„გრაკლიანის წარწერას მსოფლიო დამწერლობის ისტორიის შეცვლა შეუძლია“

„გრაკლიანის წარწერას მსოფლიო დამწერლობის ისტორიის შეცვლა შეუძლია“

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა - ძვ.წ აღ. VII საუკუნის ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. მეცნიერთა ნაწილი გრაკლიანის აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და მის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, კასპის რაიონში აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს და მას მსოფლიოში ანალოგი არ ექნება.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, გრაკლიანის საკურთხეველზე დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. ლიჩელის თქმით, ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს. მთლიანობაში, ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს, რის შესახებაც  მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

რაც შეეხება გრაკლიანის სხვა უდიდეს აღმოჩენებს, მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული, რომლის ერთადერთი ანალოგიც არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება), რომლის ანალოგიც მოიპოვება  სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით. 

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

კულტურის მინისტრი შიდა ქართლში აღმოჩენილი ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძრით უკვე დაინტერესდა და მისი მონახულება გადაწყვიტა.

რამდენად მნიშვნელოვანია გრაკლიანის აღმოჩენა, ამის შესახებ მეცნიერებს ვესაუბრეთ, თუმცა მანამდე აღნიშვნის ღირსია, რომ ასომთავრულით შესრულებული უძველესი ქართული დამწერლობის ხელნაწერები ძვ. წ. I საუკუნიდან მოიპოვება და ითვლება, რომ ამ დრომდე ასომთავრული ერთადერთი ქართული დამწერლობა იყო. კერძოდ, ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), ეს სტელა აღმოჩენილია დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დავათში; გარდა ამისა, უძველესია პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა; ბოლნისის სიონის 493- წლების სამშენებლო წარწერა; V-VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები; მცხეთის ჯვრის VI-VII საუკუნის წარწერები და სხვა.

გრაკლიანის უნიკალური აღმოჩენის შესახებ ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა იმდენად სენსაციურია, რომ ფანტაზიის სფეროს სცილდება, ამიტომ მასზე კომენტარი ძალზე ძნელია. ენათმეცნიერის თქმით, უშუალოდ მის კოლეგებს ეს წარწერა ჯერ არ უნახავთ და მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ შეეძლებათ მისი უნიკალურობის შესახებ მსჯელობა. მეცნიერს აინტერესებს ისიც, რა სახის არის წარწერა, ასომთავრულია, თუ მისი რაიმე სხვა ვარიანტია, როგორ იკითხება და როგორ თარიღდება.

„მაგალითად, რომ ეთქვათ, ფარნავაზის დროით, ან თუნდაც მომდევნო პერიოდით, ან სადღაც ახალი წელთაღრიცხვის მიჯნით თარიღდებაო, ჩემთვის ეს უფრო რეალური იქნებოდა. თავის დროზე აჟიოტაჟი ატყდა ნეკრესის წარწერების თაობაზეც და ისინი ჯერაც დაუთარიღებელია. საფიქრალია, რომ ნეკრესის წარწერები უფრო ძველია, ვიდრე ქრისტიანული წარწერები. აკადემიკოსი ლევან ჭილაშვილი ნეკრესის წარწერებს სადღაც  მესამე-მეოთხე საუკუნეებით ათარიღებდა.

ბოლნისის სიონის წარწერას როცა ათარიღებ, იქ მაშინდელი ეპისკოპოსი მოიხსენიება და ამიტომაც ზუსტად თარიღდება ეს წარწერა,  ნეკრესის შემთხვევაში კი არ არის ასეთი რამ. თვითონ ნეკრესის წარწერები აღმოჩენილია ისეთ ადგილას, სადაც მაზდეანური, წარმართული ტაძარი იყო, ცეცხლთაყვანილსმცემლობის ის ტაძარი ახლა დანგრეულია და ამ წარწერებზე არავითარი ქრისტიანული წარწერის ნიშანი არ არის. ამიტომაც ლევან ჭილაშვილი ვარაუდობდა, რომ ეს ქრისტიანობას უსწრებდა წინ, მაგრამ სხვა მეცნიერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ დასკვნებს და საეჭვოდ მიიჩნევდნენ ერთი რამის გამო, რომ შესაძლებელია ქრისტიანული ნიშნები არ იყოს წარწერებზე, მაგრამ ის განეკუთვნებოდეს ცოტა გვიანდელ პერიოდსაც, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქრისტიანობა ერთდროულად არ გავრცელებულა“,-აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.

