საბერძნეთი რეფერენდუმის მოლოდინშია, საქართველო კი, საკუთარ ემიგრანტებზე დარდობს. ქართველი დეპუტატების ცნობით, საბერძნეთში ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომელთა გზავნილებიც უკვე სამჯერ შემცირდა.
for.ge ათენში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს დაუკავშირდა, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე აპელირებენ. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ საბერძნეთში შეჩერებულია ფულადი გზავნილების განხორციელება და ვერც კუთვნილი ხელფასის აღებას ახერხებენ. მათი ცნობით, ათენში მცხოვრები ქართველების ნაწილს დანაზოგი ადგილობრივ ბანკებში აქვთ, თუმცა, ბანკიდან თანხის გამოტანას ვერ ახერხებენ.
საბერძნეთში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოს პარლამენტშიც ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ბერძენ კოლეგებთან მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა ქვეყანამ გარანტია მიიღოს იმისა, რომ იქ მცხოვრები ქართველების დანაზოგებს საფრთხე არ დაემუქრება.
როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, საბერძნეთის მთავრობასთან მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის მთავრობა უკვე აწარმოებს. კანონმდებელი პროგნოზირებს, რომ საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები საქართველოზეც აისახება.
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ერთი მხრივ, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური მინიმიზაცია მოხდეს, ხოლო მეორე მხრივ, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა იგრძნონ. საქართველოს მთავრობამ ბერძენ კოლეგებთან მოლაპარაკებები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რათა იქ მცხოვრებ ქართველებს გადმორიცხვების წარმოების საშუალება მიეცეთ“, - აცხადებს ჯაფარიძე.
დეპუტატის ინფორმაციით, საბერძნეთში სხვადასხვა სტატუსით 150 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს და 2014 წელს, საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა დაახლოებით 205 მილიონი დოლარი შეადგინა.
„მოსალოდნელია, რომ საბერძნეთიდან სამშობლოში ქართველების გარკვეული რაოდენობის დაბრუნება მოხდება. შესაბამისად, გადმორიცხვების მოცულობა შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის საფრთხე შეექმენება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას“, - აღნიშნავს ჯაფარიძე, რომლის ინიციატივას მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე მართებულად მიიჩნევს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი.
for.ge-სთან საუბარში ჭკუასელი აცხადებს, რომ რაც საბერძნეთში ხდება, ეკონომიკური კატასტროფაა.
მისი მოსაზრებით, პრობლემა წარმოიშვა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ქართველი ემიგრაციისთვის, რომლებიც იქედან გამოგზავნილი ფულით საქართველოში ოჯახებს არჩენენ. ჭკუასელის განმარტებით, ამ ეტაპზე, გზავნილები სამჯერ არის შემცირებული.
„ამ პრობლემის ზერელე გადაწყვეტა წარმოუდგენელია. ევროპისთვის უზარმაზარი დარტყმაა, რომ საბერძნეთი ევროზონას გამოეყოს. საბერძნეთში 150 ათასი ადამიანია რეგისტრირებული და ალბათ, ამ ადამიანებს დანაზოგი ექნებათ. შესაბამისად, მოსალაპარაკებელია იმაზე, ამ დანზოგების გამოტანა თუ გაჭირდება. ხომ გაგიგიათ, „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“? - ბერძნების საქმეც ასე არის. კარგ ცხოვრებას მიეჩვიენ და ახლა მათ გაუჭირდათ. ისინი საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ, რადგან შუადღის ორი საათის შემდეგ, საბერძნეთში არავინ მუშაობდა“, - ამბობს ჭკუასელი.
კანონმდებელი ინფორმაციას არ ფლობს, ქართველმა ემიგრანტებმა საბერძნეთში დაკარგეს თუ არა სამსახურები. დეპუტატის ცნობით, ხვალ საქართველოში დიასპორის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი დაბრუნდება, რომელსაც დეტალები ეცოდინება.
საბერძნეთში განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძეც, რომელიც for.ge-სთან საუბარში საბერძნეთში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობის განსხვავებულ ციფრს ასახელებს.
კვაჭანტირაძის მტკიცებით, საბერძნეთში, ოციფიციალური მონაცემებით, 70 ათასი ქართველი ცხოვრობს და ცდომილება შეიძლება 10-20 პროცენტი იყოს.
დეპუტატის შეფასებით, ქართველები მძიმე შრომის ფასად ოჯახის წევრებს დახმარებას უწევენ, ახლა კი, ისინი მძიმე სიტუაციაში თავად აღმოჩნდნენ.
„რეფერენდუმს ველოდებით, რომელიც პირდაპირ და ირიბად საბერძნეთის ფინანსურ ვითარებაზე გავლენას იქონიებს. ვიმედოვნებთ, რომ საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირის დახმარებით ამ კრიზისის დაძლევას შეძლებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს. ამ პროცესში საელჩოც ჩართულია. სამი დღის განმავლობაში, საკონსულო მომსახურება უფასო იქნება და შეიძლება ამ შეღავათების გაგრძელება მოგვიწიოს. საელჩო ჩართულია, რათა ჩვენი თანამემამულეების ინტერესები დაცული იყოს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად უძლურია. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაც კი ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან ყველაფერი კეთდება, რომ საბერძნეთმა ვალი გადაიხადოს.
„მოსალოდნელი არ არის, რომ ქართველები უმუშევრები დარჩნენ. თუკი ასე მოხდა და დეფოლტი გამოცხადდა, ეს კატასტროფა იქნება და ყველაზე ბოლოს ეს საქართველოს შეეხება“, - დასძენს ბერძენიშვილი.
საბერძნეთში პროცესები როგორ განვითარდება, ამას მთელი მსოფლიო აკვირდება. ბოლო მონაცემებით, საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობებზე მიდის. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა კრედიტორებს წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ის მზადაა ევროზონის პირობების უმრავლესობას დათანხმდეს. თუმცა, ციპრასი ითხოვს, რომ კრედიტორების ორ პირობაში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, საბერძნეთს სურს, რომ კუნძულებისთვის დღგ-ის რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებს ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. თავის მხრივ, ევროზონის ლიდერები ათენს მათ მიერ შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ, ვალის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.