ნაციონალების მორიგი სამიზნე „სუპერ პუმა“ გახდა

ნაციონალების მორიგი სამიზნე „სუპერ პუმა“ გახდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, „სუპერ პუმას“ ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, ხელისუფლებამ 13 ივნისის ღამეს არ გამოიყენა. „სუპერ პუმას“ 6 ვერტმფრენი თავდაცის სამინისტროს ბალანსზეა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ვერტმფრენის გამოყენება იმ კონკრეტულ შემთხვევაში გაუმართლებელი იქნებოდა და ამას შესაძლოა დამატებითი მსხვერპლიც მოჰყოლოდა.

„თუ ვინმეს მაზოხისტური მოთხივნილება აქვს, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდინიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით უფრო დიდი ყოფილიყო, ჩვენ ამაში ვერ მივიღებდით მონაწილეობას“, - ასე უპასუხა პოლიტიკურ ოპონენტებს თინა ხიდაშელმა.

რატომ არ მოხდა ფრანგული ტიპის „სუპერ პუმას“ გამოყენება სამაშველო ოპერაციის პარალელურად, კომეტარი გააკეთა შს მინისტრმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ვერტმფრენები გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან დაახლოებით ორი წელიწადზე მეტია, ეს ვერტმფრენები უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება. მისივე თქმით, შსს-ს ისედაც ჰყავს ვერტმფრენი, თუმცა, ამინდიდან გამომდინარე, ვერც ის იქნებოდა გამოყენებული.

„ქალაქის პირობებში ის ვერ იფრენდა, იყო ჩამოვარდნის საფრთხე და ვერ გავრისკავდით ამ ბიჭების სიცოცხლეს და მას ვერ გამოვიყენებდით“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თენგიზ გუნავას განცხადებით, „სუპერ პუმა“ ვერტმფრენები სწორედ სამაშველო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.

„სხვადასხვა სისულელეს აცხადებს ჯერ ერთი სამინისტრო, მერე მეორე, სწორედ სამაშველო ოპერაციებისთვის იყო განკუთვნილი „სუპერ პუმას“ ვერტმფრენები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაშველოსთვის არ იყო ეს ვერტმფრენები, მერე დააბრალა ეკონომიკის სამინისტროს, რომ 2 წელი არავის დაუქოქავს. ჩვენ თავის დროზე ვაფრთხილებდით, რომ ეს ვერტმფრენები ასეთი სიტუაციებისთვის გამოეყენებინათ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა არის უსაქმური და უნიათო“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

თუმცა, თენგიზ გუნავას, ისევე რგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ განუმარტავს, რატომ არ მოხდა 2013 წლის 13 მაისს „სუპერ პუმას“ გამოყენება. მაშინ, ორთაჭალაში კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და მდინარე მტკვარი სავალ გზაზე გადმოვიდა.

მაშინ, ადიდებულმა მტკვარმა საფრთხე მოსახელეობის სიცოცხლეს შეუქმნა. სტიქიამ მაშინ 5 ადამიანი იმსხვერპლა. მეტიც, მაშინ როდესაც ქვეყანას სტიქია უტევდა, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეხბურთის საყურებლად სლოვენიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოები, როგორ „შოპინგობდა“ სააკაშვილი მილანში. მაშინ პრეზიდენტის გარემოცვა ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილი ამერიკაში მიდიოდა და მილანში გზად გაჩერდა.

დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ხელისუფლებამ წყალდიდობის დროს თბილისში, ყველაზე მძიმე მომენტში ადეკვატურად იმოქმედა და მათი ქმედება პიარზე არ იყო აგებული. შესაბამისად, როგორც ნიშნიანიძე აცხადებს, პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ სრულიად უსაფუძვლოა.

„როდესაც წლების განმავლობაში „ჩარეცხილი“ იყო პროფესიონალიზმი, ბოლოს და ბოლოს, ეს უმძიმეს შედეგს მოიტანდა. მისასალმებელია, რომ უმძიმეს მომენტებში, წყალდიდობის დროს, ხელისუფლება მოქმედებდა საუკეთესოდ. მათი ქმედება ესადაგებოდა შედეგს და არა პიარს. სამწუხაროა, თვითგამოცხადებული „ნაც.მოძრაობის“ ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. ეს საზოგადოება არასოდეს აპატიებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ ქმედებებს. როგორ მოგაქციათ თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა და დაგაბრმავათ, რომელიც დედამიწის ზურგზე ყველაზე კორუმპირებული ადამიანია. მოგიწოდებთ, შეიყვაროთ ქვეყანა და სამშობლო და არა ცალკეული ბელადები“, - ასე უპასუხა ოპონენტებს ომარ ნიშნიანიძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას განცხადებით უპასუხა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა. ვახტანგ კაპანაძის უწყება იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ არ მოხდა სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოყენება.

„თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით - დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა. თბილისი თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით საკამოდ რთული სტრუქტურისაა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვადასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების „ბადეებს“.

ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით, მოყვედობა დამატებითი მსხვერპლი“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე აცხდებს, რომ „სუპერ პუმა“ რომელიც სამხედრო დანიშნულებისა, მისი სამაშველო ოპერაციებში არგამოყენება სისტემის ხარვეზია. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, „სუპერ პუმას“ გამოყენება არ მომხდარა ორთაჭალაში მომხდარი სტიქიური მოვლების დროს.

„სიტუაციამ აჩვენა, რომ უკეთესი დაგეგმვა სჭირდება. რეაგირების თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, სახეზეა გარკვეული სპეკულაციები. მითუმეტეს თუ გავიხსენებთ ორთაჭალის შემთხვევას, როდესაც არ მოხდა მისი გამოყენება. ამიტომ, როგორც წინა ხელისუფლებამ, ასევე ახლანდელმა ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რისთვის გვყავს მაშინ ეს ვერტმფრენები და რა დანიშნულება აქვთ. თუ მისი ჩართვა არ მოხდება სამაშველო ღონისძიებებში, მაშინ რატომ იყიდეს თავის დროზე, ეს არის კითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხებს“, - აცხადებს შორენა ლორთქოფანიძე.