აბსურდის თეატრი - ფედერაცია აშავებს, აღმასკომი ათეთრებს

აბსურდის თეატრი - ფედერაცია აშავებს, აღმასკომი ათეთრებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფროსი დიმიტრი ბოკერია: „ვთვლით, რომ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შეეძლო დაენიშნა დელეგატი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდა ფედერაციაში და ახლა რატომ გახდა სადაო, ვერ ვხვდები".

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე: „ამ 5 წლის მანძილზე, რაც გრფფ–ის თავკაცი ვარ, ფედერაციის მხარდაჭერით ბევრი რამ გავაკეთეთ - ორჯერ გუნდი ლიცენზიის გარეშე დავუშვით უმაღლეს ლიგაში“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე: „მიმაჩნია, რომ კახა ებრალიძეს აუცილებლად უნდა წარედგინა ოქმი გამგეობის წევრებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ექნებოდა ლეგიტიმური უფლება მის მიერ წარმოდგენილ დელეგატს ფეხბურთის ფედერაციაში“.

კიდევ ვაპირებდით სხვა კომენტარების დადებას, მაგრამ ვფიქრობთ, ეს სამი ურთიერთგამომრიცხავი კომენტარიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რა დომხალია ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

საინტერესოა, მთავრობის შესაძლო ჩარევაზე მოწუწუნე სფფ-ის ხელმძღვანელებმა ეს ფაქტები  თუ მისწერეს ფიფა-უეფას, როცა იქიდან გამოგზავნილი პასუხებით „გვაშინებდნენ“? არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფედერაციამ ამაყად გამოაქვეყნა ფიფა-უეფადან მოსული არაფრისმთქმელი წერილები მაშინ, როცა თბილისიდან მიწერილის შინაარსი გულშემატკივრებისთვის აქამდე საიდუმლოდ რჩება...

ეჭვი გვაქვს, არაფერიც არ მიუწერიათ, რადგან ბოკერიაც და ებრალიძეც თავიანთ ქცევებში უცნაურს და აკრძალულს ვერაფერს ხედავენ და, ბუნებრივია, ალბათ არც ზედმეტი შეკითხვა შეაწუხებდათ - ერთი თურმე ლიცენზიის გარეშე ათამაშებს გუნდს ჩემპიონატში და ამით ამაყობს, მეორეს კი წინა არჩევნებზე მომხდარი დარღვევევები კანონზომიერებად მიაჩნია და ვერ ხვდება, რა არის ამაში მიუღებელი.

სხვათა შორის, კულუარული ინფორმაციით, ბოკერია ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რეზი არველაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გუშინ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურულთა საჩივარი განიხილა და დაადგინა, რომ დელეგატი, რომელიც ებრალიძემ ერთპიროვნულად წარადგინა, დაუშვებელია!

ამგვარად, ეს ყბადაღებული თემა ჯერაც ღიაა. გურიის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციას 23 სექტემბრამდე მიეცა ვადა ახალი დელეგატის წარსადგენად, რომელიც გამგეობამ (და არა პრეზიდენტმა) უნდა აირჩიოს, 28 სექტემბრამდე კი სფფ-ის აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს.

და აი, კიდევ ერთ საოცარ ამბავს მივადექით: როგორ გინდა, იმ აღმასკომს ენდო, რომელმაც ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე ზედიზედ ორჯერ დატოვა ძალაში ებრალიძის კანდიდატურა?

თუკი გადაწყვეტილებაში ასეთი დარღვევებია, რასაც გურულები აქამდე გაიძახდნენ, რატომ არ გაუჩნდა აღმასკომს ეჭვი და რატომ უარყოფდა გურულთა პრეტენზიებს?

არის კი საერთოდ ეს აღმასკომი რამეში კომპეტენტური?!

ესეც თქვენი სამართლიანი არჩევნები...