დემაგოგიაში მხილებული გიორგი ვაშაძე, ნაციონალებთან გარიგებაში ბრალდებული „მრეწველები“, დეპუტატების გამოსვლებით გაღიზიანებული კახელი მევენახეები და მეწარმეების „აღსარება“ - ამ პათოსით მიმდინარეობდა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც რთველზე დაწყებული მსჯელობა ხმაურით, შეხლა-შემოხლითა და ურთიერთბრალდებებით დასრულდა.
უმრავლესობამ უმცირესობის მოთხოვნის შესაბამისად, გუშინ, პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიიწვია. მევენახეებმა, დეპუტატებმა და მეწარმეებმა სამი საათიდან რთველზე მხოლოდ 20 წუთი იმსჯელეს, დანარჩენი დრო კი, კამათსა და ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკების გაცვლა-გამოცვლას დაეთმო.
სხდომა, რომელიც მინისტრმა გახსნა, უშედეგოდ დასრულდა, რადგან მევენახეების კითხვებს პასუხები მეღვინეებმა არ გასცეს, დეპუტატების ჩხუბით შეწუხებულმა გლეხებმა კი, კითხვები დანელიას საერთოდ ვერ დაუსვეს.
კანონმდებლებს შორის ხმაურის მოთავე აკაკი ბობოხიძე იყო, რომლის „შეზღუდვა“ სხდომის დაწყებისთანავე ტყემალაძემ განიზრახა; „ხონელი კაკოს გაჩუმება“ ვალერი გელაშვილმაც მოისურვა, მაგრამ შოთა ხაბარელის ფეხზე წამოხტომის მიუხედავად, ბობოხიძემ ტონი შეინარჩუნა და მან ხელისუფლებას პასუხი - ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებებზე მოსთხოვა. მათ შორის იმაზე - ყურძნის ფასი ერთი ლარი რატომ არ არის.
სანამ მინისტრმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, მანამ ბობოხიძემ „მრეწველები“ ნაციონალებთან „შეკრულობაში“ დაადანაშაულა და ტყემალაძეს რეპლიკა ესროლა - „ნაციონალებთან სულ შეკრული იყავით, რომელი ოპოზიციონერი, თქვენ იყავით?!“. ტყემალაძეს ოპონენტისთვის პასუხი არ გაუცია, მაგრამ მან თოფაძეს დაუჯერა, რომელიც მას ურჩევდა - „არ აყვე ზურა, არ აყვე“.
გამოსვლისას დანელიამ ყურადღება იმ ღონისძიებებზე გაამახვილა, რომელიც დარგის განვითარებისთვის გატარდა. მინისტრის ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის დაფინანსების, დაკრედიტების და ხელშეწყობის ფარგლებში, დარგში მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული, 2012 წელს კი, ეს თანხა 59 მილიონს ლარს შეადგენდა.
მისი თქმით, 2013-2014 წლებში, კახეთში, მხოლოდ რთველით 300 მილიონ ლარამდე თანხა შევიდა.
„საერთო ჯამში, ქართველი გლეხების ოჯახებში, პროდუქციის რეალიზაციიდან ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება სწორი არ არის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება ყურძნის სუბსიდირებას წელს არ გეგმავდა, თუმცა რეგიონში შექმნილი ვითარებისა და ყურძენზე მოთხოვნის შემცირების გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა.
„სუბსიდირება სწორი არ არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დარგს სუბსიდირება აღარ დასჭირდეს. პროცესები, რომელიც დარგთან მიმართებაში მიმდინარეობს, იქითკენ არის მიმართული, რომ დარგი არ იყოს - დაკნინებული, დაავადებული და გახდეს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი“, - დასძინა მინისტრმა, რომლის განმარტებით, „რთველი 2015“-ის ფარგლებში, სახელმწიფო ერთ კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრს, ხოლო ერთ კგ საფერავზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
მინისტრის მიერ გაჟღერებული შეთავაზება კახელი, მევენახე მაია ილაშვილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რომელიც შოთა ხაბარელს დაუპირისპირდა, ამ უკანასკნელმა კი ის ნაციონალების „მართულად“ ჩათვალა.
„თქვენ გამოსვლებს მიჩვეული ხართ. ნაციონალები ყურძენში 40-60 თეთრს გვიხდიდნენ, მამა შიო კი, 80 თეთრს გვაძლევდა და მას წინა ხელისუფლების პირობებში უშიშროება აკითხავდა, ფასი არ გაზარდოო. დილის 4 საათზე ვდგები და ღამის რვა საათამდე ვენახში ვარ. ერთი ჰექტარი საფერავის მოყვანა 7500 ლარი დამიჯდა, რომელიც სესხის სახით ბანკიდან მაქვს აღებული. მოვითხოვთ არა იმას, რომ გავმდიდრდეთ, არამედ ხარჯები დავფაროთ. „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი და იმისთვის არ აგირჩიეთ, რომ ამ ბრძოლას ვუყუროთ. ჩემთვის შეურაცხმყოფელია შეფასება - „ნაცებისგან მართული ხარო“, - მიმართა დეპუტატებს ილაშვილმა, კახელი მევენახე მალხაზ ლეკბორაშვილი კი, for.ge-სთან საუბარში გლეხების მოთხოვნებზე საუბრობს.
