როგორ ალამაზებენ თურქები საკუთარ ისტორიას და როგორ ვამახინჯებთ ქართველები საკუთარს

როგორ ალამაზებენ თურქები საკუთარ ისტორიას და როგორ ვამახინჯებთ ქართველები საკუთარს

„უილიამ შექსპირი „ოტელოში“ ამბობს, გაქურდულად არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც ვერ შეამჩნევს, რომ მას რაიმე მოპარეს. ამიტომაც არ შეიძლება, ჩავითვალოთ გაქურდულებად, რადგან ჩვენივე სიბეცისა თუ გულარხეინობის გამო ვერ ვამჩნევთ, რომ მეზობლები ხან გარეჯის მონასტერს გვპარავენ, ხან ალავერდის ტაძარს, ხან ლაზისტანსა და ტაო-კლარჯეთს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორი როლანდ ჯალაღანია.

კონკრეტულად, მისთვის მტკივნეულია, როცა ხედავს, რომ, თურქებისგან განსხვავებით, ქართველები მართლაც საამაყო თავიანთ ისტორიას ამახინჯებენ. მისი თქმით, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე აიტვირთა საქართველოს ექვსი ყველაზე საზიზღარი მეფის შესახებ და, მათ შორის, ვაი-ქართველებმა რატომღაც სისასტიკით გამოარჩიეს დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე... როლანდ ჯალაღანიას უკვირს, რომ ეს იმ ქართველების დაწერილია, რომლებსაც დავით აღმაშენებლის მიერ თავისი ქვეყნის სიყვარული სისასტიკედ მოსჩვენებიათ. ის, რომ მეფე დავითმა მოღალატე თავადი- ლიპარიტ ბაღვაში საქართველოდან მხოლოდ გააგდო და, თურქებისგან განსვავებით, შვილებიანად არ ამოწყვიტა, თურმე, ზოგიერთის გაგებით, სისატიკე ყოფილა.

„შეადარეთ ახლა ეს თურქულ რეალობას. ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რომ თურმე ჩვენი მეფეები უღირსნი იყვნენ და აგერ, კაცო, თურქეთის სულთანი მაგარი ყოფილა. ამის მაგალითად კმარა თურქული მრავალსერიანი (300 სერიაზე მეტი) მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „დიდებული საუკუნე“, რომელმაც მხოლოდ იმიტომ დამაინტერესა, რომ მასში შუა საუკუნეების თურქეთის სულთნის, მემატიანეთა მიერ „სჯულმდებლად“ და „ბრწყინვალედ“ სახელდებულ სულეიმან მეორის (1520-1566 წწ.) ცხოვრებისა და გარდაცვალების შემდგომი პერიოდის ცხოვრებაა ასახული. სულთან სულეიმან მეორის მმართველობა მართლაც „დიდებულ“ ჟამად შეიძლება შეფასდეს ოტომანთა უძლეველი იმპერიისთვის, რადგან მათ არ იკმარეს ქრისტიანობის მეორე რომად მიჩნეული კონსტანტინეპოლის აღება - ევროპას შეუტიეს და ერთმანეთის მიყოლებით აიღეს ალბანეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ბოსნია, ბულგარეთი, რუმინეთი, ავსტრია. დროის ამბავი გახლდათ ოტომანთა მიერ რომის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა დაპყრობა. მაგრამ, ქრისტიანული სამყაროს სასიკეთოდ საქმე სხვაგვარად წარიმართა და სულთან სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, ოტომანთა იმპერიამ მალევე დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები.

სულეიმან მეორე ფილმში ნიჭიერ სახელმწიფო და სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწედ, შვილების მკაცრად აღმზრდელ სამართლიან, გულმოწყალე და დიდებულ მამად არის გამოყვანილი, რომლისთვისაც უპირველეს ამოცანას ოტომანთა იმპერიის ძლიერება წარმოადგენდა. ყველაფერში ვეთანხმები ფილმის შემქმნელებს, გარდა სულეიმანის გულმოწყალეობისა და სამართლიანობის, რადგან ამ საკითხზე მსოფლიოს ცნობილ ისტორიკოსებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ. ამისთვის კმარა გერმანიის იმპერატორ ფერდინანდის ელჩის -ოჟიე გიზელენ ბუსბეკის, ასევე, ოსმალეთის წარსულზე მომუშავე შუასაუკუნეების გერმანელი ისტორიკოსების ჰამერ-პურკსტალის და ცინკეიზენის ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ სულეიმან მეორის საშინელ ოჯახურ ტრაგედიას, რამაც სისხლში ამოთხვარა სულეიმანის საიმპერატორო მოსასხამი. 1553 წელს მან სიკვდილით დასაჯა უდაოდ ნიჭიერი უმრწმესი შვილი მუსტაფა და მისი მცირეწლოვანი შვილი (4 წლისა), რაც ფილმში სულეიმანის ცოლს, წარმოშობით ბესარაბიელი მღვდლის შვილს როქსელანას (ჰიურემი) და დიდვეზირად აღზევებულ მეჯინიბეთუხუცეს რუსტემ ფაშას ბრალდება. სინამდვილეში, სულთან სულეიმანს მუდამ ეშინოდა ტახტის დაკარგვის, რისი შენარჩუნებისთვისაც მას არად მიაჩნდა საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლეც კი. ეს არ გახლავთ ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი?“ - აცხადებს როლანდ ჯალაღანია.

