ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ახალი ვილაიეთის შექმნის შემდეგ, საქართველო საზღვრებზე კონტროლს მაქსიმალურად ამკაცრებს. ისლამური სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოსგან უყურადღებოდ არ რჩება და როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც საფრთხედ განიხილავს.
for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ საზღვრების კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა კონკრეტულად სპეცსამსახურების მუშაობის უფრო სრულყოფა, აუცილებელია პრევენცია და გარკვეულწილად პროგნოზირებაც.
რა სახის გართულებას უნდა ელოდოს ქვეყანა და რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველო გამოყენებული იქნეს როგორც კორიდორი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
რუსეთის ოთხი რეგიონში - დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და ყაბარდო-ბალყარეთში ისლამური სახელმწიფოს მიერ ახალი ვილაიეთის შექმნა, არის თუ არა დასტური იმისა, რომ ისლამური ხალიფატი კავკასიაშია?
- ვერ ვიტყვით, რომ შემოვიდა, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო და საგანგაშო გზავნილია. ბუნებრივია, თვითონ საფრთხე რეალურია, გამომდინარე თუნდაც იმ ტერაქტებიდან რაც ბოლო პერიოდში ხდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ძნელად პროგნოზირებადია როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები, მაგრამ აშკარაა, რომ მოსალოდნელი საფრთხე საკმაოდ სერიოზულ შეფასებას, ანალიზსს და პრევენციის გარკვეული ღონისძიებების დასახვას მოითხოვს.
პრევენციის რა ზომებს უნდა მიმართოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში? შს მინისტრი ყურადღებას ამახვილებს საზღვრების გაძლიერებაზე...
- ბუნებრივია, საზღვრების გაძლიერება, გამკაცრება და კონტროლი ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ საჭიროა კონკრეტულად სპეცსამსახურების მუშაობის უფრო სრულყოფა, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ მომხდარ მოვლენაზე არ უნდა ვაკეთებდეთ რეაგირებას, არამედ პრევენცია უნდა შევძლოთ და გარკვეულწილად, - პროგნოზირებაც. ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფრის ღიად გაცხადება მართებული არ იქნებოდა.
მთავარია, გატარდეს ის კომპლექსური ღონისძიებები. სხვათა შორის აუცილებელი არის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება იმ რეგიონებში, სადაც შესაძლოა, რელიგიურმა ექსტრემიზმმა დასაყრდენი ჰპოვოს. უფრო კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო და ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუციონალურად საკამოდ ბევრი კუთხითაც უნდა აისახოს. კერძოდ ის, რომ უკვე, დროა ქვეყანაში შეიქმნას ცალკე სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ ხომ გვაქვს კონტრტერორისტული დეპარტამენტი?
- ასეთი სტრუქტურა არის, ადრე უშიშროების სამინისტროს შემადგენლობაში იყო, ჯერ ერქვა ანტიტერორისტული ცენტრი და ახლა ჰქვია კონტრტერორისტული დეპარტამენტი, რომელიც შემდეგ უნდა გადავიდეს სუს-ის ახალი სტრუქტურის შემადგენლობაში. იმდენად რეალურია გარე და შიდა საფრთხეები საქართველსთვის, რომ აუცილებელია კონტერორისტული ღონისძიებების ერთი ცენტრიდან კოორდინაცია.
გამომდინარე იქედან, რომ ისლამისტები აქტიურდებიან ჩრდილოეთ კავკასიის ტეროტორაზე, ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველო შესაძლოა, ძალიან რთულ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს? მითუმეტეს, რომ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, რომ საქართველო ისევ რჩება ტერორისტების ტრანზიტულ ქვეყანად...
- სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები ეფუძნება საკმაოდ დიდ და სანდო წყაროებს. აუცილებელია მოხდეს პოლიტიკური საფრთხეების სერიოზული ანალიზი - რამდენად არის იგივე ისლამური სახელმწიფოს, ან სხვა რომელიმე რელიგიური დაჯგუფების ყურადღების ცენტრში საქართველო. ანუ, ეს არის როგორც შეტევის ობიექტი, თუ ეს არის როგორც ტრანზიტული გზა და ა.შ. ძალიან რთულ გადაკვეთაზე ვართ, ამ ყველაფრის გაანალიზება უნდა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციით.
რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებს, ჩვენ რომ ვიყოთ ევროპის შუა გულში, საფრთხეები ალბათ, ნაკლები იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენება ბევრჯერ უცდია სხვადასხვა ურთიერთ დაპირისპირებულ ქვეყნებს და სამწუხაროდ, საქართველო გამხდარა მათი ინტერესების შეჯახების ეპიცენტრი. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ისლამური სახელმწიფოს ეს განცხადება დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს უკვე, ან მომავალში.
ამ თვალსაზრისთ, რა სახის გართულებას უნდა ელოდოს ქვეყანა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველო გამოყენებული იქნეს როგორც კორიდორი?
- ისლამური სახელმწიფოსგან განცხადება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მათ პროვინცია შექმნეს, ეს უნდა ჩაითვალოს რაღაცა პირველ ეტაპად, ანუ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური წარმონაქმნის დასაწყისი. თუ რუსეთის სამხრეთით, ანუ ჩვენი ჩრდილოეთით ისლამურმა სახელმწიფომ დაიწყო აქტიური ტერორისტული ან სამხედრო მოქმედებები, ამ შემთხვევაში, ერთადერთი რეალურ და ალბათ, აპრობირებული სატრანზიდო წყაროდ საქართველო რჩებათ. თუ ისინი მართლა გააქტიურდებიან და გადავლენ აქტიურ მოქმედებებზე, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, საქართველოც იქნება ჩათრებული ამ არასასიამოვნო დაპირისპირებაში.
მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რომელთაც ამ თვალსაზრისით, გამოცდილება აქვთ?
- სამწუხაროდ, ტერორიზმი 21-ე საუკუნის უდიდესი პრობლემაა, რომლის თავიდან აცილება არა მარტო პროფესიონალიზმს, არამედ დიდ ფინანსებს და ტექნიკურ საშუალებებს მოითხოვს. ისეთი ძლიერი სპეცსამსახურების პირობებშიც კი, როგორც საფრანგეთს და აშშ-ს ჰყავს ხედავთ, რომ საკამოდ ხშირია ტერაქტები. რა თქმა უნდა, კონტაქტები აუცილებელია და ასეთი კონტაქტები იყო წლების მანძილზე, მაგრამ რამდენად შედეგიანია, ეს არის მთავარი. კონტაქტი, ურთიერთობა და თანამშრომლობა კარგია, თუ ის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს უტოვებს შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და კვალიფიკაციას. ბოლო 15 წლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ სპეცსამსახურების საკმაოდ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებსაც შესაბამისი მომზადება ჰქონდათ გავლილი აშშ-ში თუ ევროპაში, სამსახურებიდან დაითხოვეს, თავიდან მოიცილეს.
ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორაზე საკუთარი ვილაიეთის შექმნით მათ იპოვეს დასაყდენი, მაგრამ რამდენად უშვებთ, რომ ასეთი დასაყდენი საქართველოშიც ჰქონდეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში...
- არ არის გამორიცხული. ნადვილად არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დაცული ვართ ამ კუთხით. როგორც გითხრით დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისლამური სახელმწიფოს ეს განცხადება მიმართული არის რუსეთის წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის დიპლომატიამ და ხელისუფლებამ ეს განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დასავლეთთან სავაჭროდ, იგივე უკრაინის თემასთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში მომხდარი ტერაქტები დასავლეთს აიძულებს, რომ ითანამშრომლონ რუსეთთან. არის რამდენიმე პროექტი, რა კუთხითაც დასავლეთი და რუსეთი თანამშრომლობას აძლიერებენ, ეს არის - ატომური შეიარაღება, კოსმოსი და ტერორისტებათან ბრძოლა, რაზეც ორივე მხარე თანამშრომლობას აგრძელებს. ჩემი აზრით, რუსეთი შეეცდება, ეს ხიფათი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.