„საქართველოში 3000-მდე მშვილებელია, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი კი მხოლოდ - 118“

„საქართველოში 3000-მდე მშვილებელია, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი კი მხოლოდ - 118“

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება.

საქართველოში უამრავი უშვილო ოჯახი ბავშვის აყვანას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელოდება. ჩვენს ქვეყანაში გასაშვილებელთა და მშვილებელთა თანაფარდობა საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში 3000-მდე მშვილებელია, ხოლო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვთა რიცხვი მხოლოდ 118-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა, გასაგებია, რომ მათზე საქართველოში მოთხოვნა არ არის.

სავარაუდოდ, ახალი რეგულაციით, დაწესდება ზედა ზღვარი და სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის 50 წელს არ აღემატება. კანონი ასევე განსაზღვრავს მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობის საკითხს: მშვილებელსა და გასაშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას, სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესობა ენიჭება ნათესავს, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერის ძმისშვილი, გერის დისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ან რომელიმე მათგანის შვილი, გერი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს, ასევე, მიმღებ ოჯახს – დედობილს ან მამობილს ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა.

შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან ძმა.

შვილად აყვანის უპირატესი უფლება გამოიყენება მაშინაც, თუკი შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი სააგენტოს ერთობლივად მიმართავენ. 

აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;

კანონი ეხება ისეთ მტკივნეულ თემასაც, როგორიცაა  შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა, ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა - ასეთი ქმედება აკრძალულია.

ასევე, აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით, ან წარმომადგენლის მეშვეობით. დაუშვებელია და-ძმის, დების ან ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს.

საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოდან იშვილოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ იშვილა საქართველოს მოქალაქემ.

შვილად აყვანის მსურველმა თავდაპირველად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალს, რეგისტრირებული, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დარეგისტრირდეს ბავშვის შვილად აყვანის მსურველად.

შემდეგ უნდა წარადგინოს ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებული ფორმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს რეგისტრაციის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, სოციალური მუშაკი განახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა (ან პირთა) პირველად შეფასებას და წერს დასკვნას.

თუკი პირველადი შეფასება უარყოფითია, სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე. ხოლო, თუ პირველადი შეფასება დადებითია, სოციალური მუშაკი, არაუმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ამზადებს ოჯახის/პირის სრულ შეფასებას და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსათვის წარსადგენ დასკვნას.

თუ სრული შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.

კანონი ადგენს იმ კატეგორიასაც, ვინც არ შეიძლება იყოს მშვილებელი პირი. კერძოდ, ასეთია პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი, ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება პირს, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის; შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; ინფექციური დაავადებები, მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე; ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად, ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე;

პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი, ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სხვა.

ბავშვის შვილად აყვანისათვის საჭიროა მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობისმოწმობა) ასლი; ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იყოს ბავშვის შეთავაზების შემდგომ.

ბავშვის შეთავაზებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, მშვილებელი ოჯახი/ პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში დღეს ძალზე ბევრი ჩვილია მიტოვებული, ამ ფონზე კი კანონმდებლობლობა შეიცავს ისეთ დაბრკოლებას, რომ თუკი რაღაც პერიოდის განმავლობაში მშობელი აკითხავს შვილს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ის გააშვილოს.

გარდა ამისა, არიან მიტოვებული ჩვილებიც, ბავშვები, რომელთა გაშვილების პროცედურა საკმაოდ გახანგრძლივებული და გართულებულია. თინათინ ნიბლოშვილის თქმით,  გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელწიფომ ჩვილის ნორმალურ პირობებში მოხვედრაზე იზრუნოს,  მაგრამ შვილად აყვანის პროცედურები ასე გახანგრძლივებული არ უნდა იყოს.

„ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული. შესაბამისად, ასეთ წყვილებს არ აქვთ უფლება, იყოლიონ შვილები. შესაძლებელია, იყო პერიოდი, როცა ჩვილები გაჰყავდათ საზღვარგარეთ, ამაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობდა და სარეკლამო რგოლებსაც უშვებდა, თუმცა ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია, გაშვილებული ბავშვის მდგომარეობით ბოლომდე დაინტერესდეს. შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდეს, მაგრამ მერე ჩვილის ან ბავშვის მდგომარეობა გაუარესდეს. თუ ჩვენ არ შეგვიძლია, გავიგოთ ჩვილის მდგომარეობა, მაშინ თავი უნდა შევიკავოთ საზღვარგარეთ გაშვილებისგან.

გარდა ამისა, ასაკობრივი ზღვარიც უნდა იყოს დაცული. არ შეიძლება, ხუთი და ათი წელი იყოს ზღვარი, რადგან 5 წლის ბავშვი ვერ შეძლებს იყოლიოს შვილი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რომ აკრძალულია 10 წლის ან ათ წელზე მეტი ასაკის ბავშვის მისი თანხმობის გარეშე გაშვილება, ეს, ალბათ, ფსიქოლოგის შესაფასებელია, რადგან გარკვეულ ასაკში ბავშვი განვითარების სხვადასხვა ეტაპს ინდივიდუალურად გადის.

