„როგორც იქნა იმ დონეს მივაღწიეთ, როდესაც სასამართლოები ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ“

„როგორც იქნა იმ დონეს მივაღწიეთ, როდესაც სასამართლოები ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ“

მმართველი გუნდის ნაწილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას საქართველოს სიძლიერედ მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი, მთავარი პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოა და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, „ტელეიმედისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესს მართავს, თავად უგულავა კი ფიქრობს, რომ დღეს, განაჩენის გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს არ ააჩქარებენ, დღეს სასამართლო პროცესი ტექნიკურად ვერ დამთავრდება.

„სამართლებრივად, განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, სამართლებრივი ძალადობა თუ არ მოხდა. დღეს, ამ საქმეზე ადვოკატი დასკვნით სიტყვის ეტაპზეა, ამის შემდეგ რეპლიკების ეტაპია და რეპლიკებს ბრალდება და დაცვის მხარე ცალ-ცალკე ვამბობთ“, - განაცხადა უგულავამ, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ საქართველოს პარლამენტში.

როგორც for.ge-ს ფრაქცია - „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ განუცხადა, ქვეყანაში ინსტიტუციები მუშაობას ნელ-ნელა იწყებენ და სახეზეა ის, რომ ხელისუფლება დანაპირების შესრულებას ახერხებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ნორმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ხოლო საერთო სასამართლოებმა ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება გიგი უგულავას შემთხვევას მიესადაგება.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების შტოებს ერთმანეთზე გავლენა არ აქვთ, რაც დემოკრატიის საწყისებია და ინსტიტუტები ეფექტურად მუშაობენ“, - განაცხადა კორძაიამ, რომლის მსგავსად, ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოები ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი ამბობს, რომ საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათი დამოუკიდებელი პოზიციაა.

კანონმდებელის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სიძლიერის ნიშანია და არა - სისუსტის. 

„როგორც იქნა იმ დონეს მივაღწიეთ, როდესაც სასამართლოები ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ვერავინ იტყვის იმას, რომ გუშინდელი ზეიმი ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ კანონს ვაღიარებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტი ვერავინ იქნება. ვინც ეს ნორმა გააუქმა და 2010 წელს დრაკონული კანონი მიიღო, რომ კაცი ციხეში წლობით იჯდეს, იმათი ზეიმი ნაკლებად მესმის. თუკი მსგავსი კანონი არ მოსწონდათ, კანონი არ უნდა მიეღოთ. სასამართლოს გადასაწყვეტია, უგულავას მიუსჯიან თუ არა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაღიარებთ და პატივს ვცემთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატი ნაციონალების პოლიტიკურ განცხადებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნაციონალებს თავად არ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებს მოიგებენ.

„სიხარულით კაცი რას არ იტყვის?! გამოკითხვები მათ რაიმე ტიპის უპირატესობას არ აჩვენებს და მათ საქმე ისე არ აქვთ, როგორც უნდათ წარმოაჩინონ. წინ რითი მიდიან, იმას ამბობენ, რომ მათ მიერ მიღებული კანონი უსამართლო იყო?- თუკი ეს წარმატების საწინდარია, ძალიან სასაცილოა. ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება, როგორც დემოკრატიული ქვეყნის გადაწყვეტილება. ერთ-ერთმა ოპონენტმა თქვა, ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთო, მაგრამ მაინტერესებს, ჩრდილოეთ კორეაში ვინ გაათავისუფლეს? ის რაც გუშინ მოხდა, საქართველოს სიძლიერის ნიშანია და არა - სისუსტის, რადგან ხანგძლივი პატიმრობა სწორი არ იყო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აპელირებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

ტყემალაძე for.ge-სთან აღნიშნავს, რომ  სამართალი ზეიმობს და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

მისი მტკიცებით, მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებას ღებულობენ, რომელიც მართებულად მიაჩნიათ.

„საერთო სასამართლოები გავლენისგან თავისუფალი რომ არის, ხომ დარწმუნდით? შემდგომი პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც მოსამართლე ჩათვლის საჭიროდ. თუკი მტკიცებულებები იქნება, მოსამართლე შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. მოსახლეობა ნაციონალებს ნდობას არ გამოუცხადებს. კრიტიკა უგულავას განცხადებას მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს“, - დასძენს ტყემალაძე, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანს კი, შენიშვნები პროკურატურასთან აქვს.

როგორც for.ge-ს ჟორჟოლიანმა განუცხადა, სასამართლოს დამოუკიდებლობა დადასტურდა.

მისი პროგნოზით, 2016 წელს, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება და მათი პოლიტიკური განცხადებები აბსურდში გადადის.

„მგონია, რომ ეს პარტია პოლიტიკურ საქმიანობას საერთოდ ჩამოშორდება. იმ შეხედულებას ვიზიარებ, რომ პროკურატურის საქმიანობა უფრო ეფექტური უნდა იყოს და მათ საქმე იმ დროში უნდა გააკეთონ, რაც არის მოცემული. ამ მხრივ გადაწყვეტილებებია მისაღები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებმა დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება დაედო, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული.