ღვინიაშვილმა „პოლიტიკური ქულების მომტანი“ დარტყმა მიიღო

ღვინიაშვილმა „პოლიტიკური ქულების მომტანი“ დარტყმა მიიღო

თეთრი ყურძენი - 70 თეთრი, საფერავი - 85, რთველის მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა, ფასი გაიზრდოს კიდეც, - ამის მიუხედავად მევენახეები ყურძნის არსებული ფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან. მევენახეებმა თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთიც გადაკეტეს და პრემიერ-მინისტრის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გლეხებს არსებული სიტუაციის შესახებს წორი ინფორმაცია არ აქვთ, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სჯერათ.  მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოსახლეობისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

„სუბსიდირება და ჩაბარება 60 მილიონი ჯდება. როგორც მინისტრისგან ვიცი, კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100%-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ წელს კომპანიებს რთული ვითარება აქვთ. რომ არ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური სიტუაცია, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და მთელი რიგი ფაქტორები, არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიების უმეტესობას საერთოდ უარი ეთქვა ყურძნის ჩაბარებაზე.

მათიც მესმის, რადგან შეუმცირდათ გაყიდვები, რუსეთში ვეღარ გააქვთ იმდენი პროდუქცია, ევროპაშიც მძიმედ გადის - ექსპორტის კლება გვაქვს.  სახელმწიფოს კი რაც შეუძლია - 60 მილიონ ლარამდე, რაც შარშან დახარჯა, წელსაც ხარჯავს. თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის გარდა, გვაქვს სხვა რეგიონებიც.  ყველგან პრობლემებია, რადგან სხვაგანაც იყო სტიქია. ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ - მე ასეთი პოზიცია მაქვს“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის იმაზე მეტი ქარხანაა გახსნილი, ვიდრე ჩასაბარებელი ყურძენია. ოთარ დანელიას განცხადებით, ქარხნები ჯერ არ არიან დატვირთულები, ვინაიდან ყურძენი  არ არის სიმწიფეში შესული, არ შეესაბამება კონდიციას.

„ჩვენს ნაწილში, ანუ რაც შეეხება სუბსიდირებას, ვინარჩუნებთ იმ პოზიციებს, რაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი. გლეხებს აქვთ არჩევანი-ჩააბარონ ყურძენი სახელმწიფო საწარმოებს, თუ კერძო არ ჩაიბარებს - კერძოს, სადაც მინიმალურ ფასი თეთრ ყურძენზე არის 70 თეთრი და ზევით, ხოლო შავ ყურძენზე - 85 თეთრს აღემატება.

ამ ფასებმა შეიძლება კიდევ მოიმატოს. მათ ასევე შეუძლიათ, რეგიონებში ჩაიტანონ ყურძენი, სადაც ფასი1დან 2,5 ლარამდე მერყეობს და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ადგილებზე მოახდინონ რეალიზაცია. არჩევანი ძალიან დიდია. თუდამატებით  კიდევ რაიმე შეგვეძლება შიდა მეურნეობის ნაწილში, მზად ვართ ვითანამშრომლოთ“, - განაცხად აოთარ დანელიამ.

პრემიერ-მინისტრი მევანახეებს მიმართავს, რომ არ შეხვდნენ პროვოკატორებს და დესტრუქციულ ძალებს არ მისცენ საშუალება ისინი სიტუაციის კიდევ უფრო დასაძაბად გამოიყენონ. მთავრობის მეთაური „ნაციონალურ მოძრაობას“გლეხების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და „პროვოკატორები მოაშორონ“. მთავრობის მეთაურმა პროვოკატორებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი.

„მე ვიცი,რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად; იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს.

მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ - რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, გურჯაანში მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, რომელსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პირი, რომელმაც ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. დეპუტატი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც მას ფიზიკურად გაუსწორდა, მისი მიმართულებით პოლიციელთა ჯგუფიდან წავიდა. დეპუტატი მოუწოდებს შს მინისტრს ჩავიდეს კახეთში და მან თავად „გაიყვანოს“ აქციიდან.

„არსად არ მივდივარ სისხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, სადაც ჩემი ხალხია იქ უნდა ვიყო. კარგი ბიჭიაო შს მინისტრი, ჩამოვიდეს და გამიყვანოს აქედან“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი. 

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისკენ და დროული რეგირებისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა. დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმა გლეხების პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს, ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს დეუტატის დაკავებისკენ მოუწოდებს.

„გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით, პრემიერი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება. როდესაც პრემიერმა უნდა იზრუნოს გლეხების პრობლემის მოგვარებაზე, პოლიციას მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებისკენ მოუწოდებს. მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი მოვალეობას ასრულებს და ხალხის გვერდით დგას.

გიორგი ღვინიაშვილი იდგება ხალხის გვერდით და შეასრულებს თავის მოვალეობას, „ქართული ოცნების“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელბისგან განსხვავებით, რომლებიც არჩევნების შემდეგ არ ჩასულან ამომრჩეველთან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით - იქ, სადაც ხალხს ექნება პრობლემა და მოატყუებენ. მთავრობას თუ რამე შეუძლია, ადგეს და მოაგვაროს პრობლემები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.