როცა ბავშვი აღარ არის მცირეწლოვანი და უკვე ჩამოყალიბებულია, შეიძლება, სირთულეებთან იყოს დაკავშირებული მისი გაშვილება. ამიტომ, ალბათ, სასურველია, მცირეწლოვანი ბავშვი გაშვილდეს, რადგან ის უფრო ადაპტირდება და ადვილად შეეგუება ახალ ოჯახს. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საქმეში არასამთავრობოებსაც ჩართავს და გაამარტივებს და დახვეწავს შვილად აყვანის საკითხს, რადგან საკმაოდ ბევრი წყვილი ელოდება შვილს“,-აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

რაც შეეხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, თინათინ ნიბლოშვილი მიესალმება, რომ ამ ბავშვების თავშესაფრები უკვე გადაკეთდა ოჯახური ტიპის თავშესაფრებად, სადაც ნორმალური პირობებია, თუმცა არის სეგმენტი, რომელიც გასულია ამ სფეროდან. ეს არის კრიზისულ ცენტრებში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც სახელწიფო ვერ უზღუდავს გადაადგილების საშუალებას. ისინი თავს ირჩენენ  მოწყალების თხოვნით, ხშირად წებოსაც სუნთქავენ, მთელი დღის განმავლობაში დადიან ქუჩაში და შემდეგ ღამეს ათევენ კრიზისულ ცენტრებში. ამიტომ ეს სფერო უფრო უნდა დაიხვეწოს.

კიდევ ერთი პრობლემაა ქუჩაში მცხოვრები ბავშვები. მას შემდეგ, რაც ცხელი ხაზი ამოქმედდა, ქუჩაში მყოფი მზრუნველობამოკლებული ბავშვის დახმარება უფრო გაიოლდა. ჩვენ შეგვიძლია, დავრეკოთ ცხელ ხაზზე, რის შემდეგაც ბავშვთან მობილური ჯგუფი მივა და დახმარებას შესთავაზებს. თუმცა ხშირად ეს ბავშვები უარს ამბობენ დახმარებაზე, ანუ თავშესაფარში წაყვანაზე, რადგან უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ ქუჩაში მოწყალების თხოვნით და აღარ უნდათ სხვა სახის დახმარება სახელმწიფოსგან.  

„ბავშვთა დახმარების ცენტრის“ ექსპერტი ქეთევან მარგალიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შვილად აყვანის შესახებ კანონი ამომავალი წერტილია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ შევუერთდით გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას და უკვე არაერთი წელია, ვიცავთ მის მოთხოვნებს.

„მიმდინარეობს ამ კანონის რევიზია. დასრულებულ სახეს როდის მიიღებს კანონი, რთული სათქმელია. ბავშვსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა გონივრული უნდა იყოს. როდესაც ბავშვი შვილდება, იქ ბევრს ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. გააჩნია, რა ასაკის ბავშვი შვილდება, გააჩნია იმასაც, რა სოციალური სტატუსის ბავშვია. გარკვეული სტანდარტები უნდა იყოს, რომელსაც, ასე თუ ისე, ყველა უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გაშვილების შემდგომ ბავშვის მდგომარეობის შემოწმებას გარკვეული ხარვეზები აქვს, მაგრამ იმედია, მომავალში ეს ხარვეზები დაიხვეწება.

ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციაა. რაც შეეხება უცხოეთში გაშვილებას, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ურთულესი საკითხია. ამაზე მუშაობაა საჭირო, რადგან შესაფასებელია სიტუაცია, სადაც ბავშვი შვილდება, ქვეყნებს შორის  უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენი მოქალაქე დაცული იქნება შემდგომი გაშვილების შედეგად“,-აღნიშნა ქეთევან მარგალიტაძემ და შვილად აყვანის გაჭიანურებულ პროცედურასაც შეეხო.

მისი განმარტებით, გაშვილების საკითხი უცბად ვერ გადაწყდება, რადგან უნდა შეფასდეს მშობლის ოჯახი, შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა, შემდეგ კი მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს, თუ რამდენად შეეწყობა ბავშვი ამ ოჯახს.

სახალხო დამცველის აპარატში For.ge-ს განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე ახალი კანონმდებლობის შესწავლის პროცესში არიან ჩართულნი და მას შემდეგ გვაცნობებენ საკუთარ მოსაზრებას შვილად აყვანის შესახებ, რაც პარლამენტში მათი ინიციატივა შევა.

ჩვენ დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს მარი წერეთელსაც, თუმცა კომენტარის ჩაწერა რატომღაც, ვერ მოხერხდა.