„წინა ხელისუფლების დროს სიჭინავა და არველაძე უკვე დაჭერილი იქნებოდნენ“

„წინა ხელისუფლების დროს სიჭინავა და არველაძე უკვე დაჭერილი იქნებოდნენ“

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები Biletebi.ge-ს ნაცვლად, მომავალი კვირიდან სალაროებში გაიყიდება, ქართველი დეპუტატები კი, გამოწვეულ პრობლემებზე  პასუხისმგებლობას ფეხბურთის ფედერაციასა და ვებ-გვერდის ხელმძღვანელობას აკისრებენ.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი  for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი დანაშაულისა და დარღვევის ნიშნებია, ამით  შესაბამისი ორგანოები უნდა დანტერესდნენ.   

 ხაბარელის პათოსს კომიტეტის წევრი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძეც იზიარებს, რომელსაც for.ge ესაუბრა:

უეფა- სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?

- ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ხელოვნული ნიშნები შეიმჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებდა, რომ ამ საქმესთან მიმართებაში მას არანაირი შეხება არ ჰქონდა, ვფიქრობ, რომ „ბილეთები.ჯი“ მარტო არ იყო. ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ „ბილეთები.ჯი“-მ ხელშეკრულება უეფა-სთან გააფორმა, რის საპირისპიროსაც ვფიქრობ, რადგან მოგვიანებით სიჭინავამ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაცია გამტარია და „ბილეთები.ჯი“-სთან კონტრაქტი მათ გააფორმეს. ამ დოკუმენტის გასაჯაროვებას ვითხოვ. მაინტერესებს, შეთანხმებაში რა წერია, ვის რა ვალდებულება ჰქონდა და ქართველ გულშემატკივარს ვისთვის უნდა ეთქვა მადლობა, ან საყვედური.

თუმცა, სიჭინავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს  უეფა იღებდა...

- უეფა გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ ის სიზმარს არ ნახულობს. საქართველოში ფეხბურთის ფედერაცია იმისთვის არის, რომ ის ინფორმაციას აქედან იღებს. სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციას, „ბილეთები.ჯი“-სა და უეფა-ს შორის მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები უნდა გაასაჯაროვოს და მარტივად გაირკვევა, ვინ რა ვალდებულება არ შეასრულა.

თქვენ პროცესებში ირიბად ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებთ, მაგრამ ბილეთების გაყიდვაზე პასუხისმგებელი „ბილეთები.ჯი“ იყო. ამ კომპანიას თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამ დონის ღონისძებისთვის უფრო მძლავრი სერვერები მოემზადებინა. „ბილეთები.ჯი“-ს ვინ აფარებს ხელს?

- ფეხბურთის ფედერაციამ და „ბილეთები.ჯი“-მ განაცხადეს, რომ მათი გათვლებით ვებ-გვერდზე 2500-3000 ადამიანი შევიდოდა, რაც სასაცილო ციფრია, რადგან ეს მონაცემი ზღვაში წვეთია. სერვერები გათვლილი 100 ათას ადამიანზე უნდა ყოფილიყო. აუცილებელი იყო, რომ „ბილეთები.ჯი“-ს ე.წ. ლოით ბალანსერები შეეძინა, რომლითაც საიტზე შემოსული მომხმარებლის გადამისამართება მოხდებოდა. უპრიანი იქნებოდა, რომ „ბილეთები.ჯი“-ს საქართველოში სხვა საიტები მოეძებნა, სადაც ბილეთებს ქართველი გულშემატკივარები შეიძენდნენ, ხოლო თავად ეს ვებ-გვერდი უცხოელებს მოემსახურებოდა.

მათ არაფერი გააკეთეს. თავიდან ითქვა, რომ ამ საიტს მომსახურებისთვის 45 ათასი ევრო ჩაერიცხა, მაგრამ „ბილეთები.ჯი“-მ განმარტება გააკეთა, რომ მათ არანაირი თანხა არ მიუღიათ. ამ საკითხშიც კითხვის ნიშნებია. მგონი, ესენი სხვადასხვა თანხებზე საუბრობენ და ამიტომ აუცილებელია, რომ მათ შორის დადებული შეთანხმება გასაჯაროვდეს. სიჭინავამ თქვა, რომ  „ბილეთები.ჯი“-ს 45 ათასი ევრო არ გადავუხადეთ, რადგან ასეთ რაღაცას ველოდებოდით და ფულს ასე რომ ვარიგებდეთ, ჩვენი საქმე კარგად იქნებოდაო. მგონი, ფეხბურთის ფედერაციის საქმე მართლა არ არის კარგად. თუკი ფეხბურთის ფედერაციას ვალდებულება ჰქონდა, რომ 45 ათასი ევრო გადაეხადა, მაშინ რატომ არ გადაიხადეს?

