მიხეილ ყაველაშვილი დომენტი სიჭინავაზე, ლადო ბურდულზე, რეზო არველაძეზე და კატასტროფაზე სახელად „ქართული ფეხბურთი“

მიხეილ ყაველაშვილი დომენტი სიჭინავაზე, ლადო ბურდულზე, რეზო არველაძეზე და კატასტროფაზე სახელად „ქართული ფეხბურთი“

პოლონეთმა მეორე ჯერზეც 4:0 მოგვიგო, რეიტინგში ავღანეთმა გაგვისწრო, ფეხბურთის ფედერაცია 50 ათასით დააჯარიმეს, თამაშების ჩაწყობა წესად იქცა, და საერთოდ, მეექვსე კალათაში ვართ ევროპაში. ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთს აქებენ, რომ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები და მწვრთნელები გვყავს, ინფრასტუქტურაზე ფული დაიხარჯა... მაგრამ შედეგი არ არის. ქართული ფეხბურთი  უფსკრულშია. ქართულ ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაზე for.ge-ს მიხეილ ყაველაშვილი ესაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ბოლო წლები სულ ვამბობდი, ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ... ალბათ, ამის შემდეგ ფეხბურთს თუ ავკრძალავთ. ქვეყანაში ფეხბურთის საზომი არის ეროვნული ნაკრები და, თუ არ ვცდები, 140-ე ადგილზე ვართ. რაც ყველაზე სავალალოა, მოვხვდით მეექვსე კალათაში, სან მარინოსთან და ანდორასთან ერთად. ამასობაში კი, ფარერებმა მე-5-დან მე-4 კალათაში აინაცვლა. ასეთი მძიმე მდგომარეობაა.

მაგრამ იბადება მთავარი კითხვა - რატომ ვართ ამ დღეში? მიზეზი ბევრია. შემთხვევით არაფერი ხდება. ფეხბურთის ფედერაციაში გამეფებულმა გულგრილობამ, უპასუხისმგებლობამ, არაპროფესიონალიზმმა და ყველაფერმა ერთად, მოიტანა ეს კატასტროფა. თუმცა, ეს ადამიანები და, ჩვენდა სამწუხაროდ, საფეხბურთო სამყაროში დასაქმებულთა უმრავლესობა, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქმე არც თუ ისე ცუდად არის.

ეს როგორ არის იცით?.. თუ ამ ოთახში არ არის სიკეთე, მის ადგილს აუცილებლად ბოროტება დაიკავებს. გულგრილობაში იმას ვგულისხმობდი, რომ ფეხბურთში მომუშავე ეს ადამიანები ქმნიან ამ გარემოს.

ფეხბურთის ფედერაციას გულისხმობთ?

- ფეხბურთის ფედერაცია არის ქვეყნის სახე და პასუხისმგებელი ორგანო ამ სფეროზე. წესდებაში გაწერილია, რომ უნდა იზრუნოს ფეხბურთის განვითარებაზე. რა და როგორ უნდა გააკეთოს არსებული დაფინანსების პირობებში. ყველაფერს შეიძლება ვერ გაწვდეს, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთი, მწვრთნელებისა და მსაჯების განათლება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყოველივე ეს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ფედერაციის საზრუნავია. ეროვნული ნაკრების კატასტროფას აღარ შევეხები, ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, თუმცა, ბევრჯერ თქმულა, რომ მთავარი, მათ შორის - ნაკრების დონის ასამაღლებლად, მაინც ეროვნული ჩემპიონატია.

ეროვნული ჩემპიონატი პროფესიულმა ლიგამ უნდა ჩაატაროს. გუნდები თვითონ ქმნიან ლიგას - პროფესიული კლუბები იკრიბებიან, გამოიყოფა თანხა და ის ატარებს ჩემპიონატს. ხუთი-ექვსი წლის წინ იყო ლიგა, მაგრამ დაიშალა და ახლა ფედერაცია არის ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც სულ ორად-ორი პროფესიული კლუბი გვყავს, დანარჩენებს კი ჰქვიათ პროფესიული კლუბები, მაგრამ ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ, ან ანაზღაურება ისეთი დაბალია, რომ პროფესიონალს ნამდვილად ვერ დაარქმევ. შვეიცარიაში ვთამაშობდი და, ჩვენთან შედარებით, იმათ სამოყვარულო კლუბებს უფრო მეტი შესაძლებლობები, დაფინანსება, ინფრასტრუქტურა ჰქონდათ. იქ, იმ სამოყვარულო კლუბში უფრო გაიზრდება ფეხბურთელი ვიდრე აქ - „პროფესიულ“ გუნდში.

ფეხბურთი იყო აზარტი, სიყვარული... გვახსოვს თბილისის „დინამოს“ ხსენებაზე რა ხდებოდა... სად გაქრა ეს სიყვარული? იქნებ, ეს იმის ბრალიც არის, რომ ფეხბურთი  ხელის მოთბობის იოლ საშუალებად იქცა?

- მე არ ვგულისხმობ, რომ სიყვარული გაქრა. შეიძლება, ქართული ფეხბურთის მიმართ დაიკარგა. დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ გულშემატკივრებმა სრულფასოვნად უყურონ მსოფლიო ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგას, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატებს... და ეს მთელი სიყვარული და ჟინი სხვა გუნდებზე გადავიდა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ფეხბურთი ბიზნესი გახდა, მაგრამ არა მთლიანად. ფეხბურთი ყოველთვის ინარჩუნებს თავის სახეს და შეუძლებელია, ბიზნესი ისე შეიჭრას, რომ ფეხბურთმა სახე დაკარგოს. პირიქით, ბიზნესი დაეხმარა ფეხბურთს განვითარებაში და ასევე, ჩვეულებრივი მოვლენაა, რა თქმა უნდა, კომერცია.

გამოკვეთილი უნდა იყოს სახელმწიფოს როლიც, მაგრამ ის ვალდებული არ არის ფული ჩადოს პროფესიულ ფეხურთში. სახელმწიფო ვალდებულია სამოყვარულო დონეზე შექმნას ინფრასტრუქტურა, შექმნას პირობები ბავშვებისთვის...

ალბათ, რაღაც შედეგი უნდა დაიდოს, რომ სახელმწიფომ მეტი ფინანსები გამოყოს. ჩვენ გვაქვს მაგალითები რაგბის შემთხვევაში, იგივე კალათაბურთი და ა.შ. არის წარმატება, მაგრამ ფეხბურთში, მაპატიეთ და, ყველაფრი ისე გაიხრწნა, რომ ალბათ სახელმწიფო ფიქრობს: „რა აზრი ფულის ჩადებას, ეს ხომ წყალშია გადაყრილი?“

- ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა ჩავატარეთ პრეზენტაცია „ქართული ფეხბურთის განვითრების სტრატეგიული ხედვა“. გაკეთებული გვაქვს ანალიზი, თუ რა მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში. ამ ანალიზის მიხედვით, სიტუაცია კატასტროფულია ყველა კომპონეტში - ბავშვთა ფეხბურთი, ნაკრებები, უმაღლესი ლიგის კლუბები, მსაჯები და ა.შ. ყველა მიმართულებით კატასტროფაა! ფერებით გვქონდა აღნიშნული ყვითელი, მწვანე და წითელი. დახედეთ დიაგრამებს და თავად დარწმუნდებით, რომ სიტყვა „კატასტროფა“ სრულიადაც არ არის გადაჭარბებული. იმდენად ჭარბობს წითელი.

მაგალითად, თუ არ ვცდები 20 წლის წინ, საქართველოში 45 ათასი ფეხბურთელი იყო, ახლა 15 ათასიც არაა. 13 ათასი ფეხბურთელია მთლიანად აღრიცხული.  წარმოგიდგენიათ, რამხელა სხვაობაა?

ეს ბუნებრივია...

- არ არის ბუნებრივი!!! თუ ავიღებთ რაგბს, იქ პირიქით არის. არადა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

თავს იმართლებენ, რომ გასაჭირია, აფხაზეთი და სამაჩაბლო შემოგვაკლდა, იქ ხომ ხალხი დადიოდა, უამრავი ემიგრანტი გვყავს და ყველას და ყველაფერს აბრალებენ, გარდა საკუთარი თავისა. ამბობენ,  რომ კარგად მუშაობენ, ოღონდ ფიზიკურად შემოაკლდა საქართველოს ხალხი. როცა კითხვას ვსვამ, რომ რაგბი იგივე ქვეყანაში არ არის? რაგბი რატომ ვითარდება? რატომ ფინანსდება რაგბი? - იწყება საუბარი, რომ იქ სხვა სპეციფიკაა და ა.შ.