ამასთან, განმარტა, რომ ვახტანგ ლიჩელი ისეთი პროფესიონალია, რომ გრაკლიანის შესახებ ინფორმაციას ტყუილად არ გაავრცელებდა, მაგრამ მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ საუკუნის მითითება სწორია. მისი თქმით, გრაკლიანზე რაღაც წარწერა კი არა, ერთი სიტყვაც რომ აღმოჩნდეს, ეს ჩვენთვის უკვე ფასეული იქნება. აქ არსებითი ის კი არ არის, რომელი საუკუნით დათარიღდება წარწერა, არამედ ქრისტიანობამდე მართლაც არსებობდა თუ არა ქართული დამწერლობა.

„ივანე ჯავახიშვილის, რამაზ პატარიძის და ზოგიერთი სხვა მკვლევრის აზრით, ქართული ასომთავრული უშუალოდ ფინიკიურიდან მომდინარეობს და არა ბერძნულიდან. თუ ეს მართლაც ასე იყო, თუ ისტორიულ წარსულში სწორედ ფინიკიური დაედო საფუძვლად ქართულს და მართლაც ქრისტიანობამდე ქართველებს ჰქონდათ დამწერლობა, მაშინ შეიძლება, გრაკლიანის წარწერა უძველეს წარწერად თავისუფლად მივიჩნიოთ. პირველ რიგში, ეს აღმოჩენა დაადასტურებს იმას, რომ ქართული ასომთავრული უშუალოდ ფინიკიურიდან მომდინარეობს და მაშინ ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისი გამართლდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდია“,-აცხადებს მეცნიერი.  

ისტორიკოსი ფარნაოზ  ლომაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ, წესით, ქართველებს დამწერლობა კიდევ უფრო ადრე უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი ძვ.წ. აღ-ის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში უკვე ვარაუდობდა, რომ უნდა გვქონოდა დამწერლობა, სანამ დავიძვრებოდით კაბადოკიიდან. თუმცა სიმონ ჯანაშიამ და სხვებმა ეს ყველაფერი უარყვეს და თქვეს, ჩვენ უფრო ადრე მოვედით, მესამე ათასწლეულშიო.

„დალოცვილო, მესამე ათასწეულში თუ მოხვედი, მაშინ შუმერების მეტს არავის ჰქონდა დამწერლობა და აქ როგორ შემოიტანდი?! აქ თუ შევქმენით დამწერლობა, მაშინ ნუთუ არსად არ უნდა შეგვხვედროდა უძველესი დამწერლობის ნიმუშები?! ჯერ ერთი, გრაკლიანზე მდებარე რომელ უძველეს ტაძარზეა საუბარი, როდესაც ჩვენ თრიალეთის მიდამოებშიც კი სოფელი არ გვაქვს, სახლიც არ გვაქვს და ამ დროს სასახლეები და ტაძრები გვქონდა? ჯერ უნდა დამიმტკიცონ, რომ იმ დროს ტაძრები გვქონდა, რადგან ჯერ ტაძრის აშენება უნდა იცოდე და მერე დააწერო ზედ წარწერა, უკუღმა ხომ არ იქნება?! პირადად მე ქრისტიანობამდე ერთადერთი არმაზის ბილინგვა ვიცი, მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტიც ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად. თუმცა, გრაკლიანზე თუ რამე აღმოჩნდება, უნდა მივესალმოთ და ყველანაირი ვერსია განვიხილოთ, მათ შორის ისიც, რომ გრაკლიანის აღმოჩენა შესაძლოა, სულაც შუმერული წარწერა იყოს, მაგრამ რამეს გადაჭრით ნუ დავამტკიცებთ“,-აღნიშნა ისტორიკოსმა.