მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერეკაშვილმა, რომელიც მუშაობას ალექსანდრე მარგიშვილითან თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა.
თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ადასტურებს ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის განცხადებით, ირაკლი ბერეკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, თუმცა გადავიდა სხვა სამსახურში. როგორც ქუმსიაშვილი აცხადებს, მერია უმოკლეს დროში წარადგენს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმღვანელს, თუმცა, ვინ შეცვლის ბერიკაშვილს, ამის შესახებ ქუმსიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, თუმცა, ამ ინფორმაციას თბილისის მერიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სუდაძე თანამდებობას ვიცე მერთან დაპირისპირების გამო ტოვებს. თუმცა, დავით ქუმსიშვილის განცხდებით, აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, რის გამოც კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს. ავთანდილ სუდაძესთან კონფლიქტი არ მაქვს“, - აღნიშნა დავით ქუმსიშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის გადადგომა 13 ივნისის სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. თუმცა, სტიქიასა და ბერეკაშვილის თანამდებობას შორის კავშირს არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე, რომელიც for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას ტოვებს თუ არა თანამდებობას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საკადრო გადაწყვეტილებაზე, ეს არის ეკოპოლიტიკის სამსახურის უფროსის წასვლა. ეს არანაირად კავშირში არ არის სტიქურ მოვლენებთან. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძე.
ტრადიციულად, განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება. საკრებულოს წევრი, სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.
„ბერეკაშვილის სამსახური გამოირჩეოდა დიდი უსაქმურობით. რაც პირადად ჩემი დაწყებული პროექტები იყო, ზოგი არ შეყვიტა და გააგრძელა, თორემ არაფერი სხვა მას არ გაუკეთებია. მან თავისი ფუნქციები ვერ შეასრულა. ახლა როგორც ვხედავ, გადავიდა მარგიშვილთან, რომლის ცენტრი უსაქმური ადამიანების თავშესაფარი გახდა. თუმცა დაინიშნეს მაღლი ხელფასები და დიდი დანამატები“, - აცხადებს უგრეხელიძე.
რაც შეეხება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, საკრებულოს უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ ავთანდილ სუდაძის საქმიანობით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
„სუდაძე დიდი ხნის წინ უნდა განთავისუფლებულიყო და მასზე საქმე უნდა იყოს აღძრული. ის არა მარტო არ ასრულებს თავის მოვალეობას, არამედ მას აქვს ისეთი ხელშეკრულებები გაფორმებული და ისეთ საქმეებშია ჩაბმული, რომ მისით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რაზედაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სევდია უგრეხელიძე.
დღესვე, თბილისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება 13 ივნისის სტიქიის ღამეს მათ მუშაობას. როგორც „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მერმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა 13 ივნისის ღამეს სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
„მოვითხოვთ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 13 ივნისის მოვლენებზე. სახეზეა, რომ ქალაქის მერმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ვერ იმოქმედეს ადეკვატურად. არ ეყოთ ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში გაეწიათ სათანადო რეაგირება მოვლენებისთვის. გასაგებია, რომ სტიქია იყო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიის უმოქმედობამ სტიქიის შედეგები მნიშვნელოვნად დაამძიმა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივ გულგრილობას, რომელმაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე დანაშაულებები.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მერია მოსალოდნელი სტქიური მოვლენების შესახებ, მათ არათუ წინასწარი სამუშაოები დაიწყეს, არამედ, როდესაც სტიქია დაიწყო, ვერ მოახერხეს ხალხის გაფრთხილება და დროული ევაკუაცია, მაშველების გაგზავნა და გზების გადაკეტვა, მანქანები შედიდონენ ამ ხაფანგში. ამდენი ხალხი დაიღუპა და ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს ქალაქის მერი და მან თავისი ნებით უნდა დატოვოს თანამდებობა“, - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
დავით ნარმანიას გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის განცხადებით, ოპოზიციის საჩივრის საფუძვლიანობა ან უსაფუძვლობა თავად პროკურატურამ უნდა შეაფასოს.
„საჩივრის საფუძვლიანობა ან არასაფუძვლიანობა უნდა შეაფასოს თავად პროკურატურამ. შესაბამისად, მან უნდა იმოქმედოს, თუ ამ უწყებას მიმართეს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.