„მე-8 დაწესებულებამაც ვერ დაწერა, რომ თეთრაძე გულით მოკვდაო“

„მე-8 დაწესებულებამაც ვერ დაწერა, რომ თეთრაძე გულით მოკვდაო“

2011 წლის 19 სექტემბერს პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, დაკავებიდან მე-6 დღეს თეთრაძე გლდანის ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. თუმცა, თეთრაძის მეუღლე პოლკოვნიკის გარდაცვალებაში ყოფილ მაღალჩინოსნებს ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განახლდა. პროკურატურამ პოლკოვნიკის მკვლელობის საქმეში ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას წაუყენა. გამოძიება ახალაიას წამებას, სექსუალური ძალადობის ორგანიზებას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიებით დადგენილია, რომ თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მეგის ქარდავასთან და გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალეკო მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. ჯაშუშური ქსელი.

განახლებული გამოძიების პარალელურად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ცენტრის, „ვექტორის“ კომისიის მიერ თეთრაძის გვამის ექსჰუმაციაც ჩატარდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე, ალეკო გეჯაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წარმოდგენილი მასალების მიხედვით გულის იშემიურ დაავადებასა და სტენოკარდიულ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია.

რა დასკვნა დადო დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ და ჰქონდა თუ არა თეთრაძის მიმართ გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს ადგილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ალეკო გეჯაძეს ესაუბრა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სასამართლო პროცესი მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს, ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. თქვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო გვამის ექსჰუმაციაში, ამ დასკვნით თუ გამოიკვეთა, ჰქონდა თუ არა თეთრაძის მიმართ გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს ადგილი?

- ამ ნაწილში ჩვენი დასკვნა კარდინალურად განსხვავდება სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა კომისიის დასკვნისგან. შესაბამისად, ექსჰუმაციის შედეგად დადებულ დასკვნაში, ექსპერტთა კომისიის დასკვნები გაიყო.

 კერძოდ რა ნაწილში?

- ერთ-ერთი მიმართულებაა უკანა ტანის საკითხი. როდესაც გარდაიცვალა სერგო თეთრაძე, მეორე დილას გამოკვლეული იქნა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტის მიერ. გვამის ექსჰუმაციის პროცესში გამოძიებამ წარმოგვიდგინა ყველა მასალა, მათ შორის გვამის პირველადი საექსპერტო გამოკვლევა. ამ დასკვნის დეტალური შესწავლისას, გვამის გარეგან დათვალიერებაში ვერ ვნახეთ ინფორმაცია უკანა ტანთან დაკავშირებით.

გვამის გამოკვლევის დასკვნაში უკანა ტანისა და გარეთა სასქესო ორგანოების თაობაზე რაიმე ჩანაწერი არ მოიპოვება. მნიშვნელობა არ აქვს სიკვდილის სახეობას, უეცარი სიკვდილია, ავტოსაგზაო შემთხვევაა თუ ა.შ. ექსპერტი ვალდებულია, გვამის გარეგანი დათვალიერების გაფორმების დროს, აუცილებლად მიუთითოს გარეთა სასქესო ორგანოების და ამავდროულად, უკანა ტანის მდგომარეობა.

რადგან ჩანაწერში არსად არ ფიგურირებს ეს დეტალები, შეიძლება ითქვას, რომ შეგნებულად არ მოხდა ამ ნაწილის გამოკვლევა?

- გამოძიება პირდაპირ სვამს კითხვას, გთხოვთ გვიპასუხოთ სიკვდილის მიზეზთან და სხეულზე არსებულ დაზიანებებთან ერთად, ხომ არ აღენიშნება უკანა ტანის არეში გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირისთვის დამახასიათებელი რამე ცვლილებები, ან რაიმე დაზიანებები? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს უკანა ტანზე, კონცენტრირებულია ამ მიმართებით და შესაბამისად, ამ მიმართებით კვლევის ნაწილში იძლევა ინფორმაციას.