ლეკბორაშვილის ცნობით, მევენახეები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიებს 35-თეთრიანი სუბსიდირება შეუწყვიტოს და ეს სუბსიდირება 60 თეთრს დაამატოს, მეღვინემ კი თავად გადაწყვიტოს - ყურძნის მიღება რა ფასად უღირს.
„აქციაზე მოსულთა 80 პროცენტი „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საკითხის პოლიტიზირებას რატომ ახდენენ? ერთი ლარის მოთხოვნა, ჩვენი ახირება არ არის“, - განაცხადა ლეკბორაშვილმა, რომელმაც ღვინის მეწარმეებს კითხვით მიმართა - „თუკი ყურძნის მოყვანა 25 თეთრი ჯდება, ერთი ბოთლი ღვინის დამზადება რა ღირს“?!
კომპანია „თბილღვინოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ მარგველაშვილმა კახელი გლეხის კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია დაახლოებით 120 სახეობის ღვინოს აწარმოებს. შესაბამისად, ფასთწარმოებას ვერ დაასახელებს.
მართალია, მარგველაშვილმა კომპანიის „საიდუმლო“ არ გათქვა, მაგრამ მან წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ „მანკიერ ტრადიციაზე“ ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, სუბსიდირება ძალიან ცუდი ფორმაა და სახელმწიფო კეთილ ნებას რომ იჩენს, ეს ძველი პერიოდის გადმონაშთია.
„პრობლემები 2006 წელს დაიწყო. 5-10 ჰა-ზე მეტი მიწა ვისაც ჰქონდა, მისგან ყურძნის შეძენა შეუძლებელი იყო. საწარმოში „კუდი“ და „სუდი“ გვეჯდა. სჯობს, გლეხები კომპანიებს დაელაპარაკონ. რაჭველები და იმერლებიც გლეხები არიან, მაგრამ ისინი სუბსიდირებას ვერ იღებენ და ჩუმად არიან“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის გამოსვლას ნაციონალებმა გააპროტესტეს და მოუწოდეს, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებდა.
დარბაზში მარგველაშვილის გამოსვლა ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა და თუკი კარლო კოპალიანმა სერგო რატიანის მისამართით ფიზიკურად გაიწია, ზურაბ ტყემალაძემ გიორგი ვაშაძე სხდომიდან დემაგოგის ძახილით გააცილა.
კანონმდებლების ურთიერთდამოკიდებულებით „გაოცებულმა“ დანელიამ დარბაზში კონკრეტული შეთავაზებებზე ვერ ისაუბრა და მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დარბაზის გარეთ მოუწია. მინისტრის თქმით, სახელმწიფო გლეხებს 35-თეთრამდე სუბსიდირებას და ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებში ჩაბარებას სთავაზობს.
„გვინდოდა, რომ შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და მევენეხეებთან, გლეხებთან და მეწარმეებთან კომუნიკაცია ყოფილიყო. დარგის განვითარებასთან დაკავშირებით საუბრის შესაძლებლობა არ მოგვეცა. სუბსიდირება ჩვენი მაქსიმალური რესურსია, დანარჩენი კერძო სექტორის გადასაწყვეტია. ჩვენ სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ქარხნები - ფასებზე“, - დასძინა დანელიამ, რომლის მოხსენებით უკმაყოფილო დარჩა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე.
როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, ახალმა ხელისუფლებამ სუბსიდირებასთან დაკავშირებით წინამორბედის მიერ დანერგილი პრაქტიკა წარმატებით აიტაცა და პოპულარული გახადა.
მისი თქმით, კითხვა ისმის - ქვეყანა ლიბერალური პოლიტიკისკენ მიდის, თუ სოციალური პროგრამებისკენ.
„საბჭოთა კავშირი ყველაფერს სახელმწიფო იხდიდა და საინტერესოა, მთავრობა ამ გზას ადგას თუ არა“, - დასძინა აბაშიძემ; ოპოზიონერი დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე კი საკუთარ შეფასებში უფრო რადიკალურია.
for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ბაზრების მოსაზიდად ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა.
მისი მოსაზრებით, რუსული ბაზრის დივერსიფიკაცია უნდა მომხდარიყო.
„რუსულ ბაზარზე ორიენტირება არ ღირს და ეს ენერეგიის ფუჭი ხარჯვაა. ფაქტია, რომ რუსეთში არც ფრანგული, არც იტალიური და არც ქართული ღვინო არ იყიდება, რადგან ბაზარი სტაბილური არ არის“, - განაცხადა ბობოხიძემ, რომელმაც ე.წ. იაფ კრედიტზეც ისაუბრა.
კანონმდებელის ცნობით, ქვეყანაში „იაფი კრედიტი“ არ არსებობს, რადგან მას ისევ „ფულიანი ტიპები“ იღებენ.
„ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ივანიშვილის ბანკიდან ივანიშვილის „პარნიკისთვის“ ფულს სესხულობს, ამ ფულს კი, სახელმწიფო იხდის“, - დასძინა ბობოხიძემ, რომელმაც მევენახეების მსგავსად, კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.