სტიქიას გადარჩენილ ძაღლებს ჯერ მხოლოდ დროებითი თავშესაფარი აქვთ

სტიქიას გადარჩენილ ძაღლებს ჯერ მხოლოდ დროებითი თავშესაფარი აქვთ

უკვე ერთი კვირაა, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ბინადრები ახალ გარემოს ეგუებიან. 13 ივნისის ღამით თბილისში მოვარდნილმა წყალმა თავშესაფარი სრულად გაანადგურა და მობინადრეები აქეთ-იქით მიმოფანტა. ადმინისტრაციის თქმით, სტიქიამ ერთ-ერთი თანამშრომლის სულიკო ნოზაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, 230 ძაღლიდან კი მხოლოდ 160 გადარჩა. ვერ გადარჩა ვერც ერთი მურა დათვი - ისინი საკუთარ ვოლიერებში დაიხრჩნენ.

კაიროს ქუჩაზე მდებარე სოკოს სათბურების ტერიტორია გადარჩენილი ცხოველების ახალი თავშესაფარია. თუმცა ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინიტრომ მათ დროებით გადასცა. მთავრობის დახმარება ფართის დროებით გამოყოფითა და ტერიტორიაზე ელექტროობის გაყვანით შემოიფარგლა. გადარჩენილი ცხოველების მოვლას თავშესაფრის ხელმძღვანელები მოხალისეების დახმარებით ცდილობენ. მოსახლეობის დახმარებით ახალი ადგილის მოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება. სწორედ, მოქალაქეებმა მოახერხეს საკვებისა და საჭირო მედიკამენტების შეგროვება. ზოგი ცხოველი კი მათ დროებით, საკუთარ სახლებში შეიფარეს.

მოსახლეობის დახმარებით თავშესაფრის სრულიად განადგურებული ტერიტორიიდან სტიქიის ღამეს დაჭრილი და დასუსტებული ძაღლებიც გამოჰყავდათ. თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის დირექტორი, თემურ მამოევი იმედოვნებს, რომ გადარჩენილი ძაღლები უახლოეს დღეებში გამოჩნდებიან და ძალას როგორც კი მოიკრეფენ, კარგად ნაცნობ ადგილს თავადვე დაუბრუნდებიან.

„ჩვენ რომ ავდიოდით ეკლესიის მიმართულებით ძაღლების ნაწილი გამოგყვა, დანარჩენები მაღლივის ტერიტორიაზე დაიფანტნენ, სადაც აღმართი იყო. მეორე დღეს რომ ავედით ეკლესიასთან, ძაღლების ნაწილი იქ დაგვხვდა, ნაწილი – ჭავჭავაძეზე. ზოგი წყალმა გაიტაცა და გაიყოლა მარჯვენა მხრარეს. მეორე დღეს ეს ძაღლები დავიჭირეთ და ეკლესიის ეზოში დავაბინავეთ, ნაწილი მოქალქეებმა შეიფარეს, ზოგი მათგანი მუნიციპალურში, ზოგი კი წიქორიშვილის თავშესაფარში წაიყვანეს. ძაღლების გადარჩენაში ძალიან ბევრი მოხალისე მონაწილეობდა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იყო. ეკლესიის ზედა მხრიდან ჩავდიოდით თავშესაფარში და ამოგვყავდა დაჭრილი და გადარჩენილი ძაღლები. ახლა მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გადასხმებს ვუკეთებთ“,– განაცხადა for.ge–სთან საუბრისას თავშესაფრის დირექტორმა.

თემურ მამოევი 14 ივნისის ღამეს თავშესაფრის ტერიტორიაზე მორიგეობდა. მასთან ერთად, მისი 7 თანამშრომელიც იყო. ის იხსენებს, რომ მდინარემ მატება პირველი საათისთვის დაიწყო და ორი საათისთვის თავშესაფრის ტერიტორია სრულად დაფარა.

