მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ახლანდელი მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნება. ბიზნესმენმა, როგორც აუცილებელი ღონისძიება, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის მიმდინარეობის პროცესში „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და კომპანიის ქონების დაყადაღება.
მიმდინარე დავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან იგი უკავშირდება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მედიასაშუალებას.
სამწუხაროდ, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავა კონკრეტული დაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ ინტერპრეტირებულია როგორც ზეწოლა ტელეკომპანიაზე.
გვსურს, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ში თავისი ორწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა. სწორედ თავისუფალი სიტყვის და არხის ჟურნალისტთა მიუკერძოებელი საქმიანობის გამო განხორცილედა 2006 წელს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ უპრეცედენტო ზეწოლა ბიზენსმენზე ტელეკომპანიის დათმობის მიზნით.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ვისახავთ მიზნად „რუსთავი 2“-ის დასუსტებას, პირიქით, სურვილი გვაქვს გაძლიერდეს ტელეკომპანია და ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ, ხოლო დარღვეული უფლებების აღსადგენად მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ.
ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოავლინონ თავიანთი დამკვირვებლები სასამართლო პროცესების მოინტორინგისათვის. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად, ასევე, გამორიცხავს რეალური ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.