ბათუმში „ალი და ნინოს“ ქანდაკების დემონტაჟის დროს მომხდარ დაზიანებას საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, მათ შორის არის ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომლის შეფასებითაც, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედება და „დღეს რუსი ოლიგარქის-ბიძინა ივანიშვილის მიერ მოხდა ალი და ნინოს დანგრევა.
„ოლიგარქის შურისძიება. დღეს ბათუმში, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის წაქეზებით, ალი და ნინოს მოძრავი ქანდაკება განადგურდა“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.
„ალი და ნინოს“ ქანდაკებაში გაცოცხლებული ნინო ყიფიანისა და ალი ხან შირვანშირის სიყვარულის ამბავი ქართულმა საზოგადოებამ იმთავითვე განსხვავებული ემოციით მიიღო. ზოგისთვის ამ ქანდაკების ბათუმში აღმართვა წარმოადგენდა თურქული ექსპანსიის აშკარა გამოვლინებას, თუმცა მოგვიანებით ქანდაკების მიმართ გამოჩენილი თავდაპირველი აჟიოტაჟი განელდა.
სააკაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ქანდაკების-„ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობას თავისებურ ახსნას უძებნის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია. კერძოდ, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალისა და ნინოს“ ქანდაკებას, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა. ამიტომ საჭირო გახდა ძეგლის ახალ ადგილზე მონტაჟი, რაც 5 სექტემბერს დასრულდება და ქანდაკება დღევანდელი ადგილსამყოფელიდან სულ რაღაც 50 მეტრში გადაინაცვლებს.
კანონმდებლობის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ვალდებულია, ქანდაკების ადგილმონაცვლეობა შეათანხმოს ავტორთან. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ზირაქაშვილი ირწმუნება, რომ ეს შეთანხმება უცხოეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკესთან-თამარ კვესიტაძესთან ოფიციალურად მიღწეულია. მართალია, თავდაპირველად თამარ კვესიტაძე „რუსთავი 2“ -თან საუბრისას აცხადებდა, რომ ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, მაგრამ არსებობს 2015 წლის 27 მარტით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ „ალი და ნინოს“ ავტორს წერილობით მიმართა. ამას თან ახლავს თამარ კვესიტაძის პასუხიც, სადაც ქანდაკების ავტორი თანხმობას ამბობს ქანდაკების შერჩეულ ადგილას გადატანაზე.
თუმცა პრობლემა შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ალი და ნინოს“ დემონტაჟისას, ამწეს ბაგირი გაწყდა, რამაც „ნინო“-ს სკულპტურის დაზიანება გამოიწვია. როგორც ამბობენ, მისი აღდგენა რამდენიმე კვირაში დასრულდება.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ „ალის და ნინოს“ შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მასზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. იგი მოითხოვს, დღევანდელმა ხელისუფლებამ აუხსნას უკრაინელებს, თუ როგორ იყო რეალურად საქმე ქანდაკების შემთხვევაში. დავით ზურაბიშვილისთვის ცალსახად გასაგებია, რომ საქართველოში ყველანი შეჩვეულნი ვართ „ამ კაცის ტყუილებს“, მაგრამ ასეთი რამეების უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება.
„არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს კაცი არის არა მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტი, არამედ უკრაინის ხელისუფლების გავლენიანი და მაღალი რანგის წარმომადგენელი. იმ ქვეყნის ხელისუფლებისა, რომელიც პერსონალური სიმპათია-ანტიპათიების მიუხედავად, საქართველოს გეოსტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს შეთანხმებულ, სინქრონიზებულ მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქმედითი მხარდაჭერისთვის რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ“,- მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.
ნაციონალების დროს ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი და ელგუჯა ამაშუკელის ოთხი ქანდაკება სააკაშვილის რეპრესიებში მოჰყვა. ამიტომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ნაციონალებმა ხმა ამოიღონ, სწორედ მათ დროს მოხდა გენიალური მოქანდაკის - მერაბ ბერძენიშვილს ქუთაისის მემორიალის აფეთება, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
ვახტანგ დავითაიას თქმით, ერთმა მალტელმა მაგისტრანტმა ნაშრომი მიუძღვნა ხსოვნის მემორიალებს საბჭოთა კავშირში. მათ შორის, მოხვდა თავად ვახტანგ დავითაიას მემორიალებიც, დაწყებული კავკასიის დამცველთა მემორიალიდან. შესაბამისად, მაგისტრანტმა მასაც გაუგზავნა შეკითხვები, სადაც ერთ-ერთი კითხვა იყო, როგორ დაუშვით, რომ კულტურულ ქვეყანაში-საქართველოში ვანდალურად ააფეთქეთ მე-20 საუკუნის ძეგლი - ქუთაისის მემორიალი.
