ნაციონალებმა საკუთარ პროვოკაციაში მევენახეები ჩართეს

ნაციონალებმა საკუთარ პროვოკაციაში მევენახეები ჩართეს

ნაციონალების მიერ დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაცია, უმრავლესობის მახვილგონიერებით დასრულდა. პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ნაციონალებისა და კახელი გლეხების რამდენიმეწუთიანი სტუმრობა შეხლა-შემოხლის ფონზე დაიწყო და მუქარებით წარიმართა.

კერძოდ, დღეს, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის ანგარიშზე უნდა ემსჯელათ, რა დროსაც, საკომიტეტო დარბაზში, ნაციონალებთან ერთად მევენახეები გამოცხადნენ.

სხდომის დაწყების წინ, ნაციონალებმა კომიტეტების დღის წესრიგში მევენახეთა პრობლემის ჩასმა მოითხოვეს და მოტივი კახელი გლეხების სტუმრობით ახსნეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეებმა - ზურაბ ტყემალაძემ და გელა სამხარაულმა აუხსნეს, რომ  მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ იყო შეტანილი. შესაბამისად, სტუმრებს მოწვევა, ხოლო თემას მომზადება სჭირდებოდა.

უმრავლესობის წევრების განმარტება გიორგი ღვინიაშვილისთვის  მიუღებელი აღმოჩნდა და მოითხოვა, რომ კახელ მევენახეებს კომიტეტზე გამოსვლის უფლება მისცემოდათ.

„აქ კახელი მევენახეები იმყოფებინ და რა ვქნათ, ეს ხალხი უკან გავუშვათ? უხერხულად მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უკან გავუშვათ და რეგიონებში ისევ უპასუხოდ ჩავიდნენ. ამას არავითარი პოლიტიკის გამო არ ვაკეთებთ“, - მიმართა უმრავლესობას ღვინიაშვილმა,  რომლის სიტყვებიც ტყემალაძემ არ ირწმუნა და მას პროცედურები განუმარტა.

ტყემალაძის განცხადებით, უმცირესობამ პროცედურები ძალიან კარგად იცის და ხელისუფლება არც გლეხებთან საუბარს გაურბის.

„მათთან საუბარს არ გავურბივართ, მაგრამ მათ ჩვენგან გარკვეული პასუხი რომ წაიღონ, საკითხს მომზადება სჭირდება. პრობლემა არ არის, სხდომას დღესვე მოვიწვევთ, ან ხვალ. ხალხს სანამ გურჯაანიდან და თელავიდან ჩამოიყვანდით,  ეს ჩვენთვის მანამდე უნდა გეთქვათ და შესაბამისს პირებს მოვიწვევდით, მაგრამ თქვენ ხომ,  აჟიოტაჟი გინდათ“, - მიმართა უმცირესობას ტყემალაძემ, რომლის პასუხიც -სხდომის მოწვევის თაობაზე არ ესიამოვნათ ნაციონალებს.

ერთ რიგში მსხდომმა - ნუგზარ წიკლაურმა, გიორგი ღვინიაშვილმა, ლევან თარხნიშვილმა, ტარიელ ლონდარიძემ და ვახტანგ ლემონჯავამ ერთმანეთს გადაულაპარაკეს და საუბარი ერთ ხმაში დაიწყეს, რომ საკითხი დღის წესრიგში ან დაუყონებლივ ჩაესვათ, ან პროტესტის ნიშნად სხდომას დატოვებდნენ.

სანამ ნაციონალებმა სხდომა დატოვეს, მანამდე, ერთმანეთის მიმართ ფიზიკურად ლევან თარხნიშვილმა და დავით ლორთქიფანიძემ გაიწიეს, ინციდენტი კი, მანდატურის სამსახურმა ამოწურა.

