ირაკლი კოვზანაძეს პოსტის დატოვება მოუწევს, პარლამენტს კი - საბჭოს შემადგენლობის არჩევა

ირაკლი კოვზანაძეს პოსტის დატოვება მოუწევს, პარლამენტს კი - საბჭოს შემადგენლობის არჩევა

პარლამენტში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა უკვე შევიდა. საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაბამისი დოკუმენტები ბიუროს დღევანდელ სხდოზე წარადგინა. შესაბამისად, დეპუტატები საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე მიმდინარე კვირის განმავლობაში იმსჯელებენ.

მთავრობას საბჭოში ხუთი წლის ვადით ეფრემ ურუმაშვილის დანიშვნა სურს, ხოლო შვიდი წლის ვადით პოსტებზე წარდგენილნი არიან - ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი.

იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი კოვზანაძე „საპარტნიორო ფონდის“ გენერალური დირექტორია, მას საბჭოს წევრად დამტკიცების შემთხვევაში, პოსტის დატოვება მოუწევს. როგორც for.ge-ს უმრავლესობაში განუცხადეს, თუკი პარლამენტის მიერ კოვზანაძე საბჭოს წევრად იქნება არჩეული, მას „საპარტნიორო ფონდიდან“ წასვლა მოუწევს.

პარლამენტის მიერ მიღებული „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრით კომპლექტდება, საიდანაც მთავრობა ხუთ წევრს პარლამენტს წარუდგენს, ერთ წევრს თავად საბჭო ირჩევს, ხოლო ერთი წევრის კვოტით საბჭოში - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება არჩეული.

ვინაიდან, მთავრობამ პარლამენტს საბჭოს წევრად მხოლოდ ოთხი კანდიდატი წარუდგინა, მას უწყებისთვის კიდევ ერთი პირის წარდგენა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კანონით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გამოდის, რის თაობაზეც პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება იყო. ცვლილებებს კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, რომელიც  დეპუტატებმა სექტემბრის დასაწყისში დაძლიეს.