ცოტა ხნის წინ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, პროფესორი იოსებ არჩვაძე ტარიფების ზრდას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „შემოდგომაზე ყველა ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება, მძიმე შემოდგომა გველის“.
მედიასთან საუბრისას არჩვაზე ასევე აცხადებს, რომ „ანტონ ჩეხოვისებურად უნდა მივუდგეთ საკითხს, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, ის ბოლო მოქმედებაში აუცილებლად გაისვრის. ზაფხულში ფასების მომატებაზე მსჯელობა შემოდგომაზე აუცილებლად გამოიღებს უარყოფით შედეგს“.
მისივე განმარტებით, ერთ სეგმენტში ფასების მატებას აუცილებლად მოჰყვება ანალოგიური რამ სხვა სეგმენტებშიც - გაძვირდება პური და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება.
პურის გაძვირებაზე საუბარი უკვე დაიწყო -„ხორბლის მარაგიც გვაქვს და ზოგადად ბაზრებზე ხორბალიც გაიაფებულია. ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება“,- აცხადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია.
მინისტრის განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.
„არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება, შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფო მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ, თუ რაშია საქმე“,- აცხადებს დანელია.
ხელშეწყობაში მინისტრი წისქვილკომპინატების პრობლემების, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოგვარებას გულისხმობს, თუმცა პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ბაზარზე პურის გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია.
დოლიძის განმარტებით, საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება უკვე გაზარდა, ხოლო მათ, ვისაც ჯერ პურის ფასი არ გაუძვირებია, წონა შეამცირა; მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფქვილის ფასმაც საგრძნობლად მოიმატა, რაც პროდუქტის ძირითადი ნედლეულია.
„ერთი ტომარა ფქვილი, რომელიც 37 ლარი ღირდა, 44 ლარი გახდა. ჩვენ სამ მინისტრს შევხვდით და განმარტება ვთხოვეთ, რატომ არის უკუპროპორციული პროცესები. თუ ამ დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ იქნება დაცული, ფქვილის ფასები მაღლა აიწევს. მინისტრებისგან კი ჯერ პასუხი არ მიგვიღია“,- აცხადებს დოლიძე.
ექსპერტი, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ის ფონი, რაც დღეს არსებობს - დევალვაცია, ტარიფების ზრდა - თავისთავად გამოიწვევს ფასების ზრდას.
„თუ პურის ფასის ზრდა გაუგებარია, მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა ვკითხოთ, რატომ ღირს „კარგი კარტოფილი“ სამი და ოთხი ლარი, რომელიც სინამდვილეში გადასაყრელია; რატომ ღირს ხილი არანორმალური ფასი; რატომაა ორჯერ იაფი ევროკავშირის ქვეყნებში ხილიც, პომიდორიც და კიტრიც; მერე იქნებ მიხვდეს, რატომ იზრდება პურის ფასი“?- აცხადებს გიორხელიძე.
ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ თუ ლარის დევალვაციის პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ლოგიკურად, ეს მოახდენს ფასების ზრდაზე გავლენას, მაგრამ პურზე უნდა გაიზარდოს თუ არა ფასი, ამას შესაბამისი არგუმენტები სჭირდება.
როდესაც ფასების ზრდაზე იწყება საუბარი, ლოგიკურად ჩნდება კითხვები, ხომ არ სარგებლობენ კომპანიები ზოგადად შექმნილი მდგომარეობით და ხელოვნურად ცდილობენ, ზემოგებაზე გასვლას?! თუმცა ვაჟა ბერიძის აზრით, ზოგჯერ ფასების ზრდას შექმნილი მდგომარეობა განსაზღვრავს.
როგორც ვაჟა ბერიძე განმარტავს, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, არ იცის, რა მარაგები არსებობს და შეშფოთებულია, რადგან ეს საარსებო მინიმუმს გააძვირებს.
