დასავლეთის ერთიანობის საკითხი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს, არის დასავლეთის (უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის), ერთიანობის საკითხი. ეს პირობა (აშშ-სა და ევროკავშირის ერთიანობა), იმთავითვე მოცემული სულაც არ გახლავთ და მას უზრუნველყოფა სჭირდება, რაც არ არის იოლი საქმე.
სწორედ ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების და განვითარების პირობებში არის ეს კავშირი გარანტირებული, სტრატეგიულ დონეზე მაინც, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ყველას თავისი კარგად გამოხატული ადგილი, მიზანი და სამოქმედო სივრცე გააჩნია. ამერიკა ამ სისტემის მთავარი შემოქმედი და გარანტორია. ევროკავშირი კი (გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით), ძირითადი აქტორი. ევროკავშირის როლი, ასე ვთქვათ, პოლიფუნქციურია. იგი, ერთის მხრივ, უნდა გამთლიანდეს და გაძლიერდეს, ხოლო, მეორეს მხრივ, უპირველესად სწორედ მან უნდა უზრუნველჰყოს მოქმედ სისტემაში რუსეთის ეფექტური და მკვიდრი ჩართვა.
ალბათ ამგვარი სტრატეგიული მიზნის საჭიროებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას ისეთი ერთი (და თუნდაც მეორე) შეხედვით უცნაური ფაქტი, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ბ-ნი გერჰარდ შრედერი გადადგომის შემდეგ რუსული გაზპრომის სისტემასთან დაკავშირებულ ბიზნესსივრცეში იწყებს საქმიანობას. ამგვარი რამ უმთავრესად მხარეთა სტრატეგიული ინტერესების ორმხრივ გარანტირებას ემსახურება და მხოლოდ ბ-ნი შრედერის მომავალზე ზრუნვით უნდა იყოს განპირობებული.
სწორედ ამიტომ ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის უმთავრესი მომხმარებელია, ხოლო გერმანიის ეკონომიკა კი, ძირითადად საკუთარი საქონლის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტზეა ორიენტირებული. ეს ვითარება საკმაოდ მოსახერხებელი ჩანს სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ვინაიდან ევროკავშირს ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით რუსეთის პოლიტიკაზე გარკვეული ზეგავლენის საშუალებას აძლევს. საპასუხო (რუსული) გავლენის უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისათვის კი აუცილებელია ენერგორესურსების მომწოდებელთა დივერსიფიკაცია. ამ მიზნით გადაიდგა კიდეც ზოგი ქმედითი ნაბიჯი. ამიერკავკასიის ქვეყნებს ამ ამოცანის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებოდათ. რესურსების დივერსიფიკაციის საკითხის მოსაგვარებლად საკმაოდ აქტიურად მოქმედებს ვაშინგტონიც, რადგან ეს მისი, როგორც მოქმედი მსოფლიო სისტემის ლიდერის, სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის.
ამგვარი ვითარება ძალზე ხელსაყრელია ამერიკისთვისაც, ვინაიდან პრესტიჟის თვალსაზრისით კარგია, რომ რუსეთის მთავარი ეკონომიკური (და მაშასადამე პოლიტიკური), პარტნიორი არის ევროკავშირი. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი საშუალება აქვს გარეშე მეთვალყურის მოხერხებული პოზიცია ეკავოს, რაც საჭიროებისამებრ იოლად გარდაისახება უფროსის მდგომარეობად. ამასთან ვაშინგტონს შეუძლია დაკავდეს სხვა გლობალური გამოწვევებით, ახლო
აღმოსავლეთით, ისლამური ფუნდამენტალიზმით და, რაც მთავარია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონით, სადაც მთავარ როლს ჩინეთი თამაშობს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თუ პოსტცივიომისეული სამყაროს განვითარების უმთავრესი
პარამეტრები არ შეიცვალა, მთავარი გამოწვევები დასავლეთს (და მის გამოკვეთილ ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს), სწორედ ამ რეგიონში ელის (უპირველეს ყოვლისა ჩინეთისაგან).
