„პაატა ბურჭულაძეს შეუძლია ჯერ ხელისუფლებასა და ეკლესიასთან შევიდეს დიალოგში და მერე გამოთქვას საკუთარი აზრი“

„პაატა ბურჭულაძეს შეუძლია ჯერ ხელისუფლებასა და ეკლესიასთან შევიდეს დიალოგში და მერე გამოთქვას საკუთარი აზრი“

მსოფლიო ბანმა ნაჩქარევი განცხადება  გააკეთა, როცა თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ღვთისმშობლის კვართის ჩამობრძანების შესახებ აუწყა საზოგადოებას,-მიიჩნევენ თეოლოგები და ფიქრობენ, რომ საკითხი ქართველ სასულიერო და საერო საზოგადოებასთან დიალოგის ფორმატში უნდა გადაწყდეს.

საუბარია საქართველოში დავანებულ უდიდეს სიწმინდეთაგან ერთ-ერთზე, ღვთისმშობლის კვართზე, რომელიც ამჟამად ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული - ანუ ვლაქერნობა აღინიშნება და ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს ზუგდიდის მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება.

ზუგდიდელები მიიჩნევენ, რომ ღვთისმშობლის კვართი არ უნდა გავიდეს სამეგრელოდან. ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2007 წელის 15 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი უნდა ყოფილიყო ზუგდიდში.

იმ პერიოდში პატრიარქმა ისიც აღნიშნა, რომ „თბილისში გაკეთდა მოსათავსებელი ლუსკუმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგისთვის და ამიერიდან ეს ლუსკუმა თავისი პერანგითა და წმინდა ნაწილებით იქნება აქ, ზუგდიდში და დღესასწაულებზე გვექნება საშუალება, ვემთხვიოთ“.

პაატა ბურჭულაძის მხრიდან მახათას მთაზე ღვთისმშობლის კვართის გადმობრძანების სურვილის გახმოვანების შემდეგ კი საპატრიარქომაც გაავრცელა  განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ  პაატა ბურჭულაძის განცხადებამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა.

„ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახან გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა. ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამის საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.

ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს, ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

პარალელურად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა, რომ, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩება.

პაატა ბურჭულაძის აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა არ გამორიცხავენ, რომ მსოფლიო ბანი, შესაძლოა, პოლიტიკური სცენისთვის ემზადებოდეს და ეს საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფის ინტერესშიც იყოს. თუმცა საპატრიარქოს სახელით გავრცელებული განცხადების შემდეგ ირკვევა, რომ მსოფლიო ბანის ასეთი მკვეთრი განცხადება არ ემთხვევა საპატრიარქოს ერთიან პოზიციას.

წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საეკლესიო სიწმინდეები აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ეკლესიას და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ სიწმინდეების დაცვა. ასე რომ, ღვთისმშობლის კვართმაც უნდა დაივანოს არა ზუგდიდის მუზეუმში, არამედ-ეკლესიაში.

„სახელმწიფოს შესაბამისი მექანმიზმები გააჩნია, თუ როგორ დაიცვას სიწმინდეები. ხობში გადააბრძანებენ ღვთისმშობლის კვართს თუ ზუგდიდის ეკლესიაში, ეს უკვე ეკლესიის პრეროგატივაა. ასეთი სიწმინდე ზუგდიდის მუზეუმში არ უნდა ინახებოდეს. თავის დროზე კომუნისტებმა გაიტაცეს ეს სიწმინდეები და ჩვენ ხომ კომუნისტების მემკვიდრეები არ უნდა ვიყოთ?!  მე არ ვაკეთებ კომენტარს პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ვიმეორებ, საეკლესიო სიწმინდეები ეკლესიაში უნდა იყოს“,-აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.

თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავის დროზე ათონის მთაზე ყოფნა მოუწია, სადაც ღვთისმშობლის ხატი უდიდეს სიწმინდედ ითვლება და იქაურმა ბერებმა ვერაფრით გაიგეს, რომ საქართველოში ღვთისმშობლის კვართი, ეს უდიდესი სიწმინდე, ტაძარში კი არა, ზუგდიდის მუზეუმში ინახებოდა.

