„რიყისგან არაფერი დაგვიტოვეს და ამის გაგრძელება იქნება მირზა შაფი“

„რიყისგან არაფერი დაგვიტოვეს და ამის გაგრძელება იქნება მირზა შაფი“

მირზა შაფის მშენებლობა უახლოეს ორ თვეშია ნავარაუდევი და მასში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამ პროექტმა უკვე ცხარე დებატები გამოიწვია როგორც საკრებულოში, ისე პროფესიონალებს შორის.

აღნიშნულ პროექტს კრიტიკოსები აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და უსახური ბეტონის კუბის ფორმის ნაგებობებს კატეგორიულად გამორიცხავენ. მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწუნა სპეციალურმა კომისიამ ის პროექტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ამ ისტორიული უბნის სპეციფიკას; რატომ გადაწონა მერიისა და კერძო კაპიტალის ხმებმა და ეს იმ ფონზე, როცა ჟიურიში შემავალმა ყველა დამოუკიდებელმა არქიტექტორმა ამ პროექტს ვეტო დაადო.

ცალკეულმა არქიტექტორებმა მირზა შაფის პროექტის მიმართ პროტესტი მდუმარებით გამოხატეს, ნაწილმა კი For.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთის პირისპირ დგას იმ არქიტექტორების წონა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროექტს და თბილისის წონა, რომელიც ნებისმიერ წონაზე მაღლაა.   

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისს ჰქონდა შანსი, იუნესკოს უძველეს და განსაკუთრებულ ქალაქთა  სიაში შეეტანა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ქალაქი. ამისთვის მერიას მარტივი რამ უნდა გაეკეთებინა, აღერიცხა ძველი უბნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შეექმნა რუკა, გარკვეული პროცედურა გაევლო და ამით თბილისი ტურისტული თვალსაზრისითაც მიმზიდველად ექცია. თუმცა საქართველოს სხვადასხვა მთავრობებმა და ხელისუფლებებმა ეს საკითხი გადადეს, რადგან თუკი რუკაში აღირიცხებოდა ისტორიული უბნები, მერე იქ ცვლილებებს ვეღარ შეიტანდნენ საერთაშორისო გაერთიანებების და უმაღლესი რანგის პროფესიული გაერთიანებების ნებართვის გარეშე; ვეღარ დაარღვევდნენ ნიშნებს და პროცენტებს და ახალი არქიტექტურული სხეულები ასე აგრესიულად ვეღარ შეიჭრებოდა უძველეს დაცულ ტერიტორიებზე.

„თბილისი წლიდან წლამდე კარგავს შანსს, უძველეს ქალაქთა შორის შევიდეს, რომელსაც ავთენტური სახე შენარჩუნებული ექნება. არქიტექტორებისა და პოლიტიკოსების ხელდასმით მაინცდამაინც იმ რამდენიმე უძველეს უბანში უნდათ ააშენონ ახალი უსახური ნაგებობები. მე არ შევაფასებ მირზა შაფის არქიტექტურულ პროექტს, არც იმას ვიტყვი, რომ ეს ბეტონის ყუთია, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია ის, რომ დანაშაულია ამ მოცულობის ახალი არქიტექტურული ორგანიზმების ჩადგმა ამ ლანდშაფტში, გეოგრაფიულ ზონაში.

ძალიან ამბიციური და თავხედი უნდა იყოს საზოგადოება, რომ სწორედ მირზა შაფის უბანში მოინდომოს ახალი ნაგებობების ჩადგმა, რადგან აბანოთუბანს რომ გავხედავთ, ეს ქედი არის ამ ქალაქის სახე. ძველი თბილისის ეს ზონა ახალი პროექტებით და ფანტაზიებით არ უნდა შეცვალონ. გააფუჭებენ თუ უფრო ლამაზი იქნება ეს უბანი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, არასანდო პროექტით არ უნდა შეიჭრან ისტორიული უბნის გულში.

თუ ჩვენ, ყველანი, ძველ უბანში ჩავდგამთ ჩვენს ფანტაზიებს, თუნდაც ძალზე ლამაზს, გაგვიჭირდება დასაბუთება, თუ რა არის ძველი და რატომ არის ის ძველი მნიშვნელოვანი. გიგა ბათიაშვილი იქნება თუ სხვა არქიტექტორი, მათ უნდა იფიქრონ ქალაქის ურბანულ არქიტექტურულ განვითარებაზე. ურბანისტებიც და არქიტექტორებიც უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რომ თბილისი არ იზრდება, არ ვითარდება, პერიფერიები განუვითარებელია, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.

