ლარზე საშემოდგომო ზეწოლა დაიწყო. მართალია, ქვეყნის ყველა ეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია და ეროვნულ ვალუტაზე აღარც ფუნდამენტური ფაქტორები აღარ მოქმედებს, მაგრამ კურსი მანც მუდმივად დაღმავალია. ბოლო ორ დღეში ლარი ელვისებურად დაეშვა თავქვე და ისტორიულ მაქსიმუმს მიუხლოვდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით,
ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე შეიძლება გავლენას ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო. იგი ლარის გაუფასურების პროცესს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციით ხსნის, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამჟამად იმაზე მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს.
ინვესტიციებთან დაკავშირებით 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა. დღეს არსებული ყველა პარამეტრით, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 80%-ით მეტი შემოვიდა, ტურისტული ნაკადი საკმაოდ მაღალი იყო, წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ლარის კურსს შიდა ფაქტორებით გამოწვეული რყევა არ უნდა ჰქონდეს.
ჩვენს გარშემო ქვეყნებში ვალუტები საკმაოდ გაუფასურდა. აზიისა და ევროპის ბაზრებზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციას იმის მოლოდინი ამძაფრებს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. ამიტომ მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი იმისა, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება. ეს მოლოდინები საქართველოზეც გადმოდის ~, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
ამასობაში კი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა `ეროვნული ბანკის~ შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა `საკანონმდებლო მაცნეში~ უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც, ის ძალაში შევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა.
თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია~, - აღნიშნა დავით პატარაიამ.
ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტირს მოადგილეს უჭირს წინასწარ იმის თქმა თუ რა გავლენას მოახდენს ლარის კურსზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა და მისი ცალკე ამოქმედება. კაკურიძის აზრით, მთავარია, ორივე ინსტიტუტმა წარმატებულად იმუშაოს.
ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას გამართულად ფუნქციონირებადი საფინანსო ინსტიტუტები ახდენს. ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება თუ რა გავლენას მოახდენს ლარის კურსზე ეს პროცესი~, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
სპეციალისტები კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას სხვა პროცესებს უკავშირებენ. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ფუჭი მოლოდინის გაჩენით ნდობა დაკარგა.
„როდესაც 7-8-ჯერ გეტყვიან, რომ სტაბილურობა იქნება, რეალური შედეგი კი სხვაა, ამის შემდეგ რატომ უნდა დაიჯერო?~ _ კითხულობს ნამჩავაძე და იქვე განმარტავს, რომ მთავრობა ვალდებულია, ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომ დადებითი მოლოდინი შექმნას. ეს კი მას აჟიოტაჟს და პანიკას ააცილებს თავიდან.
საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ გაიგო, ვინ, რომელი ორგანოა პასუხისმგებელი ლარის სტაბილურობაზე და ამ თემების ირგვლივ რეალური ინფორმაციის მიწოდებაზე. თუკი ერთერთი მთავარი ფაქტორი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიზანმიმართული ქმედებებია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ, რატომ არ იძიებს ხელისუფლება ამ საქმეს და მხოლოდ დამკვირვებლის როლში რატომ გვევლინება?
ეკონომიკის ექსპერტი ეკა გეგეშიძე აცხადებს, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, თუმცა არც ფინანსური და არც ეკონომიკური კოლაფსი არ ელოდება. მისი შეფასებით, გამოსავალი ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხების შემცირებაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით იმუშაოს და კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა იმისათვის, რომ ფულადი შემოდინებები ქვეყანაში გაიზარდოს, ასევე წახალისდეს ექსპორტი.
როგორც ადეიშვილმა `კომერსანტს განუცახადა, მთავრობამ ბიზნესიც უნდა წაახალისოს, რაც ძირითადად, საგადასახადო განაკვეთების შემცირებით და სხვა რეგულაციების გაუქმებაში უნდა გამოიხატებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საქართველოს ეკონომიკა მოქნილი გარე შოკების მიმართ.