„იქაურმა ბერებმა მკითხეს, სიწმინდეს მუზეუმში რა უნდაო? რა ვიცი, წაიღეს-მეთქი. არ აქვს მნიშვნელობა, კომუნისტებმა წაიღეს თუ ვინ წაიღო. ახლა ხომ აღარ არიან კომუნისტები?! თავის დროზე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი-ნოდარ ლომოური იმასაც ამბობდა, ეს გაუნათლებელი მღვდლები ხატებს გამიჭვარტლავენო.

რას ჰქვია  ხატის გამჭვარტლა? ხატის წინაშე კანდელი უნდა ენთოს და უნდა უკმიო, აბა, რისთვის არის ხატი? ასე იფარავდა ივერიის ღვთისმშობელი იქაურობას, კარიბჭისა ამიტომაც ჰქვია, რომ კარიბჭეზე იდო და ხალხს მფარველობდა. კვართი აუცილებლად ტაძარში უნდა იყოს, მის წინაშე მსახურება უნდა აღესრულებოდეს კმევით, ლიტანიობით, მრევლი უნდა ემთხვეოდეს და ევედრებოდეს შემწეობას.

მე ვფიქრობ, კვართი უნდა იყოს ზუგდიდში, რადგან ღმერთმა ისე დააწესა, რომ აქამდეც იქ იყო. საოცრებას გეტყვით, როცა რუსები შემოვიდნენ 2008 წელს, ისინი ზუგდიდში ვერ შევიდნენ, კვართმა დაიცვა ზუგდიდი, არადა, ყველგან შევიდნენ“,-აღნიშნა მამა დავით ქვლივიძემ. 

მანვე განმარტა, რომ სინოდმა და პატრიარქმა უნდა გადაწყვიტონ, სად უნდა იყოს  ღვთისმშობლის კვართი. მისი აზრით, კვართი საზღვრის პირას უნდა იყოს, ანუ ზუგდიდის ეკლესიაში.

„პაატამ რაც თქვა, არ მომისმენია, მაგრამ, თუ საპატრიარქოს არ შეუთანხმდი და ისე წყვეტ რაღაცას მახათას მთაზე იქნება თუ სადმე სხვაგან, არ შეიძლება. საქართველოში, სანამ ეს ხატები გარეთ იყო და არა - მუზეუმებში, ქვეყანა დაცული იყო. ხოლო, როცა ხატები მუზეუმშია, ხან ამერიკაში წაღება უნდათ, ხან რას არ მოიფიქრებენ. ისეთი ასლების გაკეთება შეუძლიათ, ვერც გაიგებთ. დიდი მცოდნეებიც ვერ გაერკვევიან ამაში. ამიტომ ხატი და სიწმინდეები ეკლესიაში უფრო დაცული იქნება იქნება. ათონის მთაზე ბერძნებს ვინ გაუბედავს ხატების გატანას, იმათ ისე აქვთ საქმე დაყენებული, რომ ამას მოსთხოვენ?!“

თეოლოგი ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სიწმინდეების გადატანასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს და კონკრეტულ ვითარებას გააჩნია. მისი თქმით, ზოგიერთი სიწმინდე უნდა იყოს მუზეუმში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეკლესიას არ აქვს საშუალება, მას მოუაროს.

მაგალითად, არსებობს ხატი ან ხელნაწერი, რომელიც ეკლესიას რომ გადასცე, გაფუჭდება. თუმცა ზოგიერთი საეკლესიო სიწმინდე უნდა გადაეცეს ეკლესიას და ეს უნდა გადაწყდეს, ერთი მხრივ, მთლიანი საზოგადოების, მეორე მხრივ, საეკლესიო საზოგადოების მსჯელობითა და დიალოგით.

„ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძემ იჩქარა. მას ბევრი შესაძლებლობა აქვს, ხელისუფლებასთანაც შევიდეს დიალოგში და ეკლესიასთანაც და მერე გამოთქვას  აზრი. ხოლო, თუ მახათას მთასთან დაკავშირებით მან კერძო აზრი გამოხატა, კერძო აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. პაატა ბურჭულაძე ის გამონაკლისი საზოგადოებრივი პირია, რომელიც საეკლესიო ცხოვრებასაც ეწევა, ქველმოქმებასაც და მის აზრს აქვს მნიშვნელობა. თუ კვართი მუზეუმისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო მორწმუნეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ, ალბათ, ეკლესიას უნდა გადასცენ“,-აღნიშნა ლევან აბაშიძემ.