკა ასათიანის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საქმის კურსში იყო ყველა დამფუძნებელი და, მათ შორის - გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელი.
„ყველა დამფუძნებელი იყო ინფორმირებული ამ გადაწყვეტილების შესახებ. სხვა რომ არაფერი, კანონი მავალდებულებს ასეთი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენო ყველა პარტნიორი. ვმოქმედებ კანონმდებლობით, საკითხის გარეშემო სამართლებლივ შეფასებას არ გავაკეთებ.
რაც შეეხება მეორე მხარეს, არხი, რომელიც დახურვას აპირებს ან გაკოტრებას, ის არ იწყებს ახალ პროექტებს. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ არხის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნება და საქმე სამართლებლივ ჭრილს არ გასცდება. ჩემი მიმართვა სასამართლოს მიმართ, ეს არის ჩემი ვალდებულება, რომელსაც კანონი მავალდებულებს. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. როგორც გითხარით არაფერი მოულოდნელად არ მომხდარა, ყველამ ყველაფრი იცოდა 2 თვით ადრე, რადგან ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, მე ვმოქმედებ „მაესტროს“ დამფუძნებელბის უმრავლესობის გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ბაია გადაბაძე.
რაც შეეხება გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება ხდება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გადაბაძე და აცხადებს, რომ არხის გაყიდვა არ იგეგმება.
„წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან ეს უცხოელები, რადგან „მაესტროს“ გაყიდვაზე საუბარი ზედმეტია. ამ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, - აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
თავად გია გაჩეჩილაძე არხის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე სასამართლოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლეს მიმართავს. გაჩეჩილაძე მოსამართლე ლაშა გოჩიაშვილისგან, რომელსაც შესაბამისი განცხადება აწერია, მოითხოვს, არ გაითვალისწინოს გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე ტელეკომპანიის დირექტორის მოთხოვნა. როგორც გაჩეჩილაძის ადვოკატი, ირაკლი კორძახია აცხადებს, პარტნიორთა კრებამ 75%-ით გადაწყვეტილება მიიღო არა გაკოტრებაზე, არამედ გადახდისუუნარობაზე, რომელიც უშვებს რეაბილიტაციის შანსს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ დარჩეს „მაესტროს“ რეაბილიტაციის შანსი და არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. ჩვენ ვაყენებთ წინადადებას მართვაში გადმოგვეცეს „მაესტრო“. ვალდებულებას ვიღებთ, რომ არხს პირველივე წელს გავიყვანთ მოგებაზე, ხოლო 2017 წელს და შემდგომ წლებში ტელეკომპანიის მოგების ფინანსური მაჩვენებელი იქნება 3 მილიონი აშშ დოლარი. ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ გადავიხდით მიმდინარე დავალიანებებს და ფინანსური სირთულე „მაესტროს“ არ შეექმნება. გარდა ამისა, მზად ვართ წამოვადგინოთ საბანკო გარანტია 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით“, - აცხადებს ირაკლი კორძახია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან მათი წინადადების იგნორირება უჩენთ ეჭვს, რომ „მაესტროს“ მიზანმიმართული გაკოტრება ხდება.
„ამ ეჭვეს ამყარებს შემდეგი ფაქტორები. 2014 წელს „მაესტროს“ ლოგო მალულად გადაეცა სხვა კომპანიას - „TV მაესტროს“, რომელიც ამჟამად არ მაუწყებლობს და რომელიც მამუკა ღლონტთანაა დაკავშირებული (მისი 100%- იანი წილის მფლობელი ღლონტთან დაკავშირებული პირი ილია კიკაბიძეა) ანუ ყველაზე ფასეული აქტი, რაც კომპანიას გააჩნდა - მისი სახელი გადასცეს სხვას.
ამას გარდა, მოხდა მეორე ფაქტიც, მაკა ასათიანმა, რომელიც შპს „სტუდია მაესტროს“ ყველაზე დიდი კრედიტორია და რომელსაც აქვს კომპანიისთვის რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიცემული, ვადაზე ადრე გამოითხოვა მისი დაბრუნება, რისი უფლებაც არ ჰქონდა, თუმცა ტელეკომპანიის დირექტორს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ასევე მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, პარტნიორებს უნდოდათ, რომ რუსულ სახელმწიფო ბანკ „ვითიბი“ - ში დაეგირავებინათ „სტუდია მაესტროს“ მთელი აქტივები ისე რომ არც ერთი თეთრი არ შემოსულიყო კომპანიაში. გია გაჩეჩილაძე ამას შეეწინააღმდეგა და ფაქტობრივად ეს გარიგება ჩაშალა. ერთობლიობაში ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს გაკოტრების მიზანმიმართულ მცდელობას“, - აღნიშნა ირაკლი კორძახიამ.
