სკანდალი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ისეთი სინონიმები გახდნენ, რომ უკვე დაუჯერებელიცაა, რამე სუფთად და პატიოსნად გაკეთდეს.
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა - უფრო ზუსტად, წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გია გილიგაშვილი, გაგიკვირდებათ და, დარღვევით წარადგინეს.
წერილს რეგიონული ფედერაციის აღმასკომის 4 წევრი აწერს ხელს და ადასტურებს, რომ მსგავს სხდომაზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსადგენ დელეგატს ირჩევდნენ, ისინი არავის მიუწვევია. რეგიონული ფედერაციის აღმასკომში სულ 7 წევრია და ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ქვორუმი ვერანაირად ვერ შედგებოდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად განცხადებაში მითითებულ ერთ-ერთ პირს, ზურაბ ლიპარტელიანს დავუკავშირდით და მანაც ყველაფერი დაგვიდასტურა:
„არ ვიცი, საიდან მოიპოვეთ ეს ინფორმაცია, თუმცა დამალვას აზრი აღარ აქვს. ეს ყველაფერი სიმართლეა. აღმასკომის სხდომას შვიდიდან ოთხი წევრი არ დავსწრებივართ და, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როგორ აირჩიეს დელეგატი. ხმაურის ატეხვას არ ვაპირებთ, ფედერაციას მშვიდად მივწერეთ წერილი და ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ, მაგრამ თუ ბოლოდროინდელი ამბების მსგავსად ამის ჩაფარცხვასაც მოინდომებენ, მაშინ აღარ გავჩუმდებით. არ მესმის, რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. იქნებ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ბატონ გილიგაშვილთან, მაგრამ რატომ ასე გვერდის ავლით და ჩუმად? აირჩიონ დელეგატად სამართლიან გარემოში და, კი ბატონო, რაღა გვექნება სათქმელი?!“
აქვე იმ წერილის ასლს გთავაზობთ, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა თბილისში გამოგზავნეს და ინფორმაციის გასამყარებლად, საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ამონაწერსაც ზედ ვურთავთ. (დანართი)
ვფიქრობთ, უკვე ნათელია, თუ რა ხერხებით იბრძვის თბილი სკამების შესანარჩუნებლად სფფ-ის მოქმედი ხელმძღვანელობა...