სპონსორი ყოველთვის კონკრეტულ გეგმას ითხოვს - რომ მომიტანეთ გეგმა, რაში უნდა ჩავდო ფული. ბიძინა ივანიშვილმა მეც მითხრა და მერე ტელევიზიითაც განაცხადა, 7-8 წლის წინ მზად ვიყავი, 100 მილიონით დამეფინანსებინა ფეხბურთიო. არც დაუმალავს, რომ პირობები დააყენა - მე უნდა ვიცოდე რაში ვდებ ფულს. ფეხბურთის ფედერაციას შემოსავალი აქვს უეფასგან, ფიფასგან, სახელმწიფოსგან. ივანიშვილმა თქვა, რომ ჩემი თანხა არ უნდა აირიოს ამ ყველაფერში, უნდა ვიცოდე, რაში ვხარჯავ ფულს, ამიტომ  ჩემი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს მონიტორინგშიო. მაგრამ, უარი უთხრეს.

რატომ?

- არ აწყობდათ ეს დამოკიდებულება და, მეორე, მოუმზადებლები იყვნენ. ფეხბურთის ფედერაციაში დღემდე არ არსებობს არანაირი ხედვა და არც არასოდეს არსებობდა და იგივე მდგომარეობაა ახლაც. არიან კლუბები, რომელთათვისაც მუნიციპალიტეტებს, რამდენადაც ვიცი, მილიონ ნახევარი მაინც აქვთ გამოყოფილი.

მანამდე სპეკულირებდნენ, რომ ხალხი ყავთ დასაქმებული, მაგრამ კლუბის სტაფი 30-40 კაცზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ყავდათ 80 კაცი. ამ 80 კაცში შეიძლება ვიღაცას 300 ლარს აძლევდნენ და აქედან 100-ს თვითინ იდებდნენ ჯიბეში და ამიტომაც იყო შტატები გაბერილი. ხარისხობრივად, რა თქმა უნდა, დაეტყობოდა კლუბს. ფეხბურთელს, 19-20 წლის ბიჭს, უნდა, რომ სრულყოფილად განვითარდეს, შედის ამ კლუბში და ხვდება ასეთი გარემო: ნეპოტიზმი, ის იმის ნათესავი, ეს ამის ნათესავი და ა.შ. ხარისხზე, კლუბზე და ფეხბურთზე აქ არავინ არ ფიქრობს.  2 მილიონ 200 000 ბიუჯეტი ჰქონდა ბოლნისს...

სხვათა შორის, ახლახანს ბოლნისის „სიონი“ დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია რეგიონში. ამ ფონზე, კლუბი ვერ გამოიყურება ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს და თუ არ ვცდები, უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ბოლო მომენტში გადაურჩა. ფულიც არის, კარგი მენეჯმენტიც, სახელმწიფოს პატრონობაც, მაგრამ შედეგი არ არის. რატომ? ბოლნისელი ბრძანდებით და „სიონის“ შესახებ ალბათ გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობთ...

- დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია თავიდან ხუმრობა მეგონა... ჩემთვის დღემდე გაურკვევლია, რა დაჯილდოვებაზე იყო ლაპარაკი და რა კრიტერიუმებით იყო ეს შესწავლილი. ალბათ, ლადო ბურდულმა პიარი გაიკეთა. თქვენ უნდა გკითხოთ, ჟურნალისტებს. ხომ შეიძლება, ეს კითხვა დაისვას - რა კრიტერიუმით იყო შერჩეული ბოლნისის „სიონი“. ეს არის  კლუბი, რომელიც მესამე წელია არც ვარჯიშობს და არც თამაშობს საკუთარ კედლებში. სამი წელი საკმაოდ დიდი დროა, ვარჯიშითაც არ ვარჯოშობენ, წარმოგიდგენიათ?! კლუბი ფინანსდება, ამ დროს კი, არ აქვთ მოედანი, ბურთები, საფეხბურთო ამუნიცია... ეს კლუბი არის ჰაერში, მხოლოდ სახელად ჰქვია „ბოლნისი“, რადგან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გავლით „მადნეულიდან“ იღებს დაფინანსებას. ამას ჰქვია საუკეთესო მენეჯმენტი და განვითარება?! მე იმ უწყების წარმომადგენელი არ ვარ, რომ ვინმეს პირდაპირ ხელი დავადო, მაგრამ ყველა ხომ კარგად ხედავს?!

