ყოფილი პროკურორი, ვალერი გრიგალაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ყოფილი პროკურორებისა და მოსამართლეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ ზაზა ხატიაშვილის მიზანია, არ დაუშვას ადვოკატურის რიგებში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდნენ პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე.
„მოსამართლეეები და პროკურორები, რომლებიც ახალი რეჟიმის პირობებში აღმოჩნდნენ სამსახურს მიღმა, იძულებულნი არიან მიმართონ განცხადებით ადვოკატთა ასოციაციას და მოითხოვონ გაწევრიანება, რომ ადვოკატობით მოახდინონ თვითდასაქმება. საკუთარი გამოცდილების, ცოდნის, შრომისუნარის წყალობით, მოიპოვონ ელემენტარული ცხოვრების საშუალება. სწორედ ასეთ პროკურორებს და მოსამართლეებს მოევლინა ზაზა ხატიაშვილი ხელისშემშლელ ფაქტორად“, - აცხადებს ვალერი გრიგალაშვილი.
ადვოკატთა შესახებ კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ასოციაციაში გაწვერიანებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ ტესტირების ჩაბარებიდან შვიდი წელია გასული. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე ვერც ერთი პირი ვერ გახდება ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
„ვისაც უნდა ასოციაციაში შემოსვლა, უნდა ჩააბარონ გამოცდა. გამოცდის გარეშე ვალერი გრიგალაშვილი კი არა, არავინ არ იქნება გაწევრიანებული. რატომ არ უნდათ გამოცდის ჩაბარება? მეუბნებიან, რომ ადრე გვაქვს ჩაბარებული და ის ჩაგვითვალეო. გასულია 7 წელი და ვეუბნები, რომ ჩააბარეთ ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა და გაგაწევრიანებთ. დისკრიმინაციაა, როდესაც ვეუბნები, რომ გამოცდა ჩააბარე-თქო? გამოცდის ჩაბარება არ უნდათ, მიდიან სასამართლოში და უღირსი გადაწყვეტილებით მავალდებულებენ, რომ ეს ხალხი გავაწევრიანო. წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო მაძალებს ამ პროკურორების გაწევრიანებას ადვოკატთა ასოციაციაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
ამასთან, ხატიაშვილის განცხადებით ის უჩივის ორ მოსამართლეს, რომლებმაც უკანონოდ სცნეს მისი გადაწყვეტილება ყოფილი პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. მისივე თქმით, მოსამართლეების ლელა ცანავას და გიორგი მიქაუტაძის მხრიდან, სავარაუდოდ, ჩადენილია კორუფციული ქმედება, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, ვალერი გრიგალაშვილმა განცხადებით მიმართა ადვოკატთა ასოციაციას გაწევრიენების მოთხოვნით. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, ვალერი გრიგალაშვილს უარი ეთქვა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე და და ეცნობა აღნიშნულის თაობაზე 2015 წლის 3 აპრილის წერილით. გრიგალაშვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2015 წლის 3 აპრილის წერილის (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა.
„მოსამართლე ლელა ცანავამ 2015 წლის 29 მაისის, გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს სახელით და გამოაცხადა, რომ ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება. როდესაც ადვოკატთა ასოციაციამ მივიღეთ მოსამართლე ცანავას გადაწყვეტილება, აღმოჩნდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო გაყალბებული კერძოდ, 2015 წლის 29 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლელა ცანავას გადაწყვეტილებაში მითითებული იყო არა ის, რაც გამოაცხადა მოსამართლემ სხდომის დამთავრების შემდეგ, არამედ ის, რაც მხარეს არ მოუთხოვია და რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.
კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსამართლემ ბათილად ცნო „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ვალერი გრიგალაშვილისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში, რაზედაც როგორც აღვნიშნეთ არ ყოფილა საერთოდ საუბარი სასამართლოს მიმდინარეობის დროს“, - აცხადებს ხატიაშვილი.
მისივე თქმით, მოსამართლე ლელა ცანავას მხრიდან სავარაუდოდ სამსახურებრივი სიყალბისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება დასტურდება მანანა მოსულიშვილის საქმეში, რომელსაც ასევე უარი ეთქვა ასოციაციაში გაწევრიანებაზე.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მოსამართლეები, სანამ დაინიშნებიან მოსამართლეებად, გადიან სწავლების კურსს, ამიტომ, მათ კარგად იციან, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თვითნებურად შეცვლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ხატიაშვილი პროკურატურას რეაგირებისთვის 48 საათიან ვადას აძლევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. თავის მხრივ კი, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ სამართალწარმოება სამოქალაქო წესით.
„საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია პრაქტიკა სადავო საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სასამართლოში.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში, რომელიც ზაზა ხატიაშვილის მიერაა ნახსენები, არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომელებიც ბათილად სცნო სასამართლომ.