როგორც ჩანს, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას, 2008 წლის ომის მიუხედავად, ღრმად სჯეროდა არსებული მსოფლიო სისტემის სიმტკიცისა. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ იგი ამერიკისათვის მთავარ გამოწვევებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ძირითადად ჩინეთისაგან), მოელოდა.
სარკოზის მომრიგებელი მისია და ტერიტორიების დაკარგვის გაფორმება
ვფიქრობთ, სწორედ ამგვარმა მიდგომებმა განაპირობეს რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკაც. როგორც ჩანს, შტატების ახალმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსეთის მოსათოკად მხოლოდ ევროკავშირის ძალისხმევა აღარ არის საკმარისი და პოსტცივიომისეული სისტემის განსამტკიცებლად თამაშში უშუალოდ ჩართვა და ამ ქვეყანასთან ორმხრივი
ურთიერთობათა ამგვარი ფორმა ეკონომიკურად მომგებიანია რუსეთისთვისაც, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მოწყვლადს და ცალმხრივს ხდის ამ ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას (ენერგორესურსების ექსპორტზე უალტერნატივო დამოკიდებულების გამო), რაც დასავლეთს მანევრის თავისუფლებას აძლევს (სწორედ ეს ბერკეტი აამოქმედა დასავლეთმა უკრაინაში დატრიალებული მოვლენების ფონზე).
რუსეთი კი, პირიქით, ცდილობს ყველა საშუალებით წინ აღუდგეს ევროპის ენერგეტიკული უზრუნველყოფის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას. 2008 წლის ომის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახლდათ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ უმთავრესი ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც რუსეთი 2008 წელს ცდილობდა კავკასიის მთებს
გადმოვლით საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გამყარება იყო. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია, რომ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებში კავკასია და ევროპა იმთავითვე ორგანულად აღმოჩნდა დაკავშირებული.
ამერიკამ ურთიერთობების ინტენსიფიკაცია გადაწყვიტა. ეს არა მხოლოდ რუსეთის მოსახიბლად და გლობალური სისტემისათვის საფრთხის ასაცილებლად გაკეთდა, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში საქართველოს რეალური დახმარება არ შეეძლო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში 08.08.08-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასე მოხდა 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირება, პრინციპში, საქართველოს ინტერესების სერიოზული შელახვის ხარჯზე.
ნიშანდობლივია, რომ გადატვირთვის პოლიტიკა იმთავითვე არ გულისხმობდა რუსეთის, როგორც რეგიონული ქვეყნის სტატუსის ამაღლებას. ამგვარი მიდგომა არც სადღეისოდ შეცვლილა. მაშასადამე ამერიკის ადმინისტრაცია არ მიიჩნევს, რომ პოსტცივიომისეულ სისტემას რუსეთი ძირეულად ემუქრება, თუმცა, რაც დრო გადის აშკარა ხდება ამგვარი მიდგომის კორექტირების საჭიროება კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მაინც.
სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქმედება იყო პირველი შემაშფოთებელი სიგნალი იმისა, რომ მოსკოვმა ამ სისტემის წინააღმდეგ სერიოზული და შორსგამიზნული მოქმედება დაიწყო. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კი, ამგვარი შთაბეჭდილება კიდევ უფრო განამტკიცეს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს არ სურდა 2008 წლის კონფლიქტისაგან მსოფლიო გლობალური სისტემისათვის შექმნილი გეოპოლიტიკური საფრთხის აღიარება, ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილ კავკასიურ ეპოპეაში უკვე იყო მკვეთრად გამოხატული გეოპოლიტიკური შემადგენელი, რომელმაც განსაკუთრებით ევროპის ქვეყნები შეაშფოთა. საქმე ისაა, რომ ომი საქართველოში ევროპისათვის გეოპოლიტიკურად პერიფერიული კონფლიქტი კი იყო, მაგრამ ერაყისა და ავღანეთის მოვლენებისაგან განსხვავებით, აგრეთვე კავკასიის მაღალი კონფლიქტური პოტენციალის გამო და ახლო აღმოსავლეთთან კავკასიის სიახლოვის მიზეზით, ევროპამ უშუალო საფრთხე იგრძნო. ამიტომაც ყველაფერი გააკეთა ომის შესაწყვეტად. ამგვარი მიდგომა, ცხადია, არ გულისხმობდა წინააღმდეგობათა ძირეულ მოგვარებას და, მით უფრო, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, არამედ უპირველესად უშუალო საფრთხის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ასეთ დროს კონფლიქტი წყდება ხოლმე აგრესორის სასარგებლოდ და სწორედ ასე მოხდა 2008 წელსაც. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ნიკოლა სარკოზის ოპერატიული და, საბოლოო ანგარიშში, წარმატებული მოქმედება. სწორედ მისი (მართლაც, თუკი მსოფლიო თანამეგობრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეტენზიები ზესახელმწიფოდ გახდომის თაობაზე მიუღებელია, მან ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები უნდა მიიღოს. თუ ის თვლის, რომ რუსეთის ეს მისწრაფება რეალურია ახლო ან თუნდ საშუალო პერსპექტივაში მაინც საერთაშორისო სისტემის ადეკვატური კორექტირება დროულად უნდა მოახდინოს, რადგან დროის დაკარგვა სერიოზულ და მრავალფეროვან დანაკარგებს გამოიწვევს. ყველაზე ნაკლებეფექტური (და სახიფათო) მიდგომა იქნება მესამე სცენარი, როცა მხოლოდ სიტყვიერად შეურიგებელი პოზიციის დაფიქსირებას (განცხადებები, დემარშები და ა.შ.) არასაკმარისად ეფექტური პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ამგვარი რეციდივები სადღეისოდ ნამდვილად შეინიშნება).
აქტიურობის შედეგად და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ზემოქმედების ფონზე, რუსეთმა შეწყვიტა აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე.
ერთი სიტყვით, რუსულ-ქართულ კონფლიქტში გამოკრთა მნიშვნელოვანი გლობალური გეოპოლიტიკური კომპონენტი, რაც ძალის გამოყენებით საზღვრების გადახედვასა და ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობაში გამოიხატა.
კავკასიის ქედს გადმოღმა კი გაჩნდა რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელთაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა და ფუნქცია არ გააჩნიათ.
თუმცა ეს გეოპოლიტიკური ელემენტი მაშინვე დაადუმეს, მიაჩუმათეს და კონფლიქტს მხოლოდ ვიწროდ ქართული განზომილება დაუტოვეს. მიუხედავად ამისა კავკასიაში რუსულ-ქართული გეოპოლიტიკური დაპირისპირება გამოაშკარავდა და რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ მსოფლიო პოლიტიკის არტიკულირებადი პრობლემა გახდა. ცხადია ამგვარმა მიდგომებმა თავისთავად სრულიადაც ვერ გაანეიტრალა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ფაქტი - ამ ნაბიჯით რუსეთმა ევროპულ წონასწორობას ამ კონტინენტის სამხრეთ ფლანგზე სერიოზული საფრთხე შეუქმნა და მსოფლიო წესრიგის გადახედვის პირველი (შედარებით მორიდებული და პერიფერიული), მცდელობა შემოგვთავაზა. შემთხვევითი როდია, რომ პრეზიდენტი პუტინი 2007 წლის მიუნხენის სამიტზე გამოსვლისას ჩვეულებრივი შეიარაღების კომპონენტში ევროპული სამხედრო წონასწორობის დარღვევაზე მიუთითებდა.