მიუხედავად ამისა, დაუსვა თუ არა გამოძიებამ თეთრაძესთან დაკავშირებით ექსპერტიზას შეკითხვა, ექსპერტი ვალდებული იყო დაეფიქსირებინა რა მდგომარეობაში იყო უკანა ტანის მიდამო. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვეში ექსპერტს ეს დაფიქსირებული არ აქვს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შეიძლება გამორჩა, შეიძლება არ გაამახვილა ყურადღება და არ დაწერა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის სწორი ქმედება. ექსპერტი ვალდებულია დააფიქსიროს ყველაფერი.

თავისთავად საინტერესოა, რას ეფუძნება მაშინ ახალიას ადოკატის განმარტება, თითქოს, 2012 წელს ჩატარებულმა ექსპერტიზამ, ანუ ერთობლივმა კომისიამ დაწერა, რომ თეთრაძეს უკანა ტანზე დაზიანება არ ჰქონდაო?

- ეს არის სრული აბსურდი. ჩვენს ექსპერტთა კომისიას გვიწერია, რომ გვამის პირველადი გამოკვლევის დროს, რაიმე ინფორმაცია უკანა ტანთან მიმართებაში არ მოიპოვება. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტთა კომისიას, მათ ყოველგავრი საფუძველის გარეშე, ანუ მხედველობაში მაქვს ექსჰუმაციის შემდგომი დასკვნები, დაწერეს, რომ თეთრაძეს უკანა ტანის არეში რამე დაზიანება არ აღენიშნება. ეს არის აბსოლუტურად არამართებული და არაობიექტური მსჯელობა, რომელიც არ ეფუძნება არანაირ საფუძველს.

საიდან წერს კომისია, რომ უკანა ტანზე დაზიანება არ აღენიშნებაო, როცა ექსპერტს პირველადი გამოკვლევის დროს ეს ინფორმაცია მოხსენიებული არ აქვს. გვამის პირველადი გამოკვლევის დროს, უკანა ტანის მიდამოზე რაიმე ინფორმაცია არ არსებობს. ასე რომ, ეს არის არაობიექტური ინფორმაცია, რაც დაიხვია ადვოკატმა ველიჯანაშვილმა. მას საფუძველი მისცა სამხარაულის ექსპერტიზის კომისიამ, რამეთუ თავისი კოლეგის ტყავი არ დახიეს. ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა გვამის გაკვეთაში, ახლაც იქ მუშაობს.

შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არის?

- ვერ გეტყვით. ჩემი მხრიდან ეს არაკოლეგიალური იქნება.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მოწვეულმა ერთობლივმა კომისიამ აიღო ნაცხი და შესაბამისად, იქ სპერმა არ აღმოჩნდაო. რეალურად, ამდენი წლის შემდეგ, შესაძლებელი იყო ამის აღმოჩენა?

- არანაირი აზრი არ ჰქოდა წლინახევრის მიცავლებულის სპერმაზე ნაცხის აღებას, რადგან გვამი უკვე ლპობაში იყო და  სპერმაც ლპობის გამო განადგურდებოდა და ვერ იქნებოდა აღმოჩენილი.

ანუ, სპერმის არაღმოჩენა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კატეგორიულად გამოირიცხება უკანა ტანიდან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი?

- ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ინტერვიუში ამბობდა, რა მექნა, გვითხრესო და იმიტაცია ჩავატარეთო. ანუ, სქესობრივი აქტი არ მომხდარა, იმიტაცია იყოო. როგორც ჩანს, ალბათ, სასქესო ასო მიადეს უკანა ტანთან. როგორც ეს პატიმარი ამბობს, იმიტაციის პროცესი რომ დაიწყო, ცუდად გახდა და დავარდაო. შესაბამისად, ხვალ რომ რომელიმე სხვა მოწმემ თქვას, არა ბატონო იმიტაცია კი არ იყო, არამედ მოხდა ეს აქტიო, მოწმეების ჩვენებაზე ხომ არ დავიწყებთ მსჯელობას და ბრალეულობის განსაზღვრას? ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მტკიცებულებიდან, რა მტკიცებულებაც დადო ჩვენმა ექსპერტთა კომისიამ გვამის ექსჰუმაციის შედეგად. ჩვენ ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ უკანა ტანიდან სქესობრივი შეუღლების ფაქტის არსებობას. მარტივი მიზეზის გამო, რომ ექსპერტმა თავიდანვე, როცა ახალი გარდაცვლილი იყო თეთრაძე, მაშინ არ დააფიქსირა.

