ზუგდიდში 500-მდე ადამიანმა ღვთისმშობლის კვართის ხობში შესაძლო გადატანა გააპროტესტა. ისინი ზუგდიდის მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილნი და აცხადებდნენ, რომ არ შეიძლებოდა სიწმინდე ქალაქ-ქალაქ ეტარებინათ, რადგან უსაფრთხოების ზომები სათანადოდ ვერ იქნებოდა დაცული. თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებდნენ, აქციის მონაწილეები ზუგდიდში საპროტესტო აქციებსაც აანონსებდნენ. შეკრებილებს შორის ისმოდა მოწოდებებიც, შეექმნათ „კვართის მოდარაჯეთა“ მოხალისე ჯგუფები, რომლებიც სადღეღამისო რეჟიმში მონაცვლეობით უყარაულებდნენ დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულ ღვთისმშობლის კვართს.
პარალელურად, აქციის მონაწილეები პატრიარქს აღნიშნულ პროცესში ჩარევას სთხოვდნენ, რაც ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის საწინდარი გახდებოდა.
საქმე ისაა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, ღვთისმშობლის კვართს ერთი დღით ხობის მონასტერში გადააბრძანებდნენ და, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვით, წირვის დასრულების შემდეგ ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნებოდა, მთხვეოდა სიწმინდეს.
ზუგდიდში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები ყაზბეგში შეხვდნენ მის უწმინდესობას და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში, მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.
ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა კი საპირისპირო წარმოაჩინა. ამიტომ მისი უწმინდესობა და, ზოგადად, ეკლესია ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერდა ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კვართის გატანა საკამათო ხდება. უფრო ადრე For.ge იმაზეც წერდა, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ ზუგდიდელები უარყოფითად განაწყო. იმ დროსაც საპატრიარქომ განმარტა, რომ პაატა ბურჭულაძის ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს მარიამ ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ამის საფუძველი მართლაც არსებობს, რადგან, ისტორიულად, ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის და არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს.
„ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს, ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ“, - განმარტავენ საპატრიარქოში და ზუგდიდელებს პატრიარქის ნათქვამით ამშვიდებენ, „არ ინერვიულოთ ზუგდიდის მოსახლეობავ, ღვთისმშობლის კვართი დარჩება ზუგდიდში“.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე კი განმარტავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ ეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას, რის საფუძველზეც, სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას „ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში“ დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში.
აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის კვართი ერთადერთია და იგი ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობის დროს ემოსა. ამიტომ სელისგან ნაქსოვ კვართს 2000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს.
საინტერესოა, რა საფუძველი გააჩნდა ხობს იმისთვის, რომ ღვთისმშობლის კვართს ხობის მონასტერში ერთი დღით დაევანა?!
ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი“.
სამაგიეროდ, ღვთისმშობლის კვართის შესახებ ცნობები უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა - ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა, რომლებიც 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან მეორე დადიანს. რუსი ელჩები ხობის მონასტერსაც ეწვივნენ, სადაც ტაძრის არქიმანდრიტმა-ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილმა მათ დაათვალიერებინა ტაძარი, უჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანების-კვირიკესა და მარინეს წმინდა ნაწილები. სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს, დიდი ხანი არ არის, რაც ამ თანამდებობაზე ვარ და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმინდა ნივთები ჩამოტანილიო. სხვათა შორის, რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარიევი, თვით ივანე მრისხანეც კი, ბევრს ცდილობდნენ, კვართი სამეგრელოდან გაეტანათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შეძლეს. რუსი ელჩების ცნობები მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორ ვერსიას გვაწვდიან: პირველის თანახმად, კვართი ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან. მეორის მიხედვით, კვართი ჩამოიტანეს მე-15 საუკუნეში, კონსტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის შემდეგ.
იტალიელი მისიონერი -არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ და როდის იქნა ჩამოტანილი, არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივს სცემდნენ.
