აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არასაკმარის სანიტარულ პირობებზე და პატიმრების უსაფრთხოებაზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არასაკმარის სანიტარულ პირობებზე და პატიმრების უსაფრთხოებაზე საუბრობს

საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობაზეა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 10 372-ს შეადგენდა, მაშინ როცა აღნიშნული რიცხვი 2013 წელს 8 931 იყო, 2012 წელს კი 19 349. გასული წლის ბოლოს 1 507 პატიმარი წინასწარ დაკავებაში იყო. 2012 წლის იანვარში ციხეებიდან 190 პატიმარი გაუშვეს, როგორც პოლიტპატიმარი და დამატებით - 3 000 პატიმარი. ათასობით პატიმარს შეუმცირეს სასჯელის ვადა. 

როგორც აშშ დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად ათასობით პატიმრის გათავისუფლებისა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა აღნიშნა, რომ ციხეები კვლავ ებრძვის პრობლემატურ პირობებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თებერვალში ასობით პატიმარმა დასავლეთ საქართველოში მდებარე გეგუთის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.

იქვე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ, თუმცა ნოემბრის მონაცემებით, გამოძიება არ იყო დაწყებული. დოკუმენტში ასევე საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ არასაკმარის სანიტარულ პირობებზე და პატიმრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მხრივ არსებულ პრობლემებზეც. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ სასჯელაღსრულების სამინისტროში. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ბევრ საკითხში ემთხვევა ომბუდსმენის დასკვნებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თითქმის მთლიანად ემთხვევა სახალხო დამცველის დასკვნებს ბევრ საკითხში. ეს ეხება ძალადობის ფაქტებს რომლის გამოძიება სამწუხაროდ არ მომხდარა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მართალია, 2012 წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად შეცვლილია და იგი აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, თუმცა, როგორც საიას თავმჯდომარე, ანა ნაცვილიშვილი აცხადებს, კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება ისიც, რომ როგორც წესი, გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე იწყება არა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, არამედ უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით, რაც საკითხისადმი იმთავითვე არასწორ მიდგომას წარმოადგენს.

„ჩვენ დღეს არ გვაქვს წამების ისეთი სისტემური და მასტაბური პრობლემა, როგორც ეს გვქონდა 2012 წლამდე, მაგრამ გვაძლევს ეს დამშვიდების საშუალებას, რომ ის ცალკეული შემთხვევები თუ ტენდეციები, რომელიც უკვე იკევთება, ამაზე ყურადღება მოვადუნოთ და ჩავთვალოთ, რომ ვინაიდან წამება არ არის, ამიტომ არ უნდა ვილაპარაკოთ? წამების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა არის, წამების შემთხვევის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და დამნაშავის დასჯა.

სწორედ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში წამების ფაქტებზე არ ხდებოდა რეაგირება, ამიტომ მივიღეთ ასეთი მასშტაბური პრობლემა. როდესაც წამების შემთხვევებზე რეაგირება არ არის ეფექტური, ეს ქმნის ნიადაგს, რომ წამება ისევ მასშტაბური პრობლემა გახდეს. თუ სამხელწიფოს რეაგირება არ იქნება დროული და ადექვატური, აუცილებლად მივალთ დაუსჯელობის სინდრომამდე და დიდი რისკია იმისა, რომ ისევ დაბრუნდეს ციხეებში წამება, როგორც სისტემური პრობლემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დიღომში მდებარე კლინიკა „ლანცეტში“ თვითდაზიანებით პატიმრები გადაიყვანეს. კლინიკაში სულ 7 პატიმარი იქნა გადაყვანილი, აქედან ერთ-ერთი ქალია. როგორც ექიმი ნინო ნადირაძე ამბობს, ამ შვიდი პატიმრიდან ერთს აღენიშნებოდა ჭრილობა, ხოლო მეორე შემთხვევაში საქმე ქონდათ სიმაღლიდან ვარდნასთან.

„ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითდაზიანებებთან. რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, ისინი სხვადასხვა დაავადებებს უჩივიან და საავადმყოფოში სწორედ ამ მიზეზით იყვნენ გადმოყვანილი. გუშინ გადმოყვანილი შვიდი პაციენტიდან კლინიკაში ამ დროისთვის ერთი მამაკაცი რჩება, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ნადირაძემ.

სასჯელაღსურლების სხვადასხვა დაწესებულებეში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა სამინისტრო. როგორც გიორგი მღებრიშვილის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მას შემდეგ მიიყენეს, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე.

„მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას. სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული“, -ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს საიას თავმჯდომარე. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შესწვავლილი უნდა იქნა, ნამდვილად მიიყენეს თუ არა პატიმრება თვითდაზიანება, და თუკი ასეა, მაშინ რა გახდა ამის მიზეზი.

„როდესაც, ფაქტის მოხდენიდან მყისიერად კეთდება განცხდება, რომ ეს იყო თვითდაზიანება, სწორი არ არის. ამ ფაქტს სჭირდება გამოძიება. შესწავლილი უნდა იყოს, ნამდვილად იყო თუ არა ეს თვითდაზიანება, თუნდაც ყოფილიყო ასე, მაშინ რამ გამოიწვია პატიმრების მხრიდან მსგავი მოქმედების განხორციელება? მომხდარი უნდა გაარკვიოს გამოძიებამ და ჩვენ, წინდაწინ არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რა მოხდა. რა თქმა უნდა, სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება, მაგრამ პროცესი აქ არ უნდა დასრულდეს. ეს ფაქტი, ისევე როგორც ყველა სხვა, უნდა იყოს გამოძიებული და მათ უნდა გვითხრან რა მოხდა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.