„ლოგიკა, რომ მარაგები გაგვაჩნია და ფასი არ უნდა გაიზარდოს, არასწორია, რადგან ადრე თუ გვიან, ეს მარაგები ამოიწურება და ფქვილის და ხორბლის იმპორტირება დაგვჭირდება. თუ გაგრძელდა პროცესი, ლარის დევალვაციისა, ან ის მასშტაბი შენარჩუნდა, რომელიც დღეს გვაქვს, ბუნებრივია, ფასები გაიზრდება“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
დემურ გიორხელიძის განმარტებით, ტარიფები და ფასები არანორმალურად იზრდება არასწორი პოლიტიკის გამო; მისივე შეფასებით, მონოპოლიზმმა, კატრელურმა გარიგებებმა და ნეპოტიზმმა სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში სწორედ ასე იცის.
„ხილსა და ბოსტნეულზე ფასების ზრდაში რუსეთის ბაზრის გახსნა არაფერ შუაშია, ეს არის მთავრობისა და იმ პოლიტიკის ბრალი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სრული განუვითარებლობა; კოოპერაციის შესახებ არასწორი კანონის მიღება; ნათესავებზე იმ პროექტების გადანაწილება, რომელიც თითქოსდა, სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების დროს ხდება - ეს არის იმ ჩაკეტილი, ნეობოლშევიკური ეკონომიკის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს“,- აცხადებს გიორხელიძე.
ცხადია, შექმნილ სიტუაციას მთლიანად ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში დიდი წვლილი სწორედ საქართველოსგან დამოუკიდებელმა საგარეო ფაქტორებმა, კერძოდ რეგიონში წარმოქმნილმა პროცესებმა შეიტანა; თუმცა პრობლემებთან გამკლავება სწორედ ხელისუფლების ვალია.
როგორც დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, მდგომარეობა შემსუბუქდება, თუ ხელისუფლება იფიქრებს, რომ წელს ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება, იმიტომ, რომ ეკონომიკა 2%-ზე მეტად ვერ გაიზრდება, ე.ი. დოვლათი არ შეიქმნება ქვეყანაში და მომავალი წელი უარესი იქნება.
„ამ ყველაფერს რომ თავი ავარიდოთ საჭიროა სამუშო ადგილები, ეკონომიკური ზრდა. ეს ჩაკეტილი ეკონომიკისა და ტარიფების ზრდის პირობებში არ მიიღწევა. ტარიფები კი კლანური ინტერესებიოდან გამომდინარე გაიზარდა, რადგან ენერგომაფიას სურს მოიგოს უფრო მეტი“,- აცხადებს გიორხელიძე.
როდესაც იქმნება ფონი, რომ შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გავიდეს, ბუნებრივია, შესაბამისი სახელმწიფო ბერკეტების ამოქმედებას უნდა ველოდეთ, თუ კარტელურ გარიგებებსა და ფასების ხელოვნურ ზრდაზე ჩნდება ეჭვი, ანალიზი შესაბამისმა სამსახურებმა, ლოგიკურად - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ უნდა დადოს.
როგორც ვაჟა ბერიძე განმარტავს, ანტიმონოპოლიურ სამსახურსაც თავისი ფუნქცია აქვს და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებასაც. მისივე შეფასებით, იგივე, ლარის კურსის დრეიფი არის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რადგან ეკონომიკური და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და პერსპექტივაზე პირდაპირ აისახება.
„ასევე არსებობს ასეთი ცნება - სასურსათო უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქციაზე ფასების ზრდასაც არეგულირებს, მაგრამ სამწუხაროდ, არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლება სათანადოდ ვერ ზრუნავს. ვფიქრობ, რომ სათანადო მარაგები და გააზრებული პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში არ გვაქვს“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისივე შეფასებით, გვაქვს თუ არა შესაბამისი მარაგები და რა შემთხვევაში როგორ მოვიქცევით, სპეციალური უწყებების განხილვის თემაა, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსი და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სამსახურის, მაგრამ რომელი საკითხები რომელ სამსახურს ექვემდებარება, ესეც კი არ გვაქვს კარგად გამიჯნული;
„თავისთავად ცხადია, ეს აჩენს ბევრ კითხვას და წარმოქმნის მოულოდნელობის საფრთხეებს, მათ შორის, სასურსათო და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.