„დავიწყეთ პირველი სართულის ვოლიერების გახსნა და ცხოველების მეორე სართულზე გადაყვანა. 15-20 წუთში წყალი მეტად ადიდდა და მეორე სართულამდე ამოაღწია, ამიტომ ამ ცხოველების ხელახალი გამოყვანა და მესამე სართულზე გადაყვანა მოგვიხდა – სასაფლაოების მხარეს. იქ აღმართია, მაგრამ იქამდეც რომ ამოაღწია წყალმა, გავაღეთ გარე კარი და ძაღლებს გასვლის შესაძლებლობა მივეცით. მალე წყალი 15 მეტრზე მაღლა იდგა, მერე რა მოხდა, უკვე აღარც მახსოვს... ძაღლები გარბოდნენ ჩვენ, თანამშრომლები, ეკლესიის მხარეს ავედით“,– აცხადებს თემურ მამოევი.

სწორედ, ეკლესიის შენობასთან შეეწირა ერთ-ერთი ძაღლი ჯარისკაცის ტყვიას, რომელსაც კავკასიური ნაგაზი ლომში აერია. თანამშრომლებთან ერთად თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილიც იმყოფებოდა.

ელიზბარაშვილი ყველაზე მეტად იმას დარდობს, რომ სვანიძის ქუჩის მოსახლეობას ვერ დაეხმარა. თავად, სწორედ, ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.

„როდესაც შევატყვე, რომ მდინარე დიდდებოდა, ჩემს თანამშრომლებთან ერთად გადავედი მდინარის მეორე ნაპირზე და ძაღლების ვოლიერებიდან გამოშვება დავიწყეთ. მდინარე ძალიან სწრაფად მატულობდა. მივხვდი, ძალიან ცუდად იყო საქმე და რომ, დატბორვა მოსახლეობასაც ემუქრებოდა. მაშინ ჩემს თანამშრომლებს შევძახე: ბიჭებო, დავანებოთ თავი ძაღლებს და გადავიდეთ, ხალხს ვუშველოთ-თქო, მაგრამ, ამ დროს წყალმა ხიდი ჩაანგრია და წაიღო. გადასვლა ვეღარ შევძელით, რომ მოსახლეობას მივხმარებოდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სვანიძის ქუჩის მცხოვრებ მამაკაცებს, რომელმაც იმ ღვარცოფიდან ქალები და ბავშვები გამოიყვანეს და გადაარჩინეს. მათ რომ არ ევაჟკაცათ, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა“.

ელიზბარაშვილი საკუთარი სახლის დაკარგვის და მისი ბიზნესის დაზარალების მიუხედავად ფარ–ხმალს არ ყრის.

„ფაქტობრივად, გაკოტრებული ვარ. ამჟამად არ მაქვს ახალი თავშესაფრის შექმნის საშუალება, მივმართავ საზოგადოებას, თუ სურთ, ასეთივე ოაზისი ჰქონდეთ ქალაქში, როგორც მე მქონდა შექმნილი, ჩემს უნარს, გამოცდილებას და ენერგიას არ დავიშურებ. თუ შეძლებენ თანხის მობილიზებას, მე ამას კვლავ გავაკეთებ. ამიტომ გავხსენი ანგარიში ბანკში და ვისაც სურვილი აქვს დაგვეხმაროს საზოგადოებრივი თავშესაფრის გახსნაში, თითოული ლარი რომ შემოიტანოს, ამ საქმეს ძალიან წაადგება. მე ჩემს ბიზნესს აუცილებლად დავაყენებ ფეხზე და მექნება საშუალება, რომ იქიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი თავშესაფარს მოვახმარო“.

ელიზბარაშვილი აპირებს მთავრობას მიმართოს თხოვნით, რომ ქალაქის რომელიმე გარეუბანში სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთი გადასცენ, რომელზეც საზოგადოებრივი თავშესფარი აშენდება. ამავე მოთხოვნით მერიას რიგითი მოქალაქეებიც მიმართავენ. მართალია, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან  გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერიაში შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, თუმცა რეალური ნაბიჯები ან კონკრეტული შემოთავაზება ჯერაც არ ყოფილა. მანამდე კი ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს

(https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/posts/10152950182036659?__mref=message_bubble)  თავშესაფრის თანამშრომლები ასევე მიმართავენ მოხალისეებს აქტიურად ჩაერთონ ახალი ადგილის მოპირკეთებაში.

ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი სტიქიით პირველად  არ დაზარალებულა. ათეულობით  ძაღლი 13 ივნისამდე მომხდარი წყალდიდობის დროსაც დაიხრჩო.