ახლახანს დავრეკე ფოთში, 300 ათასი გვაქვს დამტკიცებულიო, კიდევ შეგვიმცირესო და 150 ათასზე ჩამოგვიყვანეს, მაგრამ ახლა იძახიან, რომ ფული არ არისო. ფოთის „კოლხეთისგან“ განსხვავებით, ბოლნისის „სიონში“ ფული არის, მაგრამ არ მიდის ფეხბურთელამდე და ინფრასტუქტურამდე. ფული მიდის სხვადასხვა პიროვნებების ჯიბეებში. აბა, სად წავიდოდა? მაგრამ მთავარი ის არის, რომ არავითარი გეგმა არ არსებობს. ფოთში შეიძლება ახლა 150 ათასია, თუმცა იქ, წესით, ყველაზე მდიდარი კლუბი უნდა იყოს - პორტი აქვთ, ასევე, ზესტაფონში უზარმაზარი წარმოებაა, მაგრამ სპონსორს ძალით ვერ მოიყვან.

ნაციონალების დროს ხელისუფლება პირდაპირ იბარებდა ბიზნესმენს და ეუბნებოდა, რომ შენ მისცემ ამდენს. როგორც „ვისოლს“ აყიდინეს ქუთაისის „ტორპედო“. ნული მოგება ჰქონდა, მაგრამ მაინც აყიდინეს. ჯანსაღ სიტუაციაში, როგორც ყველგან ხდება, მინიმუმ ინტერესი უნდა გაგიჩინონ. ამ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ იმათ ხომ თავისი საქმეც აქვთ? ფეხბურთი ხომ ქველმოქმედება არ არის?

ჩვენ ვნახეთ, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი გადადგა, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი გადადგა... აგერ, ბერლუსკონიმ კლუბის აქციების 49% გაყიდა, რადგან კლუბს ასე დაჭირდა. ბოლნისის „სიონიში“ რატომ არავის თხოვენ პასუხს? რა ხდება? ვინმე არის იქ ისეთი, ვისიც ეშინიათ?

- ჩემდა სამწუხაროდ, ლადო ბურდულის შესახებ, რომელიც ჩემზე პატარაა ასკით და ჩემ დროს დაიწყო ნაკრებში თამაში, ისეთი რაღაცეები მესმის, რომ მოსაყოლადაც მიჭირს. გარეული ჰყავს ყველა, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, რათა ამ ჭაობაში პოზიციები გაიმყაროს. აწუხებს ყველას, თითქმის ქვეყნის პირველ პირამდეა მისული მისი ასეთი უტიფრობა. რაც შემიძლია, ვარჩევ სიტყვებს, რომ რამე შეურაცხმყოფელი არ გამომივიდეს, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ.

ნაციონალების დროს, სახელმწიფო ყველაფერში ძალიან უხეშად ერეოდა. საზოგადოებამ, უმრავლესობამ,  შეძლო, რომ ეს ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ დღეს ვიღაცეები ბედავენ და ისევ იმ გზას ადგებიან. არ ვიცი, ნეპოტიზმია თუ გარიგება. ჰგონიათ, რომ ფეხბურთი უმნიშვნელო დანამატია და შეიძლება, რომ ქვეყნის პირველი პირი შეაწუხონ, რათა თანამდებობა შეინარჩუნონ. ერთი, იმ რეგიონშიც კითხონ ხალხს და პასუხი მოისმინონ.

მინისტრებს დასდევენ რესტორნებში და უთვლიან, ამდენი რატომ შეჭამაო და იქნებ იმ ჭამა-სმითაც დაინტერესდნენ, ქართულ ფეხბურთში რომ არის. ბრდულს  შეიძლება ოთხი და ხუთი ათასი აქვს, მილიონ 200 ათასი ჰქონდა „სიონს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ღმერთმა კიდევ უფრო მეტი მისცეს, ის ჩემი თანაგუნდელია და ფეხბურთში მას თავისი ფასი აქვს, მაგრამ არც სპონსორს ნახულობ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი პიროვნება იღებ ამხელა თანხას და ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? მე ვერ ვნახე ვერც ერთი ჟურნალისტი, რომელიც ამ კითხვას დასვამდა.