სწორედ ამიტომ 08.08.08 კონფლიქტის მნიშვნელოვანი შედეგების (როგორიცაა საფრთხე ევროპის სამხრეთი ფლანგისთვის, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გადახედვა, ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობა და ზოგადად პოლიტიკური მიზნებისათვის უპირატესად სამხედრო-სტრატეგიული მიდგომების გამოყენება შეზღუდული ომის გაჩაღების ჩათვლით), სალიკვიდაციოდ მხოლოდ სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება-არაღიარების პრობლემებზე ძირითადი აქცენტის გადატანა - სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა. თუ ზემოთმოყვანილ ჩამონათვალს დავაკვირდებით ადვილად შევამჩნევთ, რომ იმ შედეგებს შორის, რომელთაც ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს, ამ დაპირისპირების გეოპოლიტიკური და ეთნოპოლიტიკური რეზულტატია. ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ დასავლეთს არ სურდა უკვე მოქმედი მსოფლიო პოლიტიკური სისტემისათვის თუნდაც სპორადული საფრთხის შექმნა და მით უფრო მისი ლეგალური დაფიქსირება. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება-არაღიარებას, როგორც ასეთს, 2008 წლის კონფლიქტის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი შედეგებისაგან მოწყვეტით, იგი უბრალო პოლიტიკური ტექნოლოგიის საკითხად იქცა და მისთვის თავის გართმევა დაუძლეველი ამოცანა სულაც არ აღმოჩნდა.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, პრეზიდენტ სარკოზის მოქმედებები წარმატებული იყო. სწორედ ამ მისიის გამოისობით რუსეთი იძულებული გახდა შორეული და მისთვის სახიფათო გზით წასულიყო. მან უშუალოდ კი არ შეიერთა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ცნო მათი დამოუკიდებლობა და აღიარება-არაღიარების მარათონში ჩაერთო. მეორე არანაკლები მნიშვნელობის შედეგი ის გახლდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, უფრო კი მსოფლიო თანამეგობრობას, მიეცა დრო 2008 წლის კონფლიქტის შედეგების გასანეიტრალებლად. რუსეთის წინაშე კი დადგა წარმატებულად დაწყებული საქმის სწრაფი დაბოლოების პრობლემა. ამისათვის საჭირო იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში რამოდენიმე აუცილებელი ეტაპის რაც შეიძლება სწრაფად გავლა.
განვითარებული პროცესების მართებული ანალიზისათვის მნიშვნელოვანია თვალყური გავადევნოთ თუ როგორ გამოიყენეს დაინტერესებულმა მხარეებმა მედვედევ-სარკოზი-სააკაშვილის ხელშეკრულების მეშვეობით მათთვის გამოთავისუფლებული დრო. თუმცა, ვიდრე ამ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებოდეთ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება პრეზიდენტ სარკოზის მისიის დადებით შედეგებში, ის ყურადღებით უნდა დააკვირდეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და იოლად დაინახავს, რომ მადაზე მოსული წარმატებული აგრესორის შეკავება არ არის იოლი საქმე. ასე რომ, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის მიმართ ქართველი კრიტიკოსების პრეტენზიები სრულიად გაუმართლებელია და მავნეც არის. მითუმეტეს, რომ კრიტიკოსებს შორის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, რაც მართლაც სრულიად გაუგებარი კურიოზია.
08.08.08 და ანშლუსის რუსული ტექნოლოგია
რუსეთ-საქართველოს ომი იყო მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის, აგრეთვე საერთოდ კავკასიისათვის ბრძოლის პროცესში. ეს დაპირისპირება 2008 წელს არ დაწყებულა და არც დამთავრებულა, თანაც მასში მარტო რუსეთი და საქართველო არ მონაწილეობენ. ამასთან უეჭველია, რომ დრამატული სიმწვავე მოვლენებმა საბჭოთა კავშირის არსებობის ფინალურ ეტაპზე, განსაკუთრებით კი მისი დაშლის შემდეგ შეიძინეს. სწორედ „გეოპოლიტიკური კატასტროფა“ გახდა კავკასიაში და, კონკრეტულად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაუფარავი რუსული აგრესიის მაუწყებელი. აქედანვე იწყება საქართველოს ამ ტერიტორიების ანშლუსის პირველი ეტაპიც. თავის მხრივ, 08.08.08 ერთდროულად გახდა ანშლუსის მეორე სტადიის ოფიციალური დასაწყისიცა და ინკორპორაციის პროცესის ახალ, დამამთავრებელ ეტაპებზე გადაყვანის მძლავრი სტიმულიც.