მესმის, რომ ინვესტორს უნდა უკვე არსებულ კომერციულად მომგებიან სივრცეში მშენებლობა, მაგრამ თბილისის მხოლოდ სამი უბანი იზრდება სიმაღლეში და ქვედა ისტორიულ ფენებს, გამოხატულს არქიტექტურულ ნაგებობებში, ანადგურებენ. ამიტომ გავიდნენ ვერის, ვაკის, სოლოლაკის, აბანოთუბნის გარეთ“,-აღნიშნა სოფო კილასონიამ და განმარტა, რომ თბილისი არ უნდა იმართებოდეს, როგორც შპს ან კომერციულად მომგებიანი ორგანიზაცია და მსგავსი პროექტები არ უნდა იდგმებოდეს ქედებზე ან ღრუბლებში.

ურბანისტი ირაკლი მასხარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე ორი წელია, იბრძვის ამ თავხედობის წინააღმდეგ, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამ ხელისუფლებამაც არ შეაჩერა, ან ვერ შეაჩერა. ეს კი დანაშაულია ქალაქის წინაშე და მასში მონაწილე ნებისმიერი პირი დამნაშავეა.

ურბანისტის თქმით, აქ კუბის ფორმის ბეტონის ყუთებზე საუბარი ზედმეტია, კუბის ფორმა იქნება თუ ცილინდრის ფორმა, ეს მხოლოდ დეტალია, აქ მთავარია, რომ განადგურდა ისტორიული ლანდშაფტი და შეცვალეს გეოგრაფია. ეს კი გამიზნული აგრესიაა.

„მირზა შაფის ქუჩას ისტორიული ღირებულება ჰქონდა, ქალაქის თითოეული დეტალი არის შენი წარსულის მოთხრობა. რეზო ინანიშვილს უწერია, ვინ ანადგურებს წარსულს?- ვისაც ეს წარსული ცუდი ჰქონდა. გვქონდა კი ცუდი წარსული? ნუთუ თეთრი ფურცლიდან დაიწყო თბილისის ისტორია? მარტო მირზა შაფს არ ეხება ეს, რიყისგან არაფერი დაგვიტოვეს, ამის გაგრძელება იქნება მირზა შაფი. რომელი არქიტექტორიც ამას მხარს დაუჭერს, არა მგონია, იმ არქიტექტორის წონა და თბილისის წონა თანაბარი იყოს. თავიდანვე, როცა არქიტექტურის სამსახურს უნდა გაეცა ნებართვა მირზა შაფის შესახებ, პირადად მეც გახლდით ჩართული ამ საქმეში და იქაც იგივე გავიმეორე. ვეცადეთ კიდეც, იქნებ, რამენაირად გადაფიქრებინათ ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ ინვესტიცია დიდი აგრესიაა ურბანული განვითარების მიმართ. კერძო და საზოგადოებრივი ინტერესი ორი ურთიერთდაპირისპირებული მოვლენაა, ყოველთვის კერძო ინტერესი ძლიერია. ეს კიდევ დასაწყისია, ნუ გგონიათ, ეს ბოლო წერტილი იყოს“,-აცხადებს ირაკლი მასხარაშვილი. 

For.ge-სთან საუბარში საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალხს და ამ სათუთი თემის განხილვაში მეტი ექსპერტებისა და არქიტექტორების ჩართვა არ ისურვა.

„ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს მირზა შაფის ახალ პროექტს, მიიჩნევს, რომ ახალი პროექტი დაამახინჯებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. თუმცა ეს პროექტი „ხელის გადაგრეხვით“ გაიტანეს. არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღეთ მათგან, ვინც ემხრობა ამ პროექტს. თითქოს ამ თემას არ ეხება, მაგრამ როცა საუბარია საარჩევნო კოდექსზე, სწორედ ეს არის თავი და თავი ამ ყველაფრის, დედაქალაქში 44 %-მა აირჩია „ქართული ოცნება“, 56%-მა მას ხმა არ მისცა, რომ დედაქალაქი ერთპიროვნულად ემართათ იმ საარჩევნო კოდექსით, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წამოვიდა. ამის მიუხედავად, ისინი 76 %-ით არიან წარდგენილნი და ამიტომაც რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის გამეორება“,- მიიჩნევს ზაზა ვეკუა.

შეგახსენებთ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საინვესტიციო კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA -ს მიერ გამოცხადებულ ერთობლივ საჯარო კონკურსში კომპანია „დემარკის“ პროექტი 11 პროექტს შორის ჟიურის ხმათა უმრავლესობით შეირჩა. კომპანია „დემარკი“ ავტორია ისეთი პროექტების, როგორიცაა „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისი, სასტუმრო „რიქსოსი“, კომპლექსი „ლისი" და სხვა. რაც შეეხება მირზა შაფის ქუჩას, აქ დაგეგმილია ბანიანი სახლების აშენება. არქიტექტურული ჩანაფიქრის მიხედვით, ეს იქნება თანამედროვეობისა და ძველებური არქიტექტურის შერწყმა. ახალი პროექტით გათვალისწინებულია  2-4-სართულიანი ტერასიანი შენობები, ბიზნესცენტრები, ბუტიკები, ოტელები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლები, საგამოფენო დარბაზები და ა.შ.