ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულში მონაწილე 6 პირი.
ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე, ბრალდებული, 72 წლის ექიმი მზია უგრეხელიძე, სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლა. მზია უგრეხელიძის კავშირმა აღნიშნულ საქმესთან, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კლინიკა „ახალი სამშობიარო ცენტრის“ რეპუტაციას, იმის მიუხედავად, რომ კლინიკის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი კატეგორიულად ემიჯნება მომხდარ ფაქტს.
რეალურად რა მოხდა და რა კავშირი აქვს ბავშვებით ვაჭრობასთან „ახალ სამშობიარო ცენტრს“ და მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მზია უგრეხელიძეს? - for.ge-ს კითხვებს კლინიკის დირექტორი, ზურაბ ბართაია პასუხობს.
ბატონო ზურაბ, რა კავშირი აქვს „ახალ სამშობიარო ცენტრს“ ჩვილი ბავშვების ვაჭრობის ფაქტთან? როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურმა „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალურ დირექტორთან და მის მოადგილესთან ერთად თქვენი ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა...
ზურაბ ბართაია: „ახალი სამშობიარო ცენტრის“ დანარჩენი 39-ვე დამფუძნებელი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან ჩვენთან, ცალსახად ვემიჯნებით აღნიშნულ ფაქტს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგები ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვიმყოფებოდით. „ახალი სამშობიარო ცენტრი“ ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელობაზე და ჩვენი მომსახურების მაღალი ხარისხი და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაბალი ფასები ამაზე მეტყველებს. სამშობიარო ცენტრს უამრავი მადლობა აქვს მიღებული პაციენტების მხრიდან.
როგორ მოხდა ჩვილი თქვენს კლინიკაში?
- როგორც საქმიდან ირკვევა და როგორც ქალბატონი მზია ამბობს, ჩვილი კლინიკაში მკურნალობის მიზნით მოხვდა და მზია უგრეხელიძე მას, როგორც ექიმი დაეხმარა.
თქვენ არ იყავით საქმის კურსში?
- რა თქმა უნდა- არა. არასოდეს მსგავსი ფაქტი ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა და ქალბატონ მზიასაც არავინ ჩაუყენებია საქმის კურსში. პრესაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, შესაძლებელია, ბავშვი დარეგისტრირდეს იმ კლინიკის გარეთ სადაც დაიბადა. ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება ანგარიშვალდებულია ელექტრონული შეტყობინებით - (ფორმა 106) - აცნობოს ახალშობილის დაბადება იუსტიციის სახლს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწესებულების წინააღმდეგ ტარდება საჯარიმო სანქციები. სამშობიაროში ბავშვები რეგისტრირდებიან გაწერამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რაც დასტურდება მშობლების ხელმოწერით, რის შემდეგ ბავშვს ენიჭება პირადი ნომერი და ეწერება კლინიკიდან. თუ მელოგინე ტოვებს ჩვილს, ჩვენ სასწრაფოდ სოციალურ სააგენტოს ვაყენებთ საქმის კურსში.
ეს ბავშვი თქვენთან არ ყოფილა რეგისტრირებული?
- ეს ბავშვი ჩვენს კლინიკაში არ დაბადებულა და შესაბამისად, ჩვენთან ვერ იქნებოდა დარეგისტრირებული. ბავშვი დაიბადა სხვა სამშობიარო სახლში, თუმცა ჩვენთან ქუჩიდან შემოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბავშვი ჩვენთან რომ დაბადებულიყო, გამორიცხულია ასეთი რამ მომხდარიყო. როდესაც დედა უარს ამბობს შვილზე, მაშინვე ხდება იმ სტრუქურების ჩართვა, რომელიც უშუალოდ ერთვება ასეთ დროს. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, გაირკვევა ყველაფერი.
თქვენთვის როდის გახდა ცნობილი ახალშობილის კლინიკაში მოთავსების შესახებ?
- კვირას, დღის პირველ ნახევარში.
დასტურდება, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარება იყო მძიმე?
- როგორც ქ-ნ მზია აცხადებს, ბავშვს სჭირდებოდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რაც გაეწია კიდეც. დიდი ხანია ქალბატონ მზიას ვიცნობ, მისი მხრიდან არასოდეს უღირს საქციელს ადგილი არ ჰქონია - არც გამიგია. ქალბატონი მზიაც არ იქცევდა ყურადღებას, რომ ეჭვი შეგვეტანა მის საქმიანობაში. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ნაკლებად ეწეოდა საექიმო საქმიანობას, თუმცა ადმინისტრაციული მიმართულება ჰქონდა ჩაბარებული. ის იყო ნეონატოლოგიური მიმართულების კურატორი. როგორც ნეონატოლოგს, დიდი ხნის გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში.