„რუსებს აქ უფრო გაუადვილდებათ სიტუაციაზე კონტროლი, ვიდრე უკრაინაში“

„რუსებს აქ უფრო გაუადვილდებათ სიტუაციაზე კონტროლი, ვიდრე უკრაინაში“

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც რუსეთი უკრაინის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა. „ყველა არსებული საფრთხე და ომის გამოწვევა სამწუხაროდ, დაკავშირებულია რუსეთთან. ყველა მათგანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კიევში, უმაღლეს რადასთან მომხდარი შეტაკების შედეგად 141 ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა რადას შენობაში შეჭრა სცადეს, სადაც დეპუტატები დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობდნენ, რაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობდა.

აქციის მონაწილეები მთავრობას დონბასში სეპარატისტებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაში ადანაშაულებდნენ. ამის მიუხედავად, რადამ მაინც დაამტკიცა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობდა.

 უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე For.ge-ს ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრება.

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა დაპირისპირებამ დაადასტურა, რამდენად მძიმე კვალი დატოვა უკრაინელებზე თებერვალში ხელმოწერილმა მინსკის ხელშეკრულებამ. კანონპროექტი, რომელიც რადაში პეტრე პოროშენკომ  შეიტანა, მეტ ავტონომიას ანიჭებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს, არის ეს უკრაინის ეროვნულ ინტერესში?

- კანონპროექტის მიღება მთავარი კრიტერიუმი და მთავარი პირობა იყო მინსკი 2-ის შეთანხმების შესრულებისა, ანუ ეს იყო ვალდებულება, რომელიც კიევმა აიღო, როცა მინსკი 2-ის ხელშეკრულება გააფორმა მიმდინარე წლის თებერვალში.

მინსკი 2-ის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, დარღვეულია, ამიტომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინამ შეასრულოს მინსკი 2- ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. თავის დროზე პოროშენკო დაიბარეს დასავლეთში, ის შეხვდა ოლანდს. მთავარი მიზანი იყო, უკრაინას ეს კანონი მიეღო.

მას შემდეგ, რაც პოროშენკომ დაიწყო ამ ხელშეკრულებების განხორციელება და რადაში შეიტანა ეს დადგენილება, ბუნებრივია, გამოჩნდნენ ულტრარადიკალური დაჯგუფები, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ტერაქტიც მოხდა კიევში.

მინსკის ხელშეკრულების შესახებ თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობდა, თუ ვის აწყობდა ეს ხელშეკრულება და ვინ იქნებოდა მოგებული და წაგებული. საინტერესოა, პეტრე პოროშენკოს არ შეეძლო, ამ კანონპროექტზე უარი ეთქვა, რომელიც მეტ ავტონომიას ანიჭებს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს და უკრაინისთვის მართლაც დამღუპველი ჩანს?

-საინტერესო კითხვაა. ამერიკული მხარე ამაზე აპელირებას არ აკეთებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გახდა ერთგვარი წინაპირობა ევროპული სახელმწიფოებისა. საუბარია საფრანგეთსა და გერმანიაზე. ის ფაქტი, რომ უკრაინას ჩამოეწერა 20 მილიარდი დოლარის ვალი და რესტრუქტურიზაცია კიდევ შორს წავიდა; პლუს ამას, უკრაინას კიდევ უნდა გამოეყოს დახმარება, ბუნებრივია, ეს იყო ევროპული სახელმწიფოებისგან გადადგმული ნაბიჯი.

შესაბამისად, ევროპელებმა წაუყენეს კონტრარგუმენტირებული მოთხოვნა პოროშენკოს. მინსკი 2-ის ხელშეკრულება მიღწეულია ოლანდისა და მერკელის დიდი ძალისხმევით, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

მინსკის ხელშეკრულებაში ჩადებული იყო ბომბები, რომ პოროშენკო აღმოსავლეთ რეგიონებს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებდა პოლიტიკური კუთხით. მეტსაც გეტყვით, დამოუკიდებლობის საკითხი დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში საერთოდ არ დგას, პირიქით, რუსებმა იქ დაიწყეს პასპორტიზაციის პროცესი, რაც ჩვენ უკვე ვიგემეთ აფხაზეთში.

ანუ ეს არის ანექსია და იმაზეა საუბარი, რომ რუსეთის ფედერაციაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ინკორპორირება მოხდეს. თუმცა სტატუსის მინიჭება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს სეპარატისტების პოზიციებს. ეს იყო წინაპირობა, რომელიც უკრაინას წაუყენეს ევროპის სახელმწიფოებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინას ჩამოაწერეს 20 მილიარდი დოლარის ვალი.

ანუ უკრაინა ამ ხელშეკრულების მძევალია?

- დიახ, პოროშენკო იძულებული გახდა, ეს კანონპროექტი რადაში შეეტანა. როგორც ჩანს, პოროშენკომ ვერ აუხსნა საზოგადოების ამ ნაწილს, ეს რისთვის კეთდებოდა. ეს იყო მძევლობის მომენტი.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციები აიძულებდნენ, შეესრულებინათ თუნდაც იგივე სოჭის ხელშეკრულებები, ანუ გაეყვანათ მძიმე ტექნიკა სოხუმისა და სხვა ტერიტორიებიდან. ეს მიღწეულ იქნა ივლისში და მერე ეს როგორ ცუდად შემოგვიბრუნდა.

კარგად გვახსოვს, დაიწყო მასობრივი შემოტევა აფხაზი და რუსი მოხალისეებისა და სეპარატისტების მხრიდან და 27 სექტემბერს ჯერ სოხუმი დაიკარგა, შემდეგ - ოჩამჩირე და მერე - გალი. არ მინდა, ეს ამ რანგში განვიხილო, მაგრამ, ფაქტობრივად, ევროპული დიპლომატიის მაღალი რანგის პირების რჩევით განხორციელდა ამ კანონპროექტის შეტანა, რამაც განაპირობა ეს ტრაგიკული მოვლენები.

კანონი, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააკომპლექტოს იქაური მილიცია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებმა რუსეთთან დამოუკიდებელი ურთიერთობები უნდა წარმართო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არის მასში ფედერალიზმის ნიშნები?

-კიდევ ერთი ნიუანსია. ეს დაჩქარებულად იმიტომ მოხდა, რომ ოქტომბერში უკრაინაში  ადგილობრივი არჩევნები იმართება. ანუ ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები და ახლა ადგილობრივი არჩევნების ჯერია, რომელსაც პრინციპულად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის.

ამიტომ, როგორც ჩანს, პოროშენკოს დაჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდათ სურდათ ამ კანონპროექტის შეტანა, რათა იქ ჩატარებულიყო ადგილობრივი არჩევნები და მომხდარიყო უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმიზაცია, მიუხედავად იმისა, იქ როგორი პირობები იქნებოდა.

უკრაინელები თვლიდნენ, მოდით, შევიტანოთ ეს კანონი რადაში, დონეცკსა და ლუგანსკს მივცეთ ავტონომიის ნიშნები, რომლებიც გათვალისწინებული იყო მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ ოქტომბერში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები, სადაც დაფიქსირდება, რომ იქ უკრაინის ლეგიტიმური კანონი მოქმედებს.

შესაძლებელია, რომ რადას წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები პუტინის ინტერესში იყოს და მისი დაფინანსებით ხორციელდებოდეს? მოგეხსენებათ, ოდესაშიც იყო აფეთქებები, დაშინებები, ასევე, ხდებოდა ხარკოვშიც, რაც, სავარაუდოდ, პუტინის ინტერესში იყო და ამით მას შერჩებოდა მითვისებული ტერიტორიები...

-რუსეთის სპეცსამსახურების კვალი ამაში შეიძლება გამოვლინდეს. პუტინმა დევნილი მთავრობის სტატუსი მიანიჭა იმ გუნდს, რომელიც იანუკოვიჩთან იყო ასოცირებული. მძიმე სოციალურ და კრიზისულ ფონზე უკრაინა ლამის მისულია დეფოლტამდე.

იმ ვალის ჩამოწერა რომ არა, რომელიც წინა კვირას განხორციელდა, უკრაინაში ოფიციალურად გამოცხადდებოდა დეფოლტი. ეს იქნებოდა ეკონომიკის ჩამოშლა. იმ ფონზე, როცა იაცენიუკის მონაცემებით, უკრაინის სავალუტო რეზერვები არ აღემატება 12 მილიარდ დოლარს - რაც სასაცილო თანხაა - აშკარაა, რომ უკრაინა დიდ კოლაფსამდეა მისული. ასეთი ტიპის ბიძგები და რყევები სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე უარყოფითად თამაშობს. ისინი ფიქრობენ, იანუკოვიჩის ხელისუფლება სჯობდა ახლანდელს, რადგან იმ დროს ფასები მაინც იყო პროგნოზირებადი.

2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა. იმის მიუხედავად, რომ აქ სარკოზი და მთელი ევროკავშირი იყო ჩართული, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ ფონზე რაღა პოროშენკოს მოუნდა ინსკის ხელშეკრულების ასეთი სიზუსტით შესრულება? მართლაც იმ ჩამოწერილი თანხის მძევალია თუ არსებობს კიდევ სხვა ვერსიები? მაგალითად, მინსკის ხელშეკრულება როცა დაიდო, მაშინ ამბობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, არსებობდეს ამ ხელშეკრულების კიდევ დახურული დეტალები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მინსკის ხელშეკრულება ხომ არ ადასტურებს, რომ „ალოგიკურად აზროვნებს დასავლეთი?