კონტრაქტის გასაჯაროვებაზე აპელირებთ და თქვენ, როგორც დეპუტატი, ამ დოკუმენტს რატომ არ გამოითხოვთ?

- ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანოა და ჩემს თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ მათ საქმიანობაში ჩავერიო. თუკი სიმართლე ფეხბურთის ფედერაციის მხარესაა, მაშინ ეს დოკუმენტი გაასაჯაროვოს.

ანუ, თქვენ ბილეთებთან დაკავშირებით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას სიჭინავას აკისრებთ?

- რა თქმა უნდა. უეფას მატჩის ოფიციალური პარტნიორები თბილისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია არიან. ამ პროცესებიდან დედაქალაქის მერია უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურაზეა. სიჭინავას განცხადება, რომ ის ინფრასტრუქტურული საკითხებით არ დაინტერესებულა, შეურაცხმყოფელია. თუკი ის „ბილეთები.ჯი“-ს ენდობოდა, მაშინ სად არის ლოგიკა, მან ამ ვებ-გვერდს თანხა რატომ არ მისცა?

საუბარია იმაზე, რომ „ბილეთები.ჯი“-ს 60-პროცენტიანი წილის მფლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით მიზანდარია. ამის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ ამაში ტრაგიკული არაფერია.

თუმცა, ამ ვებ-გვერდს ამის გამო ხომ არ ეფარება ხელი?

- არ მგონია, რადგან შს მინსიტრმა თქვა, რომ მან გენერალურ ინსპექციას დავალება მისცა, რომ ეს საქმე შეისწავლონ. თუ რა შედეგი დაიდება, უნდა დაველოდით. ერთ საინტერესო დეტალსაც გეტყვით. ვფიქრობ, რომ ვებ-გვერდი არაკეთილსწინდისიერად მოქმედებდა და საიტზე შემსვლელ ყველა მსურველს არ აფიქსირებდა.

თქვენ ეჭვობთ, რომ ვებ-გვერდზე ბილეთების გაყიდვა კორუფციული გზით ხდებოდა?

- ამ ვებ-გვერდს საკუთარი „აიტიშნიკები“ ჰყავს, რომლებსაც სერვერებზე წვდომა აქვთ და არ არის გამორიცხული, რომ  ბილეთებს ისინი ყიდულობდნენ.

„აიტიშნიკები“ ბილეთებს ყიდულობდნენ, რომ შემდეგ, ბილეთების გადაყიდვა მოხდეს?

- დამატებით დეტალებს ვერ ვიტყვი.

ბილეთების ყიდვა დეპუტატებსაც გსურდათ და for.ge-ს ინფორმაციით, კანონმდებლემა 100 ბილეთის შეძენის თხოვნით ფეხბურთის ფედერაციას  მიმართეთ. ბილეთები მიიღეთ?

- სპორტის კომიტეტმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ თუკი საშუალება იქნება, ბილეთებს შევიძენდით. აუცილებელია, რომ ამ პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო სამხსახურები ჩაერიონ და სანამ, სერვერებს გაასუფთავებენ, საქმე შეისწავლონ.

თქვენ ფიქრობთ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს?

- რა თქმა უნდა. მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები ამ საქმეზე მუშაობენ. ეს ყველაფერი საქართველოს პრესტიჟის ამბავია და არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის. უეფა-ში ქართველი ახალგაზრდა კაცი მუშაობს, რომელიც ფეხბურთის დახმარების კუთხით დადებით როლს თამაშობს. ეს არის დავით პეტრიაშვილი და ამ პროცესებში მისი ჩართვა ცუდი საქმე არ იქნება.

წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, იგივე პრობლემები შეიქმნებოდა? თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია, მაგრამ საქმე ქვეყნის სახელს და პრესტიჟს ეხება. უფრო მეტად რატომ არ აქტიურობთ?

- წინა ხელისუფლების დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაჭერილი იქნებოდნენ. იმ ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არჩვიდან ნახევარ საათში პოსტიდან გადააყენა.