მახსოვს, როცა გაცხადდა, ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იქნებაო, ჟურნალისტები ერთმანეთს ვურეკავდით და ვეკითხებოდით, ვინ იყო ზვიად, იგივე დომენტი სიჭინავა. არავინ არაფერი იცოდა და ამიტომაც, ფედერაციის წინ ბევრი შევიკრიბეთ და ახალი პრეზიდენტის მოსვლას ველოდით. გაჩერდა ავტომობილი და მანქანიდან ჯერ იასამნისფერმა ფეხსაცმელმა გამოანათა, მერე – თავად სიჭინავამ. სახეზე არც შეგვიხედია, ფეხსაცმელებზე დავუწყეთ ყურება. ასეთი უცნაური ფერის (ფორმისაც) ფეხსაცმელი პირადად მე პირველად ვნახე.
"რა გიკვირთ, მოდის ბოლო კივილია",-მომესმა ხმა უკნიდან და როცა მივიხედე, ხელში ცვენი კოლეგა, დათო ხვადაგიანი შემრჩა. ტელეკომპანია "მზის" მიკროფონს იფარებდა სახეზე, სიცილი რომ არ შეემჩნია ვინმეს. მაშინ ვთქვით, უცნაური კაცი იქნება ეს ახალი პრეზიდენტიო და დათომ ღიმილით დაამატა - ნეტავ, როცა წასვლა მოუწევს, რა ფერის “ტუფლებით” მოვაო.
ნამდვილად არ ვიცი, რა ფერის "ტუფლი" ეცვა სიჭინავას, როცა გადადგომაზე განცხადებას წერდა, მაგრამ ზუსთად ვიცი, რა ფერის იყო მისი "ტუფლი", როცა აფხაზეთში სადღეგრძელოს ამბობდა.
"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები",-ასეთია იმ ვიდეოს შინაარსი, რომელიც «ვინმე» ლიკა გვარამიამ ატვირთა ინტერნეტში.
რა გამოდის? ბატონი ზვიადი ვერ ხვდება, რას ამბობს და როგორც ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, სეპარატისტული განცხადების გაკეთება მთქმელსაც და გამვრცელებელსაც ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია. ახლა არ დამიწყოთ, ზვიადმა ბოდიში მოიხადა, ეს რა დამემართაო... არ მჯერა მე მაგის ბოდიშის და იცით რატომ არ მჯერა? როცა სპორტის იმჟამინდელმა მინისტრმა სულ რამდენიმე თვის წინ სიჭინავას უთხრა, საკუთარ სინდისში ჩაიხედე და გადაწყვეტილება მერე მიიღეო, სიჭინავამ განაცხადა, ჩავიხედე, ვერაფერი ვნახე და ვრჩებიო. ჰოდა, ახლა მე რომ ვუთხრა, საკუთარ სინდისში ჩაიხედე მეთქი, იგივეს მეტყვის, ვერაფერი ვნახეო და აზრი არ აქვს.
მაგ მიწაზე ქართველების სისხლია დაღვრილი ზვიად, მაგ მიწაზე უწვერული ბიჭები დაეცნენ და დაეცნენ იმიტომ, ვინმეს რომ არ ეთქვა, აფხაზეთი ქვეყანაა და სოხუმი მისი დედაქალაქიო. ამ ბიჭების სისხლი მაგ მიწას ისევ ატყვია და თუ არ გჯერა, "ტუფლებზე" დაიხედე ზვიად, სისხლისფერია!