-დაფარული დოკუმენტები შეიძლება იყოს, ფარული დიპლომატიის გამორიცხვა არ შეიძლება. რაც შეეხება ალოგიკურ აზროვნებას, დასავლეთს საკუთარი მერკანტილური აზროვნება აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთმა დიდი ზიანი განიცადა რუსეთთან ეკონომიკური სანქციის შემოღებით. საფრანგეთმა ამით 50 მილიარდი დოლარი იზარალა. ორჯერ მეტი იზარალა იტალიამ, რომელიც, სულ მცირე, რუსი ტურისტებით იყო სავსე.

მთელი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის დაახლოებით 40 % მიდიოდა რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. წარმოიდგინეთ, რა დონის ბაზრის დაკარგვაზეა საუბარი.

ბრიუსელში ახლა გამოდიან ფრანგი ფერმერები, კეტავენ გზებს და პოლიციელებთან შეტაკებებიც კი უწევთ, რადგან რუსეთთან სანქციების დაწესების გამო სოფლის მეურნეობის სეგმენტის სრული რეექსპორტის შეჩერება მოახდინეს. უბრალო ფერმერებს არ ადარდებთ დემოკრატიული ფასეულობები. ამიტომ ოლანდი და მერკელი საკუთარი მოსახლეობის მძევლები არიან. ამიტომაც ევროკავშირი ნაკლებად „აწვება“ რუსებს, ვიდრე ამერიკა, რომელიც უფრო ხისტია.

ევროკავშირი ცდილობს, დაიკავოს ოქროს შუალედი და არ გამოიწვიოს რუსეთთან სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. მინსკი 2-ის შეთანხმებების ჩაშლა, პირველ რიგში, დაარტყამს ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს.

თუკი დავუშვებთ, რომ კიევში უმაღლეს რადასთან მომხრადარი შეტაკების მიღმა  პუტინი დგას, მოსალოდნელია, მსგავსი სცენარი კრემლმა საქართველოში განახორციელოს? მით უმეტეს, პრორუსული ძალები აქაც მომძლავრებულნი არიან...

-სავსებით მაღალი ალბათობაა, რომ რუსებს აქ უფრო გაუადვილდებათ სიტუაციაზე კონტროლი, ვიდრე უკრაინაში. საინფორმაციო მიმართულებით ჩვენში უკვე დაიწყო პრორუსული ძალების მხრიდან გაკონტროლება.

არ მინდა დავასახელო, მაგრამ ცენტრალური ეროვნული არხის მიერ საინფორმაციო სიუჟეტში გაჟღერებულ ინტერპრეტირებას რომ მოვუსმინე უკრაინასთან მიმართებით, „ნიუსში“ განსხვავება ვერ ვიპოვე.

ფაქტობრივად, აქ ნათქვამი იყო, რომ თურმე უკრაინელმა ძალოვანებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკელ მეამბოხეებს და დაარღვიეს შეთანხმება. ამ „ნიუსით“ უკვე ჩანს  ჩვენი ტელევიზიის სულისკვეთება.

ქართულ მასმედიაში აქტიურად ხდება რუსული კაპიტალის შემოჭრა. ამით მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციების გამყარება ხდება და ანტი-ნატოს ელემენტები ღვივდება საზოგადოებრივ დონეზე.

სახელისუფლო სტრუქტურებშიც უკვე შეიმჩნევა ნეიტრალიტეტის პოზიციების გამყარებისკენ ლტოლვა. ეს იმ ფონზე, როცა წინა ხელისუფლებამ თავისი ავტორიტარიზმით მოახდინა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია.

ყოფილი ჯალათები დღეს პროდასავლური ფასეულობებით აპელირებენ, მათ ხომ ბუტა რობაქიძის ჩაცხრილვის ბრძანება გასცეს, მოკლეს მამუკა ზერეკიძე, დაარბიეს დემონსტრაციები და როცა ისინი მელაპარაკებიან ნატოში ინტეგრაციაზე, ეს უკვე შემზარავია ჩემთვისაც, რომელიც პირადად, ევროპასთან ინტეგრაციის განუხრელი მომხრე ვარ.

პუტინი ამ ფაქტორსაც გამოიყენებს. თუ ადრე პრორუსული ძალების პროპაგანდა გაცილებით იოლი იყო უკრაინაში, ახლა ეს საქართველოში გაიოლდა. არასასურველ პროგნოზს ვაკეთებ, მაგრამ, სულ მცირე, ნახევარ წელიწადში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს სიტუაცია და პროდასავლური ძალები უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. პირდაპირი გაგებით, სიტუაცია საქართველოში ძალზე მოწყვლადია.