მართალია, დარბაზში გამართული პოლიტიკური სპექტაკლის დროს, კახელ გლეხებს საკუთარ პრობლემაზე საუბრის საშუალება არ მიეცათ, მაგრამ მათ თავიანთი სათქმელი პარლამენტის დერეფანში თქვეს.  

გურჯაანის რაიონის სოფელი ველისციხის მცხოვრების, ვაჟა ქიტუაშვილის განცხადებით, კახელი კლეხები ერთ კილოგრამ რქაწითელში - ერთ ლარს ითხოვენ, ხოლო საფერავში - ორ ლარს. 

ქიტუაშვილის თქმით, მევენახეებს სახელმწიფომ დახმარება დაუყონებლივ უნდა აღმოუჩინოს.

„თებერვლისდან დაწყებული დღემდე, მზის ამოსვლას ვენეხში ხვდები. ესენი კი, პარლამენტში სხედან. გოგი თოფაძე იძახის, ყურძენი 20 თეთრი რომ ღირდა, ხმა მაშინ რატომ არ ამოიღეო?! ხელისუფლება გვიპირდებოდა, რომ ყურძენი ლარზე მეტი ეღირებოდა, ახლა კი მისი ფასი - სასაცილოა. მინისტრმა ბრძანა, რომ ყურძენი გლეხს 20 თეთრი უჯდებაო. მას ჩემს ვენახს, მუშა ხელს მივცემ, მანქანას დავუქირავებ და ნახოს, ყურძნის მოკრეფა რა დაჯდება. თუკი მას ყურძენი 10 თეთრი დაუჯდება, არაფერი მინდა, თუ არა და, ერთ კილოზე 10 დოლარი გადამიხადოს. ამაზე უარესებიც მინახავს და რაღაცას კიდევ მოვესწრები, მაგრამ ესენი ხმებს ვეღარ მიიღებენ“, - აცხადებს ქიტუაშვილი, რომლის მსგავსად, მუქარის ტონი ისმის ნუგზარ წიკლაურისგან, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა -  „უმცირესობა რატომ არ დათანხმდა უმრავლესობის შეთავაზებას სპეციალური სხდომის მოწვევის თაობაზე, თუკი მათ მართლაც აჟიოტაჟი და ხმაური არ სურდათ“?

წიკლაური for.ge-ს არწმუნებს, რომ ნაციონალები იმ პრობლემის წარმოჩენას ცდილობენ, რომელიც კახელ გლეხებს აქვთ.

კანონმდებელის შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კახელ გლეხებს ყურძენში მათხოვრული ფასი მიუგდოს, რაც ყურძნის მოყვანის ხარჯებს არ ჰყოფნის.

„კახეთში პრობლემები რომ არის, ამას კომიტეტის ხელმძღვანელობა ვერ ხედავს? მათ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურთ. ხელისუფლების მხრიდან დაპირება იყო გაცემული, რომ ყურძნის ფასი ერთი ლარი იქნებოდა, მაგრამ ახლა მათი პასუხები  აგდებული და ცინიკურია. პარლამენტში ხალხი ჩამოსულია და მათ „ქართულ ოცნებასთან“ სალაზღანდარაოდ არ სცალიათ. მთავრობა პასუხს საქართველოს ქუჩებში ქართველი ხალხისგან მიიღებს“, - დასძინა წიკლაურმა, რომლის მსგავსად, გიორგი ღვინიაშვილი ყურძნის ფასზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს  ღვინიაშვილმა განუცხადა, პარლამენტში მევენახეთა პრობლემაზე  სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა ისაუბროს და არა - ღვინის წარმოების სააგენტომ.

მისი ცნობით,  კახეთში ყურძენს ფასი არ აქვს, ქარხნები ყურძენს არ იბარებენ და ყურძენი ფუჭდება.

