„ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ“

„ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ“

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს. სტიქსიის დღეს დები ინდირა და ლიზა ზარანდიების მეგობარი, სერგო კაპანაძე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 ადამიანი მიიჩნევა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხას, რომელსაც ხელისუფლება, ბიზნესმენები და საზოგადოება ვერ მოიძიებენ, ბიძინა ივანიშვილი გამოყოფს. 
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესურსების მოძიება მთავრობის საქმეა, რასაც ისინი აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ამ მხრივ სახარბიელოდ არ აქვთ საქმე.

„მე ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, მაინტერესებდა როგორ აქვს ფინანსური მიმართულებით საქმე, არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა, რესურსების მოძიება და ისინი ამას აქტიურად ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშებზე შემოსულობებისა და დახმარებების სახით, ამ ეტაპისთვის დაახლოებით, 15 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული. გარდა ამისა, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით და დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, 3 მილიონამდე ევროს გამოყოფს ევროკომისია. ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.

ფინანსურ და ტექნიკურ დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოში თურქეთის ელჩი, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, რომელიც დღეს თბილისის მერთან და სტამბოლიდან ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად სტიქიით დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.

„მას შემდეგ, რაც ეს შემთხვევა მოხდა, მე გავაკეთე მობილიზება თურქი ბიზნესმენების. ბიზნესმენები დადგნენ ფეხზე და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ საქართველოსთვის, ეს არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც საქმიანობენ და ცხოვრობენ საქართველოში. თუმცა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თურქეთის სახელმწიფომაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს.

ამ მიზნით მე დავუკავშირდი დაძმობილებულ ქალაქ სტამბოლს და მათი წარმომადგენელი მოვიწვიე აქ, რათა თავიანთი თვალით ნახონ მდგომარეობა, შეაფასონ, რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ საქართველოს და როგორი სახით უნდა გაკეთდეს ეს. ამ მიზნით თბილისში იმყოფება სტამბოლის მერის მთავარი მრჩეველი, რომელსაც დაევალა შეისწავლოს და აღრიცხოს ყველაფერი, თუ რა უნდა გაკეთდეს და შემდეგ აცნობოს თავის ხელმძღვანელობას. რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფინანსური დახმარება და ასევე ტექნიკით დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, 80 ათასი ლარი შესწირა ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ, რომლებიც გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგებს გაეცნენ. როგორც საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი აცხდებს, კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა, თუმცა ჯერ ინვესტიციების ჩადება არ დაწყებულა. მუსხელიშვილის თქმით, კომპანია ჩაერთვება აღდგენით სამუშაოებში და ნაწილობრივ თავად დააფინანსებენ, ნაწილობრივ კი სახელმწიფსთან შეთანხმებით. აღნიშნული ჩინური კომპანია გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას ახორციელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, არც ერთი დაზარალებული არ დარჩება საცხოვრებელი სახლის გარეშე.

ექსპერტების განცხადებით, სახეზეა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ამოცანები. რაც შეეხება მოკლევადიან პრობლემატიკას, ექსპერტები თვლიან, რომ ეს უნდა უკავშირდებოდეს ისეთ განსაკუთრებულ ხარჯებს, რისი გაწევა ხელისუფლებას არ შეუძლია.

ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე თვლის, რომ აღდგენითი სამუშაოები ერთიანი სისტემის ქვეშ უნდა განხორციელდეს, რადგან სახეზეა ე.წ. გადაუდებელი პირველადი ღონისძიების ხარჯები.

„ეს ყველაფერი ერთიანად უნდა დაიგეგმოს და ერთიანად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირები უნდა არსებობდნენ სისტემის შიგნით. ეს იქნება კრიზისების საბჭო, პრემიერის აპარატი თუ პრემიერზე დელეგირებული რომელიმე უწყება, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუ ერთიანად არ განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ნაკლები ეფექტურობა იმ თანხების ათვისების კუთხით, რომელიც შეიძლება დონორებიდან იქნეს მოზიდული და ის რეზერვი, რომელიც გამონახული იქნება ბიუჯეტიდან“, - ამბობს ლევან კალანდაძე.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია არა გამოყოფილი თანხების კონტროლი, არამედ ადამიანთა პასუხიმგებლობა, რომ არ მოხდეს ტრაგედიის შედეგად დახმარებისათვის მობილიზებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

„რა თქმა უნდა, პოსტფაქტუმ ხელისუფლება ცდილობს რაღაცის გაკეთებას, რაც შედეგებით გამოჩნდება. თუმცა, ეს შემთხვევა ბადებს სერიოზულ კითხვებს, ვინაიდან შესაბამისი სამსახურების დაბალმა კვალიფიკაციამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ეს შედეგი. ორი საათი მაინც იყო იმისათვის, რომ ადამიანები გახიზნულიყვენენ და ვერის ხეობა გადაკეტილიყო. ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ იმუშავა და ახლა ცდილობს ამის პრევენცია მოახდინოს“, - ამბობს დემურ გიორხელიძე.