უფრო მეტიც, იგი იშველიებს სახელგანთქმული ისტორიკოსის- ჰელმოლტის „კაცობრიობის ისტორიას“, სადაც მოთხრობილია, რომ სულეიმანის შვილმა, დაბადებით კუზიანმა, მაგრამ ჭკვიანმა ჯიჰანგირმა მუსტაფას კუბოსთან მოიკლა თავი ულმობელი მამის თვალწინ. ფილმში კი რატომღაც ჯიჰანგირი დარდისგან კვდება, რითაც რეჟისორებს სულეიმანის სისასტიკე უკანა პლანზე გადააქვთ.

ამავდროულად, ისტორიკოსი ჰელმოლტი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამს, რომ ჰიურემი დასავლეთის სამყაროს აგენტი იყო და ის შეგნებულად „მიუგდეს“ სულეიმანს, რათა მის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ჭკვიანი პრინცები - მუსტაფა ან მეჰმედი არ აღმოჩენილიყვნენ. როლანდ ჯალაღანიას თქმით, ჰიურემი სილამაზითა და ცბიერებით იყო გამორჩეული და სამეფო კარზე გაჩაღებული ინტრიგების წყალობით მან ლამის კაბაზე გამოიბა სულეიმანი. ამდენად, ჰელმოლტიც სერიოზულად ეჭვობს, რომ მეჰმედი მოწამლეს სწორედ მისი ბიოლოგიური დედის - ჰიურემის ბოროტი ნებით, რათა ტახტისკენ გზა გაკაფვოდა უნებისყოფო და ლოთ სელიმს, რომელიც ჰიურემმა ასევე ძლიერ ქალზე - ვენეციელ სესილიაზე დააქორწინა და ისიც თავის ჭკუაზე ატარებდა უკვე გასულთნებულ სელიმს. სწორედ ამან გამოიწვია, რომ ერთ დროს ბიზანტიის დამამხობელი და კონსტანტინეპოლის ამღები ოსმალეთი ამ სუსტი მმართველის ხელში დასუსტდა და მალე ლამის დაშლის პირად მივიდა.

„ამიტომ გამოთქვამენ სერიოზულ ეჭვს იმდროინდელი თუ შემდეგი პერიოდის მემატიანეები, რომ ჰიურემი სპეციალურად იყო მიჩენილი სულთანისთვის, რათა ოსმალეთის ტახტზე ყოვლისშემძლე სულთანი არ დამჯდარიყო. თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტიანულ სამყაროს მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს ჰიურემის მიმართ. ფილმში კი ყველაფერი ყირაზეა დაყენებული - მეჰმედის მოწამვლა სულეიმანის პირველ ცოლს, მუსტაფას დედას - მაჰიდევრანს ბრალდება, სულეიმანი კი საშინლად განიცდის უმრწმესი შვილის მუსტაფას ტრაგიკულ აღსასრულს. მოკლედ, ფილმის მიხედვით, ყველა ამ მომხდარ ტრაგედიათა მიზეზი შემთხვევითი ინტრიგებია - რეალური დამნაშავე, ტირანი და სისხლისმსმელი სულეიმან მეორე კი არაფერ შუაშია. ესეც არ გახლავთ ისტორიის შელამაზების თვალშისაცემი ფაქტი? ფილმში, ასევე, მხოლოდ გაკვრითაა ნათქვამი იმდროინდელ ოსმალეთში გავრცელებულ ბარბაროსულ ტრადიციაზე, რომელიც სახელმწიფოს კანონად აქცია ჯერ კიდევ სულთანმა მურად პირველმა. ოსმალეთის ტახტზე ასულ სულთანს უნდა დაეხოცა თავისი ძმები, რათა ტახტის მფლობელს კონკურენტი აღარ დარჩენოდა, რომელთა შორის გაჩაღებულ ბრძოლასაც შეიძლება იმპერიის გახლეჩვა მოჰყოლოდა. განა სწორედ ამიტომ არ დასაჯა სიკვდილით სულეიმანმა მუსტაფასთან ერთად მისი ოთხი წლის შვილიც, რომელიც შეიძლებოდა ტახტზე ასულ სულთანს მტრად მოჰკიდებოდა? განა ამიტომ არ ამოხოცა სულეიმანის შემდეგ ტახტზე ასული სელიმ მეორის შვილმა მურად მესამემ თავისი ხუთი ძმა, ოსმან მეორემ კი ძმა საკუთარი ხელით დაახრჩო? ასევე, ძმების სისხლში აქვს ხელები გასვრილი ოსმალეთის სულთან მურად მეოთხეს. ამ საქმეში კი „რეკორდი“ აშკარად ეკუთვნის სულთან მურად მესამის შვილს მუჰამედ მესამეს, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე საკუთარ 19 ძმას ხარებივით დააჭრა ყელები და სრულიადაც არ უგრძვნია სინდისის ქენჯნა“, -აცხადებს როლანდ ჯალაღანია და ქართულ პარალელებსაც იხსენებს.