„გლეხს პასუხს არავინ სცემს. ბოლო წლებში, კახეთში ყურძნის ფასი ერთი ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავრობის უნიათობით ყველაფერი შეიცვალა. აქცენტი რუსულ ბაზარზე გააკეთა  და ამან პრობლემები გამოიწვია. დაზარალებულია გლეხი, ქარხანა და ღვინის იმპორტიორიც. სახელმწიფო წორ პოლიტიკას რომ ატარებდეს, ეს პრობლემები არ იქნებოდა. ახლა ნება უნდა იბოძონ, რომ ერთჯერადი კომპენსირება მაინც გააკეთონ“, - განაცხადა ღვინიაშვილმა, რომელსაც უმრავლესობა პოლიტიკურ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აცხადებს, რომ  საქართველოსთვის ვენახი-ღვინო მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არ არის.

მისი მოსაზრებით, ძალიან ძნელია, როცა ქართველი კაცი ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის და სცენების დადგმისთვის იყენებს.

„ჩვენ პარლამენტში გლეხების მოსვლის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით. დღის წესრიგში სხვა საკითხები იყო გაწერილი და ნაციონალებმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. საკითხის განხილვაზე უარს არ ვამბობთ და მზად ვართ, თითოეულ მევენახეს მოვუსმინოთ. ამ საკითხზე ჩემზე მეტად არცერთი ოპონენტი არ წუხს, რადგან ბავშვობიდან მევენახეობით ვარ დაკავებული“, - აცხადებს სამხარაული, რომელსაც   for.ge-მ კითხვით მიმართა - სახელმწიფომ როდემდე უნდა მოახდინოს, ყურძნის სუბსიდირება?

სამხარაულის თქმით, ყურძენის ღირებულება შეიძლება 1-2 ლარიც გახდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ურთიერთობაზე, რომელიც შეიძლება, გლეხსა და ჩამბარებელს შორის დამყარდეს.

კახელი გლეხების პრობლემით დაინტერესებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს  „ეროვნული ფორუმის“ წევრი თემურ მაისურაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  თუკი მოსახლეობას ვინმე ხელს არ შეუწყობს, შეიძლება, მევენახეებმა უკიდურესი ნაბიჯი გადადგან და ვენახი გაჩეხონ.

მაისურაძის განცხადებით, სპირტის დამამზადებელი ქარხანა უნდა გაკეთდეს.

„როცა საქართველო ბაზრებს მოიპოვებს, მერე ღვინის რესურსის გაზრდა ძნელი იქნება. ასეთ შემთხვევებში, საწარმო უნდა არსებობდეს, სადაც ზედმეტი ყურძენი იქნება ჩაბარებული და სპირტი გამოიხდება, რომელიც მსოფლიოში სასურველია.  თუკი მეღვინეობა ჩვენი  პრიორიტეტული დარგია, მაშინ ეს ბუფერები გათვალისწინებული უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ გლეხსაც უღირდეს მუშაობა და სახელმწიფოსაც ჰქონდეს სარგებელი“, - აცხადებს მაისურაძე.

დეპუტატი ნაციონალების დღევანდელ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ მათ სასაუბრო არაფერი აქვთ, რადგან ყოფილი ხელისუფლება ხალხს ყურძენს 15 თეთრად აბარებინებდა.

„ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მოსახლეობას ყურძენს 15 თეთრად აბარებინებდა. მათ საერთოდ არაფერი ეთქმით. ეს ის ხალხია, ვინც კახელებს ვაზი გააჩეხინა.  გლეხს თავისი ბაზარი სჭირდება, რომ ისინი მარტო ადგილობრივ ბიზნესმენებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი“, - განაცხადა მაისურაძემ.

ფაქტობრივად, დღეს, ნაციონალებს „კოვზი ნაცარში“ ჩაუვარდათ, რადგან მათი მიზანი იყო, რომ პარლამენტს გლეხებისთვის არ მოესმინა, უმრავლესობამ კი, წინდახედულობა გამოიჩინა და საკითხი დღის წესრიგში ჩასვა.