„მე ვუპასუხე, საზოგადოებას და ხელოვანებს ეს არ დაგვიშვია. თქვენ ბოლომდე არ ერკვევით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმში. ეს იყო ერთი კაცის მიერ მიღებული ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება, რასაც ვერ გავაიგივებთ ქართველი ერის გადაწყვეტილებასთან. „ალის და ნინოს“ შემთხვევაში გარკვევით ითქვა, რომ ეს ქანდაკება ახლოსაა ზღვასთან და ეს რეპრესიული გადაწყვეტილება სულაც არაა, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.
რას ნიშნავს, დემონტაჟისთვის გერმანელები ჩამოგვეყვანა? რა, ჩვენთან ტექნიკის დონე არ არის? არავის ჩამოსვლა არ გვჭირდება. ყოველთვის ხდება ხოლმე დაზიანებები. ამ შემთხვევაშიც, უმნიშვნელო დეტალი დაზიანდა, რასაც უშუალოდ ავტორიც ადასტურებს. იმაზე რა ვთქვათ, რომ გადაიტანეს ელგუჯა ამაშუკელის და ჩემი „ილია ჭავჭავაძე“, თანაც მთავარი ისაა, რატომ გადაიტანეს. იმისთვის, რომ სააკაშვილს აუზი აეშენებინა. ანალოგიურად მოხდა ქუთაისშიც, სადაც ჩემი და ელგუჯა ამაშუკელის „დავით აღმაშენებელი“ გადაიტანეს იმ ადგილას, სადაც ლენინის ძეგლი იდგა და იქაც გააკეთეს აუზი.
ახლა ეგვიპტეში მე-19 დინასტიის უბრწყინვალესი ძეგლი აბუ-სიმბალი დაჭრეს ნაწილებად და გადაიტანეს 60 მეტრით მაღლა, რადგან ასუანის კაშხლის მშენებლობა მიმდინარეობდა, რაც აუცილებელი იყო ეგვიპტისთვის; მაგრამ სააკაშვილმა ორივე წმინდანის ძეგლი - ილია ჭავჭვაძის და დავით აღმაშენებლის მხოლოდ იმიტომ გადაიტანა, რომ შადრევანი, აუზი გაეკეთებინა. ეს იყო მისი ხუშტური.
როგორ შეიძლებოდა, საქართველოს უპირველესი მეფის ძეგლი მისი მშობლიური ქალაქის - ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან სადღაც გადაეტანათ. უხერხულიცაა, რომ დღეს ლენინის საძირკველზე იდგეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. ახლა „ალის და ნინოს“ გამო ჩვეულებრივი პოლიტიკური „შუმიხა“ ატყდა, თორემ 50 მეტრის იქით გაცილებით უსაფრთხოდ იქნება ეს ორიგინალური ძეგლი. ბუნებრივი კასტასტროფა რომ მომხდარიყო და დაზიანებულიყო ეს ძეგლი, იგივე ხალხი არ ატეხავდა ერთ ამბავს, ყურადღება არ მიაქციეს ამ ძეგლსო?!“-აცხადებს ვახტანგ დავითაია.
საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ სჯერა ვერსიის, თითქოს ზღვა ძირს უთხრიდა ქანდაკებას, რადგან ამაზე დიდი შტორმიც ყოფილა და „ალის და ნინოს“ არაფერი დამართნია. სევდია უგრეხელიძე თვლის, რომ ეს ხელისუფლება მენტალურად ებრძვის ყველაფერს, რაც გაკეთებულა წინა ხელისუფლების მიერ. ამავე დროს, ეს არის ქსენოფობოური ბრძოლა, რადგან თავად ქანდაკების ჩანაფიქრი იყო საინტერესო, როგორც ქრისტიანული და მუსლიმანური კულტურების შერიგებისა და სიყვარულის ამბავი.
