ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, აცრა - სავალდებულო

ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, აცრა - სავალდებულო

„არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი; კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;

ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები; მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები; გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს“, - ასეთ რეკომენდაციას აძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს.

დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში, ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება. ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა და პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაშია შესაძლებელი. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში. ცენტრში დილიდან იმყოფებოდნენ ის მოხალისეები, რომლებმაც სტიქიის ზონებში მუშაობისას გარკვეული დაზიანებები მიიღეს. ცენტრში ასევე მივიდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც, რომელსაც ხელზე ჭრილობა აქვს.

არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და რატომ არის სავალდებულო სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებმა ანტიტეტანური ვაქცინა ჩაიტარონ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს პაატა იმნაძე ესაუბრა.

ბატონო პაატა, რატომ გახდა აუცილებელი სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს ჩაუტარდეს ანიტეტანური ვაქცინ?

- სტიქიურ ზონაში ფაქტიურად შიშველი მუშაობენ ახლაგაზრდები, მათ უხდებათ მიწასთან მუშაობა. ამიტომ, ვურჩიეთ ახალგაზრდებს აცრა. საბედნიეროდ ამ თაობის უმრავლესობა არის აცრილი, მაგრამ თუ ვინმე არაა აცრილი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ აიცრას. ჩვენ რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ბავშვები იქნებიან აბსოლუტურად უსაფრთხოდ, ამიტომ ვურჩევთ, თუ ვინმეს რაიმე დაზიანება აქვთ, აიცრან.

რა რისკის ქვეშ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დღეს სტიქიის ზონაში მუშაობენ?

- ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიებები იმისათვის, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა იყოს გამორიცხული. ტეტანუსი იშვიათი დაავადებაა და საქართველოში სულ თითზე ჩამოსათველია, მაგრამ დამატებითი რისკია, როდესაც ადამიანები მიწასთან მუშაობენ. ტეტანუსი არის ბაქტერია, ამ ბაქტერიის ფორები საკმაოდ დიდი ხანი ინახება ნიადაგში, სადაც ცხოველების ფეკალიებიდან ხვდება და თუ მოხვდა ადამიანის ჭრილობაში, შეიძლება გამოიწვის ძალიან მძიმე დაავადება, ხალხურად რომ ვთქვა გაშეშება.

გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია რისკის ზონაზე, რამდენად არის ეპიდემიის მაღალი რისკის საშიშროება? უკვე საუბარია ცხოველების გახრწნაზეც...

- ეპიდემიის საფრთხეს გამოვრიცხავ, რადგან ესენი იყვნენ ჯანმრთელი ცხოველები. თუ ვერ მოხდება დაღუპული ცხოველების გახრწნა, ეს ეპიდემიის საფრთხეს ვერ გამოიწვევს. მაგრამ სადეზინფექციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება.

ბატონო პაატა, რა სიმპტომები აქვს თვითონ ამ დაავადებას?

- ადამიანს თუ აქვს მაღალი სიცხე და 2 დღე არ გაუვლის, უნდა მიმართოს ექიმს. მერე უკვე ექიმი გაარკვევს რა სჭირს.