ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“ ერთ–ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომლებიც ამ ეტაპზევე არიან ჩართულნი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. პროგრამის მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე for.ge კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან მჭედლიშვილს ესაუბრა.
რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ჰეპატიტი ც–ს ელიმინაციის პროგრამა და კონკრეტულად რა დადებითი მხარეები გააჩნია მას?
- მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა უამრავი პაციენტისთვის. ამ პროგრამის უპრეცენდენტო მხარე იმაში მოიაზრება, რომ ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეს არის სრულიად უფასო. მართლაც რომ ძალიან ბევრი პაციენტისთვის ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი რამ სხვა ქვეყნებში არ ხდება. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს მსგავსი პროგრამის განხორციელება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა სამედიცინო სფეროში. მადლობა მინდა გადავუხადო ჯამრთელობის დაცვის სამინისტროსა და მის მესვეურებს, მათ დიდი საჩუქარი გაუკეთეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვისაც. პროგრამა ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გაამართლებს. ჩვენ უკვე გვაქვს დადებითი შედეგები.
როგორი იყო მომართვიანობა კლინიკაში მოცემული პროგრამის დაწყებამდე და გაიზარდა თუ არა იგი ელიმინაციის პროგრამის დაწყების შემდგომ?
- ზოგადად ჩვენი კლინიკა ჩამოყალიბდა 2006 წელს. მომართვიანობა ამ პროგრამამდე იყოს საკმაოდ დიდი. ჩვენ ვართ ჰეპატოლოგიური კლინიკა, „ჰეპა“ და დღეს–დღეობით წარმოვადგენთ ბრენდს. ჩვენ ყველა ის სიახლე, რაც არსებობს მსოფლიოში, ანალიზებს უკავშირდება ეს თუ სხვა გამოკვლევებს, გვაქვს დანერგილი ჩვენს კლინიკაში. თუ რაიმე წარმატებით ტარდება საქართველოში ჯანდაცვის სფეროში, ერთ–ერთი პიონერები ჩვენც ვართ. თუნდაც PCR მეთოდით რაოდენობრივი თვისობრივი გენოტიპის ანალიზი რომ ავიღოთ და ასე შემდეგ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ C და B ჰეპატიტის ინფექციურ სნეულებებზე. აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. მომართვიანობა C ჰეპატიტის მკურნალობისთვის საკმაოდ დიდი იყო, დღესდღეობით ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ძველ პაციენტებსაც და ახლებსაც, რა თქმა უნდა. მიუხედავად მომართვიანობის სიდიდისა. პროგრამის დაწყების შემდგომ, პაციენტების რიცხვი დაახლოებით 5–ჯერ გაიზარდა. ის პაციენტებიც ძალიან ხშირად მოდიან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი ჩამოდიან სწორედ ამ პროგრამის გამო.
რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მკურნალობა როგორც მძიმე ასევე ნაკლებად მძიმე პაციენტებისთვის და იძლევა თუ არა ეს მკურნალობა C ჰეპატიტის აღმოფხვრის გარანტიას?
- მედიცინა არ არის მათემატიკა, მე როგორც კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე წამლის ეფექტურობაზე ვისაუბრო. ელიმინაცია ნიშნავს განიკურნოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და აღმოიფხვრას გავრცელების კერა. დღეს–დღეობით არის რეალობაა, რომ ყველა მსურველს, ვისაც უნდა, რომ C ჰეპატიტისგან განიკურნოს, საშუალება აქვს რეგისტრაცია გაიროს და შემდგომ მიიღოს ის პრეპარატი, რომელიც უფასოა და დასძლევს მათ განუკურნებელ სენს. ეს სენი მათთვის განუკურნებელი იყო, პირველ რიგში, მისი მკურნალობის სიძვირიდან გამომდინარე.
აქვს თუ არა რაიმე უარყოფითი ფაქტორი ელიმინაციის პროგრამას?
– ერთადერთი უარყოფითი ამ პროგრამაში არის მოლოდინის რეჟიმი. ძალიან ბევრი მსურველია და იქიდან გამომდინარე, რომ მოუთმენლობა ქართველების სენია, ყველას უნდა, რომ დღესვე დაიწყოს მკურნალობა, რაც უხერხულობას ბადებს. ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისია ჩართული. მალე ჩაერთვება ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი. ჩვენ, თბილისში მომუშავე სპეციალისტები, შევეცდებით, რომ მათი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე გადავანაწილოთ პაციენტები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მათ მკურნალობის გავლა შესაძლოა მოუწიოთ თბილიში, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც მათ უნდა გადაეცეთ უფასოდ, მიიღონ თავიანთ რეგიონებში, თბილისში ჩამოუსვლელად. ზუგდიდიდან ან ქუთაისიდან შეიძლება ვერ მოხერხდეს პაციენტის ჩამოსვლა ყოველ მეთოთხმეტე დღეს, ისევ და ისევ შეიძლება მატერიალური პირობების გამო, მაგრამ იქნება ისეთი ხელსაყრელი პირობები, რომ პაციენტმა თავად აირჩიოს ის ადგილი, სადაც შეძლებს მკურნალობის გავლასა და ასევე პრეპარატის მიღებას. რაიონებში მდებარე ის კლინიკები, რომლებიც აკრედიტაციას გაივლიან და ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს საჭიროდ, ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და სწორედ ისინი გაუწევენ მომსახურებას რაიონში მაცხოვრებლებს.
როგორია მკურნალობის ეტაპების ხანგრძლივობა?
- მკურნალობის ეტაპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.