მისივე განცხადებით, „მაესტროს“ „ქართუ ბანკის“ მიმართ მილიონიანი დავალიანება ჰქონდა, რომელიც გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანამდე მცირე ხნით ადრე გადაფარა. თავისთავად კითხვებს ბადებს ის გარემოება, თუ კომპანია გადახდისუუნაროა, ვადაზე ადრე როგორ იხდის მილონიან დავალიანებას?!
ამ ბრალდებაზე კი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ „სტუდია მაესტროს“ ყველაზე დიდი კრედიტორი მისივე დამფუძნებელი მაკა ასათიანია, რომლის მიმართაც დაგროვდა ვალდებულება და ტელეკომპანია სწორედ ამ ვალის გადახდისუუნაროა.
„ეს თანხა 1 მილონსაც სცილდება და 10 მილიონსაც. არსებობს აუდიტის დასკვა, სადაც გარკვევით წერია ყველაფერი და რომელსაც კარგად იცნობს ადვოკატი კორძახია. სად რა გადაიფარა, ვინ რა კრედიტი აიღო, ეს ამასთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ბანკთან და ამ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბაია გადაბაძემ.
„მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი გააკეთა არხის ერთ-ერთმა მეწილემ, გია გაჩეჩილაძემ, რომელიც არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. გაჩეჩილაძე აცხდებს, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია, რომელიც მისივე განცხადებით, ინვესტორებისგან იქნება წარმოდგენილი. მეტიც, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული, ყველანაირად შევეწინააღმდეგები და „მაესტროს“ გაკოტრებას არ დავუშვებ. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ „მაესტროს“ გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემს წინადადებას, უცნობია.
იგნორირებული ვარ „მაესტროს“ მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო.
მთელმა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მე მინდა „მაესტროში“ შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. „მაესტრო“ სტანდარებს ვერ აკმაყოფილებს, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ გადამღერება ხდება“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
ამასთან, რადგან არჩევნების წელი მოდის, გაჩეჩილძე არ გამორიცხავს, რომ „მაესტროს“ გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე არხის დანარჩენი მეწილეების სურვილი პოლიტიკურ თემას უკავშირდებოდეს.
„სტუდია მაესტროს“ პარტნიორი და 25%-იანი წილის მფლობელი, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.
„როგორც ცნობილია, შპს „სტუდია მაესტროს“ მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით. ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენად, „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი“, - ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან დაყადაღებულია შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორების 100%-იანი წილი, რაც ნიშნავს, რომ „მაესტროს“ დამფუძნებლებს თავიანთი წილის გაყიდვის, გასხვისების ან გააჩუქების უფლება არ აქვთ. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად „სტუდია მაესტროს“ მესაკუთრეები არიან - მამუკა ღლონტი 15%, ლევან ჩიკვაიძე 15%, ეკატერინე აკობია 5%, გიორგი ებრალიძე 15%, გიორგი გაჩეჩილაძე 25% და მაკა ასათიანი 25%.
მამუკა ღლონტი, რომელიც „სტუდია მაესტროში“ 15%-ს ფლობს, აცხადებს, რომ მხოლოდ ფორამლური მესაკუთრეა, ვინაიდან ვერ იშორებს წილს მხოლოდ იმის გამო, რომ მესაკუთრეების წილი ამ დრომდე დაყადაღებულია. როგორც ღლონტი აცხადებს, საქმე უზენაეს სასამართლოშია, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადიდო.
„წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება „მაესტროში“. საქმის კურსში ვარ იმის მიხედვით, რასაც აშუქებს მედია. მითუმეტეს, რომ გაჩეჩილაძის და მის ადვოკატს სხვა წარმოდგენები აქვთ ჩემს როლთან დაკავშირებით, კი ბატონო, იცხოვრონ იმ ილუზიაში, რომელშიც უნდათ, რომ იცხოვრონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება „მაესტორში“ და არც მაქვს სუვრილი, რომ ვიცოდე. შემიძლია დავრეკო და გავიგო ყველაფერი, მაგრამ პრინციპულად არ მაინტერესებს, არ მინდა ეს ტელევიზია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ღლონტმა.