საბერძნეთის და ბულგარეთის შემდეგ, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიის მიმართუელბით გადაადგილდებიან, საკუთარი საჰაერო სივრცე, უკრაინამ დაუკეტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გასცა განკარგულება, გაძლიერდეს კონტროლი რუსეთის ყველა თვითმფრინავზე, რომელიც სირიის მიმართულებით გადაადგილდება.
„საჰაერო სივრცე ასეთი თვითმფრინავებისთვის უკრაინის ტერიტორიის თავზე სრულიად დაკეტილია, განსაკუთრებულად კონტროლდება ნეიტრალური წყლების თავზე არსებული საჰაერო სივრცე“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიის მიმართულებით გადაადგილდებიან, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა ბულგარეთმაც. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის დანიელ მიტოვის განცხადებით, თვითმფრინავებს დერეფანი დაეთმობათ იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის თვითმფრინავები შესამოწმებლად ბულგარეთში დაეშვებიან. როგორც მიტოვი აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლებას სურს დარწმუნდეს, რომ კონფლიქტის რაიონში ნამდვილად ჰუმანიტარული ტვირთი ჩადის და არა იარაღი.
რუსეთი რომ ასადის რეჟიმის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას განარგძობს, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. სამხედრო-ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, რუსეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ასადის რეჟიმს ავიაციითაც დაეხმარნენ. მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ ბოსფორის სრუტეში რუსეთის სამხედრო-სადესანტო ხომალდი გამოჩნდა. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი სირიის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
სირიაში, ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაგზავნისთვის რუსეთი აქამდე ძირითადად, საზღვაო გზას იყნებდა. სამხედრო ტექნიკა ნოვოროსისკიდან სამოქალაქო საზღვაო გემებით იგზავნება, მარშრუტი კი ასეთია - შავი ზღვა, შემდეგ ბოსფორის სრუტის გავლით მიდის ხმელთაშუა ზღვაში და ამის შემდეგ უკვე სირიის საზღვაო პორტებში ხვდება. სამხედრო ტექნიკა იტვირთება სირიის ქალაქ ტარტუსში არსებულ რუსულ საზღვაო სამხედრო ბაზაზე. საზღვაო ბაზასთან ერთად, რუსეთს აქვს საჰაერო სივრცე, რაც ბევრად ძვირია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიის მიმართუელბით გადაადგილდებიან, საკუთარი საჰაერო სივრცე უკრაინამ დაუკეტა, ჟურნალ არსენალის სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა არ არის გადამწყვეტი, რადგან რუსეთი ისედაც არ გამოიყენებდა უკრაინის საჰაერო სივრცეს, ამისთვის მას აქვს შავი ზღვა.
„რჩება კიდევ სხვა მიმართულელები კერძოდ - კასპიის ზღვის გავლით საჰაერო სივრცე ირანი-ერაყი და სირია. იმ შემთხვევაში თუ თურქეთმა ჩაკეტა და არ გაატარა რუსეთის საზღვაო ხომალდები, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემა ექმნება, მაგრამ თუ სერიოზული საერთაშორისო დონის სანქცია არ იქნა მიღებული, თურქეთი გზას ვერ ჩაკეტავს,რადგან არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ეკრძალება საზღვაო გზის ჩაკეტვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ სირიაში 5-ათასიანი შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი ჩართულია ამ ბრძოლაში, რადგან მის ინტერესში შედის ასადის რეჟიმის სასარგებლოდ „ისლამური ხალიფატისთვის“ დარტყმის მიყენება. რადგან, ისლამური ხალიჰატი არის რეალური საფრთხე, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ასადის რეჟიმს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თუკი რუსეთი დაეხმარება ასადის რეჟიმს, მაშინ ძალიან ადვილად გაუმკლავდება დანარჩენ ოპოზიციას და სხვა დაჯგუფებებს, რომლებიც მათ ებრძვიან.
„უკრაინის პოზიცია გასაგებია, რადგან უკრაინა და რუსეთი საომარ მდგომარებაში არიან და ბუნებრივია, რომ უკრაინა გადაკეტავდა საჰაერო გზას. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთს რამდენიმე ვარიანტი რჩება - საქართველო და კასპიის ზღვა. რუსეთისთვის ყველაზე ოპტიმალური არის კასპიის ზღვა. ვფიქრობ, რუსეთი შეეცდება სწორედ ამ მიმართულებით გააქტიურებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, მასშტაბურ ოპერაციაში სახმელეთო ჯარების ჩართოს, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, საქართველოს ტერიტორიის გასასვლელად გამოყენება მოისურვოს.
„ამ ვითარებაში ბევრია დამოკიდებული იმაზე, რას მოიფიქრებენ დასავლეთის წამყვანი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი სტრუქტურები. თუმცა, რუსეთის შეჩერება არ ნიშნავს, რომ გადაიფიქრებს სირიაში საკუთარი გავლენის გამყარებას. რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ ტერიტორიებზე, სადაც ის უკანონოდ სჩადის სხვადასხვა უსამართლობას, ასევე, მისი ყველა წინა დანაშაული აღმოჩნდეს ისტორიულ სიბრტყეში გადატყორცნილი.
ამიტომ, აუცილებელია იმ საკითხების აქტუალიზაცია, რაც 2008 წელს რუსეთის დამსახურებით მოხდა საქართველოში, შემდეგ უკვე 2014 წელს - უკრაინაში. ეს თემები მუდმივად უნდა იყოს იმ დღის წესრიგში, რომლის საშუალებითაც დასავლეთი მოქმედებს და ცდილობს ადეკვატური რეაგირების მოხდენას რუსეთის სამხედრო ავანტურებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.