ღვთისმშობლის კვართის შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც კვართი მე-17 საუკუნეში ნახა. მან კვართს თაყვანი სცა და შემდგომში მისმა მხლებლებმა კვართის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ სიხარულით წაასვენეს თავის სამობლოში.
თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი რომში გაგზავნილ მოხსენებაში აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს და ამბობს, რომ ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ მიიღეს იმ დროს, როცა საქართველოში ქრისტიანობა ყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინეპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქარად... გარდა ამისა, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში.
„ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება“.
იტალიელი მისიონერი დონ ქრისტოფორე დე კასტელი აღნიშნავს, რომ „უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს სარკინოზების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ“.
გარდა ამისა, ექვთიმე თაყაიშვილიც თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები.
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს დაფიქსირდა. მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევებისას. როცა სარაცინელებს 6 დღით ალყაში ჰქონდათ მოქცეული კონსტანტინეპოლი, პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, რის შემდეგაც მტრის ხომალდები აღელვებულმა ტალღებმა შთანთქეს.
2000 წელს კი კვართზე სასწაული მოხდა. მასზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა, რომლის დანახვაც კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი.
ზოგადად, გადმოცემით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლეასიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს გადაუსვენებია სამთავრო სასახლეში. 1921 წლის აპრილში კი ზუგდიდის მუზეუმი დაარსდა სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის მიერ სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურის მცველი ლილი ბერაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი, როგორც მუზეუმის თანამშრომელი, ღვთისმშობლის კვართს, როგორც ექსპონატს ისე შეაფასებს, და არა-როგორც ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს. შესაბამისად, ეს ექსპონატი არის ქსოვილი, ცოცხალი სხეული, მას გაფრთხილება სჭირდება და არანაირად არ შეიძლება წამდაუწუმ მისი შეხება.
„ამდენი შეხებით, გადატანით კვართი ფუჭდება და მისგან არაფერი დარჩება. ჩვენ ამ სიწმინდის დაცვა და პატრონობა გვევალება. სხვა დანარჩენი, სად და როგორ დააბრძანებენ კვართს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თვითონ ღვთისმშობელი ნახავს თავის გზას, თუ სად მოისურვებს ეს სიწმინდე დარჩენას. ჩვენს ეკლესიებში კვართის დაბრძანების პირობებს რაც შეეხება, ამას განსაზღვრავს სახელმწიფო. მე არ მაქვს უფლება, ვთქვა, არ არის ასეთი პირობები-თქო. ეს რომ განვაცხადო, ამას გაუგებრობა მოჰყვება. რომ ვთქვა, პირობები არის-მეთქი, შეიძლება, კარვები გაშალონ. ამას განსაზღვრავს სახელმწიფო, ხელისუფლება, ისინი დასხდებიან და შეთანხმდებიან“,-აცხადებს ლილი ბერაია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში ცალ-ცალკე ვიღაცების მისვლა არ იყო კარგი, ერთად უნდა შეკრებილიყვნენ, ემსჯელათ და პატრიარქთან ყველანი ერთად მისულიყვნენ.
„იმან გააფუჭა საქმე, რომ ყველა ცალ-ცალკე გარბის პატრიარქთან. ამის გამო ადამიანები უხერხულობაში ჩაცვივდნენ. არ ევალება იმ კაცს და მაინც გარბის პატრიარქთან. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვინ შეაწუხა პატრიარქი, მაგრამ აირია სიტუაცია. არადა, შეიძლებოდა მშვიდობიანად მოგვარებულიყო. თავის დროზე პატრიარქმა იქადაგა, რომ ზუგდიდში უნდა იყოს ეს უდიდესი სიწმინდე დავანებულიო. უფრო მეტიც, ზუგდიდის მუზეუმში დარჩებაო. სხვათა შორის, მაშინაც იყო ამ ორ ეპარქიას შორის უთანხმოება და ამით დასრულდა ეს გაუგებრობა“.