ირაკლი სესიაშვილი ეკა მიშველაძის თვალთვალის შესახებ დაინტერესდება

ირაკლი სესიაშვილი ეკა მიშველაძის თვალთვალის შესახებ დაინტერესდება

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო  კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა  ჟურნალისტ ეკა მიშველაძის თვალთვალის შესახებ ინფორმაციის დაინტერესების პირობა დადო.

"ეს ინფორმაცია ჩემთვის ყურადსაღები იყო და მზად ვარ, პირადად შევხვდე ეკა მიშველაძეს და დავინტერესდე. ამ განცხადებას მივყვები აუცილებლად. მას შეეძლო, არამარტო ჩემთვის, არამედ სამართალდამცავებისთვისაც მიემართა და დარწმუნებული ვარ, ადეკვატური რეაგირება მოჰყვებოდა ამას," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტის განცხადების საპასუხოდ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით,  მანამდე, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი მისი და ალექსი პეტრიაშვილის დაქორწინების შესახებ გაიგებდა, მისი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე ცნობილი იყო.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე  მიშველაძის პოლიტიკური თოქ-შოუს შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჟურნალისტმა ეს პოლიტიკური დევნად შეაფასა. უფრო კონკრეტულად კი, ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს მათ არ სურთ ობიექტური გადაცემა ეთერში გადიოდეს.

არადა, კულუარებში ამბობდნენ, რომ მიშველაძის გადაცემის დახურვა მის მიკერძოებულ პოზიციას, კონკრეტულად კი „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ეთერის ხშირად დათმობას დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს გაჰყვა ცოლად.

„ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა“,-ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ბასა ჯანიკაშვილი მიშველაძის გათხოვების ამბავს.

მისივე განცხადებით, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიჰყავდეს პოლიტიკური გადაცემა. რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უპასუხა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია. ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან - “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს“.

„გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი“,- განაცხადა მიშველაძემ.

ქალბატონი ეკას გადაცემებს თუ  თვალს გადავავლებთ , ნათლად ჩანს, რომ მის გადაცემაში მინიმუმ თვეში ერთხელ “თავისუფალი დემოკრატების”  წარმომადგენელი იჯდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებ-გვერდზე განთავსებული  გადაცემა „პირველი სტუდიის“ არქივის მიხედვით, 2015 წლის იანვრიდან, სატელევიზიო სეზონის დახურვამდე,  ეკა მიშველაძის 24  ეთერიდან „თავისუფალი დემოკრატები“  14 გადაცემას სტუმრობდნენ.

http://1tv.ge/ge/videos/view/100157.html

http://1tv.ge/ge/videos/view/100445.html

http://1tv.ge/ge/videos/view/100733.html

http://1tv.ge/ge/videos/view/101019.html

http://1tv.ge/ge/videos/view/101332.html

http://1tv.ge/ge/videos/view/120486.html

http://1tv.ge/ge/videos/view/121177.html

http://1tv.ge/ge/videos/view/122486.html

http://1tv.ge/ge/videos/view/122837.html

http://1tv.ge/ge/videos/view/141535.html

http://1tv.ge/ge/videos/view/141974.html

http://1tv.ge/ge/videos/view/146806.html

http://1tv.ge/ge/videos/view/147744.html

http://1tv.ge/ge/videos/view/148827.html

კარგად ჩანს, რომ  ეკა მიშველაძეს, გადაცემის სტუმრების არჩევანში სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული და ალექსი პეტრიაშვილსა და  მის თანაპარტიელებს  ეთერში შეუზღუდავად იწვევდა.  ჯერჯერობით გაურკვეველია,  საბოლოოდ რა  გადაწყვეტილებას მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ხელმძღვანელობა  და დარჩება თუ არა ეთერში ეკა მიშველაძე  „პირველი სტუდიის“ წამყვანად.

მანამდე კი მას,  როგორც გამოცდილ ჟურნალისტს, კარგად ექნება გაცნობიერებული, რომ   თუკი იგი  პირველ არხზე გადაცემას კვლავ წაიყვანს,  მოუწევს  მაყურებელს დაუმტკიცოს, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს დასვამს და  გადაცემაში მეუღლის და მისი თანაგუნდელი „თავისუფალი დემოკრატების“  სტუმრობისას, უცხოელი პოლიტიკოსების ოჯახის წევრი ჟურნალისტების მსგავსად,  თავს უხერხულად არ იგრძნობს.