მეჭიაურის „ოცნება“ ასრულებულია, საზოგადოება ლარის კურსის გამყარების მოლოდინშია

მეჭიაურის „ოცნება“ ასრულებულია, საზოგადოება ლარის კურსის გამყარების მოლოდინშია

ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლექტებულია და ხელმძღვანელი პირები არჩეულია, უმრავლესობა კი, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დასტაბილურების მოლოდინშია.

პარლამენტმა აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარედ 81 მომხრე ხმით  კონსტანტინე სულამანიძე დაამტკიცა, ხოლო ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი საბჭოს წევრებად აირჩია. 

ფინანსური სექტორის მაკონტროლებელი ორგანო თუ სად განთავსდება, ამის შესახებ ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ჯერჯერობით არაფერი იციან, მაგრამ ისინი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგებიან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური სააგენტოსა და საბჭოს შექმნის მთავარ მოტივად ლარის კურსის გამყარებას ასახელებს და ამ კუთხით აქტიურ მუშაობას სააგენტოსა და საბჭოს წევრებს ავალებს.

როგორც for.ge-ს მეჭიაურმა განუცხადა, მას მოლოდინი აქვს, რომ სააგენტოს შექმნით ეროვნული ვალუტის ისეთი რყევები აღარ იქნება, რომელსაც ადგილი ამჟამად აქვს.

მისი შეფასებით, კონსტანტინე სულამანიძე კარგი ახალგაზრდაა, რომელმაც დეპუტატებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მას რეკომენდაციას მთავრობა უწევს.

„მას საბანკო გამოცდილება აქვს. არ მითქვამს, რომ როგორც კი, სააგენტო შეიქმნება, ლარის კურსი დასტაბილურდება-თქო, მაგრამ ამის მოლოდინი მაქვს. როგორც ჩანს, ლარის კურსთან დაკავშირებით, საბჭოს წევრები საკუთარ პროგნოზებში ფრთხილები იყვნენ და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა, მოსახლეობაში მოლოდინი დიდია და შორიდან მეთვალყურის როლში ყოფნა სწორი არ იქნება.  მათ გადაწყვეტილებები კანონით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა მიიღონ“, - აღნიშნა მეჭიაურმა, რომლისგან განსხვავებით განცხადების გაკეთებისას  ფრთხილი იყო სულამანიძე.

სულამანიძის ცნობით, მან აღნიშნულ თანამდებობაზე შეთავაზება მთავრობისგან მიიღო.

მისი შეფასებით, სააგენტომ საბანკო სფეროს მაქსიმალური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.

„საქმიანობას შევუდგებით, ვითარებაში გავერკვევით და დიდი იმედი მაქვს, რომ ციფრებში ჩახედვის შემდეგ, საბანკო სექტორის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება. საბჭო პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ერთობლივი მუშაობით ნდობის ამაღლებას შევძლებთ. რაც შეეხება ლარის დასტაბულირებას, აქ საჭიროა სწორი ფინანსური პოლიტიკის გატარება, რაც დამოკიდებულია ეროვნული ბანკისა და სახელმწიფოს ეკონომიკურ გუნდს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე“, - აღნიშნა სულამანიძემ, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა კითხვით მიმართეს - „არის თუ არა ის ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის კადრი, ვინაიდან ის, „პროგრესს ბანკის“ ხელმძღვანელი იყო?“.

სულამანიძე განმარტავს, რომ მას მაღალ პოსტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს „რესპუბლიკა ბანკსა“ და „ვითიბი ბანკში“.

რაც შეეხება სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელს, ირაკლი კოვზანაძეს, ის მიიჩნევს, რომ  ლარის სტაბილურობა არის პროცესი და ამაში ერთად უნდა მონაწილეობდნენ  - ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და სააგენტო.

მისი თქმით, საბჭოს მიზანია, საფინანსო ბაზრის მიმართ ერთიანი, საერთო და მიუკერძოვებელი მიდგომის ჩამოყალიბება.

„მთავარია, ინსტიტუციის ჩამოყალიბება. ამ ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობის შედეგი ლარის სტაბილურობა იქნება. ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ საქართველოს მოქალაქის შემოსავალზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - აცხადებს კოვზანაძე, რომელმაც არ იცის, მას აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე „საპარტნიორო ფონდში“ ვინ ჩაანაცვლებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო და საბჭო შეძლებენ თუ არა ლარის კურსის გამყარებას, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უმრავლესობამ დაძლია.