რამდენიმე წლის შემდეგ, კახეთში კვლავ ვაზის გაჩეხვის სცენა გათამაშდა. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში მოექცა სოფელი კარდენახი, სადაც უკმაყოფილო გლეხმა ვენახზე ხელი აღმართა. ვაზის გაჩეხვით გამოწვეული ვნებათაღელვა ჯერ კიდევ პიკში იყო, როდესაც სიმართლე გაირკვა და სართველო პროვოკაცია მალე გამოაშკარავდა.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებს. „გელა გრიშენკოს აქვს 75 მეასედი ვაზი და მან ტელევიზიების საკეკლუცოდ მხოლოდ 20 ძირი ვაზი მოჭრა“, - აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.
„მას ამავე დროს აქვს ახალი გაშენებული ვაზი, დაახლოებით 2 ან 3 წლის. როგორც ადგილზე სოფლის რწმუნებულიც მეუბნება, მას სურდა ვაზის გამოხშირვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გელა გრიშენკო და დედამისი ნუნუ გრიშენკო ამ აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბატონ ღვინიაშვილს. ნუნუ გრიშენკო ჰყავდა ღვინიაშვილს წაყვანილი პარლამენტის ცნობილ სხდომაზე, როგორც მათი დიდი ქომაგი და მხარდამჭერი. ასე რომ, ეს პროცესი იყო პოლიტიზირებული“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
სანამ ეს ყველაფერი გაირკვეოდა, კარდენახში მოვლენები შემდეგი სცენარით განვითარდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მევენახე გელა გრიშნეკომ მსხმოიარე ვაზი გაჩეხა.
„განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2-3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხრად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან“, - აღნიშნა გრიშენკომ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.
„ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშენებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ“, - აღნიშნა მევენახე მალხაზ ნანობაშვილმაც.
კახეთის გუბერნატორმა, რომელიც თავად მივიდა კარდენახში გამოარკვია, რომ ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი იყო, არ ეკუთვნოდა გელა გრიშენკოს.
„ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც იყო ვაზი გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი.
სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი იყო დღეს გაჩეხილი და გაჩეხილი იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით რთველის პროცესი ამჟამად შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, გლეხების პროტესტი „სავსებით ლოგიკური იყო“ და მსგავსი ვნებათაღელვა რთველის დაწყებას წლებია მუდამ თან ახლავს.
„პროცესი მიდის ნორმალურად, გეგმის მიხედვით. პრობლემები პრინციპში არც რთველის დასაწყისში იყო და დღესაც შეფერხების გარეშე მუშავდება კახეთში ყურძენი. პროტესტი და ვნებათაღელვა რთველის დასაწყისში გვაქვს ყოველ წელს და გამონაკლისი არც წლევანდელი რთველი ყოფილა. ვითარება დარეგულირდა და მას შემდეგ რაც ყურძენი დამწიფდა, ის მუშავდება და ბარდება შეფერხების გარეშე“, - აცხადებს სამანიშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 36 ათას ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მლნ ლარს მიაღწია. ამჟამად რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.