რაც შეეხება ცხვირის ძვლის მოტეხილობას, ამ ნაწილშიც ადვოკატი ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ეს დაზიანება შეიძლება მიღებული იყოს გადასვენების პროცესში. ბატონო ალეკო, შესაძლებელია ამ სახის დაზიანება გადასვენების პირობებში მიღებულიყო?

- ესეც სისულელეა. ბუნებრივია, ნათელია ადვოკატის პოზიცია, ყველაფერს ეპოტინება, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლოს. მინდა გითხრათ, რომ პირველად დასკვნაში ექსპერტს არც ცხვირის ძვლების მოტეხილობა უწერია. მაშინ, როდესაც, თეთრაძეს ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, მათ შორის ორივე თვალის მიდამოში. ამ დროს კი, ექსპერტს უწერია მარტო ზერელე ჭრილობა წარბის მიდამოში. გამოძიებამ წარმოგვიდგინა თეთრაძის ფოტოსურათები, სადაც აშკარად ჩანს სახის არეში არსებული დაზიანებები, ანუ სისხლნაჟღენთები. ეს არის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული დაზიანება.

მინდა გითხრათ, რომ თეთრაძის სხეულზე არსებული დაზიანებების გარეგანი დათვალიერების აქტები და ოქმები შედგენილია 19 სექტემბერს, როგორც მე-8 დაწესებულებაში, ასევე მაშინ, როდესაც თეთრაძე იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც წერია, რომ თეთრაძეს სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ჭრილობა. უფრო ადრე 18 სექტემბერს ამას ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორი. აქედან გამომდინარე, ცალსახა და ეჭვგარეშეაა, რომ ცხვირის ძვლის მოტეხილობა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებაა. ვერანაირად ამ დაზიანებას ვერ მიიღებდა სიკვდილის შემდგომ.

კიდევ ერთი დეტალი, რასაც ადვოკატი სიკვდილის მიზეზად ასახელებს, ეს არის გულის იშემიური დაავადება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს გულის იშემიურ დაავადებას თეთრაძის გარდაცვალებასთან?

- ბუნებრივია, ასაკოვანი კაცია და შეიძლება ჰქონოდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენ გამოვითხოვეთ სამედიცინო დაწესებულებიდან ამბულატორიული ბარათი. ამ მონაცემებით არანაირი რისკფაქტორის შემცველი ინფორმაცია თეთრაძესთან მიმართებაში, რასაც შეეძლო გამოეწვია უეცარი სწრაფი სიკვდილი, არ მოიპოვება. არის ბანალური დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ბუნებრივია, ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ცხვირის ძვლების მოტეხილობის შედეგად მიიღო ქალა-ტვინის ტრავმა და ამ მიმართულებით ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება განპირობებული.

მაგრამ, ამავდროულად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის, თუნდაც, იმიტაციურ პროცესში, ამხელა სტერისა და შეურაცხყოფის ფონზე განვითარებოდა გულის მწვავე უკმარისობა და ამის გამო დამდგარიყო ეს შედეგი. თეთრაძის მე-8 დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლიდან 30 წუთში დგება სიკვდილი. ნახევარი სააათი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა, ამ დროს კი, ექიმებმა დიაგნოზში ჩაწერეს არა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობა, ანუ ინფარქტი, არამედ უცნობი ეპიოლოგიის კომა, ანუ კომამ მოკლაო. თვითონ მე-8 დაწესებულებამაც ვერ დაწერა, რომ თეთრაძე გულით მოკვდაო.