მაშინ, როცა ქართველებმა ძმის მკვლელობა არ ვაპატიეთ უფლისწულ კონსტანტინეს და ფილმიც კი მივუძღვენით მის ავკაცობას, მაშინ, როცა ზოგიერთი ამორალური არამზადა „მემატიანე“ თვით წმინდა თამარ მეფის ბუდუარშიც იქექება, თურქები დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად წარმოგვიდგენენ ჩვეულებრივ მკვლელებსა და მედროვეებს.

ყოველივე ამის უკან ჩვენი რესპონდენტი თურქიზაციის პროცესს ხედავს და მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანი უნდა იყოს და, თუ ტელეარხი თურქულ პროპაგანდას ეწევა, მას რეკლამა არ მიაწოდონ. მისი აზრით, ამ ფილმების პროპაგანდა სჭირდებათ იმისთვის, რომ ავადსახსენებელ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, როცა ლენინმა და ათა-თურქმა საქართველო შუაზე გაყვეს. შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ნაცვლად ამისა, ძირძველი ქართული ტერიტორიები ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

„აზრი რომ გამოთქვა, ცოცხლად დაგმარხავენ, პრესის უფლებები ირღვევაო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ვიღაცები არ აურჩევია ქართველ ხალხს, ქართველმა ხალხმა აირჩია „ოცნება“. მაშინ უყურონ ამ დეგენერატობებს, რომ თურმე სულეიმანი სჯობს დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეორეს და გიორგი ბრწყინვალეს. ეს სერიალები რაღაცას ემსახურება. ისევე, როგორც კიდევ ერთ თურქულ სერიალში („გული არ დაგწყდეს ჩემს გამო“) ლაზური „დიდოუ ნანა“ თურქულ სიმღერად წარმოაჩინეს. ამაზე ხმის ამომღები არავინაა. რუსები და თურქები, იცით, რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს? რუსები მონღოლური ტომის მეთაურის- ბათუ ყაენის შთამომავლები არიან, ხოლო თურქები -პაკისტანიდან გადმოსული ხალხის, რომელთა წინაპრებიც იყვნენ ჰულაგუიანები. ბერქა ყაენი სამხრეთით წამოვიდა, ბათუ ყაენი კი - რუსეთისკენ და ასე გადაეკიდა ეს ორი მონღოლური შტო ერთმანეთს. არადა, მონღოლოიდია თურქიც და რუსიც. თურქი სადაც შევიდა, ყველგან გათურქება სცადა და რუსი სადაც შევიდა, ყველგან გარუსება მოინდომა. 73 წლის კაცი ვარ და უფლება მაქვს, ასე ვილაპარაკო.

მესმის, თამარ მეფეც ქალი იყო, მაგრამ, შე კაი ადამიანო, იმის მეტი არაფერი გაუკეთებია თამარს, რომ ლოგინში იწვა გიორგი რუსთან და დავით სოსლანთან? ეს არის ჩვენი ისტორია?! მე-13 საუკუნეში შესანიშნავი ქალი-გურჯი ხათუნი გვყავდა, თამარ მეფის შვილიშვილი, სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი, რომელსაც მთელი აღმოსავლეთის პოეზია უმღეროდა და, მის ნაცვლად, რაღაც სისულელელეზე - „ჩემი ცოლის დაქალებზე“ ვიღებთ ფილმებს“.