ამიტომ, ჩვენთვის საინტერესო მოვლენები მოიცავენ როგორც 2008 წლის ომამდელ, ისე მის შემდგომ პერიოდს. ასე რომ, რუსული ანშლუსი საკმაოდ რთული და საინტერესო ფენომენია. იგი ერთდროულად საკმაო წარმატებით მოქმედი პოლიტიკაც არის და ძალზე რეალური სამომავლო სცენარიც, რომლის სწრაფი განამდვილების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორები უკვე მოქმედებენ. საერთო სტრატეგია და კონკრეტული პოლიტიკა აქ ისეთი უცნაური ტემპორალური კანონზომიერებით გადადიან ერთმანეთში, რომ სწორი ანალიზი მოითხოვს დროში აცდენილი რამოდენიმე მოცემულობის ერთდროულ გათვალისწინებას. სწორედ ამ მიზეზით აფხაზეთის რეგიონის ანშლუსის მეოთხე, დამამთავრებელი ეტაპი ცალკე არის გამოყოფილი და მას წინ უსწრებს რუსული პოლიტიკური სტრატეგიის კომპონენტური ანალიზი.
ამრიგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანშლუსის განსახორციელებლად რუსეთს დასჭირდა რამოდენიმე, საკმაოდ კარგად გამოკვეთილი ეტაპი. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყოველი ამ ფაზისათვის ორგანულად არის დამახასიათებელი გეოპოლიტიკური და ეთნოპოლიტიკური პროცესების ურთიერთგადაჯაჭვა, რაც რუსეთის კავკასიური პოლიტიკისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი მიდგომების აღორძინების მცდელობაზე მიუთითებს.
პირველი ეტაპი, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო აღინიშნა ეთნოწმენდით, რაც უმთავრესად ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელდა. მას ახასიათებდა დიდი ინტენსივობა და შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობდა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე ქართული ეთნოპოლიტიკური გავლენა დრამატულად შესუსტდა, რაც ამ ეტაპზე რუსული იმპერიული ინტერესებისათვის აუცილებელი იყო. ამასთან, კონფლიქტურ რეგიონებში გაჩნდნენ კვაზიპოლიტიკური წარმონაქმნები, სადაც ქართული ელემენტის ეთნიკური და პოლიტიკური ზეგავლენა მკვეთრად შემცირდა. თანაც რუსეთმა მოახერხა შექმნილი, მისთვის ძალზედ მომგებიანი, მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამგვარი, რუსეთისათვის ხელსაყრელი ვითარების დაფიქსირება პირველი ეტაპის აუცილებელი და იმავდროულად ფინალური ნაწილი იყო. საქართველოსთვის კი ამ სტადიის დასრულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე თითქმის გადაულახავი წინააღმდეგობის აღმართვას მოასწავებდა.
მეორე ფაზის დაწყების მომსწრენი 2008 წელს ვიყავით - როცა რუსეთმა კვაზიპოლიტიკური წარმონაქმნების შემდგომი სტაბილიზაცია მოახდინა და ე.წ. ნახევრადაღიარების რეჟიმში მათი გადაყვანა დააფიქსირა. ამ ეტაპს თან ახლდა ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა (ისევ უმთავრესად ქართველების მიმართ) და რუსეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცის შემდგომი შემომტკიცება. მეორე ეტაპის მნიშვნელოვანი სამხედრო შედეგი ისაა, რომ რუსეთმა საკუთარი სტრატეგიული საზღვარი ენგურსა და შიდა ქართლის სიღრმეში გადმოსწია, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში თბილისის დაბომბვაც შეუძლია.