„ბათუმში ამ ძეგლის დადგმა პოლიტიკურადაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ ვართ ქსენოფობები. ამათ კი სძულთ ეს ყველაფერი, ისევე, როგორც სძულთ ხიდი და ნარმანიამ თქვა კიდეც, არც ვიცი, ამ ხიდს რა ვუყოო. ალბათ, რომ შეეძლოს, ჩაქუჩით დაამტვევდა, მაგრამ ვერ გაბედა. სამწუხაროდ, ეს არის მათი უვიცობის, არაპროფესიონალიზმის, კორუფციის ამბავი.
რატომ დაავალეს მისი დემონტაჟი რომელიღაც კომპანიას, ხომ სთხოვა ავტორმა, ვინც ააწყო ეს ყველაფერი, ისევ გერმენელები ჩართეთ საქმეშიო. 250 ათასი გადაიხადეს, რომ დაემტვრიათ ძეგლი?! ისევ სჯობდა, ტალღას წაეღო, იტყოდნენ მაინც, სტიქიამ გაიტაცაო, მაგრამ მაშინ ფულს ვერ „მოტეხავდნენ“. ტროსით ძეგლის გადატანა როგორ შეიძლებოდა?!
ჩვენ თუ გადაგვქონდა ძეგლები, იმას მაინც არ ვამბობდით, სტიქია ემუქრება ძეგლებს და იმიტომ გადაგვაქვსო, უბრალოდ, ჩვენ იმ ტერიტორიის საჭიროებიდან გამომდინარე გადაგვქონდა. მაგალითად, თბილისის ემბლემა ემილ ბურჯანაძის ავტორობით გაკეთდა. ბატონი ემილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ჩემს დროს დადიოდა და ამბობდა, არ ამიღია ჰონორარიო. არ ვიცი, რეალურად აიღო თუ არა, მაგრამ არსად ჩანდა, რომ მოლაპარაკება შედგა თანხაზე და მას ეს თანხა არ გადაუხადეს.
ასევე, ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან მიმართებით. თუკი იყო ასეთი ხელშეკრულება, მაშინ ბერძენიშვილს უნდა მოეთხოვა მისი შესრულება, ის კი არ უნდა ეთქვა, ეს როგორ გამიბედეთო. თუკი არ იყო ასეთი ხელშეკრულება, მაშინ ქალაქს უფლება ჰქონდა, თავისი შეხედულებით გადაეტანა ძეგლი“,-აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ და განმარტა, რომ „ალის და ნინოსთან“ მიმართებით მათ აღარ შერჩათ ენერგია, გააპროტესტონ ძეგლის დემონტაჟი, რადგან რეაგირება აზრს კარგავს;
სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, ამჟამად რუსთავის გზაზე მართვის მოწმობები იყიდება, თბილისში ორმო ვერ ამოუვსია ნარმანიას, ხოლო ბათუმში, სადაც ერმაკოვმა რკინის ჯიხურები დადგა და ბულვარი დაამახინჯა, ერმაკოვს როგორ უნდა მოვთხოვოთ, „ალი და ნინო“ ესმოდეს?! ამ დროს კი მსოფლიოში აღიარებულია ხელოვანი თამარ კვესიტაძე, რომელზეც რატომღაც ავრცელებენ, თითქოს იგი მიშას მეგობარია.
ექსპერტ გია ხუხაშვილს არ უკვირს, რომ ნაციონალებმა პოლიტიკური განსჯის საგნად აქციეს ქანდაკების საკითხი და ის „ოლიგარქის შურისძიებას“ დაუკავშირეს. მისი თქმით, ნაციონალები თავის სტილში ტეხავენ აჟიოტაჟს და წმინდა ტექნიკურ საკითხს პოლიტიკურად წარმოაჩენენ.
„ნაციონალების ამ ქმედებაზე უნდა გავიღიმოთ. ერთადერთი, შენიშვნა მაქვს, რომ ბათუმის ხელისუფლება უნდა დალოდებოდა სეზონის დასრულებას; რაღა ამ გაგანია სეზონში დაიწყეს ძეგლის გადაადგილება, როცა ბათუმში ბევრი ხალხი მოძრაობს და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის საშუალებაა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნაციონალებმა თავად შეურჩეს დრო, რომ მერე ისტერიკა აეტეხათ“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.