დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საღამოს მიიღო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ვიდრე საქალაქო სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა, მისი მომხრეები სასჯელაღსრულების მინისტრს სთხოვდნენ უგულავას გათავისუფლებას.
იმისთვის, რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში არ არსებობდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გიგი უგულავას სარჩელი, წინასწარი პატიმრობის 9-თვიან ვადასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შესაბამისად დედაქალაქის ყოფილიმერის ადვოკატის განცხადებით უგულავა უკანონო პატიმარია. ბექა ბასიალაია აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან, რომ აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა 21:00 საათზე გამოაცხადა, პროცესს მხოლოდ პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა, მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა. კანონის შესაბამისად, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის გამოცხადებაზე პლენუმის ყველა მოსამართლეს უნდა მოეწერა ხელი.
ამ შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას პლენუმის 9 წევრიდან,ხელს რვა მოსამართლე აწერს, დოკუმენტზე არ დაფიქსირებულა მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერა. რატომ გამოაცხადა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ამაზე განმარტება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს. მოსამართლე მერაბ ტურავა ამბობს, რომ მას საკმარისი დრო არ ჰქონდა საქმეზე საბოლოო ვარიანტს, 50-გვერდიან მასალას გაცნობოდა. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და სამი ან ოთხი დღით გამოცხადების გადადება პრობლემას არ წარმოადგენდა.
„რატომ არ მოხდა სამი ან ოთხი დღით დალოდება, რომ გავცნობოდი სარეზოლუციო ნაწილს არვიცი, ეს საკითხი იურისტების შესაფასებელია“, - აღნიშნა ტურავამ.
იურისტები კი განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ახდენს კანონის ავტორიტეტულ განმარტებას და არ წყვეტს კონკრეტული პირის თავისუფლების ან დაპატიმრების საკითხებს.შესაბამისად, უგულავას მომხრეების მოთხოვნა მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე არ გამომდინარეობს სამართლებრივი საფუძვლებიდან და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ამ ლოგიკით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ყველა ის პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, ვინც 9 თვეზე მეტხანს იმყოფება წინასაწარ პატიმრობაში.
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციოსასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერი ძალა აქვს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პატიმარი რომელიღაც ციხის დირექტორმა უნდა გაათავისუფლოს.
„გიგი უგულავას და სხვა პატიმრების ადვოკატებმა, ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით, სსსკ-ის 206-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობით უნდა მიმართონ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, სასამართლოს და მოთხოვონ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმება ან შესაძლოა თავად სასამართლოებმა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სამართლებრივად სწორი გზა არის ეს. ყველაფერი დანარჩენი კი არის პოლიტიკური განცხადებები“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
თუმცა, უგულავას ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მთხოვნით არასამუშაო საათებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შესახვედრად მივიდნენ. მათ უწყებაში განუმარტეს, რომ მინისტრი ადგილზე არ იმყოფებოდა და დალოდებოდნენ მის დაბრუნებას. უწყებაში დაბრულებულ კახი კახიშვილს უგულავას დაცვა არ დახვდა, რომ ჩაებარებინა გადაწყვეტილება და დაეწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურების აღსრულება.
კახი კახიშვილი აცხადებს, სასჯელაღსრულების მინისტრი ვერავის ვერ ათავისუფლებს, ამისთვის არის სპეციალური პროცედურები, რომელიც დადგენილია კანონით.
„თუ გადაწყვეტილება ჩაბარდა მხარეს, მხარე მიიჩნევდა, რომ უნდა მოსულიყო ჩვენთან, ის უნდა ჩამბარებოდა მე, ან კანცელარიას. ვინაიდან იყო გვიანი და კანცელარია არ მუშაობდა,მე ამიტომ გამოვცხადდი, რათა პირადად ჩავიბარო. მე ვალდებული ვარ მხარის მიერ მოწოდებული გადაწყვეტილება გადავამისამართო გადაწყვეტილების მიმღებთან. მინისტრი არ ათავისუფლებს და არ იჭერს არავის. მინისტრი არის ამ უწყების ხელმძღვანელი, გადაწყვეტილებას პირის გათავისუფლების თაობაზე იღებს იმ ციხის დირექტორი, რომელშიც განთავსებულია პატიმარი, რომელზეც საუბრობენ, რომ უნდა გათავისუფლდეს.
გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩვენ არ ჩაგვბარებია. თავად საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ის არ აგზავნის გადაწყვეტილებას ჩვენს სამინისტროში. ბუნებრივია, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვიდოდა ჩემთან, მე უნდა მიმეცა ციხის დირექტორისთვის, რათა მას შეესწავლა გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებები და ამის საფუძველზე მიეღო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
უგულავას მომხრეები და ოჯახი კი ირწმუნებოდნენ, რომ ყოფილი თბილისის მერი საკონსტიტციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკანონო პატიმარია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომის შემდეგ სპევიალური განმარტებაც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს.
„2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
სასამართლოში წარმოდგენილი დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით განიხილა.
გიორგი უგულავას ადვოკატებმა შუამდგომლობას საფუძვლად დაუდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრის, მთაწმინდის პარკის გასხვისებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე“ - ნათქვამია განცხადებაში.