მეორე სტადიის უმთავრესი შედეგი უეჭველად არის ის მუდმივი სტრატეგიული საფრთხე, რომელიც რუსეთმა შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების არსებობისა და ამ ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლის დაწესების შემდეგ მოსკოვს ძალზე იოლად შეუძლია თბილისი-ფოთი და თბილისი-სენაკის ცენტრალური საავტომობილო გზის გადაჭრა, აგრეთვე ფოთის ნავსადგურის იზოლირება. შექმნილ ვითარებაში რუსეთი ამას დამატებითი ძალების მობილიზების გარეშე და ძალზე სწრაფად მოახერხებს პრევენციული ზომების ფორმით, სამხედრო ძალების სპეციალური გამოყენების ფარგლებში. ყოველივე ეს მომაკვდინებელ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამ საშიშროებათა მინიმიზაციისათვის მხოლოდ თბილისი-წალკა-ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალის კოლატერალური საავტომობილო გზის ამოქმედება სრულებით არასაკმარისია. საჭიროა ბათუმის პორტთან მისასვლელი სამხრეთის გზის ეფექტური ამოქმედება (შესაბამისი გვირაბების გაყვანა და ა.შ.). აუცილებელი ჩანს, აგრეთვე მერიდიანული გზის ამუშავება (ზეკარის უღელტეხილის გამოყენება, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეუფერხებელი და შედარებით უხიფათო კავშირი ქუთაისთან). მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში შესამჩნევად გაიზრდება ბათუმის პორტის მნიშვნელობა ფოთის პორტთან მიმართებით მისი შეუდარებლად უფრო მეტი დაცულობის გამო (როგორც ეს 2008 წლის ომმაც დაადასტურა). ბათუმის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის სერიოზული და გრძელვადიანი გაზრდა 2008 წლის ომის საყურადღებო შედეგია.
ცხადია, ზემოთაღნიშნული ზომები (ისევე, როგორც მრავალი სხვა), მისაღებია იმის გამო, რომ ეს სტრატეგიული საფრთხე დამოკლეს მახვილივით გამუდმებით ჰკიდია საქართველოს თავზე და არა იმიტომ, რომ ეს სცენარი უეჭველად ამოქმედდება. ჩვენ არაფერს ვიტყვით ზემოთ მონიშნული ქმედებების შესაძლო ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, რადგან ეს ჩვენს განსახილველ საკითხს სცილდება. თუმცა გარკვეული ეკონომიკური ეფექტი სწორი და მრავალმხრივი დაგეგმვის შემთხვევაში მათ უნდა მოჰყვეთ. განხილულ კონტექსტში, ცხადია, ძალზე დიდია ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობაც.
ერთი სიტყვით, 2008 წლის ომმა ქართულ სახელმწიფოებრიობას უდიდესი და მრავალგანზომილებიანი დარტყმა მიაყენა, თანაც უარყოფით ფაქტორთა ზემოქმედება გრძელვადიანი და საფუძვლიანია. ჩვენ მოგვიწევს საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიის შეთანადება ამ ფუნდამენტურ ფაქტთან და მუდმივმოქმედ საშიშ ტენდენციებთან. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა პოლიტიკური პროცესების აგრესიული პოტენციალი კვლავაც ძალზე მაღალია.
მესამე სტადია ლეგალურად 2015 წელს დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ ხელშეკრულებათა გაფორმებით. ნიშანდობლივია, რომ ღრმა კრიზისის მიუხედავად, რუსეთმა გამონახა ფინანსური საშუალებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, რაც ადასტურებს ამ ტერიტორიების დიდ მნიშვნელობას მისთვის. რუსეთი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია
სახელმწიფოებრივი ინტეგრაციის საიმედო საყრდენი გახდება. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივი ინტეგრაცია იმავდროულად იმპულსს მისცემს ახალ რთულ ეთნოპოლიტიკურ პროცესებსაც.
მიგვაჩნია, რომ ამ მესამე, საჯაროდ დეკლარირებული ფაზის ძირითადი მიზანია ზემოხსენებულ რეგიონებში ეთნოპოლიტიკური სურათის დრამატული და საბოლოო შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ. მისი განმასხვავებელი ნიშანი კი, - დიდი ალბათობით - იქნება ის, რომ, თუ პირველ და მეორე ეტაპზე ეთნოპოლიტიკური ძვრები ძირითადად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელდა, ამჯერად ეს პროცესები უმეტესად აფხაზ და ოს მოსახლეობას შეეხება.