მოდით, კადრებზე ვისაუბროთ... სიჭინავა რამდენი წელია, მანამდე კი იყო ახალკაცი და ორივეს პრეზიდენტობის დროს გენერალური მდივანი იყო რეზო არველაძე. როდის შეიძლება, რომ ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დასვას?

- ახლა დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი - ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები. ჩვენ დავდეთ ანალიზი, რათა ამ ანალიზის საფუძველზე ვაჩვენოთ, ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ფეხბურთის განვითარება საქართველოში. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული გვაქვს და ვიცით. ვიცი, ჩემს გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად რა და როგორ უნდა გავაკეთო. მე ვერ ვხედავ გარშემო ამის მზაობას. აქცენტები ისევ პიროვნულ ფაქტორებზე, მთავრობაზე და ა.შ. კეთდება. ამიტომ მაქვს ეს შიში - ძველი ცდილობს, რომ როგორმე მოერგოს ახალ მთავრობას, როგორც მორგებული იყო წინა მთავრობაზე. ეს არის ჭაობაში ჩარჩენილი რაღაც კასტა, რომელიც ამ ჭაობში თავს კარგად გრძნობს. ფედერაციას აქვს შენობა, შიგნით რემონტი გააკეთეს  და არის ადმინისტრაცია, კარგად აცვიათ, იღებენ მაღალ ანაზღაურებას,  ხშირად მოგზაურობენ,  მაგრამ რა ხდება ზუგდიდში, ფოთში და ბოლნისში, ეს მათ არ ეხებათ - აი, ჩვენ აგერ კარგად და სუფთად ვართ, გვყავს მდივანი და ფინანსისტი, გვყავს გუნდი, ანუ - მე ვარ და ჩემი ნაბადი.

გენერალურ მდივანს, რეზო არველაძეს პირდაპირ ეთერში ვკითხე, ვითარდება თუ არა ქართული ფეხბურთი-მეთქი.  ცდილობდა, რომ გაქცეოდა ამ კითხვას. რამოდენიმეჯერ გაუმეორე და ბოლოს თქვა - ჩემი აზრით, ვითარდებაო. და იქ მორჩა! როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნემ და მითუმეტეს ყოფილმა ფეხბურთელმა თქვას, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი ვითარდება!

არველაძის შემთხვევაში დავინახე, რომ ის, რაც მე მაწუხებს, მას ეს ასეთ დონეზე არ აწუხებს. მე ის დავინახე, რომ ამ საქმეში რევაზ არველაძე ჩემი თანამოაზრე ვერ იქნება, რადგან  არველაძე ერგება იმას, ერგება ამას და ის, რომ დღეს თეთრზე შავს ამტკიცებს, ჩემთვის მიუღებელია. იცის, რომ ეს შავია, მაგრამ მაინც ამბობს, რომ თეთრია, სხვანაირად ამ კასტაში ყოფნა არ გამოვა. თუ მივაღწიე, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევცვალე ვითარება, არველაძე იძულებული იქნება, რომ ემსახუროს ფეხბურთს, თუ არა - არ იქნება.

გვყავდა ტოპმიოლერი, კუპერი, ჟირესი, ქეცბაია. ესენი ჩამოვთვალე იმ ნიშნით, რომ მაღალანაზღაურებადნი იყვნენ. როდესაც ისინი შედეგს ვერ დებენ, ბიზნესის მხრიდან რა დაფინანსებაზე და რა ინტერესზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! ნაკრები და ფედერაცია არის ფეხბურთის სახე და როცა სახე არ გააჩნია, ვის უნდა დაელაპარაკოს ბიზნესი? მაგალითად, ჩაწყობილი თამაშები რომ ავიღოთ, ვისაც არ ეზარება ყველა აწყობდა თამაშებს და აწყობს კიდეც. მათ, რომ 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი დაფინანსება ჰქონდეთ და მათ ჯიბეში რომ მიდიოდეს, ეს არის გარანტია იმისი, რომ ჩაწყობილი თამაშები არ იქნება?

- საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა. უმაღლესი ლიგის ყველა მთავარ მწვრთნელს სათითაოდ ჰკითხეს, არის თუ არ ქართულ ფეხბურთში ჩაწყობილი თამაშები. ყოველმა მათგანმა აღიარა, რომ ჩაწყობილი თამაშები არის, მაგრამ ჩაწყობილ თამაშებში საკუთარი მონაწილეობა ყველამ უარყო - ჩვენ არ ვმონაწილეობთო. ანუ, არის, როგორ არ არის, მაგრამ მე რა შუაში ვარ, მე რას მაკადრებთ, კაცო! აბა ვინ აწყობს? კოსმოსში აწყობენ? აბა საიდან იცი, რომ ჩაწყობილია? ამას რად უნდა გამოკვლევა, ეს ხომ პირდაპირ გეუბნება პასუხს!

რაც შეეხება მწვრთნელებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ... წინა მთავრობის დროს მოხდა ამ კონტრაქტების გაფორმება პირდაპირ, დაუფარავად. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ქეცბაიას მილიონ 200 ათასი დოლარი ჰქონდა, 5 წლის განმავლობაში 6 მილიონი აქვს აღებული. მის წინამორბედებს უფრო მეტი ჰქონდათ, რაც, უხეში გათვლებით, ჯამში დაახლოებით 20 მილიონი გამოდის. შედეგი კი ის არის, რომ ფიფას რეიტინგში ავღანეთმა და ვიეტნამმა გაგვისწრეს.

პასუხისმგებლიობის საკითხზე და ხელფასებზე როცა ვსაუბრობთ, მარტივ კითხვას ვსვამ - ვინ დანიშნა ნაკრების მწვრთნელი?  გამოვიდეს სიჭინავა და თქვას, რომ მან დანიშნა. არველაძე გამოვიდეს და თქვას, რომ მან დანიშნა. გაიხსენეთ ქრონოლოგია.

სწორი პასუხი არის, რომ ტოპმიოლერი, კუპერი, ჟირესი და ქეცბაია დანიშნა სააკაშვილმა.

- ვიცი, ყველამ იცის, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გაუფორმა კონტრაქტი.  ვეუბნებოდი, რომ შენ აიღე შენს თავზე, რომ ამხელა თანხას უხდი, ფეხბურთში ასეთი კატატროფული მდგომარეობაა და შენ, ფეხბურთის ხელმძღვანელს, არ გაგიჩნდა კითხვა, რომ ამდენი თანხა უნდა გადაუხადო? იცით, პასუხი  რა იყო? ჩვენ რა გვექნა, მთავრობამ მოინდომა და მთავრობას უარს ხომ არ ვეტყოდითო. მიშამ დანიშნა და უარი ვერ უთხრეს. როგორც სიჭინავა დანიშნეს... ეს ჯგუფი აგრძელებს იგივეს, გზა მონახოს ბიძინასთან, პრემიერთან და გაიხანგრძლივონ თავისი მდგომარეობა. ამით ხელფასს იღებენ და ცხოვრობენ.

იყო წლები, როცა ძალიან აქტიურობდით, კვლევები დადეთ და სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეთ, თუმცა ბოლო ორი წელია აღარაფერი ისმის

- ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი აღარ იქნება, პოლიტიკა ვერ ჩაერევა... რატომ ვსაუბრობ გულისტკივილით ლადო ბურდულზე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელზე? ეს ბიჭი იმდენად მოედო ამ ყველაფერს... წარმოიდგინეთ, რომ მეუღლეს აწუხებს, რომ მეუღლემ დაურეკოს მაღალი თანამდებობის პირს, რომ იქნებ მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს კონტრაქტი და ა.შ. მოკლედ, ამ ყველაფერს ეს ადამიანი იყენებს და იგი არ არის გამონაკლისი. როცა ვამბობ, რომ უნდა გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი, ვგულისხმობ, რომ უნდა გადავარჩინოთ ფეხბურთში დასაქმებული და ფეხბურთთან შეხებაში მყოფი თითოეული ადამიანი.