ის, რომ ქართულ ფეხბურთში წერა-კითხვის და აზრის გამოტანის დიდი გასაჭირია, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს. ე. წ. საფეხბურთო ფუნქციონერები საკუთარ წესდებასვე იმგვარად ჭრიან და კერავენ, რომ ბოლოს თავად ვერ გაუგიათ, ჭეშმარიტება სად იმალება, თუმცა, ალბათ, სხვა გამოსავალიც არ აქვთ - სხვაგვარად თბილ სკამებს ვერ შეინარჩუნებენ.
სხვა რეგიონებისა სხვებმა თქვან, ჩვენ კი, აგერ, გურიაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე გეტყვით. გეცოდინებათ, 3 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ყველაზე მეტად, სწორედ ამ პერიოდში ჩანს თეთრი ძაფით ნაკერი შავი ნაჭრები. მაშინ, როცა ათასი თვალი და ყური სწორედ ფედერაციისკენაა მიმართული, ადამიანებს ჰყოფნით თავხედობა და უარესად გვიხვევენ თვალებს.
აბა, როგორი დასაჯერებელია, რომ ოდესმე გურიაში საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე იოტისოდენა პრობლემაც კი შეექმნებოდა მერაბ ჟორდანიას?! კაცს, რომელსაც ჩვენი რეგიონის მიმართ უდიდესი დამსახურება აქვს და ლანჩხუთის „გურიას“ ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, გრფფ-ის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ „კარი მიუხურა“ - კი გაფასებ, მაგრამ ხმა რეზი არველაძეს უნდა მივცეო.
კი მაგრამ, რატომ? რა დამსახურებისთვის? რა უფლებით?
ვერ გაგვიგია, რატომ აძლევს ებრალიძე ამდენის უფლებას საკუთარ თავს, მაშინ როცა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები აბსოლუტურად სხვა აზრისანი არიან... შეხლა-შემოხლა, გაწევ-გამოწევა, ლანძღვა-გინება - რა არ მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ ფაქტია, სტატუს-ქვო დღემდე არ შეცვლილა.
კი ბატონო, იყოს არველაძე, მაგრამ ზემოთ წესდება ტყუილად რომ არ გვიხსენებია? აი, რა წერია საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ დოკუმენტში (იხ.დანართი):
„გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (ს/ნ 233645393) წესდების თანახმად, დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო განსაზღვრული არ არის. ფედერაციის წესდების მიხედვით, ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც წესდების 5.15-ე მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რაც არ განეკუთვნება ფედერაციის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების კომპეტენციას. ხოლო წესდების 5.16-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“
და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ებრალიძე გაიძახის, ჩემი გადასაწყვეტია, ხმას ვის მივცემო. არ არის ასე, ბატონო კახა, თქვენ ცდებით! ცდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც და მისი „კოლორიტული“ აღმასკომიც, როცა უკვე მეორედ გატანილ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთპიროვნული არაკანონიერი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თქვენ ყველანი ცდებით და ასამარებთ ქართულ ფეხბურთს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, ამისთვის პასუხსაც მალე აგებთ!
მართალია, ჟორდანია უკვე აღარ არის საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ სწორედ გურულების უარმა გადააფიქრებინა მას საარჩევნო მარათონში ჩაბმა, მაგრამ უკვე პრინციპის საკითხია: ჩვენ სიმართლეს ვითხოვთ!