ზემოხსენებულ პროცესებს უკვე ჩაეყარა მტკიცე საფუძველი. მხედველობაში გვაქვს სამხედრო ბაზები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე არიან განლაგებულნი. დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ რუსი სამხედროებისა და მათი მომსახურე პერსონალის ამოცანა მხოლოდ ახალი საზღვრების ფხიზელი დაცვაა. მათ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვთ - რუსული ელემენტი საბოლოოდ გააბატონონ ამ ტერიტორიებზე. თუკი რუსი ოფიცრები ახალი სამსახურის ადგილას ბინებს კერძო მფლობელობაში ვერ მიიღებენ, მათ, ალბათ, ვერავინ დაუშლის თადარიგში გასვლის შემდეგ ადგილზე „დამაგრებას“. მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე მოგვარდეს შესაბამის ხელშეკრულებათა გაფორმებით. მით უმეტეს, რომ ამგვარი საქციელი (მიღწეულის სამართლებრივი განმტკიცება) ძალზე დამახასიათებელია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის.
კიდევ ერთი „სიურპრიზი“, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს სთავაზობს, ეს არის კანონი მიწის შესახებ. მისი სრულმასშტაბიანი ამოქმედება აგრეთვე მნიშვნელოვნად განამტკიცებს რუსული პოლიტიკის აქაურ შედეგებს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ კანონი მიწის შესახებ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანშლუსის რუსული გეგმის მესამე სტადიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ვერ გრძნობს, თუ რა სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს მათ (და აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას) ზემოხსენებული კანონი მიწის შესახებ. ამიტომაც ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ მის მიღებას და ამოქმედებას, თუმცა მოვლენათა განვითარების ულმობელი ლოგიკა აიძულებს მათ „ჩათრევას“ „ჩაყოლა“ ამჯობინონ.
სამომავლოდ, დიდი ალბათობით, ამ რეგიონებში დაიწყება აგრეთვე რუსულენოვან არააფხაზ და არაოს ადამიანთა ჩასახლება (ცხადია მშვიდობიანი და კეთილი სურვილებით, მაგალითად, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით). ნიშანდობლივია, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა აფაზეთში თავიდან მოეცილებინა ალექსანდრე ანქვაბის ხელისუფლება, რომელიც მასთან ამგვარ თამაშებში ჩართვის დიდ სურვილს არ ამჟღავნებდა და რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმების წინააღმდეგი იყო. საყურადღებოა, აგრეთვე, რომ, თუმცა საქვეყნოდ არის ცნობილი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რევოლუციური პროცესებისადმი მოსკოვის შეურიგებელი დამოკიდებულება, მან მაინც დაუშვა „რევოლუცია“ აფხაზეთში. როგორც ჩანს, რუსეთს სურს, ნებისმიერი საშუალებით, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დაასრულოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინკორპორაცია. საამისოდ მას საკმაო საფუძველი და მიზეზები აქვს. აფხაზეთის სათავეში რაულ ხაჯიმბას და მისი კლანის მოსვლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ანშლუსის მესამე ფაზის წარმატებით დასასრულებლად. როგორც უკვე ითქვა, იგი რუსეთისათვის სტრატეგიულად მომგებიან ეთნოპოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს.
როგორც ვხედავთ, ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დამყარდეს რუსული ეთნოპოლიტიკური დომინაციის რეჟიმი. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ანშლუსის მესამე ეტაპს ეთნოპოლიტიკური სურათის შეუქცევადი შეცვლის ფაზა ან რუსული ეთნოპოლიტიკური დომინაციის სტადია ვუწოდოთ.
ნათელია, რომ ანშლუსის სამივე საფეხურზე ეთნოპოლიტიკური და გეოპოლიტიკური კომპონენტები გადაჯაჭვული და ურთიერთგანმაპირობებელია. მოვლენები ხან პირველი მახასიასთებლის დომინაციის ნიშნით მიმდინარეობს, ხან მეორესი, თუმცა ეს ოპერატიულ-ტაქტიკური საკითხია. სტრატეგია კი განსაზღვრულია და მკაცრად თანმიმდევრული.