„სადაც ამერიკელები ჩნდებიან, იქ ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ“, - სწორედ ასე ახასიათებდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - ვიტალი ჩურკინი ამერიკელებს. მისი სიტყვების ინტერპრეტირება რომ მოვახდინოთ, - „სადაც რუსები ჩნდებიან, იქ ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ“. რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ რუსებისგან გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან?!
საქართველოში შეშფოთებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ყოველთვიური როტაციის პრინციპით, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი ამ პოზიციას სექტემბრის განმავლობაში შეინარჩუნებს და 15-წევრიან საბჭოს უხელძღვანელებს მანამ, სანამ რუსებს ესპანელები არ შეცვლიან.
„ეს არანაირ, არც დადებით და არც უარყოფით გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით არ მოახდენს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად როტაციის პრინციპით რუსეთის არჩევას და დასძინა, რომ გაეროს უშიშრიების საბჭო კოლექტიური ორგანოა და საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთს უფლებებს არ გაუზრდის.
რას გვიმზადებს რუსეთი გაეროდან?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი, ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
დღევანდელი მსოფლიოს გეოსტრატეგიულ პოლიტიკაში რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულ როლს თამაშობს, აღარაფერს ვამბობთ რუსეთის ისტორიულ დაპყრობით პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, რამდენად სახიფათო იქნება საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ის მოკლე პერიოდი, როცა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა გადაიბაროს?
- უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ვინაობა არ არის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თავად უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან მიმართებით, რადგან ეს გაეროს წესდებისა და სტრუქტურიდან გამომდინარეობს. უბრალოდ, გაეროს თავმჯდომარე ქვეყანა ნიშნავს გარკვეულ უფლებას, რომ ამ ქვეყანამ წამოაყენოს რაღაც საკითხები, ან პროცედურული თვალსაზრისით, წარმართოს საბჭოს საქმიანობა.
აქედან გამომდინარე, ამ დეტალში რაიმე ხიფათს საქართველოს ან სხვა ქვეყნებისთვის ვერ ვხედავ. თუ პრობლემას ცოტა უფრო მასშტაბურად და გლობალურად შევხედავთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სამწუხაროდ, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულებში ვეღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რის გამოც ის შეიქმნა და რაც მას ეკისრებოდა; ანუ მშვიდობის უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში, კეთილისმყოფელი ზეგავლენის მოხდენა კონფლიქტებზე, მათი აღკვეთა, პროგრესის მიღწევა, გლობალური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.
ადრე თუ გვიან ეს პრობლემა განსჯის საგანი გახდება, როგორც უშიშროების საბჭოსთან მიმართებით, რომლის ქმედუნარიანობაც შეზღულია ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოთა მიერ ამ უფლების, ხშირ შემთხვევაში, ბოროტად გამოყენებით, ისე მთელი ამ სტრუქტურის საქმიანობის გარდაქმნის მიზნით. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები განწყობილნი არ არიან გაეროს ასეთი რეფორმირების დასაწყებად.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც ის არ არის თავმჯდომარე ქვეყანა და მაშინაც, როცა ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი თემები ელის. სასანქციო კომიტეტს ირანთან დაკავშირებული მოხსენება წარედგინება, ასევე, განიხილება ავღანეთსა და ლიბერიაში შექმნილი ვთარება. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში - ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მათთვის პრიორიტეტული იქნება როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის კონფლიქტები, ისე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ისეთი სენსიტიური თემები, როგორიცა ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობები და სხვა, რამდენად შეიცვლება რუსეთის მეთვალყურეობის ფონზე?
- ეს არსებით ცვლილებას ვერ მოახდენს იმ მწვავე პრობლემების გადაჭრაზე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, გაერო ასეთ პრობლემებთან მიმართებით ხშირად უძლურია, რასაც მისი საქმიანობის არსებითი რეორგანიზაციის აუცილებლობა განაპირობებს.
პრინციპში, მისი არსიდან თუ ამოვალთ, გაერო ასრულებს თავის მისიას სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტის განხილვის დროს მხარეების მოსმენით, თავისი მშვიდობისმყოფელური ნიშნის განხორციელებით, მაგრამ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში გაერომ ვერსად ვერ მოახერხა გლობალური პრობლემების გადაწყვეტა.
მიმაჩნია, რომ დღეს არსებული მწვავე პრობლემებიც გაეროს მექანიზმის გამოყენებით ვერ გადაწყდება. თუმცა, თავისთავად, ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორც გაეროს ტრიბუნაა, როცა საკითხი დაისმება და იქვე ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს გარკვეული ორიენტირია მსოფლიო საზოგადოებისთვის შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად და სხვა მექანიზმების მოსაძებნად; იქნება ეს ვეტოს უფლება თუ კენჭისყრაში პოზიციის გამოხატვა.
ამით ყველა ქვეყნის გარკვეული ლუსტრაცია ხდება და ამის შემდეგ პრობლემის გადაჭრის გზებიც უფრო რელიეფურად და მკაფიოდ გამოიკვეთება. ამდენად, რუსეთის წარმომადგენლის, გამოცდილი, მაგრამ ხისტი პიროვნების - ჩურკინის მიერ გაეროს სხდომების წაყვანას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რამდენადაც ეს პიროვნება და მისი ხედვები ყველასთვის ცნობილია.
ერთი მხრივ, დასავლეთი სანქციებს უწესებს რუსეთს, მეორე მხრივ, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ხდება. მართლია, ეს გარკვეული მცდელობაა, იქნებ, გაეროს უშიშროების საქმიანობაში ჩართული რუსეთი ცივილიზებული სამყაროსკენ მოაბრუნონ, მაგრამ რატომ ვერ ხერხდება აგრესიული ქვეყნების ჩამოცილება გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან, ან რატომ არ აპირებენ ცვლილებების შეტანას გაეროს წესდებაში, რომ ოკუპანტი ქვეყნები გაეროს, ამ მშვიდობისმყოფელ ორგანიზაციაში მშვიდობის მანტიით არ მოგვევლინენ? ეს ხომ ცინიზმი და ორმაგი სტანდარტია?
- ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მგონია, ასე ოპერატიულად, მოკლე დროში ან ხილულ პერსპექტივაში გაეროს საქმიანობის პრინციპების გადახედვის საკითხი დადგეს, რამდენადაც მისი წესდება ზედმეტ სიფრთხილეს და ამავე დროს, იმ მექანიზმების მოუქნელობას განაპირობებს, რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფლობს.
თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ორგანიზაცია თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს. თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომ გაეროს ფუნქცია სხვა ორგანიზაციებმა აიღონ საკუთარ თავზე?
- რა თქმა უნდა, შეიძლება, სხვა ორგანიზაციამ ჩაანაცვლოს გაერო რეზონანსული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში. როდესაც იმავე, ახლო აღმოსავლეთში ხდება სიტუაციის დაძაბვა, გაეროს პროცედურების გავლის გარეშე, იქ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები - ევროკავშირი, ეუთო, ნატო იწყებენ მოქმედებას. ამის ფაქტები ჩვენ უახლოეს წარსულში გვქონდა.
ფორმალური თვალსაზრისით, ეს დაუშვებელია, რადგან საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევაა, მაგრამ, როცა საქმე ეხება ათასობით და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის დესტაბილიზაციას, როგორც ეს ხდება სირიაში, ამ დროს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შეეცადნენ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა მოვლენათა არასასურველი მიმართულებით განვითარების აღსაკვეთად.
რამდენი უბედურება მოჰყვა სირიაში დაწყებულ პროცესს, - საინტერესო სიტუაცია იკვეთება - სირიის სამთავრობო ძალები რუსეთმა აღჭურვა ავიაგამანადგურებლებით, ხოლო ისლამურ სახელმწიფოსთან დგანან სხვა მუსლიმანური სახელმწიფოები და მსოფლიოს მუსლიმანური ძალები. რაც შეეხება დასავლეთს, ის მესამე დაჯგუფებას აიარაღებს და გულშემატკივრობს, როგორიცაა სირიის ხელისუფლების ოპოზიცია.
ამ დაძაბულობის კვანძის გახსნა ხილულ მომავალში მოსალოდნელი არ არის. თუნდაც ეს ერთი მაგალითი ცხადყოფს, რაოდენ უძლურია გაერო ასეთი პრობლემების დარეგულირებისას მაშინ, როცა კონფლიქტის კონფიგურაცია უკვე სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს იღებს.
თუ ამას დავუკავშირებთ იემენში მიმდინარე მოვლენებს და არაბული ქვეყნების გაერთიანების მიერ ხელისუფლების უზურპაციის მოსურნე მუსლიმანური დაჯგუფების ძალების პერმანენტულ დაბომბვას, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ეს გაეროს მოუქნელობისა და მისი უსუსურობის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლენაა.
ვიდრე წამყვანი ქვეყნები (ვინც დღევანდელ მსოფლიოში თავისი სამხედრო ძლიერებით, პოლიტიკური გავლენით, ეკონომიკური მდგომარეობით პროცესებს წარმართავენ) თანამშრომლობისთვის არ განწყობიან, გაეროს ორგანიზაციის პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია და ამ კონფლიქტების დარეგულირების მექანიზმის მოპოვება რთულია.
ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებობენ რეგიონული ლიდერი სახელმწიფოები, არსებობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა - შეერთებული შტატები, რომელიც განაპირობებს პროცესების მიმდინარეობას, მიმართულებას, მაგრამ თვითონ ამ სახელმწიფოების განწყობა ერთმანეთის მიმართ იმდენად შეურიგებელია, რომ თანამშრომლობის ველის პოვნა საკმაოდ ძნელია.
მაგალითად, ამ ეტაპზე ძალიან ძნელი წარმოსადგენია რუსეთისა და შტატების თანამშრომლობა საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საქმეში, თუმცა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსენსუსის მოძებნა გვაიმედებს, რომ პერსპექტივაში ასეთი თემების შეთანხმება შესაძლებელი იქნება.
რამდენიმე თვის წინ სეგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მოითხოვდა. ის ამბობდა, რომ გაეროში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ განვითარებადი ქვეყნები, რომელთა რაოდენობაც არასაკმარისი იყო. ასეთებად ლავროვი ასახელებდა ინდოეთს, ბრაზილიას, აფრიკის კონტინენტს, მაგრამ იქვე დასძენდა, რომ წევრთა რაოდენობა 20-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, დღეს გაეროს წევრთა რაოდენობა 15-ია. ხომ არ ექნება რუსეთს მცდელობა, ეს ქვეყნებიც მიამატოს გაეროს წევრთა შემადგენლობას?
- ეს შეთანხმებული უნდა იყოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, სხვა წამყვან ქვეყნებთან, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყნებთან. მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში, რუსი დიპლომატის - ლავროვის მცდელობები უფრო რუსეთისთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისკენ იყო მიმართული. ლავროვი ახალ დასაყდენს ეძებს სხვა ძლიერ ქვეყნებში, რომლებიც ახლა გამოდიან მსოფლიო არენაზე. ეს არის ინდოეთი, ბრაზილია.
ამ ეტაპზე რუსეთისგან ლობირებული ქვეყნების როლის გაზრდა მსოფლიო პოლიტიკაში ნაკლებად რეალური მგონია, თუმცა, პერსპექტივაში, სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნებსაც მიიღებენ საყოველთაო კონსენსუსის მიღწევის შედეგად.