„არ სუბსიდირდება ქლიავი და ვაშლი მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები  არ მოჰყავთ“

„არ სუბსიდირდება ქლიავი და ვაშლი მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები არ მოჰყავთ“

კახელი გლეხები ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ, მათი განმარტებით, ფასი, რასაც მათ ყურძნის ჩაბარებაში სთავაზობენ, მიუღებელია და სულ მცირე, ერთი ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს კილოგრამი ყურძნის ჩაბარება, რათა ზარალი არ ნახონ. კახელი მევენახეები „ნაციოანლური მოძრაობის“ მიწვევით პარლამენტში მივიდნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და გარკვევას  მომავალი კვირისთვის დაპირდა.

პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე, სადაც მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი - 60, ხოლო საფერავის - 85 თეთრია.

 რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ ჩადებული სუბსიდია, რა ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს გლეხის წინაშე, არის თუ არა სუბსიდირება სწორი პოლიტიკა და როგორ არეგულირებს თავისუფალი ბაზარი ფასებს? - ამ თემებზე For.ge ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტ ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიას კახელ მევენახეთა კატეგორიული მოთხოვნა პოლიტიკურად დადგმული ჰგონია და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩადებული სუბსიდია 35 თეთრს შეადგენს, დანარჩენს კი უკვე თავისუფალი ბაზარი არეგულირებს, რომელსაც ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს.

„სახელმწიფოს მიერ მიცემული სუბსიდია 35 თეთრს შეადგენს, დანარჩენ ფასს კი უკვე ბაზარი ადგენს, მას ვერ უკარნახებ, ეს გამორიცხულია. წელს დიდი მოსავალი მოვიდა, 200 000 ტონა და მაღალ ფასს ვერავინ ვერ დაადებს“,-აცხადებს ექსპერტი.

ჯგერენაიას აზრით,  მართალია, რუსეთის ბაზარი ღიაა იმისთვის, რომ ღვინო გავიტანოთ, მაგრამ იმის გამო, რომ რუბლის დევალვაციამ კატასტროფულ ნომრებს მიაღწია, შეფერხდა მიწოდება, რადგან  რუსეთის ბაზარი დღეს რეცესიას განიცდის და ბუნებრივია, ექსპორტი მცირდება.

„ეს რეალობაა და გამოსავალი უნდა ინახოს. კატეგორიული მოთხოვნა - ამდენი გადამიხადე, თორემ ამას ვიზამ,  პოლიტიკოსების ხელგარეული მგონია. შარშან თხილის მცირე მოსავალი იყო და უზარმაზარი თანხა ჩადეს - 27 თეთრი კილოგრამ თხილში. ბაზარი ცვალებადია. შარშან კმაყოფილები იყვნენ მევენახეები, დღეს უკმაყოფილოები არიან“,-აცხადებს ჯგერენაია.  

საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მიხეილ ჯიბუტის აზრით, ის, რაც დღეს ხდება  შენარჩუნებული საბჭოთა სისტემის ბრალია. სუბსიდირება არასწორი პოლიტიკაა და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე უნდა გადავიდეს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა და იმიტომ, რომ  შენარჩუნებულია საბჭოთა სისტემა.

„გლეხებს  იყენებენ პოლიტიკური მიზნით. თუ დააფინანსეს შარშან, წელსაც უნდა დააფინანსონ, თუ არადა, უნდა ვუთხრათ სიმართლე და გადავიდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე. ეს არის არასწორი პოლიტიკა, რომელიც 8 წელია ტარდება და მოდის საბჭოთა კავშირიდან; მაგრამ არასწორ პოლიტიკას თუ ატარებ პოლიტიკური მიზნით, უნდა გაატარო უნდა მეორე წელსაც.

ხელისუფლება გლეხებთან მართალი არ არის იმიტომ, რომ არასწორ პოლიტიკას იყენებს. უნდა დააფინანსონ არა ღვინის ქარხნები, არამედ გლეხის წარმოება, კონკრეტულად კი რა მოთხოვნებია კი ამის შესწავლაა საჭირო“,-განაცხადა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სამუდამოდ უნდა აიღოს ხელი და უარი თქვას სუბსიდიურებაზე, რადგან ამით არაჯანსაღი საბაზრო ურთიერთობები მკვიდრდება.

„ვთვლი, რომ  ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სამუდამოდ უარი უნდა თქვას სუბსიდირებაზე. შესაბამისად, როცა გლეხებს ეცოდინებათ, რომ ყურძნის წარმოება სუბსიდირებული არ არის, ისინი თვითონ იზრუნებენ იმ ოდენობის და იმ ხარისხის ყურძნის წარმოებაზე, რომლის რეალიზაციასაც მოახდენენ.

არ სუბსიდირდება ქლიავი, ვაშლი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროდუქტების წარმოება არ ხორციელდება. პირიქით, არასდროს გაუკეთებია სახელმწიფოს  ნუშის, კაკლის წარმოების სუბსიდირება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მიმართულება.

სუბსიდირებით ვფიქრობ, რომ არაჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებს ვამკვიდრებთ. გლეხები თუ ვერ  შეძლებენ, სხვა კულტურების მოყვანაზე გადავლენ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ-ყურძნის მაგივრად ვაშლი, კაკალი ან ნუში რომ მოიყვანონ“,-განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი თვლის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება სუბსიდირება გააკეთოს სოფლის მეურნეობის  ნებისმიერი მიმართულებით, ეს მხოლოდ მისი კეთილი ნებაა, სუბსიდირებისთვის გადახდილი თანხა კი ადექვატურია, მიმდინარე მოვლენებმა კი პოლიტიკური შანტაჟის სახე მიიღო.

„იცით რა ჯდება ერთი კილოგრამი ყურძნის მოვლა?-20 თეთრი. შესაბამისად მგონია, რომ სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიერ გადახდილი თანხა, საკმაოდ ადექვატურია და აქედან გამომდინარე საპრეტენზიო და უკმაყოფილების გამოსათქმელი არ აქვთ. სახელმწიფოს  არ აქვს  ვალდებულება სოფლის მეურნეობაში გააკეთოს სუბსიდირება  და ეს არის მისი კეთილი ნება. რატომღაც მგონია, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური შანტაჟის სახე მიიღო, თუ არ გადამიხდი ლარს მე- არჩევნებზე ხმას არ მოგცემ. ეს არ არის სწორი პოზიცია და სწორის პოლიტიკა გლეხების მხრიდან. გლეხმა ან უნდა მიიღოს ის თანხა, რასაც სახელმწიფო აძლევს, ან თვითონ გაყიდოს უკეთეს ფასად თავისუფალ ბაზარზე“,-აცხადებს ექსპერტი.